კნუტის სახლში მოყვანა ამაღელვებელი შეგრძნებების საოცარი კომბინაციაა, რომელსაც თან ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება ახლავს. ეს არის გადაწყვეტილება რომელიც არა მხოლოდ თქვენს, არამედ კნუტის ცხოვრებასაც მნიშველოვნად ცვლის. როგორ ფიქრობთ, მზად ხართ ამისთვის? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად და უცხო გარემოში ოჯახის ახალი წევრის ჰარმონიული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტაციის პირველი დღე
საიდანაც არ უნდა მოიყვანოთ კნუტი, იქნება ეს თავშესაფარი, ეზო თუ ჯიშის გამამრავლებელი, ახალ გარემოსთან ადაპტაციის პირველი 24 საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის. სწორედ ამ მომენტში შთანთქავს კნუტი სენსორული ინფორმაციის მთელ სპექტრს.
პირად სივრცეს კატებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, მგზავრობასთან დაკავშირებული სტრესის შესამცირებლად, გირჩევთ, კნუტი სპეციალური სამგზავრო ჩანთით მიიყვანოთ სახლში. კატა ბუნებით ფრთხილი არსებაა, ამიტომ კნუტებს უცხო საგნებისა და ხმების აღქა ხშირად აფრთხობთ და თქვენგან მოშორებით, მათთვის უსაფრთხო ადგილას დამალვას აიძულებს. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია კნუტს საშუალება მისცეთ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეგეჩვიოთ და აღიქვას, რომ თქვენ მისთვის საფრთეს არ წარმოადგენთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თავდაპირველად, სასურველია, კნუტს ოჯახის მხოლოდ ერთ წევრთან ჰქონდეს შეხება.
ადაპტაციის პროცესის გასამარტივებლად, კნუტი სპეციალურად მისთვის განკუთვნილ სივრცეში მოათავსეთ. კნუტმა თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი და ახალი ტერიტორიების შესწავლა დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს. ცოტა ხნის შემდეგ კნუტთან ახლოს, მშვიდად დაჯექით იატაკზე, მაგრამ თუ შენიშნავთ, რომ კნუტი უარს ამბობს თქვენთან მოახლოვებაზე, ნუ დააძალებთ ამას და მცდელობა მოგვიანებით გაიმეორეთ.
კნუტისთვის საჭირო პირადი ნივთები
მშვიდი ძილისთვის საჭირო მყუდრო საწოლსა და მრავალფეროვან სათამაშოებთან ერთად, კნუტებს, დამატებით, სხვა პირადი ნივთებიც ესაჭიროებათ (მათ შეძენას ნებისმიერ Zoo მაღაზიაში შეძლებთ). კნუტების აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად, კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნასაც ისახავს მიზნად.
უცხო გარემოში ოჯახის ახალი წევრის ჰარმონიული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, წარმოგიდგენთ პირადი ნივთების იმ ჩამონათვალს, რომელიც კნუტის კეთილდღეობასა და ბედნიერებას უზრუნველყოფს.
1. კარგი ხარისხის საკვები
პრემიუმ საკვები თქვენი კნუტის ჯანმრთელობის, კბილების სისუფთავისა და მბზინავი ბეწვის გარანტია. თუ სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი, მაღალი ხარისხის კატის მშრალი საკვები იმუნურ ფუნქციას აძლიერებს, კატის სველი საკვები ეფექტურად უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰიდრატაციას. საუკეთესო შემთხვევაში, კატის დაბალანსებული საკვები ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სათანადო პროპორციებისგან უნდა შედგებოდეს და იდეალურად უნდა აკმაყოფილებდეს კომპანიონი ცხოველის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს.
2. პატრონის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი საყელო
თქვენი საკონტაქტო მონაცემებით პერსონიზებული კატის საყელო ზომით მცირე, თუმცა ფუნქციით მეტად მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელიც თქვენს სიმშვიდეს უზრუნველყოფს. საყელოს მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ მას ხშირად სამაშველო რგოლის სახელითაც მოიხსენიებენ.
