ადამიანებისა და ძაღლების მეგობრობის 300 საუკუნე: რა განაპირობებს ამ მტკიცე კავშირს?

დროთა განმავლობაში, სხვადასხვა სახეობებს შორის ჩამოყალიბებული კავშირებიდან ყველაზე ძლიერი ემოციური ბმა ადამიანებსა და ძაღლებს შორის იკვეთება. 30,000 წლის წინ დაწყებული მეგობრობა ისეთ ძლიერ კავშირად გარდაიქმნა, რომ, დღეს ჩვენს გენებშია კოდირებული. ამაღელვებელია, არა? 

თანამედროვე კვლევები უფრო და უფრო მეტ სიცხადეს მატებს ძაღლისა და ადამიანის ამ უაღრესად მნიშვნელოვან ურთიერთობას და იმას, თუ რას ფიქრობენ ჩვენი ერთგული კომპანიონები ჩვენზე. შესაძლოა ძაღლების მფლობელებმა ეს ინტუიციურად იციან კიდეც, თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შესახებ ვფლობთ მხოლოდ აისბერგის თვალისთვის ხილული ნაწილია.

ძაღლებისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებების შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია მათი ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება და იმის გამორკვევაა თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი ძვირფასი მეგობრები სხვადასხვა გარემო ფაქტორზე. საკითხისადმი ამგვარმა მიდგომამ გამოავლინა, რომ ძაღლები მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდიან, როდესაც მათთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში იმყოფებიან. ამ დროს მათ თვალებში, ყურებსა და თათების ბალიშებში სისხლის ნაკადის ზრდა შეინიშნება, რაც ემოციური აღტკინების მდგომარეობებზე მიუთითებს. 

თუ ჩვენი დანახვა ასეთ პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე, წარმოგიდგენიათ როგორ ბედნიერებას შეიძლება განიცდიდნენ მაშინ, როდესაც ვეთამაშებით ან ვეფერებით? ნამდვილად ასეა! თამაშის ან მოფერების ხანმოკლე პერიოდსაც კი განსაკუთრებული გავლენა აქვს ჩვენი კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობაზე და შფოთვის შემცირებასთან ერთად მათი გულის ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს.

როგორ აღიქვამენ ძაღლები სამყაროს?

ძაღლებს ადამიანებისგან განსხვავებული ხედვა აქვთ. მათთვის სამყარო იმაზე ფერმკრთალია ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძაღლები დიქრომატული არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ლურჯი და ყვითელი ფერის სპექტრით აღიქვამენ სამყაროს და შესაბამისად ადამიანებსაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლები ადამიანებთან შედარებით სიბნელეში უკეთ ხედავენ და სხეულის სწრაფ მოძრაობასაც უფრო იოლად ადევნებენ თვალს, რაც მათი გენების დამსახურებაა.

ჩვენთან შედარებით ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს უკეთესი პერიფერიული ხედვა აქვთ. ამ ტერმინს ხშირად არაპირდაპირი ხედვით სახელით მოიხსენიებენ და მასში მზერის ცენტრის მიღმა არსებულ მოვლენებზე დაკვირვების შესაძლებლობას გულისხმობენ. მაგალითად, თუ ადამიანებისთვის დამახასიათებელი პერიფერიული ხედვა 180°-ს უტოლდება, ძაღლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 240°-ს აღწევს. ფართო პერიფერიული ხედვისგან განსხვავებით, ჩვენს კომპანიონ ცხოველებს აგრეთვე შესანიშნავად აქვთ განვითარებული ცენტრალური ხედვა, რაც კონკრეტული დეტალებისადმი ფოკუსირებას გულისხმობს.

როგორია ძაღლის გონებრივი განვითარების დონე?

მკვლევარების მოსაზრებით, ზრდასრული ძაღლის გონებრივი შესაძლებლობები დაახლოებით 2 წლის ბავშვის განვითარების დონეს უტოლდება. თავის მხრივ, ეს ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ძაღლებს არ უვითარდებათ ისეთი კომპლექსური ემოციები, როგორიც, მაგალითად, დანაშაულის გრძნობაა. თუმცა, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ძაღლები ემოციურ დონეზე სიხარულთან და სიყვარულთან ერთად, შიშსა და სიბრაზესაც განიცდიან. უმეტესწილად ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს კომპანიონ ცხოველებს ადამიამის მსგავსი ტვინის სტრუქტურა და ჰორმონები აქვთ. 

გონებრივი განვითარების დონის მსგავსად, ძაღლების მიერ ინფორმაციის დამუშავება და მასზე რეაგირებაც ბავშვის ქცევას შეგვიძლია შევადაროთ. ალბათ უკვე შენიშნავდით, რომ ბავშვების მსგავსად ძაღლებსაც უყვართ ყურადღების ცენტში ყოფნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენი გავლენა მათი ფსიქოტიპის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით დიდია. 

კიდევ ერთი პარალელი, რომელიც ძაღლებსა და ბავშვებს შორის შეგვიძლია გავავლოთ, ორალური ფიქსაციის ეტაპია. განვითარების ადრეულ ეტაპზე, ბავშვების მსგავსად, ძაღლებსაც სურთ რომ ყველაფრის გაუსინჯონ გემო, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ ვიზუალურ აღქმასთან ერთად გარემოს შემეცნების პროცესში გემოვნურ შეგრძნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ალბათ უფრო მეტად გაგაკვირვებთ თუ გეტყვით, რომ ძაღლები ხშირად გვადევნებენ თვალს და ვერბალურ კომუნიკაციასთან ერთად ჩვენი სხეულის ენასაც ყურადღებით აკვირდებიან. მათ ჩვენი ხასიათისა და ემოციური მდგომარეობის ამოცნობის უნიკალური უნარი აქვთ. 

როგორც ხედავთ, ჩვენს კომპანიონ ცხოველებს მდიდარი ემოციური ცხოვრება და უნიკალური პერსონალობა აქვთ, რაც მნიშვნელოვნად გამოარჩევს მათ სხვა ცხოველებისგან. ვინ იცის, შესაძლოა სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ადამიანებსა და ძაღლებს შორის ჩამოყალიბებული ეს მტკიცე ურთიერთკავშირი.