კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპეტენტური მშობლის პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ამ პროცესის წარმატებით მართვა და სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ვეტერინართან თანამშრომლობის საფუძველზეა შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ Რუტინული სამედიცინო შემოწმება და გამოკვლევები ჩვენი კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ვეტერინართან ვიზიტს ყველაზე მამაცი ძაღლის აფორიაქებაც კი შეუძლია. ვეტერინართან სტუმრობის დროს, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის მიერ განცდილ სტრესს ხშირად სტომატოლოგთან ვიზიტით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებას ადარებენ.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს შედარება საუკეთესოდ გამოხატავს სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებულ იმ დისკომფორტს, რომელიც ადამიანებს და მათი ცხოვრების ერთგულ თანამგზავრებს აერთიანებს. თუმცა, საზოგადოდ დამკვიდრებული ამ მოსაზრების მიუხედავად, არსებობს პრაქტიკული რჩევების ვრცელი ჩამონათვალი, რომლის გათვალისწინებით ვეტერინართან სტუმრობას თქვენი ძვირფასი მეგობრისთვის უმტკივნეულო გამოცდილებად აქცევთ.
როგორ მოვამზადოთ ძაღლი ვეტერინართან ვიზიტისთვის?
1. ადრეული სოციალიზაცია
ვეტერინართან შეხვედრით გამოწვეული შიშის თავდაპირველი მიზეზი შესაძლოა უცნობ ადამიანებთან ინტერაქციის ნაკლებობა იყოს. მაშინაც კი, თუ თქვენი კომპანიონი ცხოველი ჩვეულებრივ ასე არ იქცევა, უცხო გარემოში, უცნობი ადამიანების გარემოცვაში გამოვლენილმა მისმა ქცევამ შესაძლოა თქვენი გაოცება გამოიწვიოს.
ამგვარი ქცევის თავიდან ასაცილებლად, ადრეულ სოციალიზაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის, თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს რაც შეიძლება ხშირად გააცანით ახალი ადამიანები. მრავალფეროვან გარემო პირობებთან ადაპტაცია და უცნობებისადმი ჩამოყალიბებული ნდობა მას მეტად სოციალურს გახდის. ადრეულ ასაკში განვითარებული ეს მენტალიტეტი თქვენს კომპანიონ ცხოველს ვეტერინარისადმი დადებითად განაწყობს.
2. ქცევითი პრობლემების პრევენცია
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანიონი ცხოველი თავს შესანიშნავად გრძნობს, მაგრამ როგორც კომპეტენტური მშობელი, ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებისთვის, რუტინული შემოწმების მნიშვნელობას სათანადოდ იაზრებთ, სასურველია ვეტერინართან ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე გაასეირნოთ თქვენი ერთგული მეგობარი. ფიზიკური აქტივობა ძაღლს ზედმეტი ენერგიის დახარჯვაში და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. საყვარელ აქტივობებში დახარჯული ენერგია ძაღლს უფრო მშვიდად აგრძნობინებს თავს. ეს კი, გარწმუნებთ, ვეტერინართან გამოვლენილი ქცევითი პრობლემების ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სათანადო წვრთნის შემთხვევაშიც კი არსებობს შანსი, რომ თქვენი კომპანიონი ცხოველის ინსტიქტები მის კარგ მანერებზე იმძლავრებს და ვეტერინარისადმი აგრესიაში გამოვლინდება. თუმცა, გთხოვთ, გაგებით მოეკიდეთ ამ ვითარებას და გახსოვდეთ, რომ ეს ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმია, რომელიც მაღალი სტრესის პირობებში გაუცნობიერებლად იჩენს თავს.
3. განწყობის თეორია
ჩვენი კომპანიონი ცხოველები იმაზე უკეთ გვიცნობენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. სხეულის ენაზე დაკვირვებაც კი საკმარისია მათთვის, რომ ჩვენი სტრესი და შფოთვა იგრძნონ. სწორედ ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ ძაღლები სენსორული არსებები არიან, მათ ქცევას ხშირად ვითარებისადმი ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს. თუ ვეტერინართან ვიზიტის დროს სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრიც გაიზიარებს თქვენს ამ განწყობას.
