ძაღლის განვითარების ეტაპები და ასაკის შესაბამისად ცვლადი კვების რაციონი

ძაღლის ასაკობრივი განვითარება ფიზიკურ, ემოციურ და ქცევით ტრანსფორმაციას გულისხმობს. ეს არის პროცესი, რომელიც ადამიანის ოთხფეხა მეგობარს ცხოვრების ერთგულ თანამგზავრად გარდაქმნის და ემოციურად უფრო მეტად აახლოებს ჩვენთან.

უდავოდ ამაღელვებელია, ადევნებდე თვალს ასაკობრივი განვითარების აღმოჩენებით აღსავსე პროცესს და ხედავდე როგორ ყალიბდება ლეკვი ზრდასრულ ძაღლად. თუმცა, ვინაიდან, საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ცნობილი რა ეტაპებს გადიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ასაკობრივი განვითარების გზაზე, გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ სტატია, რომელიც სრულყოფილად მიმოიხილავს ამ ინფორმაციას.

ლეკვობის ასაკი

საინტერესოა, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე ლეკვებს სმენა არ აქვთ და არც სხეულის ტემპერატურის რეგულაცია შეუძლიათ დამოუკიდებლად. დაახლოებით 2-3 კვირის ასაკში, ლეკვები თვალების გახელასა და გარემოს სმენითი ორგანოების მეშვეობით აღქმას იწყებენ. ისინი წამოდგომასთან ერთად სიარულსაც სწავლობენ და ცდილობენ მათთვის უცნობი გამოცდილება ნაცნობ შეგრძნებად აქციონ.

ლეკვობის ასაკი დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, სანამ ლეკვი ახალ ოჯახთან დაიწყებს ცხოვრებას, სასურველია, სიცოცხლის პირველი 8 კვირა დედასთან ერთად გაატაროს. ლეკვი ბუნებრივად კვებას 6-8 თვის ასაკში წყვეტს, თუმცა, გირჩევთ, 3-4 კვირის ასაკიდან მისცეთ მას უფლება მყარი საკვები მიიღოს. სასურველია დღის განმავლობაში ლეკვმა 3-4 ჯერ მიირთვას და მისი კვების გრაფიკი არ შეიცვალოს.

ვინაიდან, ზრდასთან ერთად კალორიების მოთხოვნილება კლებულობს, აუცილებლად შენიშნავთ, რომ ლეკვი საკვების ჯამში დატოვებას დაიწყებს. ამ დროს, ჭარბწონიანობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ლეკვს საჭმლის პორცია შეუმციროთ. გაითვალისწინეთ, რომ ლეკვის კვება მისი ასაკის, წონისა და ფიზიკური ჯანმრთელობის შესაბამისად, გრამობით უნდა რეგულირდებოდეს.

ახალგაზრდობის ასაკი

ახალგაზრდობის ასაკი ძაღლის დაბადებიდან 6-18 თვემდე პერიოდს მოიცავს. იმ შემთხვევაში თუ ძაღლი არ არის სტერილიზებული ან კასტრირებული, შესაძლოა, ამ დროს მის ორგანიზმში ჰორმონალურმა ცვლილებებმა იჩინოს თავი და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემებიც მკვეთრად გამოიხატოს.

ფიზიკური განვითარების ამ ეტაპზე მდედრ ძაღლებს ციკლი ეწყებათ, მამრი ძაღლები კი განსაკუთრებით ინტერესდებიან ტერიტორიული ქცევით, რაც ხშირად სივრცის „მოშარდვით“ მონიშვნასა და მონიშნული ადგილების ყნოსვაში გამოიხატება. 

თუ გსურთ, რომ განვითარების ამ ეტაპზე დადებითად იმოქმედოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ხასიათზე, სასურველია, წამახალისებელი მეთოდებით მის გაწვრთნას დაუთმოთ დრო. ასაკისთვის შესაფერის საუკეთესო ფიზიკურ მაჩვენებლებთან თავხვედრისთვის, დაბადებიდან 6-18 თვის მანძილზე, ძაღლმა დღის განმავლობაში 2-3 ჯერ უნდა მიირთვას მისთვის განკუთვნილი სპეციალური საკვები.

