ძაღლის ჯიშები

ბორდერ ტერიერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ბორდერ ტერიერი

მძაფრი ინსტინქტები და უსაზღვრო ენერგია ბორდერ ტერიერს თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვის შესაფერის კომპანიონად აქცევს. საუკეთესო შემთხვევაში, ბორდერ ტერიერს გვერდით ისეთი ადამიანი უნდა ჰყავდეს, რომელსაც ჯიშისთვის რეკომენდირებული ფიზიკური და გონებრივი აქტივობების დასაგეგმად საჭირო დროის გამოთავისუფლება შეუძლია.

ბორდერ ტერიერი განსაკუთრებით ფხიზელი და გაბედული ჯიშია. ენერგიული ბუნებიდან გამომდინარე, ის დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არის თქვენთან თამაშისთვის. სწორედ ეს ცოცხალი ქცევა, მოსიყვარულე ბუნება და მრავალმხრივი შესაძლებლობები აქცევს ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს ძვირფას კომპანიონად. თუმცა, ის, რაც ნამდვილად გამოარჩევს ბორდერ ტერიერს სხვა კომპანიონი ცხოველებისგან, ეს მათი ინტელექტი და სხვადასხვა საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირების შესანიშნავი უნარია. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • გონიერება 
  • დამოუკიდებლობა
  • სიმამაცე
  • ლოიალურობა
  • მეგობრულობა
  • ენერგიის მაღალი დონე
  • აქტიური სეირნობის სიყვარული
  • დამატებითი წვრთნის საჭიროება
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი ბორდერ ტერიერი სიმაღლეში 30-36 სანტიმეტრია. მამრი ბორდერ ტერიერის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 33-38 სანტიმეტრს უტოლდება. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ბორდერ ტერიერის სიგრძე 43-51 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ბორდერ ტერიერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი და მდედრი ბორდერ ტერიერიები საშუალოდ 5-7 კილოგრამს იწონიან. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბორდერ ტერიერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ბორდერ ტერიერის ბეწვი ხშირი და უხეშია. ბეწვის ზედა ფენა განსაკუთრებით მკვრივია, რაც ექსტრემალური ამინდის მიმართ აუცილებელ დაცვას უზრუნველყოფს. ბეწვის ქვედა ფენას რაც შეეხება, ის საკმაოდ რბილია და ცივ ამინდში შესანიშნავად ინარჩუნებს სითბოს. ყველაზე ხშირად შავი, ყავისფერი, ჟღალი და ნაცრისფერი შეფერილობის მქონე ბორდერ ტერიერს შეხვდებით. ჩვეულებისამებრ, ბორდერ ტერიერს კვირაში ერთხელ ესაჭიროება გრუმინგი. თუმცა, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, შესაძლოა მათ ბეწვზე ზრუნვა ყოველ მეორე დღეს გახდეს საჭირო. 

  • ჯიშის ხასიათი

    მცირე ზომის მიუხედავად, ბორდერ ტერიერს თავდაჯერებულობითა და დამოუკიდებლობით გამორჩეული, დიდი პიროვნება აქვს. ამტანი ხასიათის გამო ბორდერ ტერიერი ერთ-ერთი ყველაზე შრომისუნარიანი ძაღლია. ის შესანიშნავად ეწყობა ოჯახს და ქალაქის პირობებში ცხოვრებასაც იოლად ეგუება. ბორდერ ტერიერი მოსიყვარულე და მხიარული ჯიშია; მშვიდი, დამოუკიდებელი პიროვნება აქვს და გადაწყვეტილებებსაც ხშირად დამოუკიდებლად იღებს. 

    ქალაქის პირობებში, აქტიური სეირნობა და თამაში მათი უსაზღვრო ენერგიისა და ბედნიერების შესანარჩუნებლად სრულიად საკმარისია. 

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები კურდღლებისა და ციყვების მსგავსი პატარა ცხოველების დევნისკენ არის მიდრეკილი, თუმცა, სათანადო წვრთნისა და სოციალიზაციის შემთხვევაში შინაურ ცხოველებთან ჰარმონიულად თანაცხოვრებაც არ წარმოადგენს მათთვის პრობლემას. ბორდერ ტერიერი ერთ-ერთი საუკეთესო ტერიერია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ისინი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ოჯახურ აქტივობებში და სხვა ტერიერებთან შედარებით მოთმინებაც უფრო მეტი აქვთ. 

