ლეკვის კვების ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო

სათანადო კვების უზრუნველყოფა კომპანიონი ცხოველის ზრდა-განვითარების, ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, მოგიმზადეთ სტატია, რომელიც თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის კვებასთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით. მაშ ასე, ჩვენთან ერთად მოემზადეთ ჯანმრთელი ლეკვის აღსაზრდელად! 

ლეკვის კვებითი საჭიროებები

ჩვილების მსგავსად, ლეკვებიც უნიკალური კვებითი მოთხოვნილებებით ხასიათდებიან. ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მათი სწორი განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კუნთებისა და ქსოვილების გასავითარებლად, ლეკვებს მაღალი ხარისხის, ცილებით მდიდარი საკვები ესაჭიროებათ. შესაბამისად, სასურველია უპირატესობა ისეთ საკვებს მიანიჭოთ, რომელიც ეტიკეტირებულია, როგორც „სრული და დაბალანსებული“. ეს მნიშვნელოვანი დეტალი დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ საკვები პროტეინის სათანადო რაოდენობას შეიცავს.

ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის ლეკვებს ცხიმის ადეკვატური მარაგი ესაჭიროებათ. ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები გონებრივ განვითარებასთან ერთად ჯანსაღი კანისა და მბზინავი ქურთუკის შესანარჩუნებლადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც კომეტენტურმა მშობელმა, სასურველია იცოდეთ ისიც, რომ ნახშირწყლები თქვენი პატარა მეგობრის ენერგიის წყაროს უზრუნველყოფს, ბოჭკოვანი საკვები კი მას საჭმლის მონელებაში უწყობს ხელს.

დაბალანსებული დიეტის აუცილებელი კომპონენტია, აგრეთვე, ისეთი ვიტამინები და მინერალები, როგორიც კალციუმი და ფოსფორია. თუმცა, ვინაიდან, გარკვეული საკვები ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობით მიწოდებამ შესაძლოა ზრდის პრობლემები გამოიწვიოს, მნიშვნელოვანია ნუტრიციოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე, ყურადღებით აკონტროლოთ პორციები. 

რამდენად ხშირად უნდა გამოკვებოთ ლეკვი?

ლეკვების კვების სიხშირე ასაკზე, ზომაზე და ჯიშზეა დამოკიდებული. დაბადებიდან 6 კვირამდე ლეკვი დედის რძით ან რძის შესაბამისი შემცვლელით ყოველ 2-3 საათში ერთხელ იკვებება. ლეკვები, ჩვეულებისამებრ, 3-4 კვირამდე არ გადადიან მყარ საკვებზე.

6 კვირიდან 3 თვემდე პერიოდში, როგორც კი ლეკვი მყარი საკვების მიღებას დაიწყებს, ეცადეთ მას საკვები ხშირად, თუმცა მცირე პორციებით მიაწოდოთ. როგორც წესი, ასეთ დროს დღეში 4 კვებაა რეკომენდებული. კვებისადმი ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს ენერგიის დონის შენარჩუნებას და ხელს უშლის ლეკვის პატარა კუჭის გადატვირთვას. 3-დან 6 თვემდე პერიოდში კვების სიხშირის შემცირება და საკვების დღეში 3-ჯერ მიწოდებაა რეკომენდირებული. 

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ 6 თვიდან ლეკვების უმრავლესობა დღეში ორჯერ კვებაზე გადადის. თუმცა, თუ თქვენი ლეკვი დიდი სახეობის წარმომადგენელია, სასურველია 1 წლამდე სამჯერადი კვების გრაფიკით განაგრძოთ მისთვის საკვების მიწოდება. 

გაითვალისწინეთ, რომ ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად, საკვების პორცია თქვენი ლეკვის ზომას და აქტივობის დონეს უნდა შეესაბამებოდეს. ამიტომ, ყოველთვის დაიცავით ლეკვის საკვების შეფუთვაზე არსებული მითითებები და ინდივიდუალური რეკომენდაციებისთვის ნუტიციოლოგს მიმართეთ. 