ზრდასრულობის ასაკი

პატარა ჯიშის ძაღლს ზრდასრულად მიიჩნევენ მაშინ თუ მისმა ასაკმა 18 თვეს მიაღწია. დიდი ზომის ძაღლებს რაც შეეხებათ, მათი ზრდასრულობის ასაკი 3 წლიდან დგება. ამ ასაკში ძაღლთან ურთიერთობა განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან შესაძლებლობა გაქვთ თქვენს ერთგულ კომპანიონთან ერთად ჩაერთოთ მრავალფეროვან აქტივობებში და ლაშქრობებთან ერთად შორეული მოგზაურობებიც კი დაგეგმოთ.

ასაკობრივი განვითარების წინა ფაზისგან განსხვავებით, ზრდასრულობის ასაკში ძაღლმა დღის განმავლობაში 2-ჯერ უნდა მიიღოს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი სრულყოფილი საკვები.

ხანდაზმულობის ასაკი

ხანდაზმულობის ასაკი ძაღლის ზომის მიხედვით 7-დან 10 წლამდე პერიოდში იწყება. ამ დროს ძაღლის სახე ფერმკრთალდება და მის ბეწვს ჭაღარა ერევა. ხანდაზმული ძაღლები აქტიური სირბილის ნაცვლად მშვიდად სეირნობას ანიჭებენ უპირატესობას. 

საყურადღებოა ისიც, რომ ძაღლის ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენთვის ძვირფასი ცხოველების ძილის ხანგრძლივობა იზრდება და ჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთგული კომპანიონის ხანდაზმულობის ასაკში ვეტერინართან რეგულარული ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სტატისტიკის თანახმად, ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 10-13 წელია. თუმცა, 1910 წელს, ავსტრალიაში დაბადებულმა ბლუიმ დაამტკიცა, რომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. ბლუი 29 წლის ასაკში გამოემშვიდობა მისთვის ძვირფას ადამიანებს და სწორედ ასაკის გამო დაიმკვიდრა ადგილი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში.

ასაკის შესაბამისად ცვლადი კვების რაციონი

განვითარების საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია ლეკვის რაციონი ზრდასრული ძაღლის საკვებთან შედარებით მეტი რაოდენობით ცილას, ცხიმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს და ქლორიდს შეიცავდეს. დაბალანსებული საკვები ლეკვის ფიზიკურ განვითარებასთან ერთად მისი ორგანიზმის გაუმჯობესებულ მეტაბოლიზმაც ეფექტურად უზრუნველყოფს.

თუ დიდი ზომის ძაღლი დეკონცენტრირებული ლეკვის საკვებით იკვებება, სახეობისთვის განკუთვნილ ზომამდე მისაღწევად მას მეტი დრო დასჭირდება. სწორედ ამიტომ, საკვების კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ბალანსის კალკულაცია განსაკუთრებული ყურადღებით ხდება.

ვინაიდან, დიდი ზომის ძაღლები ხშირად ორთოპედიული დაავადებების რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, განვითარების მდგრადი ტემპის უზრუნველსაყოფად, მათი ნაკლებად კონცენტრირებული საკვებით გამოკვებაა რეკომენდირებული. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ორსულადაა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სასურველია ნუტრიციოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე შეარჩიოთ მისი ასაკის შესაფერისი რაციონი.

არ არსებობს ზუსტი რეკომენდაცია იმის შესახებ თუ როდის უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ხანდაზმული ძაღლისთვის განკუთვნილ საკვებზე. თუმცა ნუტრიციოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ ხანდაზმული ძაღლის საკვებზე გადაყვანა პატარა სახეობებისთვის 8 წლის ასაკიდანაა სასურველი, საშუალო ჯიშის ძაღლების შემთხვევაში რეკომენდირებული ასაკი 7, დიდი და გიგანტი ჯიშის ძაღლების შემთხვევაში 6 და 5 წელია.მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული და ხანდაზმული ძაღლების რაციონი ინგრედიენტების თვალსაზრისით ხშირად ჰგავს ერთმანეთს, მნიშვნელოვანია შევარჩიოთ საკვები, რომელიც კუნთის მასის შესანარჩუნებლად და თირკმელების გადატვირთვის პრევენციისთვის ცხიმის, ანტიოქსიდანტებისა და ცილების დაბალანსებულ კომბინაციას შეიცავს.