ჭარბწონიანობა კატებში: პრობლემის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჭარბწონიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გავუმკლავდეთ. უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ნუტრიციოლოგთან კომუნიკაცია და კატის ჯანმრთელობის რეგულარული მონიტორინგი ჩვენი კომპანიონი ცხოველის ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების გარანტია.

მოცემულ სტატიაში ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ჭარბწონიანობის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე და გასწავლით პრობლემის დიაგნოსტირების შემდეგ როგორ უნდა მართოთ კატებში ჭარბი წონის კლების პროცესი.  

სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი მიზეზები

1. ჯიში

კატის ზოგიერთი ჯიში გენეტიკურად არის მიდრეკილი ჭარბი წონის მატებისკენ. მაგალითად, ნელი მეტაბოლიზმისა და საკვებისადმი სიყვარულის გამო, ისეთი ჯიშები, როგორიცაა ბრიტანული მოკლებეწვიანი, რაგდოლი და შოტლანდიური ფოლდი, მეტად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ დიეტა და ვარჯიში წონის მართვისთვის არსებით ფაქტორებად რჩება, სასურველია ამ ჯიშების მფლობელებმა განსაკუთრებული სიფრთხილით აკონტროლონ პორციების ზომა და სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად კატის რეგულარული ფიზიკური აქტივობა უზრუნველყონ.

2. ასაკი

ასაკის მატებასთან ერთად კატების მეტაბოლიზმი ბუნებრივად ნელდება. ამ პროცესს ნაკლები კალორიების წვა და მადის უცვლელად შენარჩუნება ახლავს თან. შესაბამისად, ხანდაზმული კატების დიეტისა და აქტივობის დონის გულდასმით მონიტორინგის გარეშე, ჭარბი წონის მატების რისკი ასაკის მატების პროპორციულად იზრდება.

ასაკის მატებასთან დაკავშირებული სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, მნიშვნელოვანია გამოცდილ ნუტრიციოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია და თქვენი კატის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული წონის მართვის სტრატეგია შეიმუშაოთ.

3. აქტივობა

აქტივობის დაბალი სიხშირე ჭარბწონიანობის მაპროვოცირებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეტისი კატებისგან განსხვავებით, შინაური კატები დროის უმეტეს ნაწილს უმოძრაოდ ატარებენ. მათი ცხოვრების პასიური წესი კი კალორიების დაგროვებას და წონის მნიშვნელოვნად მატებას იწვევს.

ბრიტანული მოკლებეწვიანი, რაგდოლი და შოტლანდიური ფოლდი ნაკლებად აქტიური კატების ის მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად რეგულარული ვარჯიში და დაბალანსებული კვება ესაჭიროებათ. შესაბამისად, თუ არ გსურთ უნებლიედ შეუწყოთ ხელი თქვენი კატის ჭარწონიანობას, სასურველია მათი რეგულარული ფიზიკური აქტივობა წაახალისოთ და საკმარისი დრო დაუთმოთ მათთან ინტერაქტიულ თამაშს.

4. სტერილურობა

სტერილიზაციამ შესაძლოა უნებლიედ შეუწყოს ხელი კატებში ჭარბი წონის განვითარებას. სტერილიზაციით გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებები ხშირად ანელებს კატის მეტაბოლიზმს და მათ ენერგეტიკულ მოთხოვნილებას ამცირებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია ნუტრიციოლოგის მიერ მოწოდებულ პოსტოპერაციულ მითითებებს მიჰყვეთ და კატის დაბალი ენერგეტიკული მოთხოვნილებები სათანადოდ დააკმაყოფილოთ. ამისთვის, სასურველია შეარჩიოთ პორციებით კონტროლირებადი, სტერილური კატის დაბალანსებული საკვები.

სიმსუქნესთან ასოცირებული 10 პათოლოგია

1. დაქვეითებული იმუნიტეტი

ნუტრიციოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჭარბი წონა კატის იმუნური სისტემის ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. სიმსუქნე ქრონიკულ ანთებას და ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს, რაც ასუსტებს ორგანიზმის უნარს ეფექტურად ებრძოლოს ინფექციებსა და დაავადებებს. ცხიმოვანი უჯრედები წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც იმუნურ პასუხს თრგუნავენ.

