ძაღლის ჯიშები

გერმანული ნაგაზი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

გერმანული ნაგაზი

გასაოცარი ათლეტიზმის, ინტელექტის მაღალი დონისა და შთამბეჭდავი ფიზიკური მახასიათებლების მქონე გერმანული ნაგაზი ერთგულებისა და თავდადების საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა. ამ სახეობისთვის დამახასიათებელი დამცველობითი ინსტიქტი და ოჯახის წევრებისადმი გამოვლენილი მჭიდრო ემოციური კავშირი გერმანულ ნაგაზს ყველასთვის სანატრელ ერთგულ კომპანიონად აქცევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • ძლიერი, სპორტული აღნაგობა
  • მაღალი ინტელექტი და ბუნებრივი დამცველობითი ინსტინქტი
  • ერთგულება და ლოიალურობა
  • სიმამაცე და გამბედაობა 
  • ეფექტური რეაგირება სწავლების თანმიმდევრულ და პოზიტიურ მეთოდებზე
  • სათანადო სოციალიზაციის შემთხვევაში, ოჯახის წევრებთან მჭიდრო ემოციური კავშირის ჩამოყალიბება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ზომის თვალსაზრისით, მდედრი და მამრი გერმანული ნაგაზის ფიზიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. მდედრი გერმანული ნაგაზი სიმაღლეში 55-60, მამრი გერმანული ნაგაზი კი 60-65 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, თუ მდედრი გერმანული ნაგაზის სიგრძე 91-99 სანტიმეტრის დიაპაზონში მერყეობს, მამრი გერმანული ნაგაზის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 99-108 სანტიმეტრს აღწევს.

    წონა

    გერმანული ნაგაზის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი გერმანული ნაგაზი 30-დან 41 კილოგრამამდე იწონის. მდედრი გერმანული ნაგაზის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 23-32 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    გერმანული ნაგაზის სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-დან 13 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 61-82 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია, ვინაიდან თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მის მიმართ გამოვლენილ სიყვარულზე, ცხოვრების ჯანსაღ სტილსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    გერმანულ ნაგაზს საშუალო სიგრძის, ორმაგი ბეწვის საფარი ამშვენებს. ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ბეწვის საფარის ზედა ფენა ქვედა ფენასთან შედარებით მეტად მკვრივი და უხეშია. ცნობილი ფაქტია, რომ გერმანული ნაგაზი ბეწვის სეზონური ცვენისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც ძაღლებში ბეწვის ცვენის ინტენსივობა იმატებს, ვარცხნასთან დაკავშირებული პროცედურის გამეორებას ყოველდღიურად გირჩვთ. ზამთარსა და ზაფხულს რაც შეეხება, ამ პერიოდში სრულიად გონივრული იქნება თუ თუ თქვენი კომპანიონი ცხოველის ბეწვს მხოლოდ კვირაში ერთხელ დავარცხნით.

  • ჯიშის ხასიათი

    გერმანული ნაგაზი ბუნებით ერთგული და მოსიყვარულე თანამგზავრია, რომელიც განსაკუთრებულ დელიკატურობას ავლენს ბავშვების მიმართ. უნიკალური ფიზიკური და პიროვნული მახასიათებლების გამო გერმანულ ნაგაზს ხშირად საპოლიციო, სამხედრო და სასაზღვრო მიზნებისთვისაც იყენებენ.

    საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გერმანული ნაგაზი აქტიურ გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვას საჭიროებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი წვრთნა მხოლოდ მოთმინებით და პოზიტიური განმტკიცებითაა შესაძლებელი. ადრეული სოციალიზაციის შემთხვევაში, გერმანული ნაგაზის დამცველობითი ინსტინქტები საუკეთესოდ ვლინდება და გაბედულებასთან ერთად, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეშიც გამოიხატება.

    შესაბამისად, თუ აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანი ბრძანდებით და ცხოვრების ერთგულ კომპანიონს ეძებთ, გერმანული ნაგაზი ნამდვილად იდეალური არჩევანია თქვენთვის!