თუ თქვენს ერთგულ მეგობარს ვეტერინართან ვიზიტის უსიამოვნო გამოცდილება აქვს, შესაძლოა მისი განწყობის მართვა გაგიჭირდეთ. თუმცა, ნუ იღელვებთ – შეუძლებელი არაფერია! წინასწარ ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულების გაქარწყლებას სპეციალურად თქვენი კომპანიონი ცხოველისთვის დაგეგმილი იმიტირებული სამედიცინო პროცედურების შესრულებით შეძლებთ.
ვარჯიში ყურების, კიდურებისა და პირის ღრუს ნაზი შემოწმებით დაიწყეთ და დროთა განმავლობაში ისეთ სამედიცინო პროცედურებზე გადადით, როგორიც ფილვებისა და გულის სტეტოსკოპით მოსმენაა. მალე, თქვენ მიერ სახლში შესრულებული ეს რუტინული აქტივობები იმდენად ჩვეულებრივ გამოცდილებად იქცევა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის, რომ ვეტერინარულ კლინიკაში სტუმრობა პრობლემას აღარ წარმოადგენს. ვარჯიშის პროცესში, თქვენი ოთხფეხა მეგობრის პოზიტიური ქცევის დადებითი ასოციაციებით განმტკიცება და მისი საყვარელი საჭმლით დაჯილდოვებაც არ დაგავიწყდეთ.
როგორ ვაგრძნობინოთ ჩვენს კომპანიონ ცხოველს თავი კომფორტულად ?
ჩვეულებრისამებრ, ძაღლები ვეტერინარს მხოლოდ მაშინ სტუმრობენ, როდესაც ავად არიან ან ვაქცინაციის მორიგი ეტაპი ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ვეტერინარულ კლინიკაზე ნეგატიური ხედვის ჩამოყალიბებას დიდი დრო არ სჭირდება. მაგრამ, გიფიქრიათ, რა მოხდება, თუ თქვენს ძაღლს ვეტერინართან მხოლოდ გასართობად წაიყვანთ? ამ შემთხვევაში, ვეტერინარულ კლინიკაში ვიზიტი მხოლოდ ნეგატიურ გამოცდილებასთან აღარ იქნება დაკავშირებული. პერსონალის მიერ გამოვლენილი კეთილგანწყობა და მათგან მიღებული გემრიელი საკვები უდაოდ აღაფრთოვანებს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს.
ჰკითხეთ თქვენს ვეტერინარს, შეძლებს თუ არა თქვენს კომპანიონ ცხოველთან შეხვედრას და მის გაცნობას. დარწმუნებული ვართ, თქვენი ვიზიტის მიზეზის გაგება მასაც იმავე პოზიტივით განაწყობს, რომელიც თქვენი და თქვენი ძვირფასი მეგობრის გულებს ავსებს.
თუ თავდაპირველი შეხვედრის დროს, ვეტერინარი შეძლებს და თქვენს ძაღლს დაუმეგობრდება, ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით დაგეგმილი მორიგი ვიზიტი პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, გირჩევთ ვიზიტის დროს თან თქვენი მეგობრის საყვარელი სათამაშო იქონიოთ. ნაცნობ ნივთებთან დაკავშირებული პოზიტიური ასოციაცია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს ემოციურ განტვირთვაში დაეხმარება და თავს უფრო კომფორტულად აგრძნობინებს.
დასკვნა
როგორც ხედავთ, ვეტერინართან ვიზიტის პოზიტიურ გამოცდილებად ქცევა პროაქტიულ მიდგომას მოითხოვს და ენთუზიაზმთან ერთად განსაკუთრებულ მონდომებასაც საჭიროებს. მიხედავად იმისა, რომ პოზიტიური ასოციაციების შექმნას და სტრესული ფაქტორების მინიმიზაციას დრო სჭირდება, გვჯერა, ვეტერინარულ კლინიკაში სტუმრობას თქვენი ერთგული მეგობრისთვის სასიამოვნო გამოცდილებად აქცევთ!