ძაღლის ჯიშები

შიტცუ

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ნერწყვდენა

    გრუმინგი

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარები

    წვრთნის სიმარტივე

    გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვა

    ყეფა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

შიტცუ

შიტცუ მოსიყვარულე, მხიარული და ჭკვიანი კომპანიონი ცხოველია. ის დამოუკიდებელი ხასიათით და უცნობებისადმი ფრთხილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ოჯახის სხვა წევრებისადმი გამოვლენილი პოზიტიური დამოკიდებულების მიუხედავად, შიტცუ, როგორც წესი, მხოლოდ ერთ ადამიანს ირჩევს ცხოვრების მთავარ თანამგზავრად. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მოსიყვარულე ბუნება
  • მეგობრულობა
  • მხიარულება
  • გონიერება
  • სიფრთხილე
  • სინაზე
  • კომუნიკაბელურობა
  • ყოველდღიური მოვლის საჭიროება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    შიტცუს ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 23-27 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 38-44 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    შიტცუს წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 4.1-დან 7.3 კილოგრამამდე იწონიან. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    შიტცუს სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 16 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 56-80 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    შიტცუს ბეწვს შავ, თეთრ, ოქროსფერ, ყავისფერ, ვერცხლისფერ და ჟღალ ფერებში იხილავთ. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების რბილი ბეწვი, სიგრძის მიუხედავად, ნაკლებად არის ცვენისკენ მიდრეკილი. თუმცა, ყოველდღიურ დავარცხნას და სამ-ოთხ კვირაში ერთხელ აბაზანას მაინც საჭიროებს. თვალების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, შიტცუს თმის მოკლედ შეჭრა ან შეკვრაა რეკომენდირებული. 

  • ჯიშის ხასიათი

    მხიარული და გონიერი შიტცუ სპეციალურად ადამიანებთან ამხანაგობის მიზნით გამოიყვანეს. ის განსაკუთრებით მოსიყვარულე ბავშვების მიმართ არის. აქტივობისა და ვარჯიშის საჭიროების თვალსაზრისით, შიტცუ დაბალი მოვლა-პატრონობის საჭიროების მქონე კომპანიონი ცხოველია. 

    მიუხედავად იმისა, რომ ძაღლების უმრავლესობა ეზოს კვლევას ან სუფთა ჰაერზე სეირნობას ანიჭებს უპირატესობას, შიტცუს არაფერი აბედნიერებს ისე, როგორც თქვენს კალთაში მოკალათება. ამგვარი მოსიყვარულე ხასიათის მიუხედავად, სიჯიუტისადმი მიდრეკილების გამო, შიტცუს წვრთნა შესაძლოა გამოწვევად იქცეს. სასურველი შედეგის მიღწევას მხოლოდ თანმიმდევრული ვარჯიშით და მუდმივი წახალისებით შეძლებთ. 

    თუმცა, გახსოვდეთ, მოკლე ცხვირისა და სახის ბრაქიცეფალური სტრუქტურის გამო, შიტცუს ცხელ დღეებში გასეირნება არასდროს არის კარგი იდეა. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევაში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. 

    გენეტიკა დაავადების განვითარების მაპროვოცირებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, სახსრებზე დატვირთვის შეამცირებაში და მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების სიმტკიცის გაუმჯობესებაში თქვენს კომპანიონ ცხოველს ჯანსაღი წონის შენარჩუნება და ყოველდღიური სეირნობა დაეხმარება.

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება. 

    მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაცია გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები დაავადების ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას პრობლემის წარმოშობის ადრეულ ეტაპზევე მოგცემთ.

    კატარაქტა

    კატარაქტა კომპანიონი ცხოველის მხედველობის თანდათანობით გაუარესებას იწვევს. ამ დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა,  მონაცრისფრო ან რძისფერ შეფერილობას იძენს. 

    კატარაქტას, როგორც წესი, დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება ან სამშობიარო ტრავმა იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ თანდაყოლილი დაავადებების მართვა ხშირად ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის თვალის ჯანმრთელობას. 

    როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა.

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია 

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.

    ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს მომავალ კომპანიონს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს. 

    მშრალი თვალის სინდრომი 

    თვალის სიმშრალე წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს. ცრემლის წარმოქმნის სირთულე თვალის გაღიზიანებას და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. თვალის პრობლემების მაპროვოცირებელ გარემოებად ხშირად კლიმატიც გვევლინება. მაგალითად, თუ ზაფხულის გატარებას თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად, ზღვისპირა ქალაქში დააპირებთ, სასურველია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და თქვენი კომპანიონი ცხოველი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ სიცხეს.