დაქვეითებული იმუნიტეტი ჭარბწონიან კატებს ინფექციების, კანის პრობლემებისა და ქრონიკული დაავადებებისადმი მიდრეკილს ხდის. ჯანსაღი წონის შენარჩუნება არა მხოლოდ ებრძვის სიმსუქნეს, არამედ გადამწყვეტ როლს ასრულებს კატის იმუნური სისტემის გაძლიერებაში, რაც თქვენი პატარა მეგობრის ხანგრძლივ და ჯანსაღ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

2. დიაბეტი

დიაბეტი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც სიმსუქნესთან ასოცირდება.  აღნიშნული მეტაბოლური დარღვევა მაშინ ვითარდება, როდესაც კატის ორგანიზმი სათანადოდ ვერ არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ჭარბი წონის ფონზე განვითარებული დიაბეტის მართვა კვებითი რაციონის ცვლილებასა და ინსულინოთერაპიას საჭიროებს.

3. რეპროდუქციული პრობლემები

ჭარბწონიან კატებს სითბოს არარეგულარული ციკლი და ნაყოფიერების პრობლემები აღენიშნებათ. ზედმეტი წონა ორსულობისა და მშობიარობის დროს გართულებების რისკსაც მნიშვნელოვნად ზრდის, რაც დედასა და კნუტს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. 

4. სუნთქვის გაძნელება

სხეულში არსებული ზედმეტი ცხიმი გულმკერდის ღრუს კუმშავს და ფილტვების სრულ გაფართოებას უშლის ხელს. შესაძლოა ეს პროცესი დროთა განმავლობაში სასუნთქი გზების ისეთ ობსტრუქციულ დაავადებაში გადაიზარდოს, როგორიცაა, მაგალითად ასთმა. კატებში რესპირატორული დისტრესის ნიშნები გახშირებული სუნთქვა და ხიხინია.

5. კუჭ-ნაწლავის დაავადებები

კატებში გავრცელებული კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ჩვეულებისამებრ, ინფექციით, დიეტური მგრძნობელობითა და ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესებით არის გამოწვეული.  

ჭარბმა წონამ შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვა და ისეთი დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს, როგორიც გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD) და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომია (IBS). აღსანიშნავია ისიც, რომ ჭარბწონიანი კატები პანკრეატიტისა და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადებისკენ არიან მიდრეკილნი.

6. ღვიძლის გაცხიმოვნება

როდესაც ჭარბწონიანი კატები წონის სწრაფ კლებას ან კალორიების შემცირებული ოდენობით მიღებას განიცდიან, ენერგიის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მათი სხეული ცხიმის მომარაგებას იწყებს. ცხიმის ეს მარაგი შესაძლოა ღვიძლში დაგროვდეს და მისი ფუნქციის დარღვევის გამო ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს.

ამ პროცესთან დაკავშირებულ სიმპტომები სიყვითლესა და ღებინებასთან ერთად, ლეთარგიასა და მადის დაკარგვასაც მოიცავს. პრობლემის დროულ დიაგნოსტიკასა და მის ეფექტურად მართვას თქვენი კომპანიონი ცხოველის სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

7. პირის ღრუს დაავადებები

საინტერესოა, რომ პირის ღრუს დაავადებები კატებში სიმსუქნეს უკავშირდება. ჭარბწონიანი კატები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ისეთი სტომატოლოგიური პრობლემებისადმი, როგორიც გინგივიტი, პაროდონტის დაავადება და სტომატოლოგიური ინფექციებია.

