აგრესიული ძაღლების კონტროლი: აგრესიის გამომწვევი მიზეზები და მათი პრევენციის გზები

პასუხისმგებლიანი პატრონები ძაღლებს ოჯახის სრულფასოვან წევრებად აღიქვამენ. სწორედ ამიტომ, თანაცხოვრების პროცესში, ძაღლების მიერ გამოვლენილი აგრესიული ქცევა ხშირად განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. 

თუ თქვენი კომპანიონი ცხოველი აგრესიული ქცევით ხასიათდება და გაინტერესებთ როგორ შეიძლება აღმოფხვრათ აგრესიისადმი მისი მიდრეკილება, სასურველია, თავდაპირველად, აგრესიის მაპროვოცირებელი მიზეზები დაადგინოთ და შემდეგ მათთან გამკლავების ეფექტური გზები დასახოთ. ერთი შეხედვით ამ რთულ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ!

აგრესიის ტიპები და მათი პრევენციის გზები

აგრესიასთან გამკლავების პირველი ნაბიჯი აგრესიის ადრეული ნიშნების იდენტიფიცირებაა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ძაღლის მიერ გამოვლენილი აგრესიის ტიპებისა და მიზეზების დიფერენცირება. სწორედ ამ მიზნით წარმოგიდგენთ 3 ძირითადი ტიპის აგრესიას და მათი პრევენციის ეფექტურ გზებს გაგაცნობთ.

1. საკუთრების შეგრძნებით გამოწვეული აგრესია

ამ ტიპის ქცევა გარკვეული საგნების აკვიატების ფონზე ვითარდება და ძაღლის საყვარელ საჭმელთან ერთად სათამაშოებზეც ვრცელდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი სხვა ადამიანი ან შინაური ცხოველი მიუახლოვდება მათ პერსონალურ ნივთებს, მესაკუთრე ძაღლები მაშინვე აგრესიულად რეაგირებენ. პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, რეაქციები შესაძლოა ყეფასთან ერთად მყისიერ თავდასხმასაც მოიცავდეს.

2. შიშით გამოწვეული აგრესია

შიში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივაციაა ძაღლებისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აგრესიის სხვა ტიპებისგან განსხვავებით, შიშით გამოწვეულ აგრესიას გამაფრთხილებელი ნიშნები არ აქვს. შიშით გამოწვეული აგრესია, უმეტეს შემთხვევაში, წარსულში მომხდარი ტრავმით არის გამოწვეული.

შიშით გამოწვეული აგრესიის დაძლევაში თქვენს ძაღლს სათანადო წვრთნა დაეხმარება. პროფესიონალური წვრთნა თქვენს ძაღლს მეტად თავდაჯერებულს გახდის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირებს  შიშით გამოწვეული აგრესიის მასშტაბს.

3. ტკივილით გამოწვეული აგრესია

ძაღლები ფიზიკურ ტკივილს ხშირად ყეფით გამოხატავენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყეფა აგრესიულ ქცევად აღიქმება, რეალურად, ის მხოლოდ თავდაცვის ბუნებრივი მექანიზმია.

ტკივილით გამოწვეულ აფექტის მდგომარეობაში, ძაღლმა შესაძლოა პატრონსაც უკბინოს. ამიტომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და აგრესიული ქცევის გამოსწორების ნაცვლად, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამისთვის გირჩევთ პირველივე შესაძლებლობისთანავე ესტუმროთ ვეტერინარს.

როგორ გავუმკლავდეთ ძაღლის მიერ გამოვლენილ აგრესიას?

1. შეინარჩუნეთ სიმშვიდე

თუ აგრესიას მეტი აგრესიით უპასუხებთ, ძაღლს უფრო მეტად გააღიზიანებთ და პრობლემას უფრო მეტას გაამწვავებთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც ამ მომენტში შეგიძლიათ, სიმშვიდის შენარჩუნებაა. 

გახსოვდეთ, თქვენი ოთხფეხა მეგობრები თქვენი ენერგიით იკვებებიან და თქვენს განწყობას იდენტურად ირეკლავენ. შესაბამისად, თუ თქვენ აგრესიულ ქცევას ავლენთ (მაშინაც კი, თუ ამას ვერ აცნობიერებთ), დიდი ალბათობით, თქვენი ძაღლიც აგრესიით უპასუხებს თქვენს ამგვარ დამოკიდებულებას. 

თუ ყურადღებით დააკვირდებით, ძაღლის აგრესიულ ქცევაში ბევრ გამაფრთხილებელ ნიშანს ამოიცნობთ. მაგალითად, თუ ძაღლი მხოლოდ ოჯახის რომელიმე წევრს უყეფს, შესაძლოა ეს იმის მანიშნებელი იყოს, რომ თქვენს ძაღლს ამ ადამიანის კონკრეტული ქმედებები უბიძგებს აგრესიისკენ.

2. გამოავლინეთ აგრესიის წყარო

თუ არ შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ძაღლის აგრესიული ქცევის მიზეზი, გირჩევთ, გარშემო მიმოიხედოთ და ყურადღებით დააკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს. შესაძლოა თქვენთან ახლოს იყოს ადამიანი ან ცხოველი, რომელიც შეუმჩნეველი დაგრჩათ, თუმცა თქვენი ძაღლის გაძლიერებულმა ყნოსვამ შეძლო მისი დაფიქსირება და თქვენს გააფრთხილას ცდილობს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ძაღლი აგრესიული მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სხვა ძაღლების ან ადამიანების გარემოცვაშია, პრობლემის აღმოსაფხვრელად, გირჩევთ იოლ გზას მიმართოთ და თქვენი კომპანიონი ცხოველი არასასურველ გარემოს მოარიდოთ.

