კატის ჯიშები

შოტლანდიური ფოლდი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარები

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილდღეობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

შოტლანდიური ფოლდი

დაკეცილი ყურები შოტლანდიურ ფოლდს ბუების მსგავს იერს ანიჭებს. ჯიშის განმსაზღვრელი ეს უნიკალური მახასიათებელი გენეტიკური მუტაციის შედეგია. ფიზიკური მომხიბვლელობის მიღმა, შოტლანდიური ფოლდი ტკბილი და ნაზი ბუნებითაც არის ცნობილი. ჯიშის იშვიათი ფიზიკური მახასიათებლები, სამეფო ღირსებით გაჯერებული ტემპერამენტი და მოსიყვარულე თანამგზავრის რეპუტაცია  ფოლდებს ყველასთვის სანატრელ კომპანიონებად აქცევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • ტკბილი და ნაზი ტემპერამენტი
  • ადამიანებთან სიახლოვისადმი მიდრეკილება.
  • ადაპტირებადი ბუნება 
  • ლოიალურობა 
  • ბავშვებისადმი კეთილგანწყობა 
  • სიმშვიდე 
  • ცნობისმოყვარეობა 
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    შოტლანდიური ფოლდის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 36-41 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული შოტლანდიური ფოლდი 4.1 კილოგრამიდან 5.9 კილოგრამამდე იწონის. შოტლანდიური ფოლდის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    შოტლანდიური ფოლდის სიცოცხლის ხანგრძლივობა 11-დან 14 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    შოტლანდიური ფოლდის ბეწვის სიგრძე ინდივიდუალ შემთხვევებში შესაძლოა განსხვავდებოდეს. რაც უფრო გრძელია შოტლანდიური ფოლდის ბეწვი, მით უფრო რბილი და აბრეშუმისებრია შეხებისას. ფერთა მრავალფეროვნებას რაც შეეხება, ფოლდი შესაძლოა თეთრი, შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ატმისფერი იყოს. მოკლებეწვიანი შოტლანდიური ფოლდი, ჩვეულებისამებრ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ საჭიროებს დავარცხნას. გრძელბეწვიანი შოტლანდიურ ფოლდის შემთხვევაში, სასურველია დავარცხნის პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიმეოროთ.

  • ჯიშის ხასიათი

    შოტლანდიური ფოლდის წარმომადგენლები ნაზი და მშვიდი ბუნებით გამოირჩევიან. შოტლანდიური ფოლდის პიროვნების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი თავშეკავებული ქცევაა. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები არასდროს ითხოვენ ზედმეტ ყურადღებას, თუმცა კომპანიონი ადამიანების გვერდით გატარებული წუთებით მთელი არსებით ტკბებიან.

    შოტლანდიური ფოლდის ადაპტირებადი ბუნება საყოფაცხოვრებო ცვლილებებზეც ვრცელდება, რაც მათ დინამიური ცხოვრების წესის მქონე ოჯახებისთვის ან ინდივიდებისთვის შესაფერის თანამგზავრად აქცევს. შოტლანდიური ფოლდის პერსონაჟის კიდევ ერთი საყურადღებო თვისება მისი გონიერებაა. მაღალი ინტელექტის დამსახურებით შოტლანდიური ფოლდი შესანიშნავად ექვემდებარება წვრთნას. 

    ცნობისმოყვარე ბუნება ამ სახეობის წარმომადგენლებს გარემოს საკუთარი ტემპით შესწავლისკენ უბიძგებს, თუმცა თავშეკავებული ბუნების გამო, შოტლანდიური ფოლდები ამ პროცესში არასდროს ავლენენ მავნე ჩვევებს.  ამის საპირისპიროდ, ეს უნიკალური არსებები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ თქვენს გასამხიარულებლად და ყურადღების მისაქცევად უკანა თათებზეც სიამოვნებით დადგებიან. ამის შესაძლებლობას შოტლანდიურ ფოლდს ჩონჩხის აგებულების თავისებურება აძლევს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ოსტეოქონდროდისპლაზია 

    ოსტეოქონდროდისპლაზია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც შოტლანდიური ფოლდის ჩონჩხის განვითარებაზე ახდენს გავლენას და ძვლებთან ერთად ხრტილების დეფორმაციასაც იწვევს. დაავადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის ადრეულ გამოვლენასა და მართვაში რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები დაგეხმარებათ. მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარსამართად სამედიცინო შემოწმებასთან ერთად სათანადო კვებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საკვები ნივთიერებებით მდიდარი, კარგად დაბალანსებული დიეტა, საერთო ჯანმრთელობასთან ერთად ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ძვლების განვითარებასაც სათანადოდ შეუწყობს ხელს.

    სუნთქვის პრობლემები

    გენეტიკური მიდრეკილება კომპანიონი ცხოველების ამ სახეობას სუნთქვის გაძნელების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის. ვინაიდან, ჯანმრთელობის ეს პრობლემა ცხელ ან ნოტიო პირობებში უფრო მეტად მძაფრდება, გირჩევთ სათანადო ყურადღება მიაქციოთ გარემო პირობებს და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი უჰაერობასა და მაღალ ტემპერატურას მოარიდოთ. შოტლანდიური ფოლდის განსათავსებლად, საუკეთესო შემთხვევაში, კარგად ვენტილირებადი სივრცე შეარჩიეთ.

