კატის ჯიშები

რაგდოლი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

რაგდოლი

მშვიდი ტემპერამენტი და გამორჩეული გარეგნობა რაგდოლს მართლაც განსაკუთრებულ თანამგზავრად აქცევს. კატების სამყაროს „ნაზი გიგანტის“ სახელით ცნობილი რაგდოლები დიდი ზომით, თვალწარმტაცი ცისფერი თვალებით და გრძელი ბეწვით გამოირჩევიან. კომპანიონი ცხოველების ეს სახეობა განსაკუთრებით სოციალურია. ისინი ძლიერ კავშირს აყალიბებენ ოჯახის წევრებთან და სხვა შინაურ ცხოველებსაც შესანიშნავად ეწყობიან. 

მშვიდი ტემპერამენტი და ადაპტირებადი ბუნება მათ შიდა სივრცისთვის შესაფერის, იდეალურ კომპანიონებად აქცევს. რაგდოლები გონიერებითაც გამოირჩევიან და მათთვის შერჩეულ სახელზე მყისიერად რეაგირებენ. კომუნიკაბელურობის, ნაზი ბუნებისა და ინტელექტის ეს სასიამოვნო კომბინაცია რაგდოლს განსაკუთრებულ დანამატად აქცევს ნებისმიერი ოჯახისთვის.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მშვიდი და მოსიყვარულე ბუნება  
  • მეგობრული ტემპერამენტი
  • კომუნიკაბელური ხასიათი
  • გონიერება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    რაგდოლის სიმაღლე 23-28 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 43-53 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული რაგდოლი 3.6 კილოგრამიდან 9.1 კილოგრამამდე იწონის. თუმცა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, რაგდოლის წონა გენეტიკურ მემკვიდრეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კვების რაციონზეა დამოკიდებული. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    რაგდოლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    რაგდოლის რბილი და აბრეშუმისებრი ბეწვი ჯიშის სილამაზესა და ელეგანტურობას კიდევ უფრო მეტი სიცხადით წარმოაჩენს ჯანსაღი მბზინვარების შესანარჩუნებლად რაგდოლის ბეწვი რეგულარულ მოვლას საჭიროებს. საუკეთესო შემთხვევაში, სასურველია თქვენი კომპანიონი ცხოველის ბეწვი კვირაში მინიმუმ ორჯერ დავარცხნოთ.

  • ჯიშის ხასიათი

    რაგდოლი ნაზი და თავშეკავებული პიროვნებით არის ცნობილი. მაღალი ინტელექტის წყალობით, ეს გასაოცარი კატები სწრაფად ითვისებენ ყველაფერს, რასაც კომპანიონი ადამიანები ასწავლიან. მშვიდი ტემპერამენტის მიუხედავად, რაგდოლები სიამოვნებით ერთვებიან სახალისო აქტივობებში და უპირატესობას ოჯახის წევრებთან ერთად თამაშს ანიჭებენ. 

    რაგდოლის მოსიყვარულე ბუნება ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება. დიდი ზომის მიუხედავად, ეს გასაოცარი არსებები სულაც არ არიან მიდრეკილი დესტრუქციული ქცევისადმი. ნაზი და ადაპტირებადი პიროვნება მათ შესანიშნავ თანამგზავრებად აქცევს იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები და სხვა შინაური ცხოველები ცხოვრობენ. რაგდოლის ყოლა შესანიშნავი არჩევანია მარტო მცხოვრები იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ისეთ კომპანიონ ცხოველს ეძებენ, რომელიც სახლს სილამაზითა და სითბოთი აავსებს.

    კომუნიკაბელური ბუნება რაგდოლს კომპანიონ ადამიანებთან ძლიერი ემოციური კავშირის დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ამაში მაშინ დარწმუნდებით, როდესაც თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს, შინ დაბრუნებული, კართან მომლოდინეს აღმოაჩენთ.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის კუნთების შესქელებას და სისხლის მიმოქცევის გაძნელებას იწვევს. დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილების გამო, სასურველია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის გულის ჯანმრთელობა სათანადო ვეტერინარული გამოკვლევით რეგულარულად შეამოწოთ. 

    ჯიშისთვის შესაფერისი სხეულის წონის შენარჩუნება, დაბალანსებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

    თირკმლის პოლიკისტოზი 

    თირკმლის პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც თირკმელებში სითხით სავსე ცისტების წარმოქმნას იწვევს. დაავადებას შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა, პირის სიმშრალე და წყურვილის მომატებული შეგრძნება ახლავს თან. 

    თირკმლის პოლიკისტოზის დროს სასურველია კომპანიონი ცხოველი ცილების, მარილებისა და ცხიმიანი ხორცის დიდი რაოდენობით მიღებას მოარიდოთ.  გახსოვდეთ, თირკმელების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად დაბალანსებული დიეტის დაცვა და სუფთა წყლის რეგულარული მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    წონის მატებისადმი მიდრეკილება

    სიმსუქნემ შესაძლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის დიაბეტი, ართრიტი და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაც კი გამოიწვიოს. რაგდოლის წონის მონიტორინგი დაბალანსებულ დიეტას, პორციების კონტროლს და რეგულარულ ვარჯიშს საჭიროებს. 

    თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში კატებისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის საკვების მიღება, ზედმეტი კალორიების თავიდან აცილება და ინტერაქტიული თამაშები დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი,  აქტიური ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია ჭარბწონიანობის თავიდან აცილებასთან ერთად თქვენი კომპანიონი ცხოველის ბედნიერი ცხოვრების უზრუნველყოფაშიც დაგეხმარებათ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული, კარგად დაბალანსებული საკვები რაციონი რაგდოლის ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია. მაღალი ხარისხის კომერციული საკვები, სათანადო ჰიდრატაცია და ნუტრიციოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ იყოთ კომპეტენტური მშობელი და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრზე ისე იზრუნოთ, როგორც საჭიროა. 

    რაგდოლი უნდა იკვებებოდეს მაღალი ხარისხის კატის საკვებით, რომელიც მის ასაკს, წონას და აქტივობის დონეს შეესაბამება. მათი ყოველდღიური პორციის მრავალჯერად მცირე კვებაზე დაყოფა წონის მართვაში და ზედმეტი კალორიების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. სათანადო კვება სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად და ჯიშისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

    როგორც კომპეტენტურ მშობელს, გირჩევთ კვების დასრულებისთანავე დაცალოთ თასი მასში დარჩენილი საკვებისგან. საკვების თასში დატოვებამ შესაძლოა ჭარბი კვება და სიმსუქნე გამოიწვიოს. გახსოვდეთ, ჭარბწონიანობა კატებში დიაბეტის განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი კომპანიონი ცხოველი სათანადო ოდენობით არ იღებს წყალს, მისი ორგანიზმის ჰიდრატაციაში სველი და მშრალი საკვების კომბინაცია დაგეხმარებათ. 

    ცილა რაგდოლის დიეტის აუცილებელი კომპონენტია. ჩვეულებისამებრ, ცხოველური წარმოშობის ცილები კატებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მცენარეული ალტერნატივები. ნუტრიციოლოგთან  კონსულტაცია და თქვენი კომპანიონი ცხოველის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ცილებზე სპეციფიკური მოთხოვნის დადგენა გონივრული ნაბიჯია.

    დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის დიეტა კარგად დაბალანსებულია და A, D და E ვიტამინებთან ერთად კალციუმსა და ფოსფორსაც შეიცავს. ნუტრიციოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა რაციონში ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დამატებაც რაციონალური გადაწყვეტილება იყოს.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    რაგდოლის ისტორია 1960-იან წლებში იწყება და კალიფორნიაში მცხოვრებ ენ ბეიკერს უკავშირდება. ენ ბეიკერის ცნობით რაგდოლის ჯიში ექსპერიმენტული მოშენების შედეგი იყო და მასში თეთრ სპარსულ კატასთან, ჟოზეფინასთან ერთად რამდენიმე სხვა უცნობი წარმოშობის კატაც მონაწილეობდა. ვარაუდობენ, რომ რაგდოლის ჯიშის დახვეწისა და მისთვის სასურველი მახასიათებლების მინიჭების მიზნით, სელექციის პროცესში ბირმანი და ანგორაც მონაწილეობდნენ. 

    რაგდოლი ნაჭრისგან დამზადებულ რბილ თოჯინას ნიშნავს. რაგდოლის ჯიშმა ეს სახელწოდება მორჩილი ბუნებისა და ხელში აყვანის დროს კუნთების მოდუნების გამო დაიმსახურა. 

    რაგდოლის უნიკალურმა ტემპერამენტმა და გასაოცარმა გარეგნობამ სწრაფად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. 1970-იან წლებში ენ ბეიკერმა ჯიშის კომერციალიზაცია დაიწყო და რაგდოლის კატების საერთაშორისო ასოციაცია ჩამოაყალიბა. ასოციაციის მიზანი ჯიშის პოპულარიზაცია და რაგდოლის გამრავლებასთან დაკავშირებული სტანდარტების კონტროლი იყო. ჯიშის პოპულარობის ზრდას მალე რაგდოლის გლობალური ექსპორტი მოჰყვა. 

    კომპანიონი ცხოველების ამ სახეობის საერთაშორისო ცნობადობას უნდა ვუმადლოდეთ თავდადებულ სელექციონერებს, რომლებმაც დააფასეს რაგდოლის უნიკალური თვისებები და მათ დახვეწაზე გულმოდგინედ იმუშავეს. ფრთხილი სელექციის პრაქტიკისა და დადგენილი სტანდარტების დაცვით, რაგდოლი გახდა ყველასთვის საყვარელი ჯიში, რომელიც მიმზიდველი პიროვნებისა და გასაოცარი გარეგნობის დამსახურებით ავსებს კატების მოყვარულთა გულებს ბედნიერებით.