სუნთქვის პრობლემები
ბულდოგის ყველა ჯიში ბრაქიცეფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მოკლე ცხვირითა და შევიწროებული ნესტოებით ხასიათდებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი პატარა კომპანიონები სხეულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნთქვის პრობლემებისა და ხვრინვისკენ არიან მიდრეკილი. მათი სუნთქვის პრობლემა წონის მატებასთან ერთად უარესდება. შესაბამისად, ჯანსაღი საკვების მიღებას და წონის მონიტორინგს პრობლემის პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ბულდოგის კომპეტენტურმა მშობლებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ ჩვენთვის ძვირფასი ეს კომპანიონი ცხოველები სითბური დარტყმებისადმი არიან მიდრეკილი. ბულდოგის დახურულ სივრცეში (ბინაში ან მანქანაში) დიდხანს დატოვება განსაკუთრებით სახიფათოა. დახუთულ გარემოში, სადაც ტემპერატურა მაღალია, ბულდოგებს სუნთქვა უძნელდებათ და კრუნჩხვითი შეტევები უვითარდებათ. მზის გულზე ან ყინვაში სეირნობისას, აგრეთვე, იოლად შეამჩნევთ, როგორ იწყებენ თქვენი პატარა მეგობრები ხვრინვას. ეს მათ ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვების გამო ხდება.
სახსრების დაავადება
ჩვენი პატარა მეგობრების უნიკალური აღნაგობის მიზეზი ძვლის ქსოვილის თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც ძვლის ზრდის დარღვევასა და კიდურების საგძნობ დამოკლებას იწვევს. სახეობისთვის დამახასიათებელი ამ გენეტიკური დაავადებით გამოწვეული შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად მარტივი და უტყუარი გზა დაბალანსებული კვება და ვარჯიშია. თქვენს ბულდოგზე მორგებული ინდივიდუალური კვების რაციონის შესაქმნელად საჭირო კვალიფიციური რჩევების მისაღებად, გირჩევთ კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ. წვრთნასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის კი გამოცდილ კინოლოგს შეგიძლიათ მიმართოთ.
ყურისა და კანის ინფექციები
ბულდოგებს, აგრეთვე, ხშირად აწუხებთ ყურისა და კანის ინფექციები, რომელთა გამომწვევი ძირითადი მიზეზი ალერგიული ფონი და სტრესია. შესაძლოა თქვენი ერთგული მეგობარი საკვების ან გარემო ალერგენების (მტვერი და ობი) მიმართ იყოს მგრძნობიარე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ალერგიით გამოწვეულ სიმპტომებს იოლად შეამჩნევთ. სიმპტომები კანის ქავილთან ერთად ბეწვის გადაჭარბებულ ცვენაშიც გამოიხატება.
კანის ინფექციებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასარიდებლად, სპეციალურად ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. აგრეთვე, შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია თქვენს პატარა კომპანიონს ალერგიული სინჯი გაუკეთოთ და მაქსიმალური სიზუსტით დაადგინოთ, თუ რომელ პროდუქტებზე აქვს მას ალერგია. ეს შესაძლებლობას მოგცემთ ულუფიდან ამოიღოთ ყველა ის ინგრედიენტი, რომელმაც კვებითი ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს.
თვალის პრობლემები
თვალის სიმშრალე წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს. ცრემლის წარმოქმნის სირთულე თვალის გაღიზიანებას და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. თვალის პრობლემების მაპროვოცირებელ გარემოებად ხშირად კლიმატი გვევლინება. მაგალითად, თუ ზაფხულის გატარებას თქვენს პატარა მეგობართან ერთად, ზღვისპირა ქალაქში დააპირებთ, სასურველია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და თქვენი კომპანიონი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ სიცხეს.
ბულდოგის თვალები, აგრეთვე, განსაკუთრებით მგრძნობიარეა მტვრიანი ადგილების მიმართ. ამიტომ, გირჩევთ, თქვენთვის ძვირფასი კომპანიონი ცხოველი ქარიან ადგილებთან ერთად, მშენებლობასა და რემონტსაც მოარიდოთ.
გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ თვალის დაავადებისთვის დამახასიათებელი ისეთი ადრეული სიმპტომების მიმართ, როგორიც სიწითლე და ცრემლდენაა. სასურველია ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე ესტუმროთ ვეტერინარს. როგორც კომპეტენტურმა მშობელმა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ისიც, რომ თვალებზე ყოველდღიურ ზრუნვას და სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებებით მათ ყოველდღიურ წმენდას დაავადების პრევენციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ბულდოგის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიდან, აგრეთვე, აღსანიშნავია:
- მენჯის ძვლების დისპლაზია
- სიმსუქნისკენ მიდრეკილება
- მშობიარობის თანმხლები გართულებები
- კატარაქტა
- სხვადასხვა სახის დერმატიტი