კატის ჯიშები

თურქული ანგორა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

თურქული ანგორა

ჯიშის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი მდიდრული, აბრეშუმისებრი ბეწვია. თუმცა, ესთეტიკური მიმზიდველობის გარდა, თურქული ანგორა უნიკალური პიროვნებითაც აღაფრთოვანებს ადამიანებს.

თურქეთის ეროვნულ საგანძურად ქცეული ეს ჯიში განსაკუთრებით ჭკვიანი და ცნობისმოყვარეა. თურქული ანგორა კატების  მოყვარულთა გულებს მოსიყვარულე ბუნებასთან ერთად, მხიარული ქცევითაც იპყრობს. თვისებების ეს სასიამოვნო კომბინაცია მათ შესანიშნავ კომპანიონებად აქცევს იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები ან სხვა შინაური ცხოველები იზრდებიან.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მხიარულება
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • მაღალი ინტელექტი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • ცნობისმოყვარეობა
  • კომუნიკაბელურობა
  • ათლეტურობა
  • წყლისადმი სიყვარული
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    თურქულის ანგორას სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 36-41 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული თურქული ანგორა 2.3 კილოგრამიდან 4.5 კილოგრამამდე იწონის. თუმცა, ეს მაჩვენებელი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    თურქული ანგორას სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 18 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    თურქული ანგორა მდიდრული, აბრეშუმისებრი, საშუალო ან გრძელი ბეწვით არის ცნობილი. ჯიშისთვის დამახასიათებელი დელიკატური გარეგნობის მიუხედავად, მათი ბეწვის მოვლა განსაკუთრებულ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. ცვენის თავიდან ასაცილებლად, ბეწვის ყოველდღიური დავარცხნაა საჭირო. ბანაობას რაც შეეხება, ჯიშის წარმომადგენლების წყლისადმი სიყვარული ამ პროცესს განსაკუთრებით სახალისოს ხდის.

  • ჯიშის ხასიათი

    მშვენიერი და ელეგანტური თურქული ანგორა განსაკუთრებული ათლეტურობითა და ინტელექტით ხასიათდება. თუმცა, ამ ძვირფასი კომპანიონი ცხოველის დახვეწილ გარეგნობას შეცდომაში შეყვანის უფლებას ნუ მისცემთ. თურქული ანგორას ელეგანტური ექსტერიერის მიღმა არნახული მხიარულება და ცნობისმოყვარეობა იმალება. აბრეშუმისებრი ქურთუკის ქვეშ, ჯიში აქტიურ, სპორტულ სხეულსაც მალავს.

    სწორედ ამ ათლეტურობის დამსახურებით შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი კარადის ან კარის თავზე. ამ ცნობისმოყვარე კატებს აინტერესებთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ და სურთ ამ პროცესში საკუთარი წვლილიც შეიტანონ.

    თურქული ანგორა აქტიური ვოკალიზაციითაც არის ცნობილი. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები მელოდიურ ხმას სურვილების გადმოსაცემად ან კმაყოფილების გამოსახატავად იყენებენ.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    თანდაყოლილი სმენის პრობლემები

    რაგდოლის, შოტლანდიური ფოლდისა და სპარსული კატის მსგავსად, გენეტიკის გამო, შესაძლოა თურქული ანგორაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემით დაიბადოს. თეთრ ბეწვზე პასუხისმგებელი გენი ხშირად სიყრუის გენთან არის დაკავშირებული და სწორედ ამის გამოა, რომ სმენის თანდაყოლილი პრობლემები ყველაზე ხშირად თეთრი ფერისა და ცისფერი თვალების მქონე თურქულ ანგორებში ვლინდება.

    შესაძლოა ამ პრობლემამ კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხზე იქონიოს გავლენა, თუმცა, ის ნეგატიურად არასდროს ზემოქმედებს ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების პიროვნულ თვისებებზე.

    სმენის პრობლემის მქონე თურქულ ანგორებს განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროებათ. მდგომარეობის მართვას და სიყრუით გამოწვეული სხვა პრობლემების პრევენციას ვეტერინართან აქტიური კომუნიკაციით შეძლებთ.

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელსაც პარკუჭების კედლების გასქელება ახასიათებს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულ კომპანიონ ცხოველებს გულმკერდის არეში ტკივილი და არითმია აღენიშნებათ. დაავადების სამკურნალოდ ხშირად გულის შეკუმშვის ძალის შესამცირებელ მედიკამენტებს იყენებენ.

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შესაძლოა ახალშობილობის ან ზრდასრულობის პერიოდში გამოვლინდეს. დაავადების ეფექტურად მართვას ვეტერინართან ვიზიტის დროული დაგეგმვით, სათანადო ვარჯიშისა და ჭარბწონიანობის თავიდან აცილებით შეძლებთ.

