ძაღლის ჯიშები

ბიგლი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ბიგლი

ბიგლს მეგობრული გამომეტყველებით და გრძელი, ჩამოშლილი ყურებით იოლად იცნობთ. მეგობრული ტემპერამენტი და კომუნიკაბელური ბუნება ბიგლებს შესანიშნავ კომპანიონ ცხოველებად აქცევს. ბავშვებისადმი კეთილგანწყობა და სხვა ცხოველებთან თავსებადობა ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ადაპტირებად და მშვიდ ხასიათს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

ის, რაც ამ უნიკალურ სახეობას ნამდვილად გამოარჩევს, არაჩვეულებრივი ყნოსვაა, რომელიც ისტორიულად ბიგლებს ნადირობისთვის სჭირდებოდათ. ამ თანდაყოლილმა უნარმა, შეუპოვარ მონდომებასთან ერთად, ბიგლები ფასდაუდებელი გახადა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • კომპაქტური აღნაგობა
  • განსაკუთრებული ყნოსვითი შეგრძნებები
  • მეგობრული და კომუნიკაბელური ბუნება
  • ინტელექტუალური შესაძლებლობები
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • გარე აქტივობებისადმი სიყვარული
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი ბიგლი სიმაღლეში 33-38, მამრი ბიგლი კი 36-41 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, თუ მდედრი ბიგლის სიგრძე 51-61 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს, მამრი ბიგლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 56-64 სანტიმეტრს აღწევს.

    წონა

    ბიგლის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ბიგლი 10-11 კილოგრამამდე იწონის. მდედრი ბიგლის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 9-10 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბიგლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 69-83 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ბიგლებს, როგორც წესი, გლუვი ტექსტურის მქონე მოკლე, მკვრივი და ამინდისადმი მდგრადი ბეწვის საფარი აქვთ. რბილი ქვედა ფენისა და შედარებით უხეში გარე ფენის ორფენიანი კომბინაცია ბიგლის სხეულის სითბოს იზოლაციას სხვადასხვა ამინდის პირობებში შესანიშნავად უზრუნველყოფს. სისუფთავის შესანარუნებლად და ცვენის შესამცირებლად, ბიგლის ბეწვის საფარი რეგულარულ დავარცხნას საჭიროებს.

  • ჯიშის ხასიათი

    ბიგლი მიმზიდველი ხასიათის მქონე ჯიშია. მეგობრული ქცევა, უსაზღვრო ენერგია, ინტელექტი, ცნობისმოყვარეობა და ერთგულება თვისებების ის სასიამოვნო კომბინაციაა, რომელიც ბიგლს ძაღლების მოყვარულებისთვის ფავორიტ სახეობად აქცევს.

    ბიგლის ხასიათის განმსაზღვრელი ერთ-ერთი თვისება მისი მეგობრული ბუნებაა. ცნობილია, რომ ეს კომპანიონი ცხოველები კომუნიკაბელურები არიან, კარგად ეწყობიან ბავშვებს და სხვა შინაურ ცხოველებისა და უცხო ადამიანების მიმართაც ავლენენ კეთილგანწყობას. ამ თვისებების გამო ბიგლი ოჯახებს სიხარულითა და სითბოთი ავსებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიგლებს მხიარულება და სიცელქე ახასიათებთ, ისინი სწრაფად ითვისებენ ახალ უნარებს და სათანადო წვრთაზეც გონივრულად რეაგირებენ.

    ბიგლები განთქმულნი არიან ცნობისმოყვარეობითაც. ისინი სიამოვნებით იკვლევენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს და გარშემომყოფ ადამიანებთან ერთად სხვადასხვა სურნელთან დაკავშირებულ შეგრძნებებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

    ერთგულება ბიგლის ხასიათის კიდევ ერთი ფუნდამენტური თვისებაა. აღნიშნული თვისება ოჯახურ აქტივობებში მონაწილეობის სურვილთან ერთად, ადამიანებთან სიახლოვისადმი მიდრეკილებაშიც გამოიხატება. ბიგლების ვოკალიზაციაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ორიოდე სიტყვით ვახსენოთ, რომ ეს მათი კომუნიკაციის ინდივიდუალური ფორმაა, რომელიც ჯიშს მეტ სახასიათო სიხალისესა და მიმზიდველობას მატებს.

    როგორც ხედავთ, ბიგლის ხასიათი კეთილგანწყობის, ინტელექტის, ცნობისმოყვარეობისა და ერთგულების სასიამოვნო ნაზავია, რომელიც სახეობის მუდმივ პოპულარობას განაპირობებს და ბიგლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ოჯახის მნიშვნელოვან წევრებად აქცევს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზიის დროს ბარძაყის სახსარი არასწორად ვითარდება, რაც ართრიტს და მოძრაობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა, ჩვეულებისამებრ, გენეტიკურია, სწრაფმა ზრდამ და ჭარბმა წონამ, შესაძლოა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესოს.

