ძაღლის ჯიშები

როტვეილერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარები

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

როტვეილერი

როტვეილერი გახლავთ ჯიში, რომელიც თვისებების შეუდარებელი კომბინაციით ხასიათდება. დახვეწილი, კუნთოვანი აღნაგობა და ათლეტიზმი ამ სახეობას აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის შესაფერის კომპანიონ ცხოველად აქცევს. როტვეილერის უნიკალურობა მის დამცველობით ინსტინქტზეც ვრცელდება. პასუხისმგებლობისა და სიფხიზლის თანდაყოლილი გრძნობა ამ სახეობას საყვარელი ადამიანების ერთგულ მფარველად აქცევს. ოჯახის წევრებისადმი გამოვლენილი გულწრფელი სიყვარულის გამო როტვეილერი ნებისმიერი ოჯახისთვის სანუკვარი შენაძენია.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • თანდაყოლილი დამცველობითი ინსტინქტი
  • მხიარული და მოსიყვარულე ბუნება
  • კეთილგანწყობა, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა
  • ურყევი ერთგულება
  • გამბედაობა
  • მაღალი ინტელექტი
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი და მამრი როტვეილერის ფიზიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. მამრი როტვეილერი სიმაღლეში 65-66, მდედრი როტვეილერი კი 60-61 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, თუ მდედრი როტვეილერის სიგრძე 98 სანტიმეტრს უტოლდება, მამრი როტვეილერის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 107 სანტიმეტრს აღწევს.

    წონა

    როტვეილერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკური მოცემულობის, საკვები რაციონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი როტვეილერი 55 კილოგრამს იწონის. მდედრი როტვეილერის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 42 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    როტვეილერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 8-დან 10 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 55-66 წელს უტოლდება. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად, ჰარმონიულ საარსებო გარემოზე და მის მიმართ გამოვლენილ სიყვარულზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ალბათ უკვე შენიშნავდით, რომ როტვეილერები მოკლე ბეწვის საფარით ხასიათდებიან. ჩვეულებისამებრ, მათი ბეწვი შავია, თუმცა, თვალებზე, ლოყებზე, მკერდზე და ფეხებზე მკაფიოდ გამოხატულ ოქროსფერ ნიშნებსაც იოლად შეამჩნევთ. შავისა და ოქროსფერის ეს უნიკალური კონტრასტი ჯიშისთვის დამახასიათებელ მიმზიდველ იერს კიდევ უფრო მკაფიოს ხდის.

    როტვეილერის ბეწვის მოვლა მისი სიგრძის გამო შედარებით მარტივია. ბეწვის რეგულარული დავარცხნა მისი სიჯანსაღის შენარჩუნებაში და ცვენის ინტენსივობის შემცირებაში დაგეხმარებათ, თუმცა, ბეწვის დაბანასთან დაკავშირებული ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა როტვეილერის ასაკის, ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის შესაბამისად განსხვავდებოდეს. გაითვალისწინეთ, რომ ხშირმა დაბანამ შესაძლოა ბეწვის საფარის ბუნებრივი ზეთებისგან გამოშრობა და კანის ზედაპირის დაზიანება გამოიწვიოს.

  • ჯიშის ხასიათი

    მიუხედავად იმისა, რომ მათი შთამბეჭდავი აღნაგობა სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ხშირად აგრესიულ კომპანიონ ცხოველებად აღიქმებიან, სინამდვილეში, როტვეილერები ოჯახის წევრების მიმართ ნაზ და მოსიყვარულე დამოკიდებულებას ავლენენ. მათი პიროვნება სიძლიერის, ლოიალობისა და ინტელექტის ჰარმონიული ნაზავია.

    თანდაყოლილ თავდაჯერებულობისა და მაღალი ინტელექტის წყალობით, როტვეილერები ყოველ ნაბიჯზე ავლენენ პრობლემების გადაჭრის შთამბეჭდავ უნარს. სათანადო სოციალიზაციისა და ვარჯიშის პირობებში, ისინი ხშირად ჰარმონიულად თანაარსებობენ როგორც ბავშვებთან, აგრეთვე, სხვა შინაურ ცხოველებთან.