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყისა და იდაყვის დისპლაზია

    გერმანული ნაგაზი შესაძლოა ბარძაყის დისპლაზიის სახელით ცნობილი გენეტიკური დაავადებით დაიბადოს. ეს სამედიცინო მდგომარეობა ბარძაყის ბურთისა და მენჯის სახსრების შეუთავსებლობას გულისხმობს და ისეთ სიმპტომებში გამოიხატება, როგორიც კოჭლობა და ფიზიკური აქტივობის დონის დაქვეითებაა. ბარძაყის დისპლაზიისგან განსხვავებით, იდაყვის დისპლაზია ლეკვობის დროს იდაყვის არასწორად განვითარებას უკავშირდება.

    თუ თქვენთვის ძვირფას კომპანიონ ცხოველს კიდურის შესიებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს შეატყობთ, აუცილებლად ეწვიეთ ვეტერინარს. იქნება ეს მედიკამენტური მკურნალობა, ფიზიოთერაპია თუ ქირურგიული ჩარევა, სპეციალისტის ცოდნა და გამოცდილება გადაწყვეტილების მიღების პროცესს განსაკუთრებით გაგიადვილებთ.

    საბედნიეროდ, გერმანული ნაგაზები, რომელთაც ჯანმრთელობის ამ პრობლემასთან გამკლავება უწევთ, ოჯახის წევრების მხარდაჭერისა და ზრუნვის წყალობით ახერხებენ ცხოვრების ძველებული ტემპის შესარჩუნებასა და ბედნიერებით სავსე მომენტების შექმნას.

    შებერილობა

    თუ შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარ პრობლემად აღიქმება, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. ჭამის ან ვარჯიშის დროს ჩასუნთქული ზედმეტი ჰაერით გამოწვეული კუჭის შებერილობა ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

    აღნიშნული პრობლემის პრევენციისთვის, გონივრული იქნება ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციოთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი ან ჭარბი ნერწყვდენაა. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ვეტერინარს.

    შებერილობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია თქვენი ერთგული კომპანიონის ყოველდღიური რაციონი მინიმუმ ორ კვებაზე გაანაწილოთ. გირჩევთ, აგრეთვე, ყურადღება მიაქციოთ, რომ ჭამის შემდეგ თქვენმა მეგობარმა დიდი რაოდენობით წყალი არ მიიღოს. საჭმლის სწრაფად ყლაპვისა და შებერილობის თავიდან ასაცილებლად, კომპეტენტური მშობლები ხშირად უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს ანიჭებენ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ.

    მიელოპათია

    მიელოპათიის სახელით ცნობილი დაავადება ჩვენი ერთგული კომპანიონების ზურგის ტვინს საგრძნობლად აზიანებს. აღნიშნული მემკვიდრული დაავადების მკაფიო ნიშნები გართულებულ გადაადგილებასთან ერთად, წონასწორობის შენარჩუნების სირთულესაც  მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ ნაგაზებში მიელოპათია ჯერ კიდევ განუკურნებელია, არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთებაც პასუხისმგებლიან მშობლებს თავიანთი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრებისთვის შეუძლიათ, იმისთვის, რომ მათი ცხოვრება მეტად კომფორტული და სასიამოვნო გახადონ. ასეთ დროს ვეტერინართან კონსულტაცია საუკეთესო გამოსავალია.

    თვალის პრობლემები

    გერმანულ ნაგაზს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ახასიათებს. თუმცა, ნუ იღელვებთ, ამ პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

    სასურველია, ყურადღება პრობლემის თანმხლებ ისეთ სიმპტომებზე გაამახვილოთ, როგორიც ფიზიკური დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლის სირთულე, ჭარბი ცრემლდენა და მკვეთრი განათებით გამოწვეული აშკარა დისკომფორტია. თქვენი, როგორც კომპეტენტური მშობლის დეტალებზე ორიენტირება ვეტერინარს შესაძლებლობას მისცემს განვითარების ადრეულ ეტაპზე შეაჩეროს დაავადების პროგრესი და თქვენს ძვირფას მეგობარს საგრძნობლად გაუუმჯობესოს მხედველობა.

