ძაღლის ჯიშები

მეტისი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

მეტისი

თუ გვერდით ყველაზე ლოიალური, თბილი და მოსიყვარულე კომპანიონი ცხოველის ყოლა გსურს, ბევრს ნუ იფიქრებ! მეტისი ძაღლები უნიკალური მემკვიდრეობით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უპირატესობებით, შთამბეჭდავი გარეგნობითა და ურყევი ერთგულებით იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს ძაღლების მოყვარულთა გულებში. 

ეს შესანიშნავი კომპანიონი ცხოველები განსაკუთრებულ აღიარებასა და პატივისცემას იმსახურებენ იმ ფასდაუდებელი როლის გამო, რომელსაც უამრავი ადამიანის ცხოვრებაში, სრულიან უანგაროდ ასრულებენ.

მეტისებს ადამიანებთან ღრმა ემოციური კავშირის შექმნის შესანიშნავი უნარი აქვთ. ისინი წარმოუდგენლად ერთგულები არიან და თანდაყოლილი თანაგრძნობის უნიკალური შესაძლებლობით გამოირჩევიან. არ აქვს მნიშვნელობა კარგი მსმენელი გჭირდება, თუ უბრალოდ მეგობარი ცხოვრებისეული თავგადასავლების გასაზიარებლად, მეტისი ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია.  

  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    მეტისი ძაღლების ცხოვრება გამოწვევებითაა აღსავსე. ქუჩაში ბინადრობა ხშირად ამინდის მკაცრ პირობებთან, შიმშილთან და დაუმსახურებელ ძალადობასთან საჭიროებს გამკლავებას. თუმცა, შთამაგონებელია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მეტისები საოცარ ლოიალობას, სიყვარულსა და პატივისცემას ინარჩუნებენ ადამიანების მიმართ. 

    ცხოვრების რთულმა პირობებმა ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების იმუნიტეტსა და ჯანმრთელობაზე არნახული გავლენა იქონია და ისინი ძლიერ, შეუდრეკელ არსებებად ჩამოაყალიბა. მათი ცხოვრების ხანგრძლივობა საშუალოდ 12-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული. 

    კომპეტენტური ზრუნვისა და რეგულარული ვეტერინარული შემოწმების შემთხვევაში, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ. 

  • პიროვნული მახასიათებლები

    მეტისი ძაღლების პიროვნება და ტემპერამენტი აბსოლუტურად უნიკალურია. მათი, როგორც შერეული ჯიშის კომპანიონი ცხოველების, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსება პიროვნული მახასიათებლების ფართო სპექტრია. სწორედ ამ ფაქტი განაპირობებს მათი ქცევისა და თვისებების უნიკალურ კომბინაციას. 

    მრავალფეროვანი გენეტიკური შემადგენლობის გამო, მეტისები განსაკუთრებული გამძლეობით ხასიათდებიან. გენოფონდი მათ გენეტიკური პრობლემებისადმი ნაკლებად მიდრეკილს ხდის. ძლიერ იმუნიტეტთან დაკავშირებული უპირატესობის გარდა, მეტისებს უნიკალური ქცევითი გამოვლინებები აქვთ. ისინი ადაპტირებადი ბუნებითა და თვისობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. 

    ზრდასრული მეტისები ხშირად მორცხვები არიან და ადამიანებისადმი უნდობლობას ამჟღავნებენ. სამწუხაროდ, ეს მათი წარსული გამოცდილების შედეგია. მიღებული ემოციური ან ფიზიკური ტრავმის განკურნებას შესაძლოა წლები დასჭირდეს. თუმცა, კომპეტენტური მშობლის პირობებში ეს პროცესი გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. 

    სათანადო ვარჯიში და სოციალიზაცია ნებისმიერი კომპანიონი ცხოველის მეგობრულ და კეთილგანწყობილ თანამგზავრად ქცევისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასე რომ, გამოირჩინეთ მოთმინება და წვრთნის პროცესში მხოლოდ თანმიმდევრული, პოზიტიური მიდგომები გამოიყენეთ. 

    საბედნიეროდ, ახალი უნარებისა და მარტივი ბრძანებების დასწავლა მეტისებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები დროის მოკლე პერიოდში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწავლობენ როდის და როგორ დაემორჩილონ ადგომასთან ან დაჯდომასთან დაკავშირებულ თქვენ თხოვნებს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    გენეტიკური მრავალფეროვნება სუფთა ჯიშებთან შედარებით მეტ გამძლეობას და მემკვიდრეობითი დაავადებებისადმი ნაკლებ მიდრეკილებას უზრუნველყოფს. თუმცა, სხვა ნებისმიერი ჯიშის მსგავსად, მეტისსაც შეიძლება განუვითარდეს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, მათ შორის დიაბეტი, სტომატოლოგიური პრობლემები, საშარდე გზების დაავადებები და პარაზიტული ინფექციები.

    ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოთხფეხა მეგობრისთვის ხანგრძლივი და ჯანსაღი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება, ვაქცინაცია, პარაზიტების კონტროლი და დაბალანსებული დიეტა რისკების შემცირებაში საგრძნობლად დაგეხმარებათ. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, კარგად დაბალანსებული დიეტა, ჯანსაღი, აქტიური და ბედნიერი ცხოვრების უზრუნველყოფით გააუმჯობესებს მეტისის ცხოვრების ხარისხს. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს მაღალი ხარისხის ისეთი კომერციული ძაღლის საკვები შევთავაზოთ, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის საჭიროებებს. 

