ამერიკული ბობტეილის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მისი სპეციფიკური დიეტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მაღალი ხარისხის საკვები შევთავაზოთ.
შეარჩიეთ შეფუთვა, რომელიც ძირითადი ინგრედიენტის სახით მაღალი ხარისხის ცილას ასახელებს. აგრეთვე, დარწმუნდით, რომ საკვები კატის გულის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, როგორიც ამინომჟავა ტაურინია.
პორციის ზომის განსაზღვრისას ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეთ, როგორიც კატის ასაკი, წონა და აქტივობის დონეა. ვინაიდან, კნუტებისგან განსხვავებით, ზრდასრულ და სტერილურ კატებს განსხვავებული კვებითი მოთხოვნები აქვთ, მათთვის სპეციალურად შექმნილი საკვების შეძენა გვმართებს. სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად, ჭარბი ულუფებით კვებას მოერიდეთ, რადგან, შესაძლოა ამან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის სახსრების პრობლემები და დიაბეტი გამოიწვიოს.
მაღალი ხარისხის კომერციული საკვების გარდა, შეგიძლიათ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს მცირე რაოდენობით ახალი ხილითა და ბოსტნეულითაც გაუმასპინძლდეთ. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, გირჩევთ, კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული ხილი ან ბოსტნეული თქვენი ამერიკული ბობტეილისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
ამერიკული ბობტეილისთვის უსაფრთხო საკვებად მცირე რაოდენობით მოხარშული ბოსტნეული (სტაფილო, მწვანე ლობიო და ბარდა) და ხილის პატარა ნაჭრები (ვაშლი, ბანანი და მოცვი) მოიაზრება. თქვენი კატის რაციონში ახალი საკვების შეტანისას, თვალყური ადევნეთ ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიც კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან ალერგიული რეაქციებია.