3. მიიღეთ პრევენციის ზომები

ცნობილი ფაქტია, რომ ძაღლები ფიზიკურ და ემოციურ დისკომფორტს ხშირად გაუცნობიერებელი აგრესიით გამოხატავენ. 

თუ თქვენს ერთგულ კომპანიონს კარგად იცნობს, აუცილებლად გეცოდინებათ რომელი კონკრეტული ნივთები და სიტუაციები უქმნის მას დისკომფორტს. თუ შეძლებთ ძაღლს აგრესიის მაპროვოცირებელი გარემოებები აარიდოთ თავიდან, თქვენ უდავოდ გააუმჯობესებთ მისი ცხოვრების ხარისხს. 

მაგალითად, სთხოვეთ თქვენს მეგობარს თავი შეიკავოს ძაღლთან ერთად სტუმრობაზე თუ ფიქრობთ, რომ ამ ძაღლთან ინტერაქცია თქვენს პატარა მეგობარს დისკომფორტს უქმნის.

4. დარწმუნდით, რომ ძაღლი ჯანმრთელია

თუ თქვენი ძაღლი მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ავლენს აგრესიულ ქცევას, სასურველია დაუყოვნებლივ ეწვიოთ ვეტერინარს. ძაღლის მიერ გამოვლენილი აგრესიის მიზეზი შესაძლოა გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი იყოს. თუმცა, ფიზიკურ ტკივილთან ერთად შესაძლოა ნევროლოგიურმა დარღვევამაც გამოიწვიოს ქცევითი ცვლილებები. 

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო შემოწმების საფუძველზე გამოარკვიოთ ტკივილის გამომწვევი მიზეზი და მისი აღმოფხვრის საფუძველზე დაუბრუნოთ თქვენს პატარა მეგობარს ცხოვრების ხალისი.

5. განამტკიცეთ პოზიტიური ქცევა

არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ ძაღლი აგრესიული ქცევის გამო. ამის ნაცვლად, მის დადებით ქცევაზე კონცენტრირდით და მაღალი ხარისხის საკვებით დააჯილდოვეთ ყოველ ჯერზე, როდესაც სოციალურად მისაღებ ქმედებას განახორციელებს.. 

თუ თქვენი ძაღლი აგრესიულია, სასურველია მის დამშვიდებას დაელოდოთ. სიმშვიდის მომენტში მას მარტივი ბრძანების შესრულება სთხოვეთ (მაგალითად, „დაჯექი“) და შემდეგ შეაქეთ. პოზიტიური ქმედების განმტკიცება საუკეთესო გზაა, თქვენს ძაღლს მიახვედროთ, რომ სიმშვიდეს აგრესიასთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს.

აგრესიისადმი მიდრეკილი ძაღლების ჯიშები და სათანადო სოციალიზაციის გავლენა აგრესიის მართვის პროცესზე

აგრესიული ქცევის თავდაპირველ წყაროდ ხშირად არასათანადო სოციალიზაციას ასახელებენ. ასოციალური ძაღლები შიშის გამო სოციალურ სიტუაციებზე ხშირად აგრესიულად რეაგირებენ. 

ძაღლებისთვის სოციალიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ეს პროცესი მათი განვითარების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს და ცხოვრების ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.

აგრესიული ქმედებისადმი მიდრეკილებას განსაკუთრებული სიმძაფრით რამდენიმე ჯიში ავლენს. ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება პიტბული, დობერმანი და როტვეილერი. თუმცა, გახსოვდეთ, ამ ჯიშების სათანადო სოციალიზაციისა და წვრთნის შემთხვევაში მათი აგრესიის ხარისხის შემცირება მინიმუმამდეა შესაძლებელი. 

აგრესიული ქცევის მაპროვოცირებელ ბიოლოგიურ ფაქტორებად გვევლინება, აგრეთვე, ძაღლის ასაკი და სქესი. მაგალითად, ძაღლი, რომელიც არასათანადოდ არის სოციალიზებული, არასტერილიზებულია და სქესობრივი სიმწიფის ასაკში შედის, ჩვეულებისამებრ, უფრო მეტად არის მიდრეკილი აგრესიისადმი, ვიდრე, იმავე სახეობის სტერილიზებული მდედრი. 

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ძაღლის აგრესიული ქმედების მაპრევენცირებელი ფაქტორი სოციალიზაციის მაღალი ხარისხი, სათანადო წვრთნა და შესაბამისი ყურადღებაა.

დასკვნა

ზოგჯერ აგრესიასთან დაკავშირებული პრობლემა თქვენი კონტროლის ფარგლებს სცილდება და პროფესიონალის ცოდნას საჭიროებს. ასეთ დროს, სასურველია ვეტერინარს, მწვრთნელს ან ცხოველის ქცევითი თავისებურებების სპეციალისტს მიმართოთ. ამ ადამიანების კომპეტენცია შესაძლებლობას მოგცემთ შეადგინოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფექტურად აღმოფხვრის თქვენი ერთგული კომპანიონის მიდრეკილებას აგრესიისადმი.