    ალერგიული ფონი

    შესაძლოა თქვენი ოჯახის ძვირფას წევრს ალერგიული ფონი გარკვეული საკვების მიმართ დროთა განმავლობაში განუვითარდეს. გერმანულ ნაგაზებში გამოვლენილი კვებითი ალერგია ყველაზე ხშირად ცხოველურ ცილას, ხორბალს, კვერცხს, სოიოსა და რძეს უკავშირდება. ამ ტიპის ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად საჭლის მომნელებელ სისტემასთან ერთად კანზეც ვლინდება.

    საკვებ პროდუქტებთან ერთად, ალერგიული რეაქციის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გარემოს პათოგენებიც (მაგ., მტვერი, სუნამო ან ჰაერის აეროზოლი) იყოს. გარემოს პათოგენებმა შესაძლოა ხიხინთან ერთად, ქავილი, ცემინება და ენერგიის დონის მკვეთრი დაქვეითებაც კი გამოიწვიოს.

    მწერის ნაკბენს რაც შეეხება, გერმანული ნაგაზი განსაკუთრებით ალერგიული რწყილის ნაკბენის მიმართ არის. რწყილის ნაკბენი ქავილთან ერთად წითელი ფერის ლაქებსაც ტოვებს კომპანიონი ცხოველის კანზე.

    ალერგიული რეაქციის თანმდევი სიმპტომები თავდაპირველად მსუბუქი ფორმით ვლინდება, თუმცა, დროთა განმავლობაში მათგან გამოწვეული დისკომფორტი საგრძნობლად იზრდება. ამიტომ, გირჩევთ, ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს კომპანიონ ცხოველს და ალერგიისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ ვეტერინარს. ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ვეტერინარმა შესაძლოა სისხლის ანალიზი, ნერწყვის ტესტი ან კანის დიაგნოსტიკა შემოგთავაზოთ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    კომპეტენტური მშობლები მათი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრების კვებით საჭიროებებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან და აქტიურად ინტერესდებიან თუ როგორ უნდა გამოკვებონ ერთგული კომპანიონები ისე, როგორც ეს ნამდვილად საჭიროა. ვინაიდან, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც პასუხისმგებლიანი მშობლების რიგებს მიეკუთვნებით, სიამოვნებით გაგიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას და გეტყვით, რომ გერმანული ნაგაზის ლეკვებს ცილებითა და ცხიმებით მდიდარი საკვები ესაჭიროებათ.

    პროტეინი თქვენი ლეკვის ქსოვილისთვის აუცილებელი საშენი მასალაა, ხოლო ცხიმები ტვინის, კანისა და თვალის ჯანსაღ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. ჩვენთვის ძვირფასი კომპანიონი ცხოველის კეთილდღობის უზრუნველსაყოფად არანაკლებ მნიშვნელოვანია ნახშირწყლებიც.

    როგორც აღვნიშნეთ, გერმანული ნაგაზი ძვლის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემებისა ან შებერილობისადმი გენეტიკურად არის მიდრეკილი. სწორედ ამიტომ, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, სასურველია თქვენი პატარა მეგობარი ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მშრალ საკვებს მოარიდოთ.

    ჩვეულებისამებრ, საკვების რაოდენობა, რომელსაც თქვენს გერმანულ ნაგაზს სთავაზობთ, მისი წონის, ენერგიის დონის, ასაკისა და რეპროდუქციული სტატუსის მიხედვით, ნუტრიციოლოგის მიერ უნდა განისაზღვროს.

    მაღალი ნუტრიციოლოგიური ღირებულების მქონე, დაბალანსებული საკვების მიღებასთან ერთად, ძაღლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, სასურველია მისი ორგანიზმი ვიტამინებითა და მინერალებით გავამდიდროთ.  მაგალითად, ომეგა 3-ის მიღება თქვენს ძვირფასს კომპანიონ ცხოველს კოგნიტური ჯანმრთელობისა და მხედველობის გაუმჯობესებასთან ერთად, სახსრებთან დაკავშირებული დისკომფორტის შემსუბუქებაშიც დაეხმარება.

    თუმცა, ომეგა 3-მა შესაძლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევა ან წონის მომატება გამოიწვიოს, ამიტომ თქვენი გერმანული ნაგაზისთვისთვის რეკომენდირებული თერაპიული დოზის დასადგენად აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან.