3. საჭმლის და წყლის ჯამები
ჯამების შერჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ესთეტიკასთან ერთად ფუნქციურობასაც უნდა ეფუძნებოდეს. სასურველია ჯამი ნაკლებად ღრმა იყოს და ფართო ზედაპირი ჰქონდეს. კერამიკული თასები ესთეტიკურად მიმზიდველია, თუმცა უჟანგავი ფოლადი გამძლეობისა და წმენდასთან დაკავშირებული სიმარტივის გამო, ხშირად საუკეთესო არჩევანია.
4. ქვიშის ყუთი
ქვიშა კნუტს ბუნებრივი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად გენეტიკური ინსტინქტების განვითარებაშიც ეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ქვიშის ყუთი კნუტის ზომიდან გამომდინარე შეარჩიოთ და მყუდრო ადგილას მოათავსოთ.
5. ბრჭყალების საფხაჭნი
გოფრირებული მუყაოს ან სხვა სპეციალიზებული მასალისგან დამზადებული ბრჭყალების საფხაჭნის შეძენა პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც თავიდან აგაცილებთ ავეჯის დაზიანებას. კნუტის წასახალისებლად ბრჭყალების საფხაჭნს ცოტაოდენი “კატის პიტნა” (კატაბალახა) მიაპკურეთ. მისი სურნელი აუცილებლად მიიზიდავს თქვენი სახლის ახალ ბინადარს.
6. სავარცხელი და ბრჭყალების საჭრელი მაკრატელი
თქვენი ოთხფეხა მეგობრის საფარის რეგულარული მოვლა ბეწვის ცვენასთან დაკავშირებულ პრობლემას მარტივად მოაგვარებს. ბრჭყალების მოჭრა კი ავეჯის დაცვასთან ერთად ნაკაწრების რისკსაც შეამცირებს. ფიზიკური სარგებლის გარდა, რუტინულ მოვლასთან დაკავშირებული ეს მნიშვნელოვანი დეტალები კნუტთან ინტერაქციის წუთებს ურთიერთობის ძვირფას მომენტებად გარდაქმნის.
7. სამგზავრო ჩანთა
სამგზავრო ჩანთა თქვენი კნუტის კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტია. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, შერჩევის პროცესში უპირატესობა მიანიჭოთ კარგად ვენტილირებად, მტკიცე კორპუსის მქონე ჩანთას, რომელსაც საიმედო საკეტი მექანიზმი და (კნუტის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად) გამჭვირვალე პანელი აქვს.
ადაპტაციის დასკვნითი ეტაპი
კნუტის ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირებას, ჩვეულებისამებრ, 1-2 კვირა სჭირდება. თუმცა, თუ ჩვენს პრაქტიკულ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ოთხფეხა მეგობარი უფრო სწრაფად შეეჩვევა სახლს და ახალი ტერიტორიების ათვისებასაც განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით შეუდგება. შესაძლოა, აღმოჩენებისადმი კნუტის ინტერესმა გაგაკვირვოთ კიდეც. ამიტომ, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ უსაფრთხოების საკითხს და თქვენი პატარა კომპანიონის საცხოვრებელი სივრცე საფრთხისშემცველი ნივთებისგან გაათავისუფლოთ.
ფაქტია, რომ ცნობისმოყვარე ბუნება კნუტებს ხშირად უბიძგებს მათთვის უცნობი ჰორიზონტების შემეცნებისკენ, შესაბამისად, ალბათ, არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვით, რომ კატები უპირატესობას შემაღლებულ ადგილებს ანიჭებენ და სწორედ იქიდან ადევნებენ თვალს მათთვის საინტერესო მოვლენებს. ამის გათვალისწინებით, თქვენი კნუტისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, სასურველია, კატებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული რბილი ხე შეიძინოთ.
ადაპტაციიდან ორიოდე კვირის შემდეგ, კონსულტაციის მიზნით, აუცილებლად ეწვიეთ ვეტერინარს და დარწმუნდით, რომ თქვენი კნუტი საუკეთესო მაჩვენებლების შესაბამისად ვითარდება.
გილოცავთ ოჯახის ახალ წევრს და იდილიურ თანაცხოვრებასთან ერთად ძვირფასი მომენტებით აღსავსე მეგობრობას გისურვებთ!