კავშირი ბავშვებსა და კომპანიონ ცხოველებს შორის, იქნება ეს ერთგული ძაღლი თუ ცნობისმოყვარე კატა, ჩვეულებისამებრ, ისეთ გამოცდილებად იქცევა ხოლმე, რომელიც ემოციური აღმოჩენებით, თავგადასავლებითა და ფასდაუდებელი ცხოვრებისეული გაკვეთილებით არის სავსე.
კომპანიონ ცხოველთან ურთიერთობა ხშირად უბრალო მეგობრობას აღემატება და უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერის წყაროდ იქცევა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – მეგობარი ცხოველის მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები ბავშვებს დისციპლინასთან ერთად პასუხისმგებლობის გრძნობასაც უნერგავს, რაც დაგვეთანხმებით მნიშვნელოვანი ადამიანური უნარებია.
ბავშვის ცხოვრებაში კომპანიონი ცხოველის არსებობის მრავალმხრივი უპირატესობების გააზრების შემდეგ, თქვენთვის ცხადი გახდება, რომ ოთხფეხა მეგობრის როლი ბავშვის ზრდისა და განვითარების პროცესში შეუცვლელია. ვეცდებით ეს მოსაზრება მოცემული სტატიით კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და ის შთამბეჭდავი მიზეზები გაგიზიაროთ, რის გამოც კომპანიონი ცხოველის ბავშვის ცხოვრების ნაწილად ქვევა საუკეთესო ცხოვრებისეული გამოცდილება.
ბავშვებსა და კომპანიონ ცხოველებს შორის არსებული ემოციური კავშირი
ემოციური კავშირი, რომელიც ბავშვებსა და მათ თანამგზავრებს შორის არსებობს, ნდობის, სიყვარულისა და მხარდაჭერის უნიკალური კომბინაციაა. ჩვეულებისამებრ, კატები და ძაღლები ოჯახის მნიშვნელოვან წევრებად ითვლებიან და ბავშვების ემოციურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
თუ ძაღლებთან ურთიერთობას მხიარული თამაშები და ბედნიერებით სავსე ემოციების მიმოცვლა ახასიათებს, კატები არავერბალური კომუნიკაციის ნამდვილი ოსტატები არიან. მათ დამოუკიდებელ და მოსიყვარულე ბუნებას ბავშვის ცხოვრებაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
კომპანიონი ცხოველები ხშირად ბავშვების სანდო საყრდენი ხდებიან და სიყვარულთან ერთად მიმღებლობისა და უანგარო მეგობრობის შეთავაზებით ეხმარებიან მათ ემოციური სირთულეების გადალახვაში. საბედნიეროდ, ეს კავშირი ბავშვის ემოციურ ინტელექტთან ერთად მის გონებრივ შესაძლებლობებსაც ავითარებს.
როგორ უზრუნველყოფენ შინაური ცხოველები ბავშვების კეთილდღეობას?
1. ფიზიკური კეთილდღეობა
კომპანიონ ცხოველთან ერთად ცხოვრება, ჩვეულებისამებრ, ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობასთან ასოცირდება. უშრეტი ენერგიითა და თავგადასავლების სიყვარულით, ძაღლები ბავშვების ყოველდღიურ აქტივობებში ჩართულობას უზრუნველყოფენ, რაც მათი ჯანსაღი ცხოვრების წესს აყალიბებს. იქნება ეს ეზოში ფრისბით თამაში თუ ბუნებაში სეირნობა, კომპანიონი ცხოველის ყოლა ბავშვის ყოველდღიურ რუტინას საინტერესო თავგადასავლად აქცევს.
კატებს რაც შეეხება, ბავშვებს მათთან ერთად სხვადასხვა ინტერაქტიულ თამაშებში ჩართვა და დროის საინტერესოდ გატარება შეეძლებათ. მუყაოს ლაბირინთის ან ციხე-სიმაგრის აშენება და იმის ყურება თუ როგორც იკვლევს ცნობისმოყვარე არსება ამ თავსატეხს, ბავშვის შემოქმედებითობასთან ერთად მისი კვლევითი უნარების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
2. ემოციური მხარდაჭერა
ერთგულება და ინტუიციური ბუნება კომპანიონ ცხოველს ბავშვის ერთგულ თანამგზავრად აქცევს, არა მხოლოდ ბედნიერებით სავსე მომენტებში, არამედ მაშინაც, როდესაც ემოციური მხარდაჭერა ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ხშირად, ძაღლის კუდის რიტმული მოძრაობა ან კატის ნაზი კრუტუნიც კი საკმარისია დამამშვიდებელი ეფექტის მოსახდენად. ბავშვებსა და მათ კომპანიონ ცხოველებს შორის ჩამოყალიბებული ემოციური კავშირი ის უსაფრთხო თავშესაფარია, სადაც ბავშვებს განსჯის გარეშე, თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი გრძნობების გამოხატვა.
