კატის ჯიშები

ამერიკული ბობტეილი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ამერიკული ბობტეილი

ველურ კატასთან მსგავსების მიუხედავად, ამერიკული ბობტეილი სოციალური უნარებით გამორჩეული ჯიშია. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები იდეალური კომპანიონები არიან არამხოლოდ ოჯახებისთვის, არამედ, მარტო მცხოვრები ადამიანებისთვისაც. მეგობრული ტემპერამენტის გამო, ამერიკული ბობტეილები თერაპიული კატების როლსაც ხშირად ასრულებენ.

ვიზუალური მახასიათებლებისა და პიროვნული თვისებების გარდა, ეს კომპანიონი ცხოველები ძლიერი ჯანმრთელობითა და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობითაც გამოირჩევიან. ეს ფაქტი მათ გვერდით ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად ამაღელვებელს ხდის.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • ცნობისმოყვარეობა
  • გონიერება
  • აქტიურობა
  • დამცველობითი ინსტიქტი
  • კომუნიკაბელურობა
  • ლოიალურობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ამერიკული ბობტეილის სიმაღლე 23-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 43-48 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ამერიკული ბობტეილი 3.2 კილოგრამიდან 8.2 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ამერიკული ბობტეილის სიცოცხლის ხანგრძლივობა 13-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ამერიკულ ბობტეილს, ჩვეულებისამებრ, მოკლე ან საშუალო სიგრძის ბეწვი ამშვენებს. ეგზოტიკური გარეგნობის მიუხედავად, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვზე ზრუნვა შედარებით მარტივი პროცესია. ბეწვის სიჯანსაღისა და ბზინვარების შესანარჩუნებლად, ბობტეილის ბეწვის რბილი სავარცხლით დავარცხნა მეტი ინტენსივობით გაზაფხულზე და შემოდგომაზეა რეკომენდირებული.

  • ჯიშის ხასიათი

    ამერიკული ბობტეილი მაღალი ინტელექტითა და განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით გამორჩეული ჯიშია. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სხვა ეგზოტიკური იერის მქონე კატებისგან მეგობრული და მოსიყვარულე ბუნებით განსხვავდებიან.

    ამერიკული ბობტეილი ოჯახის ერთგული თანამგზავრია. ის არამხოლოდ ბავშვების, არამედ სხვა კომპანიონი ცხოველების გვერდითაც ჰარმონიულად თანაცხოვრობს. ჯიშის წარმომადგენლები ხშირად გამოვლენილი თავდაჯერებულობისა და ნაზი ტემპერამენტით იპყრობენ კატების მოყვარულთა გულებს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    პოლიკისტოზი

    პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სითხით სავსე ცისტების ფორმირებას და თირკმელების ფუნქციის მოშლას იწვევს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის პოლიკისტოზის გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება და გამრავლების პროცესისთვის მათი შეუსაბამოდ გამოცხადებაა საჭირო.

    თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა სპეციალიზებული დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა რეკომენდირებული. სისხლის ანალიზები, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელსაც პარკუჭების კედლების გასქელება ახასიათებს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულ კომპანიონ ცხოველებს გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი და არითმია აღენიშნებათ. დაავადების სამკურნალოდ ხშირად გულის შეკუმშვის ძალის შესამცირებელ მედიკამენტებს იყენებენ. თანდაყოლილი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მსგავსად, დაავადების მოგვიანებით გამოვლენილი შემთხვევების უმეტესი ნაწილიც გენეტიკური დეფექტით არის გამოწვეული.

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შესაძლოა ახალშობილობის ან ზრდასრულობის პერიოდში გამოვლინდეს. დაავადების ეფექტურად მართვას ვეტერინართან აქტიური კომუნიკაციის, სათანადო ვარჯიშისა და ჭარბწონიანობის თავიდან აცილებით შეძლებთ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ამერიკული ბობტეილის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მისი სპეციფიკური დიეტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მაღალი ხარისხის საკვები შევთავაზოთ. 

    შეარჩიეთ შეფუთვა, რომელიც ძირითადი ინგრედიენტის სახით მაღალი ხარისხის ცილას ასახელებს. აგრეთვე, დარწმუნდით, რომ საკვები კატის გულის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, როგორიც ამინომჟავა ტაურინია.

    პორციის ზომის განსაზღვრისას ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეთ, როგორიც კატის ასაკი, წონა და აქტივობის დონეა. ვინაიდან, კნუტებისგან განსხვავებით, ზრდასრულ და სტერილურ კატებს განსხვავებული კვებითი მოთხოვნები აქვთ, მათთვის სპეციალურად შექმნილი საკვების შეძენა გვმართებს. სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად, ჭარბი ულუფებით კვებას მოერიდეთ, რადგან, შესაძლოა ამან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის სახსრების პრობლემები და დიაბეტი გამოიწვიოს. 

    მაღალი ხარისხის კომერციული საკვების გარდა, შეგიძლიათ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს მცირე რაოდენობით ახალი ხილითა და ბოსტნეულითაც გაუმასპინძლდეთ. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, გირჩევთ, კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული ხილი ან ბოსტნეული თქვენი ამერიკული ბობტეილისთვის საფრთხის შემცველი არ არის. 

    ამერიკული ბობტეილისთვის უსაფრთხო საკვებად მცირე რაოდენობით მოხარშული ბოსტნეული (სტაფილო, მწვანე ლობიო და ბარდა) და ხილის პატარა ნაჭრები (ვაშლი, ბანანი და მოცვი) მოიაზრება. თქვენი კატის რაციონში ახალი საკვების შეტანისას, თვალყური ადევნეთ ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიც კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან ალერგიული რეაქციებია.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ამერიკული ბობტეილის წარმოშობასთან დაკავშირებული, ყველაზე სარწმუნო თეორიის თანახმად, არიზონაში მდებარე ერთ-ერთ ნაკრძალში მანქანით მიმავალმა ჯონ და ბრენდა სანდერსებმა, გზად, სრულიად შემთხვევით, მოკლე კუდის მქონე ყავისფერი კნუტი აღმოაჩინეს. ახალგაზრდა წყვილმა კნუტს იოდა დარქვა და მისი სახლში, აიოვაში, წაყვანა გადაწყვიტა.

    სიმწიფის ასაკში, იოდა ჯონ და ბრენდა სანდერსების მდედრ კატასთან შეწყვილდა. შეწყვილების შედეგად დაბადებულმა კნუტებმა იოდასთვის დამახასიათებელი უჩვეულოდ მოკლე კუდი მიიღეს მემკვიდრეობით და მალევე მიიპყრეს ოჯახის მეგობრების, მინდი შულცისა და შარლოტა ბენტლის ყურადღება. ამ ადამიანებმა სწორად აღიქვეს მოცემულობა და მიხვდნენ, რომ სრულიად ახალ ჯიშთან ჰქონდათ საქმე.

    ჯიშს ამერიკული ბობტეილი ეწოდა და ოფიციალურად 1960-იანი წლების ბოლოს იქნა აღიარებული. დღეს ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს კატების მოყვარულები მთელ მსოფლიოში გამორჩეული გარეგნობისა და მოსიყვარულე პიროვნების გამო აფასებენ.