    განსაკუთრებული სიფრთხილე თვალის დაავადებისთვის დამახასიათებელი ისეთი ადრეული სიმპტომების მიმართ გამოიჩინეთ, როგორიც სიწითლე და ცრემლდენაა. სასურველია ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე ესტუმროთ ვეტერინარს. როგორც კომპეტენტურმა მშობელმა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ისიც, რომ თვალებზე ყოველდღიურ ზრუნვას და სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებებით მათ რეგულარულ წმენდას დაავადებების პრევენციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

    ბრაქიცეფალია

    ბულდოგისა და ბოქსიორის მსგავსად, შიტცუც ბრაქიცეფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასაც მოკლე ცხვირი და შევიწროებული ნესტოები აქვს. სწორედ ამიტომ, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნთქვის პრობლემებისა და ხვრინვისკენ არიან მიდრეკილი. მათი სუნთქვის პრობლემა წონის მატებასთან ერთად უარესდება. ამიტომ, ჯანსაღი საკვების მიღებას და წონის მონიტორინგს პრობლემის პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

    თავის ქალის ბრაქიცეფალიური სტრუქტურის გამო, შიტცუს დახურულ სივრცეში დიდხანს დატოვება განსაკუთრებით სახიფათოა. მოერიდეთ, აგრეთვე, მის მზეზე გასეირნებას. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მზის პირდაპირი სხივები ჩვენი კომპანიონი ცხოველების ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევს.  

    ინტერვერტებერალური თიაქარი

    ინტერვერტებერალური თიაქარი ანთებითი დაავადებაა, რომელიც მალთაშუა დისკის დეფორმაციას, ბოჭკოვანი რგოლის გახეთქვას და ხერხემლის სხეულის გარეთ გამოსვლას იწვევს. მკურნალობა მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი შემთხვევების სამკურნალოდ ვეტერინარები ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მძიმე შემთხვევების სამართავად  კი ოპერაციას მიმართავენ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    შიტცუს მსგავს პატარა ძაღლებს სწრაფი მეტაბოლიზმი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ენერგიას დიდი ტემპით წვავენ, თუმცა პატარა ზომის კუჭის გამო, მცირე ოდენობით და ხშირად ესაჭიროებათ კვება. სწორედ ამიტომ, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების კვებისას სასურველია სპეციალურად პატარა ჯიშებისთვის შექმნილ საკვებს მიანიჭოთ უპირატესობა. 

    შიტცუსთვის რეკომენდირებული საკვების შერჩევისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, კომპანიონი ცხოველის ასაკი, ცხოვრების წესი, აქტივობის დონე, ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ჯანმრთელობა. 

    ვინაიდან საკვები ძაღლის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად საჭირო ენერგიას უზრუნველყოფს, ფორმულა საკვებ ნივთიერებებს დაბალანსებული რაოდენობით უნდა შეიცავდეს. მაგალითად, ენერგიის, ცილების, მინერალებისა და ვიტამინების თვალსაზრისით, ლეკვის კვებითი საჭიროება, ზრდასრულ ძაღლთან შედარებით, ბევრად მეტია. 

    რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, ეცადეთ შეეწინააღმდეგოთ ცდუნებას და შიტცუს თქვენი საკვების ნარჩენებით ან ადამიანებისთვის განკუთვნილი სხვა გემრიელობებით არ გაუმასპინძლდეთ. გარკვეული საკვები, მათ შორის შოკოლადი, ყურძენი, ხახვი და ნიორი, ძაღლებისთვის მომწამვლელია. მოერიდეთ აგრეთვე ცხიმის, შაქრისა და მარილის შემცველ საკვებსაც.

    რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი შიტცუს წონა და სხეულის მდგომარეობა. ჭარბწონიან ძაღლებს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ემუქრებათ, მათ შორის სახსრების დაავადებები და დიაბეტი. ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზე დაარეგულირეთ მათი დიეტა და საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობაც გაზარდეთ. გახსოვდეთ, ნუტრიციოლოგს კვების პერსონალური რეკომენდაციების შემოთავაზება და კვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა შეუძლია.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    მოპსის და ჩაუ ჩაუს მსგავსად, შიტცუც ჩინეთის ისტორიის ნაწილია. ჩანაწერების თანახმად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ტიბეტელმა ბერებმა ჩინელი იმპერატორებისთვის შექმნეს. ეს საიმპერატორო ჯიში ლასო აფსოსა და პეკინესის ჯვარედინი მოშენების შედეგია. 

    შიტცუ ჩინურად “ლომს” ნიშნავს. ჯიშის სტანდარტის ორიგინალ ვერსიაში, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის აღწერაც სწორედ ცხოველთა მეფის ხსენებით იწყება. სტანდარტის მიხედვით, შიტცუს ლომის თავი, ბუს სახე, დრაკონის თვალები, პეონის ფურცლისმაგვარი ენა, ბრინჯის მარცვლების მსგავსი კბილები, პალმის ფოთლებისმაგვარი ყურები, ფენიქსის კუდი და ოქროს თევზისთვის დამახასიათებელი მოძრაობა აქვს. 

    ჯიშის ზოგიერთ წარმომადგენელს თავზე  “ბუდას ვარსკვლავის” სახელით ცნობილი თეთრი ლაქა ამშვენებს. ლეგენდის თანახმად, ბუდა კომპანიონ შიტცუსთან ერთად მოგზაურობდა, როდესაც მძარცველებმა მასზე თავდასხმა სცადეს. ამ დროს პაწაწინა ძაღლი ლომად გადაიქცა და მძარცველებს გაქცევის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა. მადლიერმა ბუდამ ძაღლს აკოცა და სიმბოლური ნიშანი დაუტოვა შუბლზე.