პირის ღრუს დაავადებები ტკივილს, კვების გაძნელებასა და კბილების დაკარგვაც კი იწვევს. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, სათანადო კვებასა და რეგულარულ ვეტერინარულ შემოწმებას კატებში პირის ღრუს დაავადებების პრევენციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

8. საშარდე გზების დაავადებები

ჭარბი წონა კატებში განვითარებულ საშარდე გზების დაავადებებს კიდევ უფრო მეტად აუარესებს. ამ დროს კატის ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი მცირდება, შარდის ph მაჩვენებელი იცვლება და მისი კონცენტრაციის დონე იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჭარბწონიან კატებს საკუთარი თავის ადეკვატურად მოვლა ძალიან უჭირს, რაც, სამწუხაროდ, ბაქტერიული დაბინძურების მზარდ რისკში გამოიხატება.

9. დერმატოზი

ჭარბმა წონამ შესაძლოა კანის პრობლემებიც გამოიწვიოს. ამის მიზეზი კანის საფარის ქვეშ დაგროვებული ის ცხიმოვანი ფენაა, რომელიც სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჭარბწონიანი კატები ბეწვის სათანადოდ მოვლას ვერ ახერხებენ. ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააუარესოს კანის პრობლემები და კანის სიჭითლესთან ერთად, ქავილი და თმის ცვენა გამოიწვიოს. დერმატოლოგიური პრობლემების რისკის შესამცირებლად დაბალანსებულ დიეტასა და წონის კონტროლს არსებითი მნიშვნელობა აქვს.

10. ორთოპედიული დაავადებები

ორთოპედიული დაავადებები კატების ძვლებზე, სახსრებსა და კუნთებზე ახდენს გავლენას. შესაძლოა ამ დარღვევებმა დისკომფორტთან ერთად ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვაც გამოიწვიოს. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აისახება კატის ცხოვრების ხარისხზე. ჭარბი წონის ფონზე განვითარებული ოსტეოართრიტი და სახსრების დეგენერაციული დაავადება, ჩვეულებისამებრ, უფრო რთულად მიმდინარეობს კატებში.

სიმსუქნის დიაგნოსტიკა, შეფასება და მკურნალობა

კატების სიმსუქნის დიაგნოსტიკას, შეფასებასა და მკურნალობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მათი ცხოვრების ჯანსაღი წესის უზრუნველსაყოფად. პროცესი, როგორც წესი, ვეტერინარის მიერ ყოვლისმომცველი ფიზიკური გამოკვლევით იწყება და კატის სხეულის მდგომარეობასთან ერთად, წონისა და საერთო ჯანმრთელობის შეფასებასაც გულისხმობს.

შეფასების შემდგომი ეტაპი სხეულის მდგომარეობის ქულით განსაზღვრა და წონის კლების შესაბამისი მიზნების დასახვას მოიცავს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კატის კვებითი ჩვევებისა და აქტივობის დონის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ჯანმრთელობის ძირითადი პრობლემების (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები) გამოსარიცხად, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, აგრეთვე, საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის აღებაც.

მკურნალობის სტრატეგიები დაბალანსებულ საკვებზე ფოკუსირებას, კვების გრაფიკის კორექტირებასა და პორციების კონტროლს გულისხმობს. თუმცა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კალორიების შეზღუდვის რეკომენდებული დონე კატის ყოველდღიური ულუფის 60%-ს უნდა შეადგენს.

აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ კვირის განმავლობაში რეკომენდირებული წონის კლების ინდექსი სხეულის მასის 1-1,5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. წონის სწრაფმა კლებამ (>2%) შესაძლოა სხეულის მასის დაკარგვა, არასასურველი ქცევის განვითარება და ღვიძლის გაცხიმოვნება გამოიწვიოს.

დასკვნა

კატების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ჭარბწონიანობის დიაგნოსტიკას, შეფასებასა და მკურნალობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. დიაგნოსტირება ვეტერინარული გამოკვლევის საფუძველზე კატის წონისა და სხეულის მდგომარეობის შეფასებას გულისხმობს. მკურნალობა კი დიეტის მოდიფიკაციას ისახავს მიზნად და პორციის კონტროლსა და დაბალანსებულ კვებაზეა ფოკუსირებული

გაითვალისწინეთ, რომ ინტერაქტიული სათამაშოების მეშვეობით ფიზიკური აქტივობის წახალისება და პროცესის რეგულარული მონიტორინგი წონის კლების ეფექტურობის გარანტია!