    კანის დაავადებები

    შოტლანდიური ფოლდისთვის დამახასიათებელი კანის ინფექციების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ალერგიული ფონია. შესაძლოა თქვენი ოთხფეხა მეგობარი საკვების ან გარემო ალერგენების  (მტვერი და ობი) მიმართ იყოს მგრძნობიარე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ალერგიით გამოწვეულ სიმპტომებს იოლად შეამჩნევთ. სიმპტომები კანის ქავილთან ერთად ბეწვის გადაჭარბებულ ცვენაშიც გამოიხატება. 

    კანის დაავადებებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასაცილებლად, სპეციალურად კატებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. აგრეთვე, სასურველია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ ხორბალს, სიმინდს და სოიას. სხვა სპეციფიკური ალერგენების გამოსავლენად აუცილებლად ესტუმრეთ ნუტრიციოლოგს. 

    შესაძლოა დაავადების გამომწვევი მიზეზი კომპანიონი ცხოველის კანზე მცხოვრები პარაზიტებიც იყვნენ, ამიტომ, რწყილების, ტკიპების და სხვა მავნებლების თავიდან ასაცილებლად ვეტერინარის მიერ რეკომენდებული ჰიგიენური პროდუქტები გამოიყენეთ.

    თირკმლის პოლიკისტოზი

    თირკმლის პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სითხით სავსე ცისტების ფორმირებას და თირკმელების ფუნქციის დაკარგვას იწვევს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის პოლიკისტოზის გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება და გამრავლების პროცესისთვის მათი შეუსაბამოდ გამოცხადებაა საჭირო.

    თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა სპეციალიზებული დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა რეკომენდირებული. სისხლის ანალიზები, ხშირი ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    თუ თქვენი შოტლანდიური ფოლდის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების უზრუნველყოფა გსურთ, პირველ რიგში, მის სათანადოდ გამოკვებაზე უნდა იზრუნოთ. ამისთვის, მისი სპეციფიკური კვებითი საჭიროებების ცოდნა და რაციონის ამის შესაბამისად შედგენაა საჭირო. ამგვარი კომპეტენტური ზრუნვით თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას და მისი საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფას შეძლებთ.

    შოტლანდიურ ფოლდებს ცხოველური ცილებით მდიდარი დიეტა ესაჭიროებათ. ამასთან ერთად, მათთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის საკვები ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების სათანადო რაოდენობასაც უნდა შეიცავდეს. გახსოვდეთ, კვების პროცესში კალორიების მოხმარების მონიტორინგი ჭარბწონიანობის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა. დაბალანსებულ კვებასთან ერთად სუფთა წყლის მიღებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი კომპანიონი ცხოველებისთვის. წყლის ნაკლებობამ შესაძლოა შარდსასქესო სისტემის დისფუნქცია და თირკმლის პრობლემები გამოიწვიოს. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი საკმარისი რაოდენობით არ იღებს წყალს, დამატებითი ტენიანობისთვის შეგიძლიათ რაციონში მშრალ საკვებთან ერთად სველი საკვებიც დაამატოთ.

    შოტლანდიური ფოლდის კვებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმ საკვები პროდუქტები, რომელთა კომპანიონი ცხოველებისთვის შეთავაზება კატეგორიულად იკრძალება. ამ საკვებ ნივთიერებს შოკოლადი, კოფეინი, ალკოჰოლი, ხახვი, ნიორი, ყურძენი, ქიშმიში, უმი ხორცი და კვერცხი მიეკუთვნება. ამ პროდუქტების თავის არიდება კომპანიონი ცხოველების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  

    იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი მისთვის განკუთვნილ საკვებს მიირთმევს, შესაძლოა თავი ალერგიულმა ფონმა იჩინოს. თუ ამ პროცესში ისეთ გვერდით მოვლენებს შენიშნავთ, როგორიც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კანის დაავადებები ან ქცევის უეცარი ცვლილებებია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ნუტრიციოლოგს. კვებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ნუტრიციოლოგთან განხილვა ჯანმრთელობის მართვის პროაქტიული მიდგომის საშუალებას იძლევა.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ფოლდის ისტორია 1961 წელს იწყება. შოტლანდიაში მცხოვრებმა მწყემსმა, უილიამ როსმა, მეზობლის ფერმაში თეთრი შეფერილობის, დაკეცილი ყურების მქონე კატა სახელწოდებით სუზი, სწორედ ამ წელს აღმოაჩინა. კომპანიონი ცხოველის გამორჩეული თვისებით მოხიბლულმა როსმა სუზი შეიძინა და ჯიშის შემდგომი განვითარებისთვის გენეტიკოს პეტ ტერნერთან დაიწყო თანამშრომლობა. 

    სუზი ბეღლის თეთრი კატა იყო, რომელმაც მემკვიდრეობით გენეტიკური მუტაცია მიიღო. სწორედ ამ გენეტიკური დარღვევის დამსახურება იყო მისი ყურების უნიკალური ვიზუალი. შოტლანდიური ფოლდის შთამბეჭდავ გარეგნობასთან ერთად,  ჯიშისთვის დამახასიათებელმა ნაზმა და კომუნიკაბელურმა ბუნებამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახეობის პოპულარიზაციას. დროის სულ მცირე მონაკვეთში, ფოლდები ბრიტანეთის შემდეგ ამერიკაშიც ერთ-ერთ ყველაზე სასურველ კომპანიონ ცხოველებად იქცნენ. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების საერთაშორისო ცნობადობა თავდადებული სელექციონერების ძალისხმევის დამსახურებაა.