    პრევენციული ღონისძიებები ძვლის ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით მდიდარ კვებას, კონტროლირებად პორციებს, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, რეგულარულ ვარჯიშსა და ზედმეტი აქტივობებისგან თავის შეკავებას გულისხმობს. A, C და E ვიტამინები სელენთან ერთად ხელს შეუშლიან ანთებით პროცესს და სახსრების ქსოვილსაც სათანადოდ დაიცავენ.

    ჰიპოთირეოზი

    ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაა. ჰიპოთირეოზის მქონე კომპანიონ ცხოველებში ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო  რაოდენობის თირეოიდულ ჰორმონებს ვერ გამოიმუშავებს. თირეოიდული ჰორმონების შემცირებული რაოდენობა კი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს და შედეგად ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიც კანის სიმშრალე, დაღლობა და უენერგიობაა.

    ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის იოდით მდიდარი დაბალანსებული დიეტაა საჭირო. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტირება ამ მდგომარეობის დროულ იდენტიფიცირებასა და მართვაში დაგეხმარებათ.

    ეპილეფსია

    ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევას და გულყრას იწვევს. ეპილეფსიური ეპიზოდები ძირითადად რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება.

    ეპილეფსიის პრევენციული ღონისძიებები თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნებას და სტრესის მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ვეტერინარის დროული ყურადღება და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დაწყება ამ დაავადების მართვის საუკეთესო  გზაა.

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტისა და ტკივილის თავიდან ასაცილებლად სახსრების ირგვლივ არსებული კუნთების რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.

    უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებული რაოდენობით მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებასა და მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება. კალციუმი და ფოსფორი ძვლების ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებებია, რომლებიც ირიბად უწყობენ ხელს სახსრების ჯანმრთელობას.

    თვალის პრობლემები

    ბიგლები თვალის სხვადასხვა პრობლემისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. მაგალითად, ბადურის პროგრესირებადმა ატროფიამ და თვალის შიგნით წნევის მომატებამ შესაძლოა ტკივილი და უკიდურეს შემთხვევაში მხედველობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს.

    კომპეტენტური მშობლების სათანადო ზრუნვა, დაბალანსებული კვება და ვეტერინარის მიერ თვალის რეგულარული შემოწმება ამ პრობლემების მონიტორინგსა და ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ.

    თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანსაღი მხედველობის შესანარჩუნებლად, რეკომენდირებული A ვიტამინით მდიდარი ისეთი საკვების მიწოდებაა, როგორიც ღვიძლი, კვერცხი და ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეულია. კიდევ ერთი საკვები დანამატი, რომელიც ბადურის ჯანმრთელობას და თვალის გარკვეული დარღვევების თავიდან აცილებას  უწყობს ხელს თევზის ზეთსა და სელის თესლში შემავალი ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავებია.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ამ ენერგიული კომპანიონი ცხოველების სპეციფიკური კვებითი მოთხოვნილებების სათანადოდ დაკმაყოფილების შემთხვევაში მათ ოპტიმალურ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ ცხოვრებას შეუწყობთ ხელს.

    ბიგლებს პროტეინებით მდიდარი საკვები ესაჭიროებათ. ეს მათ კუნთების განვითარებასთან ერთად, ენერგიის დონის მატებაშიც დაეხმარებათ. მაღალი ხარისხის ცხოველური წარმოშობის ცილები, თევზი და კვერცხი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობის გარანტად იქვევა. ცილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ბიგლებისთვის არის, რომლებიც აქტიური ადამიანების გვერდით ცხოვრობენ და თავადაც დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავენ.

    ჯიშისთვის დამახასიათებელი ზომიერი მეტაბოლიზმისა და ენერგეტიკული მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, თქვენი კომპანიონი ცხოველის კვების რაციონი ჯანსაღი ცხიმების დაბალანსებულ რაოდენობას შეიცავდეს. თევზში და სელის თესლში შემავალი ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები თქვენი ოთხფეხა მეგობრის კოგნიტურ ფუნქციასთან ერთად მისი კანისა და ბეწვის ჯანმრთელობასაც სათანადოდ უზრუნველყოფენ.

    თუმცა, გახსოვდეთ, რომ პორციის კონტროლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი შესაძლოა წონის მატებისკენ იყოს მიდრეკილი. ასეთ შემთხვევაში, ცხიმის გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა სიმსუქნესთან ერთად დიაბეტი და სახსრების დაავადებები გამოიწვიოს.

