ძაღლის ჯიშები

სამოედი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

სამოედი

ფუმფულა თეთრი ბეწვითა და მომღიმარი სახით ცნობილი სამოედი შესანიშნავი შენაძენია ნებისმიერი ოჯახისთვის. ეს კომპანიონი ცხოველები უჩვეულოდ მოსიყვარულე და ნაზი ბუნებით გამოირჩევიან. სამოედი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ჰყავდეს მეგობრული და მხიარული ძაღლი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს შინ, კომპანიონი ადაიანების გვერდით ატარებს. გონიერება მათ ბრწყინვალე არჩევნად აქცევს იმ სახლებისთვისაც, სადაც ბავშვები იზრდებიან. ეს სოციალური კომპანიონები სანაცვლოდ მხოლოდ კომპეტენტურ სიყვარულსა და ყურადღებას ითხოვენ.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიული ტემპერამენტი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • მეგობრული ხასიათი 
  • ერთგულება
  • მხიარულება
  • კომუნიკაბელურობა
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • გონიერება
  • სიფრთხილე
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი სამოედი სიმაღლეში 48-53, მამრი სამოედი კი 53-60 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, სამოედის ჯიშის წარმომადგენელთა სიგრძე 72-90 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    სამოედის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი სამოედი 20-29.5 კილოგრამამდე იწონის. მდედრი სამოედის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 15.9-22.7 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    სამოედის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 13 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 69-74 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    სამოედს თეთრი ბეწვი ამშვენებს. მისი ქურთუკი უხეში თმის გრძელი გარე საფარისა და რბილი, სქელი, მატყლისებრი ქვედა ფენისგან შედგება. მშობლიურ ქვეყანაში სამოედი წელიწადში ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ზაფხულში იცვლის ბეწვს. თუმცა, სხვა ადგილებში შესაძლოა ეს პროცესი ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე განმეორდეს. ჯიშის მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, მდედრებთან შედარებით, უფრო გრძელი ბეწვი აქვთ, შესაბამისად, ცვენის ინტენსივობა მათ შემთხვევაში უფრო მაღალია. ბეწვის სისუფთავისა და ზედმეტი ცვენის თავიდან ასაცილებლად, ჩვეულებისამებრ, სამოედს ყოველდღიური გრუმინგი ესაჭიროება. 

  • ჯიშის ხასიათი

    როგორც კეთილი, ნაზი და ერთგული ჯიში, სამოედი ბავშვებისთვის შესანიშნავი კომპანიონია. ის უაღრესად გონიერი და აქტიური ძაღლია, რომელიც ლეკვის მსგავს ტემპერამენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. ჯანმრთელი სხეულისა და მკვეთრი გონების  შესანარჩუნებლად, მას ყოველდღიური ვარჯიში და სათანადო სოციალიზაცია ესაჭიროება. 

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ჭკვიანი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. მათი მაღალი ენერგეტიკული დონე და მხიარული ბუნება რეგულარულ ვარჯიშსა და გონებრივ სტიმულაციას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, სამოედი საუკეთესოდ ისეთ ადამიანებს შეეფერება, რომლებსაც ყოველდღიური ვარჯიშისთვის საჭირო დრო და ენერგია აქვთ.

    საუკეთესო შემთხვევაში, სამოედი რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა ვასეირნოთ. თუმცა, სქელი ქურთუკის გამო, გადახურების რისკის თავიდან ასაცილებლად, სასურველია ფიზიკური აქტივობისთვის უპირატესობა დღის გრილ მონაკვეთს მივანიჭოთ. ვარჯიშთან დაკავშირებული საჭიროების დაუკმაყოფილებლობის, მოწყენის ან დიდხანს მარტო დარჩენის შემთხვევაში, სამოედი ხმაურიანი და დესტრუქციული შეიძლება გახდეს. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევაში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. 

