პერიფერიული ნეიროპათია
პერიფერიულ ნეიროპათიას პერიფერიული ნერვების დაზიანება იწვევს. ამ პროცესს ხშირად სისუსტე, მგრძნობელობის დაქვეითება, მოძრაობის გაძნელება და ტკივილი ახლავთ თან. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება ნევროლოგიური პრობლემების დროულად აღმოჩენაში და დაავადების ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ.
პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა გენეტიკურმა მიდრეკილებამ, ტრავმულმა დაზიანებამ, ინფექციამ, ტოქსინების ზემოქმედებამ ან მეტაბოლიზმის პრობლემებმა გამოიწვიოს. პერიფერიული ნეიროპათიის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი დიაბეტია.
ვინაიდან, კომპანიონ ცხოველებში დიაბეტის განვითარებას ჭარბჭონიანობა უწყობს ხელს, გირჩევთ სათანადო ყურადღება მიაქციოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის წონას და ის ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოთ. უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა კიდევ ერთი პრევენციული ზომაა, რომელიც სტრესის შემცირებაში და პერიფერიული ნეიროპათიის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ეპილეფსია
ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევას და გულყრას იწვევს. ეპილეფსიური ეპიზოდები ძირითადად რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება.
ეპილეფსიის პრევენციული ღონისძიებები თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნებას და სტრესის მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ვეტერინარის დროული ყურადღება და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დაწყება ამ დაავადების მართვის საუკეთესო გზაა.
გლაუკომა
გლაუკომა თვალშიგა წნევის ზრდას და მხედველობის ნერვის დაზიანებას იწვევს. გლაუკომის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე კომპანიონი ცხოველების მხედველობა უმნიშვნელოდ უარესდება, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა საქმე განუკურნებელ სიბრმავემდე მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პრევენცია რთულია, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარმართვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.
ანტიოქსიდანტებით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, A, C და E ვიტამინებით მდიდარი რაციონი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში საგრძნობლად დაეხმარება.
ბარძაყის დისპლაზია
ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.
კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას, მათ შორის ბორდერ კოლის, კანე კორსოსა და ირლანდიურ სეტერს ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.