    როგორც კომპეტენტურმა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეთ ისიც, რომ კარგად დაბალანსებული საკვები აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს უნდა შეიცავდეს. მაგალითად, კალციუმი და ფოსფორი ძვლების სიმტკიცეს უზრუნველყოფს, ვიტამინი A კი თვალის ჯანმრთელობას უწყობს ხელს. ვეტერინართან კონსულტაცია ამ საკვები ნივთიერებების ოდენობის ბიგლის ასაკის, ზომისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

    თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის საკვების გაზიარება გაბედნიერებთ, შეიძლიათ თქვენს ბიგლს ქათამის, ინდაურისა და საქონლის უცხიმო ხორცით გაუმასპინძლდეთ. გონივრული იქნება მათთვის ისეთი ხილისა და ბოსტნეულის შეთავაზებაც, როგორიც სტაფილო, მწვანე ლობიო, ვაშლი ან მოცვია.

    თუმცა, როგორც კომპეტენტურმა მშობელმა, აუცილებლად უნდა იცოდეთ იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც თქვენს ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. შოკოლადი, კოფეინი და ალკოჰოლი განსაკუთრებით ტოქსიკურია და შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ხახვისა და ნიორის შეთავაზებაც არ არის ბიგლისთვის მიზანშეწონილი. ადამიანისთვის სასარგებლო ამ პროდუქტებმა შესაძლოა კომპანიონი ცხოველების სისხლის წითელი უჯრედები დააზიანონ.

    ყურძენსა და ქიშმიშს რაც შეეხება, მათი დიდი რაოდენობით მიღება ხშირად თირკმლის უკმარისობაში გამოიხატება. თავიდან უნდა იქნას აგრეთვე აცილებული ავოკადო. პერსინის მაღალი კონცენტრაციის გამო ამ მცენარემ შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები ან პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრის შევიწროება) გამოიწვიოს. ვეტერინართან  კონსულტაცია დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ საკვები რაციონი უსაფრთხო, დაბალანსებული და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულია.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ინგლისური ბულდოგისა და ჯეკ რასელ ტერიერის მსგავსად, ბიგლის ჯიშის ისტორიაც შუა საუკუნეების ინგლისში იღებს სათავეს. ბიგლის მსგავსი მახასიათებლების მქონე კომპანიონ ცხოველებს ჯერ კიდევ რომაელების მიერ ოკუპირებულ ბრიტანეთში იყენებდნენ ნადირობისთვის.

    მე-11 საუკუნეში ნორმანთა მიერ ბრიტანეთის დაპყრობამ, ქვეყანაში კომპანიონი ცხოველების ახალი სახეობების გაჩენა და ბიგლის ჯიშის განვითარება გამოიწვია. ეს პროცესი ელიზაბეტ I-ისა და ჯეიმს I-ის მეფობის დროსაც გაგრძელდა. ეს მონარქები კურდღლის მსგავს პატარა ცხოველებზე ნადირობისთვის შესაფერისი კომპანიონი ცხოველების მოშენებას უწყობდნენ ხელს. სწორედ ამ პროცესის შედეგად გაჩნდა ჯიში, რომელიც ყნოსვის, სისწრაფისა და გამძლეობის გასაოცარი კომბინაციით გამოირჩეოდა. 1500-იანი წლებისთვის ინგლისელი ჯენტლმენების უმრავლესობას უკვე ჰყავდა ბიგლის სახელით ცნობილი პატარა კომპანიონი.

    მე-19 საუკუნეში, ბიგლის ჯიშის დახვეწაში განსაკუთრებული წვლილი ესექსის მეუფე ფილიპ ჰანივუდმა შეიტანა. მან ყურადღება ნადირობისთვის საჭირო ისეთი თვისებების დახვეწაზე გაამახვილა, როგორიც გამძლეობა, ყნოსვა და კომპაქტური ზომაა. მოგვიანებით, ამერიკელმა სელექციონერებმა ბიგლის ფიზიკური და პიროვნული მახასიათებლები კიდევ უფრო მეტად დახვეწეს. ბიგლების იმპორტი ამერიკაში სამოქალაქო ომის შემდგომ წლებში დაიწყო და სახეობამ მყისიერად მოიპოვა პოპულარობა ნადირობის მოყვარულ ამერიკელებს შორის.

    მიუხედავად იმისა, რომ ბიგლი, თავდაპირველად, ნადირობისთვის შექმნეს, ჯიშისთვის დამახასიათებელმა მეგობრულმა ტემპერამენტმა და მოსიყვარულე ბუნებამ მისი სოციალური ინტეგრაცია და ოჯახის მნიშვნელოვან წევრად ქცევა განაპირობა. დღეს ბიგლი არა მხოლოდ გამოცდილი მონადირე ძაღლი, არამედ ყველასთვის საყვარელი კომპანიონია, რომელიც თავისი წარსულით ევოლუციის მდიდარ ისტორიას განასახიერებს.