კვებითი ალერგია

კვებითი ალერგია ძაღლებში მაშინ ვლინდება, როდესაც ძაღლის იმუნური სისტემა მის საკვებში არსებულ ინგრედიენტებს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებად აღიქვამს და მათ წინააღმდეგ იმუნურ ბრძოლას იწყებს. ძაღლებში კვებითი ალერგიის საერთო სიმპტომებია ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, დიარეა, ყურის ქრონიკული ინფექციები და სუნთქვის პრობლემები. 

კონკრეტული ალერგენის იდენტიფიცირება რთული ამონაცაა, თუმცა, კომპანიონ ცხოველებში გავრცელებული საკვები ალერგენების ჩამონათვალს, როგორც წესი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორბალი და სოიო მიეკუთვნება. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებში ნებისმიერმა ინგრედიენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ფონი. 

კვებითი ალერგიის დადასტურების ერთადერთი გზა ელიმინაციური დიეტაა. ასეთ დროს ძაღლის რაციონიდან პოტენციური ალერგენების ეტაპობრივად გამორიცხვა და სიმპტომებზე ყურადღებით დაკვირვება ხდება. 

კვებითი ალერგიის მართვა ძაღლებში მკაცრ დიეტურ კონტროლს გულისხმობს. ასეთ დროს გულმოდგინედ უნდა გაეცნოთ ეტიკეტზე დატანილი ინგრედიენტების ჩამონათვალს და უარი უნდა თქვათ ისეთ საკვებზე, რომელიც ალერგენებს შეიცავს. საბედნიეროდ, დღეს უკვე შეგიძლიათ ძაღლის ისეთი ჰიპოალერგიული საკვების შეძენა, რომელიც თქვენს ერთგულ მეგობარს საუკეთესო მაჩვენებლების შესაბამისად განვითარებაში დაეხმარება. 

კვებითი ალერგიის სიმპტომების ამოცნობა, სათანადო ტესტირების ჩატარება და შესაბამისი დიეტის დაცვა გადამწყვეტი ნაბიჯია კვებითი ალერგიის მართვისა და ჩვენი ოთხფეხა თანამგზავრების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ზრდასრული ძაღლის საკვებზე გადასვლის პროცესი

ლეკვის საკვებიდან ზრდასრული ძაღლის საკვებზე გადასვლა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების განვითარების გარდამტეხი მომენტია. საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, ეს ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდეს.

ეტაპობრივი ცვლილებისთვის გირჩევთ ლეკვის საკვებს თანდათანობით, მცირე რაოდენობით შეურიოთ ზრდასრული ძაღლის საკვები. ეს ქმედება დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში განაგრძეთ და ზრდასრული ძაღლის საკვების წილი თანდათან გაზარდეთ. ფხვიერი განავალი ან საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები შესაძლოა გარდამავალი პროცესის შენელების აუცილებლობაზე მიუთითებდეს. Სწორედ ამიტომ, საკვების მიღების პარალელურად, ყურადღებით ადევნეთ თვალი მონელების პროცესს და დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს დაუბრკოლებლად მიუწვდება თათი სუფთა წყალზე.

სანამ საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ ცვლილებას განახორციელებთ, გირჩევთ თქვენს ვეტერინარს მიმართოთ და თქვენი კომპანიონი ცხოველის ჯიშის, ზომისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად დაგეგმოთ პროცესი.

ლეკვის წონისა და ჯანმრთელობის მონიტორინგი

გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება ლეკვის ჯანმრთელობის შესაფასებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის წონისა და ჯანმრთელობის თანმიმდევრული მონიტორინგი და ამ საკითხისადმი პროაქტიული მიდგომა ლეკვის ჯანმრთელ და ბედნიერ ზრდასრულ ძაღლად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

წონის მონიტორინგი დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ზრდას და დარწმუნდეთ, რომ ის ჯიშისთვის დამახასიათებელი საუკეთესო მაჩვენებლების შესაბამისად ვითარდება. წონის გარდა, ყურადღება ჯანმრთელობის სხვა მაჩვენებლებსაც მიაქციეთ და დარწმუნდით, რომ კარგ მხედველობასთან ერთად, ლეკვს ჯანსაღი ღრძილები და ძლიერი კბილები აქვს. დააკვირდით ქცევის ან მადის ნებისმიერ ცვლილებას და მათი გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართ ვეტერინარს.