    კომპანიონი ცხოველის ასაკთან, წონასა და აქტივობის დონესთან დაკავშირებული დიეტური მითითებების მისაღებად და კვების შესაბამისი გრაფიკის დასადგენად, ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 

    მეტისის რაციონი მაღალი ხარისხის ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების დაბალანსებულ ნაზავს უნდა მოიცავდეს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ლეკვებს ზრდასრულ ძაღლებთან შედარებით მეტი ცილა და კალორია ესაჭიროებათ. მათ მცირე ზომის კუჭი აქვთ, ამიტომ სასურველია დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ გავუმასპინძლდეთ ლეკვის საუკეთესი საკვებით. ექვსი თვის ასაკიდან შეგვიძლია მათი კვების სიხშირე ორამდე შევამციროთ. 

    ხანდაზმულ  ძაღლებს რაც შეეხება, მათი გამოკვება ისეთი საკვებითაა რეკომენდირებული, რომელიც სახსრების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საჭირო დამხმარე ნივთიერებებით (გლუკოზამინი, ქონდროიტინი) არის მდიდარი. 

    ბევრს შეცდომით სჯერა, რომ მეტისი ძაღლების გამოკვება მხოლოდ ნასუფრალით შეუძლიათ. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ნარჩენებს ხშირად აკლიათ საჭირო საკვები ნივთიერებები და შესაძლოა მათმა ხშირმა მიღებამ სიმსუქნესთან ერთად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებიც გამოიწვიოს.

    მიუხედავად იმისა, რომ იშვიათ შემთხვევებში, სუფრიდან მორჩენილი საკვების მეტისისთვის გაზიარება უსაფრთხოა, ნუტრიციოლოგიური საჭიროებების სრულყოფილად დასაკმაყოფილებლად, ძაღლებისთვის სპეციალურად შექმნილი დაბალანსებული დიეტაა საჭირო. 

    გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის განკუთვნილი გარკვეული საკვები ძაღლებისთვის ტოქსიკურია და კომპანიონი ცხოველისთვის მათი შეთავაზება დაუშვებელია. განსაკუთრებით საშიშია შოკოლადი, ხახვი, ნიორი, ყურძენი, ქიშმიში და ხელოვნური დამატკბობლების შემცველი პროდუქტები. არანაკლებ მავნეა ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვები და მოხარშული ძვლები. შესაძლოა მათმა მიღებამ პანკრეატიტი და შინაგანი დაზიანებებიც კი გამოიწვიოს.

  • წარმოშობის ისტორია

    მეტისის ტიპის ძაღლების წარმოშობა შორეული პერიოდით თარიღდება. თუმცა თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული, უნიკალური ისტორია აქვს. იმის გამო, რომ მეტისი მრავალი ძაღლის უნებლიე შეწყვილების შედეგია და ერთ კონკრეტულ ჯიშს არ მიეკუთვნება, მათი სახესხვაობათა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა არსებობს. ითვლება, რომ მსოფლიოში 150 მილიონზე მეტი სხვადასხვა ტიპის შერეული ჯიშის წარმომადგენელი ბინადრობს. 

    კონკრეტული სახეობის ისეთი ძაღლებისგან განსხვავებით, როგორიც, მაგალითად, როტვეილერი ან ლაბრადორ რეტრივერია, მეტისის ტიპის ძაღლები ჯიშის სპეციფიკურ სტანდარტებს არ შეესაბამებიან. 

    სამაგიეროდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მემკვიდრეობა სხვადასხვა ჯიშის მოზაიკაა, რაც, საბოლოოდ, მრავალფეროვან გენეტიკურ შემადგენლობას განაპირობებს. სწორედ ეს მრავალფეროვნება იწვევს მათი გარეგნობის, ზომისა და ტემპერამენტის ფართო სპექტრს, რომელიც თითოეულ მეტისს უნიკალურ ინდივიდად აქცევს.

  • შესაძლო გამოწვევები

    მეტისი ძაღლის აყვანა რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, თუმცა, ეს ყველაფერი გადალახვადია და უპირობოდ ღირს იმ ბედნიერებად, რომელიც მას, როგორც კომპანიონ ცხოველს მოაქვს. 

    მეტისის ქცევითი პრობლემები, ხშირად წარსული ტრამვებითა და სოციალიზაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. თუმცა, მოთმინება, თანმიმდევრული ვარჯიში და პოზიტიური განმტკიცება მათ შიშების დაძლევაში და ნდობის ხელახლა ჩამოყალიბებაში იოლად დაეხმარება.

    მათი გენეტიკური მოცემულობა კიდევ ერთი პოტენციური გამოწვევაა. მემკვიდრული მიდრეკილებების არცოდნის გამო, შესაძლოა სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდეთ სამედიცინო პრობლემის წინაშე. თუმცა, გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმებით, დაბალანსებული დიეტითა და კომპეტენტური ზრუნვით ჯანმრთელობის პრობლემების მართვას ეფექტურად შეძლებთ.

    გახსოვდეთ, კომპანიონ ცხოველთან ერთად, დაბრკოლებების გადალახვის შედეგად ჩამოყალიბებული კავშირი წარმოუდგენლად ძლიერია და უდიდესი ბედნიერება მოაქვს!