    გენეტიკა დაავადების განვითარების მაპროვოცირებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, სახსრებზე დატვირთვის შეამცირებაში და მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების სიმტკიცის გაუმჯობესებაში თქვენს კომპანიონ ცხოველს ჯანსაღი წონის შენარჩუნება და ყოველდღიური სეირნობა დაეხმარება.

    შაქრიანი დიაბეტი

    შაქრიანი დიაბეტი   სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებით გამოწვეული ქრონიკული დაავადებაა. შაქრიანი დიაბეტის დროს პანკრეასი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს ინსულინს. ამან შესაძლოა თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა და მხედველობის სისტემების დაზიანება გამოიწვიოს. 

    შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები მომატებულ წყურვილთან ერთად წონის უეცარ კლებასა და მადის ცვლილებშიც გამოიხატება. პროცესის სამართავად შესაძლოა ინსულინოთერაპია გახდეს საჭირო. თუმცა, რთული ნახშირწყლებითა და კვების კონტროლირებადი განრიგით დაბალანსებული დიეტა თქვენს კომპანიონ ცხოველს სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში დაეხმარება. 

    ფილტვის სტენოზი

    ფილტვის სარქველი სისხლს გულიდან ფილტვების მიმართულებით გადასვლის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, სტენოზის დროს, სისხლის დინება ნელდება და გულის არანორმალურ ხმიანობასთან ერთად, სუნთქვის უკმარისობას, მკერდის არეში ტკივილსა და მუდმივ დაღლილობას იწვევს. ფილტვის სარქვლის სტენოზი, ძირითადად, დაბადებამდე, გულის თანდაყოლილი დეფექტის სახით ყალიბდება. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, სამოედს მაღალი ხარისხის, ცილებით მდიდარი საკვები ესაჭიროება. საკვებთან დაკავშირებულ სწორ არჩევანზე სამოედის ჯანმრთელობასთან ერთად მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაცაა დამოკიდებული. თუმცა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრისთვის რეკომენდირებული საკვების ტიპი და ოდენობა მისი წონის, მეტაბოლიზმის, აქტივობის დონისა და ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს.

    ზოგადად, ზრდასრულ სამოედს დღეში 2,5-დან 3 ჭიქამდე, ორ კვებაზე განაწილებული, მაღალი ხარისხის მშრალი საკვები ესაჭიროება. თუმცა, განვითარების ადრეულ ეტაპზე, როდესაც მათი ზრდის ტემპი სწრაფი, ენერგეტიკული მოთხოვნილება კი მაღალია, ჯიშის წარმომადგენლებს სპეციალურად ლეკვისთვის შექმნილი საკვები ესაჭიროებათ. 

    ზოგიერთი სამოედი შესაძლოა საკვების გარკვეული ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე აღმოჩნდეს. ასეთ დროს,  ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობა საჭმლის მომნელებელი პრობლემების თავიდან აცილებაში და კვებასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    სამოედი ციმბირის ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები ხალხის სახელს ატარებს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სამოედური ტომების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. 

    ადგილობრივები საუკუნეების განმავლობაში ეყრდნობოდნენ ამ ჯიშს ისეთ საქმიანობებში, როგორიც ნადირობა, ირმის მწყემსვა, ციგების ზიდვა და არქტიკულ ღამეებში გათბობაა. ციმბურული ჰასკის მსგავსად, ძლიერმა სამუშაო ეთიკამ და წარმოუდგენლად მეგობრულმა ბუნებამ სამოიდიც ადამიანის საუკეთესო თანამგზავრად აქცია.

    მე-19 საუკუნის ბოლოს, სამოედი პოლარული მკვლევარების ისტორიული ექსპედიციების თანამგზავრად იქცა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოიდი, სახელად ანტარქტიკული ბაკი, ერნესტ შეკლტონის ანტარქტიდის ექსპედიციის ნაწილი იყო. სამხრეთ პოლუსის აღმოსაჩენის დროს, 1911 წელს, სამოიედები ნორვეგიელ მკვლევარს როალდ ამუნდსენსაც ახლდნენ თან.