ჭარბწონიანობა ძაღლებში: გამომწვევი მიზეზები, პრობლემის პრევენცია და მართვა

ჭარბი წონა ჩვენი ოთხფეხა თანამგზავრების კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ადამიანების მსგავსად, ჭარბწონიანობა ძაღლების შემთხვევაშიც ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან ასოცირდება.

თქვენთვის ძვირფასი კომპანიონი ცხოველის ჯანსაღი, ბედნიერი და აქტიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, მოცემულ სტატიაში, კომპეტენტო ღირებულ ინფორმაციასთან ერთად პრაქტიკულ რჩევებსაც გაგიზიარებთ.

მაშ ასე, ერთად შევუდგეთ თვითშემეცნების პროცესს და უფრო მეტი შევიტყოთ იმის შესახებ თუ რა დიეტური ცვლილებებით შეგვიძლია წავახალისოთ წონის უსაფრთხოდ კარგვა და როგორ ვმართოთ ჭარბწონიანობა ძაღლებში.

წონის ვიზუალური ეფექტი

სანამ ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების განხილვაზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლის წონის ვიზუალურად შეფასება საკმაოდ მარტივია. მაგალითად, სიგამხდრის ფიზიკური გამოვლინება განლეული ცხიმოვანი მასა და იოლად შესამჩნევი ძვლოვანი სისტემაა (ნეკნები, ხერხემალი, კიდურები და სახის ძვლები).

იდეალურ წონას რაც შეეხება, მას შესამჩნევი კუნთოვანი მასა, გამოყოფილი წელი და აწეული მუცელი ახასიათებს. იდეალური წონის შემთხვევაში ნეკნები და ხერხემალი არ ჩანს, თუმცა ხელით შეხებისას მარტივად იგრძნობა, რადგან მათ თხელი ცხიმოვანი ქსოვილი ფარავს.

ჭარბწონიანობის დროს ძაღლი მისთვის რეკომენდირებული წონის 20-30%-ს იმატებს. წონის ამგვარ მატებას სქელი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარება და ძაღლის ფიზიკურ აქტოვობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ახლავს თან.

ძაღლის ჭარბწონიანობის გამომწვევი 5 ძირითადი მიზეზი

1. გენეტიკა

გენეტიკური ფონის გამო, გარკვეული ჯიშები წონის მატებისკენ მეტად მიდრეკილნი არიან. გენეტიკურმა ფაქტორებმა შესაძლოა ძაღლის მეტაბოლიზმზე, მადის რეგულირებასა და ცხიმოვანი ფენის ფორმირებაზე იქონიოს გავლენა.

მაგალითად, ლაბრადორებს, კოკერ სპანიელებსა და ბიგლებს გენეტიკური მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისკენ. ეს ჯიშები ნელი მეტაბოლიზმითა და გაძლიერებული მადით ხასიათდებიან. კმაყოფილების შეგრძნება მათ ტვინს გვიან მიეწოდება, შესაბამისად, ამ ჯიშის ძაღლები კვებასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

2. ასაკი

ადამიანების მსგავსად, ასაკის მატებასთან ერთად ძაღლებიც მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდიან. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება მეტაბოლიზმის შენელებული ტემპია. ხანდაზმულ ასაკში ძაღლები ნაკლებად აქტიურები ხდებიან, მათი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქცია ნელდება და ენდოკრინული სისტემაც შედარებით ნაკლებ ჰორმონს ათავისუფლებს.

აქტივობის დონის დაქვეითება სახსრების პრობლემებისა და კუნთების განლევის გამო კიდევ უფრო ართულებს ჭარბწონიანობის პრობლემას. თუ ასაკის მატებასთან ერთად ძაღლისთვის მიწოდებული კალორიების ოდენობას არ შეამცირებთ, ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობის კლება უდავოდ გამოიწვევს წონის მატებას.

3. კვება და ცხოვრების წესი

ჭარბწონიანობა ხშირად სწორედ დაუბალანსებელი კვებისა და უმოძრაო ცხოვრების წესის კომბინაციით არის გამოწვეული. შესაბამისად, დაბალანსებული კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ძაღლებში სიმსუქნის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

არასწორად შერჩეულმა კომერციულმა საკვებმა შესაძლოა უფრო მეტად გაამწვავოს პრობლემა. პორციების არაადეკვატური ზომა და კალორიებით მდიდარი, დაბალი ნუტრიციული ღირებულების მქონე კვების მიღება წონის გადაჭარბებული მატების წინაპირობაა. 