    კომპანიონ ადამიანებთან ღრმა ემოციური კავშირის დამყარების უნარი, მაღალი ინტელექტი და თანდაყოლილი დამცველობით ინსტიქტები როტვეილერს შესანიშნავ თანამგზავრად აქცევს მათთვის, ვინც ლოიალურ, ჭკვიან და მამაც კომპანიონს ეძებს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ალერგია

    ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრებს გარკვეული საკვები პროდუქტების ან გარემო ფაქტორების მიმართ ალერგიული ფონი უვითარდებათ. ალერგიით გამოწვეული სიმპტომები ხშირად საჭლის მომნელებელ სისტემასთან ერთად კანის პრობლემებშიც გამოიხატება. საბედნიეროდ, სიმპტომები თავდაპირველად მსუბუქი ფორმით ვლინდება. ამიტომ, გირჩევთ, ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს ერთგულ მეგობარს და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგეგმეთ ვიზიტი ვეტერინართან. ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ვეტერინარები, ჩვეულებისამებრ, სისხლის ანალიზს ან კანის დიაგნოსტიკას მიმართავენ.

    აორტის სტენოზი

    როტვეილერებისთვის დამახასიათებელი ეს დეფექტი გულს აიძულებს ორგანიზმის სისხლით მოსამარაგებლად უფრო მეტი დატვირთვით იმუშაოს. აორტის სტენოზის უყურადღებოდ დაყოვებამ შესაძლოა გულისცემის გახშირება და უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ჩვეულებისამებრ, ვეტერინარი დიაგნოზს კომპანიონ ცხოველზე სათანადო დაკვირვების საფუძველზე, გულის კარდიოლოგიური გამოკვლევის შემდეგ სვამს.

    ბარძაყისა და იდაყვის დისპლაზია

    თქვენი როტვეილერი შესაძლოა ბარძაყის დისპლაზიის სახელით ცნობილი გენეტიკური დაავადებისადმი იყოს მიდრეკილი. ეს სამედიცინო მდგომარეობა ისეთი სიმპტომებით ხასიათდება, როგორიც კოჭლობა და ფიზიკური აქტივობის დონის შემცირებაა. ბარძაყის დისპლაზიისგან განსხვავებით, იდაყვის დისპლაზია განვითარების ადრეულ ეტაპზე იდაყვის არასწორად განვითარებას უკავშირდება.

    თუ შეამჩნევთ, რომ თქვენთვის ძვირფას კომპანიონ ცხოველს კიდურის შესიება ან გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი აწუხებს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. სპეციალისტი ინფორმირებული რჩევების მიღების გზით დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ ფიზიოთერაპიითა და მედიკამენტური მკურნალობით სჯობს პრობლემის მოგვარება, თუ ქირურგიული ჩარევით.

    ოსტეოსარკომა

    ოსტეოსარკომა ძვლის კიბოს აგრესიული ფორმაა. ამ დაავადების მაიდენტიფიცირებელი პირველი ნიშანი კოჭლობა, ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელობან წევრს ყოველგარი წინაპირობის გარეშე, უეცრად დაეწყო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ ვერაგი დაავადების გამოსარიცხად დაუყოვნებლივ მიმართ ვეტერინარს. ოსტეოსარკომას, როგორც წესი, კიდურის ამპუტაციით და ქიმიოთერაპიით მკურნალობენ. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენი ძვირფასი მეგობრები იოლად ეგუებიან სამ ფეხზე ცხოვრებას და ადამიანების მსგავსად არ განიცდიან ქიმიოთერაპიის ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორიც გულისრევა და თმის ცვენაა.

    შებერილობა

    შებერილობა კომპანიონი ცხოველის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელმაც, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობაზე. შებერილობის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი დიდი ულუფებით კვება, სწრაფად ჭამა და დიდი ოდენობით წყლის მიღებაა.

    შებერილობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია თქვენი ერთგული კომპანიონის ყოველდღიური რაციონი მინიმუმ ორ კვებაზე გაანაწილოთ. გირჩევთ, აგრეთვე, ყურადღება მიაქციოთ, რომ ჭამის შემდეგ თქვენმა მეგობარმა დიდი რაოდენობით წყალი არ მიიღოს. საჭმლის სწრაფად ყლაპვისა და შებერილობის თავიდან ასაცილებლად, კომპეტენტური მშობლები ხშირად უპირატესობას ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს ანიჭებენ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ.