3. Სოციალური უნარების განვითარება
კატები და ძაღლები ბავშვის სოციალური უნარების ჩამოყალიბებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენენ. ოჯახის მნიშვნელოვანი წევრების საჭიროებების გააზრება და მათზე სათანადო რეაგირება ბავშვებს თანაგრძნობის უნარს უყალიბებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახურ გარემოში კომპანიონ ცხოველზე ზრუნვის საერთო პასუხისმგებლობა გუნდური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის კულტურას ავითარებს ბავშვში.
ბავშვები კომპანიონ ცხოველებს ხშირად უზიარებენ თავიანთ აზრებს და გრძნობებს. ამ პროცესში მათ ემოციურ ინტელექტთან ერთად კომუნიკაციის უნარებიც უყალიბდებათ. ვინაიდან ბავშვები ცხოველებთან ინტერაქციისას საკუთარი თავის თავდაჯერებულად გამოხატვას სწავლობენ, ამან შესაძლოა თანატოლებთან ინტერაქციის ხარისხზეც იქონიოს პოზიტიური გავლენა. გარდა ამისა, ძაღლებისა და კატების მიერ გამოვლენილი უპირობო სიყვარული და ერთგულება ბავშვებში ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
4. Პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება
კომპანიონ ცხოველთან ერთად ცხოვრება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. რეგულარული კვების, სეირნობისა და მზრუნველობისთვის სტრუქტურირებული განრიგის შექმნა და მისი თანმიმდევრულად შესრულება ბავშვებს საიმედოობის მნიშვნელობას ასწავლის. ამ დროს ისინი შინაური ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში თავიანთი როლის შესახებ ცნობიერებას და შესაბამისად, პასუხისმგებლობის გრძნობასაც ივითარებენ.
კომპანიონი ცხოველის მოვლაში აქტიური ჩართულობა ბავშვის დისციპლინისა და ძლიერი სამუშაო ეთიკის განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც დაგვეთანხმებით ნამდვილად ღირებული თვისებაა.
5. მცველი თანამგზავრის სტატუსი
ემოციურ სტაბილურობასთან ერთად კომპანიონი ცხოველები უსაფრთხოების ხელშესახებ გრძნობას აღვიძებენ ბავშვებში. მათთან ახლოს ყოფნაც კი საკმარისია, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ზოგიერთი ჯიშის ძაღლი სპეციალური დამცავი ინსტინქტებით იბადება, რაც მათ იდეალურ კომპანიონ ცხოველად აქცევს.
ოთხფეხა მეგობართან ერთად ცხოვრება ფიზიკური და შინაგანი უსაფრთხოების შეგრძნებით ბავშვებს თავდაჯერებულობას ჰმატებს და მათ თვითშეფასებას ამაღლებს. ამ დროს ბავშვები გრძნობენ, რომ მათ გვერდით ფხიზლად მყოფი, ერთგული მეგობარია.
დასკვნა
როგორც ხედავთ კომპანიონი ცხოველების ბავშვებთან თანაცხოვრებას მრავალი დადებითი მხარე აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვის ემოციური სტაბილურობის უზრუნველყოფა გსურთ თუ მისი სოციალური უნარების სრულყოფას ისახავთ მიზნად, კომპანიონი ცხოველის აყვანა და მის აღზრდაში ბავშვის აქტიური ჩართულობა ნებისმიერ შემთხვევაში შეუცვლელი იდეაა.
ბავშვებსა და მათ ოთხფეხა მეგობრებს შორის ჩამოყალიბებული ძლიერი ემოციური კავშირი და უპირობო სიყვარული პატარა ადამიანებს საუკეთესო პიროვნებებად აყალიბებს. კომპანიონ ცხოველზე ზრუნვის პროცესში შეძენილი ფასდაუდებელი ცხოვრებისეული უნარები ხშირად მრავალფეროვანი შეგრძნებებით სავსე ცხოვრების საფუძველს ქმნის.
შესაბამისად, თუ აქამდე ორჭოფობდით, ახლა უკვე თამამად შეგიძლიათ, რომ თქვენი შვილის გულის კარი ოჯახის ახალ, მნიშვნელოვან წევრს გაუღოთ – ეს ხომ ბავშვის ემოციურ, ფიზიკურ და სოციალურ განვითარებაში ჩადებული გონივრული ინვესტიციაა!