    ანტიოქსიდანტები კიდევ ერთი რეკომენდირებული დანამატია, რომელიც თქვენი კომპანიონი ცხოველის ორგანიზმს ტოქსინებისა და სხვა დამაბინძურებლებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ანტიოქსიდანტები თქვენს გერმანულ ნაგაზს სუნთქვის პრობლემების თავიდან აცილებაში, ღვიძლის ოპტიმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში და იმუნური სისტემის გაძლერებაში დაეხმარება. ანტიოქსიდანტების მიიღება საკვებში შემავალი ვიტამინებისგან, ახალი ხილისა და ბოსტნეულისგანაც არის შესაძლებელი.

    ნუტრიციოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე გაწერილი, თქვენი კომპანიონი ცხოველის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კვების გრაფიკი დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ საკვების მიღებასთან დაკავშირებული ქცევის ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შესაძლოა ავადმყოფობაზე ან ფიზიოლოგიურ სტრესზე მიუთითებდეს.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    კავალერიის ყოფილი კაპიტანი და ბერლინის ვეტერინარული კოლეჯის სტუდენტი, მაქს ფონ სტეფანიცი აღფრთოვანებული იყო გერმანული წარმომავლობის მეცხვარე ძაღლების ინტელექტით, ფიზიკური მონაცემებითა და შესაძლებლობებით.

    1899 წელს ფონ სტეფანიცმა გამოფენაზე ძაღლი სახელად ჰექტორ ლინქსრეინი იხილა. ჰექტორი რამდენიმე თაობის შერჩევითი მოშენების შედეგი იყო და სრულად აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რაც ფონ სტეფანიცის აზრით, საუკეთესო გერმანული წარმოშობის ძაღლს უნდა ჰქონოდა. კომპანიონი ცხოველის გონიერებით, ერთგულებითა და ფიზიკური მონაცემებით მოხიბლულმა ფონ სტეფანიცმა მაშინვე შეიძინა ჰექტორ ლინქსრეინი, ის პირველ გერმანულ ნაგაზად გამოაცხადა და მისი შთამომავლობის სრულყოფაზე დაიწყო ზრუნვა.

    სულ რამდენიმე ათწლეულში ძაღლის ეს სახეობა გერმანიის ეროვნულ სიმბოლოდ და სიამაყედ იქცა. თუმცა, მილიტარიზმთან ასოცირების გამო, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გერმანული ნაგაზები ნაცისტურ გერმანიასთან გააიგივეს.

    ჰოლოკოსტის დროს გერმანული ნაგაზები საკონცენტრაციო ბანაკებში მცველი ძაღლების როლს ასრულებდნენ. თავად ადოლფ ჰიტლერსაც ჰყავდა რამდენიმე გერმანული ნაგაზი, მათ შორის იყვნენ პრინცი და ბლონდი. თვითმკვლელობისთვის მზადების პროცესში ჰიტლერმა დოქტორ ვერნერ ჰაასს უბრძანა, რომ ციანიდის კაფსულა ბლონდზე გამოეცადა, რასაც ძაღლის გარდაცვალება მოჰყვა.

    ერნა ფლეგელმა, ექთანმა, რომელიც რაიხის კანცელარიის სასწრაფო დახმარების ჯგუფში მუშაობდა, 2005 წელს განაცხადა, რომ გერმანული ნაგაზის სიკვდილმა ბუნკერში მყოფ ადამიანებზე უფრო მეტად იმოქმედა, ვიდრე ადოლფ ჰიტლერის პარტნიორის, ევა ბრაუნის თვითმკვლელობამ.

    სახეობისთვის დამახასიათებელი ლოალური ბუნების გამო, ომიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა გერმანული ნაგაზები ოჯახის მნიშველოვან წევრებად აქციეს. კომპანიონი ცხოველის ამ სახეობისადმი გამოვლენილი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ ომის შემდგომი ანტიგერმანული სენტიმენტებისგან დასაცავად, გერმანულ ნაგაზს გაერთიანებულ სამეფოში ელზელის სახელით მოიხსენიებდნენ.