    ბორდერ ტერიერის ხასიათი საჭიროებს აქტიურ მფლობელს, რომელსაც ტერიერების დამოუკიდებლობა ხიბლავს, თუმცა, მათი უფრო რბილი და სოციალური ვერსია ურჩევნია. ჯიშის წარმომადგენლები ლოიალურები არიან და ზედმეტი აგრესიულობის გარეშე ავლენენ დამცველობით ინსტინქტს. ცნობისმოყვარე ბუნება და ინტელექტი მათ შესანიშნავ მოსწავლეებად აქცევს. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ეპილეფსია

    ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევას და გულყრას იწვევს. ეპილეფსიური ეპიზოდები ძირითადად რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება. 

    ეპილეფსიის მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა კომპანიონი ცხოველის მიერ გადატანილი დაავადება გახდეს. ვეტერინარის დროული ყურადღება და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა ეპილეფსიის მართვის საუკეთესო  გზაა. დროული სამედიცინო ჩარევა გულყრის შეტევებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

    ატოპიური დერმატიტი

    ატოპიური დერმატიტი კომპანიონ ცხოველებში გავრცელებული კანის დაავადებაა. ეს გახლავთ ალერგენების მიმართ ზედმეტად აქტიური იმუნური პასუხის გამო განვითარებული ანთებითი პროცესი, რომელიც სიწითლეს, ქავილსა და კანის ინფექციებს იწვევს. 

    ატოპიური დერმატიტის სიმპტომები ხშირად ჰგავს კანის სხვა დაავადებებით გამოწვეულ სიმპტომებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დიაგნოზი ვეტერინარმა დასვას. 

    პრობლემის მენეჯმენტი დერმატიტის გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირებას და მათ, შეძლებისდაგვარად, თავიდან აცილებას გულისხმობს. საუკეთესო შემთხვევაში, ატოპიური დერმატიტის მქონე კომპანიონ ცხოველს კანი ჰიპოალერგიული შამპუნით უნდა დაბანოთ და მათთვის დაბალანსებული დიეტა უნდა უზრუნველყოთ. 

    ნაღვლის ბუშტის მუკოცელე

    მუკოცელე ნაღვლის ბუშტში წარმოქმნილი ლორწოთი სავსე კისტაა. ჯანმრთელობის ეს პრობლემა მაშინ ვლინდება, როდესაც ნაღვლის ბუშტი არასათანადოდ იცლება და ამის გამო მასში ლორწოსთან ერთად სხვა სითხეებიც გროვდება. ამან შესაძლოა მუცლის ტკივილი, ღებინება და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. მძიმე შემთხვევებში, მუკოცელე ნაღვლის ბუშტის გახეთქვასაც იწვევს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. მკურნალობა, ჩვეულებისამებრ, მოიცავს ოპერაციას ნაღვლის ბუშტის მოსაშორებლად და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ცნობილია, რომ ბორდერ ტერიერებს შესანიშნავი მადა აქვთ და სიამოვნებით მიირთმევენ ნებისმიერ საკვებს, რომელსაც მათი თათები მისწვდება. ჭარბი წონის მატებისადმი ამგვარი მიდრეკილების გამო, ბორდერ ტერიერის კვება პორციების ზომის აქტიურ კონტროლს საჭიროებს. 

    როგორ უნდა გავიგოთ, აქვს თუ არა ჩვენს კომპანიონ ცხოველს ჭარბი წონა? ბორდერ ტერიერის წონის ვიზუალურად შეფასება საკმაოდ მარტივია – ჭარბწონიანობის ფიზიკური გამოვლინება მომატებული ცხიმოვანი მასა და რთულად შესამჩნევი ძვლოვანი სისტემაა (ნეკნები, ხერხემალი, კიდურები და სახის ძვლები).