არასწორ კვებასთან დაკავშირებულ ფაქტორებთან ერთად, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ შესაძლოა კალორიების ხარჯვის ტემპი შეანელოს და ძაღლის ორგანიზმში ცხიმის დაგროვება გამოიწვიოს.

4. ჯანმრთელობის პრობლემები

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ძაღლისთვის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას კიდევ უფრო მეტად ართულებს. მაგალითად, ჰიპოთირეოზი გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობით არ გამოიმუშავებს ჰორმონებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს პრობლემა მეტაბოლიზმის შენელებისა და წონის მატების მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

კუშინგის დაავადების სახელით ცნობილი ჯანმრთელობის კიდევ ერთი პრობლემა კორტიზოლის გადაჭარბებულ გამომუშავებას და შესაბამისად, მადის უკონტროლო ზრდას იწვევს. ძაღლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას, აგრეთვე, არ უნდა გამოგვრჩეს დიაბეტი და ართრიტი.

5. სტერილიზაცია

სტერილიზაციისთვის დამახასიათებელი უკუჩვენება შენელებულ მეტაბოლიზმსა და ჰორმონალურ ცვლილებებში ვლინდება. ძაღლის სხეულში წარმართულმა ამ ქიმიურმა პროცესებმა შესაძლოა ის ჭარბი კვებისადმი მეტად მიდრეკილი გახადოს.

სწორედ ამიტომ, სტერილიზებულ ძაღლებში ჭარბწონიანობის რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ყურადღებით აკონტროლოთ შინაური ცხოველის წონა და ამის შესაბამისად განსაზღვროთ მისი ვარჯიშისა და კვების ინტენსივობა.

ჭარბი წონის მართვა: პრეტეინის, ნახშირწყლებისა & ცხიმის კალორიული განაწილება

კომპანიონი ცხოველის წონის კლების პროცესი ნუტრიციოლოგთან კონსულტაციით უნდა დაიწყოს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო ხარისხის საკვების მიღებით უნდა გაგრძელდეს. რაციონი დაბალი გლიკემიური ინდექსით მდიდარი ნედლეულისგან უნდა შედგებოდეს და უჯრედანასთან ერთად პროტეინსაც უნდა მოიცავდეს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დიეტის დრო, ძაღლმა კვირის განმავლობაში საერთო წონის 2%-ზე მეტი არ უნდა დაკარგოს.

თქვენი ძაღლის ასაკის, ჯიშისა და ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისად გაწერილი რეგულარული ვარჯიში და ყოველდღიური სეირნობა ჭარბი წონის მართვის კიდევ ერთი ღირებული სტრატეგიაა.

წონის რეგულარული მონიტორინგი და ძაღლის დიეტისა და ვარჯიშის რეჟიმის კორექტირება წონის თანდათანობითი კლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ნაბიჯები თქვენს ძაღლს ჭარბი წონისგან გათავისუფლებასა და ჯანსაღი წონის შეინარჩუნებაში დაეხმარება. მიღწეული შედეგი კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს.

ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები

  • ყველაზე მეტი ჭარბწონიანი ძაღლი კოვიდ-პანდემიის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა.
  • ჭარბწონიანი ძაღლების პატრონები მეტწილად თავადაც ჭარბწონიანები არიან.
  • შინაური ცხოველების სიმსუქნის ეროვნული დღე 14 ოქტომბერს აღინიშნება.
  • ჭარბწონიანი ძაღლების მფლობელთა 51% ვერ ხვდება, რომ მათ კომპანიონ ცხოველს წონასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
  • ჭარბწონიანი ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-3 წლით მცირდება.
  • ჭარბწონიანობა ხშირად იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ართრიტი, დიაბეტი, თირკმელებისა და რესპირატორული სისტემის დაავადებები.
  • ჭარბწონიანობა ფიზიკურ შეზღუდვებთან ერთად ემოციური მდგომარეობის დისბალანსშიც გამოიხატება.

დასკვნა

ჭარბწონიანობის ეფექტურად მართვა დიეტასა და ვარჯიშთან დაკავშირებული ჩვევების კორექტირებას საჭიროებს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჭარბწონიანობის გამომწვევი ძირეული მიზეზების გამოვლენასაც. სწორედ ამიტომ, პრობლემის იდენტიფიცირებისა და წონის უსაფრთხოდ კარგვის მიზნით კვალიფიციურ ვეტერინართან თანამშრომლობას არსებითი მნიშვნელობა აქვს.