    ცერებრული ჰიპოპლაზია

    ცერებრული ჰიპოპლაზია თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული მოძრაობის დარღვევაა. დაავადებით გამოწვეული მოტორული დისბალანსი კომპანიონ ცხოველებში შესაძლოა უნებლიე მოძრაობებით გამოიხატოს. ცერებრულ ჰიპოპლაზიას ხშირად გონებრივი განვითარების მეტ-ნაკლები შეფერხება და ქცევითი დარღვევები ახასიათებს.

    მიუხედავად იმისა, რომ თავის ტვინის დაზიანება დაბადებისას უკვე აღინიშნება, მის გამოვლენას დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ არის რეკომენდირებული, რომ პრობლემური ორსულობა-მშობიარობის შედეგად დაბადებული კნუტი განვითარების ადრეულ ეტაპზევე გასინჯოს ვეტერინარმა.

    თირკმელების დაავადება

    თირკმელების არასათანადო ფუნქციონირებამ შესალოა კომპანიონი ცხოველის სისხლში ტოქსინების დაგროვება და სითხის დონის დისბალანსი გამოიწვიოს. ჯანმრთელობის ამ პრობლემასთან დაკავშირებულ სიმპტომებს შორისაა გულძმარვა, წონის კლება, მომატებული წყურვილი და შარდვა.

    თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა ფოსფორისა და მაღალი ხარისხის ცილებით მდიდარი დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა შესაძლებელი. სისხლის ანალიზები, ხშირი ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    კუნთოვანი მასის სწორად განვითარებისა და ენერგიის დონის მხარდასაჭერად, თუქული ანგორა ცილებით მდიდარ დიეტას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების გამოსაკვებად, სასურველია არჩევანი მაღალი ხარისხის კატის საკვებზე შევაჩეროთ. აუცილებელია საკვების ძირითადი ინგრედიენტი ხორცი იყოს და შეფუთვა დანამატების სახით კონსერვანტებს არ შეიცავდეს.

    საშარდე გზების პრობლემებისადმი მიდრეკილების გამო, აუცილებელია ყურადღებით ვადევნოთ თვალი ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს და დავრწმუნდეთ, რომ ის საკმარისი რაოდენობით იღებს წყალს. სათანადო ჰიდრატაცია თქვენს კომპანიონ ცხოველს თირკმელების პრობლემებსაც ააცილებს თავიდან.

    პორციის კონტროლი ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის კვების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. გადაჭარბებულმა კვებამ შესაძლოა სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. თქვენი კომპანიონი ცხოველის აქტივობის დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად კვების განრიგის შედგენაში  ნუტრიციოლოგი დაგეხმარებათ.

    ნუტრიციოლოგი პერსონალიზებულ რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ და ოთხფეხა მეგობარზე კომპეტენტურ ზრუნვას გაგიმარტივებთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    თურქული ანგორას წარმოშობა თანამედროვე თურქეთის დედაქალაქს, ანკარას (ისტორიულად ანგორა) უკავშირდება. “ადამიანის მიერ შექმნილი” სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, თურქული ანგორა, მე-15 საუკუნეში, ბუნებრივად წარმოიშვა. ითვლება, რომ ანგორა აფრიკული ველური კატების შთამომავალია. მათი გრძელი, აბრეშუმისებრი ბეწვი სპონტანური მუტაციის ან ევოლუციური ადაპტაციის შედეგი უნდა იყოს.

    გასაოცარი გარეგნობისა და მოხდენილი ქცევის გამო, თურქულმა ანგორამ სწრაფად მოიპოვა კეთილგანწყობა თურქული სამეფო ოჯახის წევრებსა და არისტოკრატებს შორის. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კომპანიონი ცხოველები იყვნენ. მათ მხოლოდ სილამაზის კი არა, ინტელექტის გამოც სცემდნენ პატივს.

    თურქეთმა თურქული ანგორა ეროვნულ საგანძურად მიიჩნია და მათი შენარჩუნების მიზნით, ანკარას ზოოპარკში დაიწყო გამრავლების სპეციალიზებული პროგრამა. 1950-იან წლებში, სწორედ აქ შენიშნეს თურქული ანგორა ამერიკელმა სამხედროებმა და, ამ კომპანიონი ცხოველის ვიზუალით აღფრთოვანებულებმა, ინფორმაცია ამერიკაში გაავრცელეს.

    განსაკუთრებული თხოვნის საფუძველზე, 1962 წელს, ანკარას ზოოპარკმა ამერიკელ პოლკოვნიკს ჯიშის მამრი და მდედრი წარმომადგენლების, ილდიზისა და ილდიზჩეკის ყოლის ნებართვა მისცა.