    სიმსუქნე განსაკუთრებით საზიანო ხანდაზმული ძაღლებისთვის არის. ზრდასრულ ბორდერ ტერიერებთან შედარებით მათ ნაკლები კალორია და მეტი ცილა ესაჭიროებათ. წარბწონიან კომპანიონ ცხოველებს საკვების ათვისებისა და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ნორმალიზებისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ. შედეგად, ხანდაზმულ ბორდერ ტერიერებში დიაბეტის განვითარების რისკიც უფრო მაღალია.

    თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის წონის კონტროლი და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გსურთ, ძაღლის საუკეთესო საკვების მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული კვების სახელმძღვანელო მითითებების დაცვა გონივრული გადაწყვეტილებაა. 

    საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი ბორდერ ტერიერის საკვები ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების იდეალურ ბალანსს უნდა უზრუნველყოფდეს. ცნობილი ფაქტია, რომ ცილა, ადამიანების მსგავსად, ძაღლებშიც უწყობს ხელს შიმშილის ჰორმონის, გრელინის შემცირებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიონი ცხოველები მხოლოდ დიდი რაოდენობით ხარისხიანი ცილის მიღების შემდეგ იგრძნობენ თავს კმაყოფილად.

    ტერიერების უმრავლესობის მსგავსად, ბორდერ ტერიერიც მიდრეკილია სახსრების პრობლემებისადმი. სწორედ ამიტომ, ბორდერ ტერიერისთვის რეკომენდირებული ძაღლის საუკეთესო საკვები ისეთი აუცილებელი საკვები ნივთიერებებისგან უნდა შედგებოდეს, როგორიც ომეგა 3, D ვიტამინი, კალციუმი და კალიუმია.

    ბორდერ ტერიერის მსგავსი პატარა ძაღლები, საკვებს იმაზე უფრო სწრაფად ითვისებენ, ვიდრე დიდი ჯიშები და ამის გამო, მათი კუჭი სწრაფად ცარიელდება. ამ პროცესის დარეგულირებაში, თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს ისეთი ბოჭკოვანი საკვების მიღება დაეხმარება, როგორიც ხილი, ბოსტნეული და მარცვლეულია, (ყავისფერი ბრინჯი ან შვრია). თქვენი კომპანიონი ცხოველის ინდივიდუალური საჭიროებების სწორად გამოვლენისთვის და ამ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ნუტრიციოლოგს მიმართეთ. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ბორდერ კოლის მსგავსად, ბორდერ ტერიერის წარმოშობაც ინგლისსა და შოტლანდიას შორის მდებარე სასაზღვრო რეგიონს უკავშირდება. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები, მე-18 საუკუნეში, სწორედ აქ გამოიყვანეს. მავნე ცხოველებზე ნადირობის უნარით გამორჩეული ბორდერ ტერიერი ფერმერებისა და მწყემსებისთვის ფასდაუდებელ თანამგზავრად იქცა. 

    მელიებზე სანადიროდ ფერმერებსა და მწყემსებს ესაჭირდებოდათ საშუალო სიმაღლის ტერიერი, რომელიც ენერგიულად გაჰყვებოდა ცხენს, მაგრამ საკმარისად პატარა იქნებოდა იმისთვის, რომ სორომდე ჩაჰყოლოდა მელას. ამ კომპანიონ ცხოველებს ამინდისადმი მდგრადი ბეწვის საფარი უნდა ჰქონოდათ და ფიზიკურად ძლიერები უნდა ყოფილიყვნენ, რომ მძიმე ნისლი და კოკისპირული წვიმები აეტანათ. 

    ამ უნიკალური მახასიათებლების მისაღებად და რთულ ლანდშაფტთან ადაპტაციისთვის, ბორდერ ტერიერი, სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილობრივი ტერიერის ჯიშის, მათ შორის დენდი დინმონტ ტერიერის, ბედლინგტონ ტერიერისა და შესაძლოა ახლა უკვე გადაშენებული ნორთამბერლენდის ტერიერის, შეწყვილების შედეგად განავითარეს. 

    ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს, თავდაპირველად, რიდვატერ ტერიერის და კოკეტდეილ ტერიერის სახელით მოიხსენიებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, საზღვრისპირა რეგიონის მიღმა გავრცელებული ცნობადობის გამო, მათ ახალი სახელი “ბორდერ ტერიერი” ეწოდათ.