    ჰიპოთირეოზი

    ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემაა. ჰიპოთირეოზთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ხშირად უნაყოფობასა და სიმსუქნესთან ერთად, ფიზიკური ენერგიის დეფიციტსაც მოიცავს. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენის როტვეილერის კანი გამუქდა, ბეწვი გაუხეშდა და მისი ცვენის ინტენსივობამაც საგრძნობლად იმატა, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. პრობლემის დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში,  ჰორმონალური აბების ყოველდღიურად მიღებით თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    კუნთების მასის, ენერგიის დონისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, როტვეილერის დიეტა მაღალი ხარისხის პროტეინთან ერთად, სასურველია A, D და E ვიტამინებსაც აერთიანებდეს. ეს ვიტამინები თქვენი კომპანიონი ცხოველის სიცოცხლისუნარიანობის  გაუმჯობესებასთან ერთად, მის იმუნურ სისტემასაც სათანადოდ გააძლიერებენ.

    შეძლებისდაგვარად აკონტროლეთ თქვენი კომპანიონი როტვეილერის წონა. ორგანიზმში დაგროვილმა ჭარბმა ცხიმმა შესაძლოა ჯიშისთვის დამახასიათებელი სახსრების პრობლემები უფრო მეტად გააუარესოს. ჩვეულებისამებრ, საკვების რაოდენობა, რომელსაც თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს სთავაზობთ, მისი წონის, ასაკის, ენერგიის დონისა და რეპროდუქციული სტატუსის მიხედვით, ნუტრიციოლოგის მიერ უნდა განისაზღვროს.

    მაღალი ნუტრიციოლოგიური ღირებულების მქონე, დაბალანსებული საკვების მიღებასთან ერთად, ერთგული მეგობრის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, სასურველია მისი ორგანიზმი ვიტამინებითა და მინერალებით გაამდიდროთ. მაგალითად, ომეგა 3-ის შემცველი თევზის ცხიმი თქვენს კომპანიონ ცხოველს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს ააცილებს თავიდან.

    გაითვალისწინეთ, არსებობს გარკვეული საკვები პროდუქტები, რომელთა მიღება როტვეილერებისთვის მიზანშეწონილი არ არის.  თქვენი კომპანიონი ცხოველისთვის საფრთხისშემცველი შეიძლება აღმოჩნდეს შოკოლადი, კოფეინი, ალკოჰოლი, ყურძენი, ქიშმიში, ხახვი, ნიორი, ავოკადო და თხილი. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, თავიდან აირიდოთ ძვლებით კვება. ამან შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება და ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს.

    როტვეილერებისთვის დამახასიათებელი შებერილობის თავიდან ასაცილებლად თქვენი ძვირფასი მეგობრის რაციონი დღეში მინიმუმ 2-3 კვებაზე დაიყვანეთ. თუმცა, ვინაიდან, ყოველი კომპანიონი ცხოველი უნიკალურია და შესაძლოა მათ კვებასთან დაკავშირებული განსხვავებული პრეფერენციები ჰქონდეთ, სასურველია მათი რაციონის შედგენამდე კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    როტვეილერის ჯიშის ისტორია რომის ძლევამოსილ იმპერიას უკავშირდება. ლაშქრობის დროს, პირუტყვის სამწყემსად და დასაცავად, რომაულ ლეგიონებს მტკიცე ნებისყოფისა და შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემების მქონე ძაღლები ახლდნენ თან. ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს, რომაული წარმომავლობის ამ კომპანიონმა ცხოველებმა სამხრეთ გერმანიის ქალაქ როტვეილში მცხოვრები ადამიანების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს. რომაული ძაღლების ადგილობრივ ძაღლებთან შეჯვარების შედეგად როტვეილერის სახელით ცნობილი ახალი ჯიში წარმოიქმნა.

    პირუტყვის დაცვისა და მწყემსვის პარალელურად, როტვეილერები საკარმიდამო ნაკვეთებს იცავდნენ და კომპანიონი ადამიანების ფულს კისერზე მიბმული ქამრებით დაატარებდნენ. ერთი შეხედვით ამ უმნიშვნელო მისიას ქურდობის პრევენციისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

    ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებასთან ერთად როტვეილერის ფუნქციური როლი მნიშვნელოვნად დაკნინდა. ჯიშმა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ შეძლო საზოგადოებრივი მნიშვნელობის აღდგენა და, ამჯერად, გერმანიის არმიის სამსახურში გამოიჩინა თავი.