აგრესიული კატების ფსიქოლოგია: აგრესიის მართვის პრაქტიკული სახელმძღვანელო

ვეტერინარები კატის მიერ გამოვლენილ აგრესიას კატეგორიებად ყოფენ. თუმცა, შესაძლოა დაკვირვების შედეგად აღმოაჩინოთ, რომ კატა რამდენიმე ტიპის აგრესიას ერთდროულად ავლენს. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება და საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა გმართებთ. 

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადრეული ჩარევა საუკეთესო გამოსავალია. ნებისმიერი სახის ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა კატის შფოთვა გაამძაფროს და მნიშვნელოვნად გააუარესოს მისი აგრესია. აგრესიის სამკურნალოდ დანიშნულ მედიკამენტურ მკურნალობას ხშირად განსაკუთრებული ეფექტური აქვს, თუმცა, მხოლოდ მაშინ თუ ის ქცევის და/ან გარემოს მოდიფიკაციასთან ერთად კომბინაციაში ინიშნება.

აგრესიის მართვის პირველი ნაბიჯი აგრესიული ქცევის სამედიცინო მიზეზის გამორიცხვაა. აგრესიის გამოწვევა ისეთ დაავადებებსაც შეუძლია, როგორიც ჰიპერთირეოზი, ოსტეოართრიტი და ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციაა. ამიტომ სანამ ქცევითი და/ან გარემოს მოდიფიკაციის გზით შეეცდებით აგრესიული კატების მართვას, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარულ კლინიკას.

მას შემდეგ, რაც ვეტერინარი სამედიცინო პრობლემას გამორიცხავს, აგრესიის ტიპის განსაზღვრას მისი გამომწვევი მიზეზის დასადგენად და მკურნალობის გეგმის შესამუშავებლად არსებითი მნიშვნელობა აქვს. 

7 ყველაზე გავრცელებული აგრესიის ტიპი

კატებს აგრესიას შესაძლოა მრავალი მიზეზის გამო გამოხატავდნენ. კატის აგრესიული ქცევის მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა ტიპის აგრესია განსხვავებულად იმართება. სტატიის ამ ნაწილში კატების აგრესიის ზოგად კატეგორიზაციასთან ერთად მათი მოგვარების გზებსაც შემოგთავაზებთ. 

1. შიშით გამოწვეული აგრესია

ამ ტიპის აგრესია შესაძლოა მაშინ გამოვლინდეს, როდესაც კატა უცხო ადგილას, მისთვის უცნობი ადამიანების ან ცხოველების გარემოცვაში ხვდება. 

შიშით გამოწვეული აგრესიის ნიშნები ყურების პოზიციის ცვლილებასთან ერთად, მოშიშვლებულ კბილებსა და ყალყზე დამდგარ ბეწვის საფარსაც შეიძლება მოიცავდეს. ამ ტიპის აგრესიასთან გამკლავების საუკეთესო გზაა ისეთი სიტუაციების იდენტიფიცირება და თავიდან აცილებაა, რომლებიც კატაში შიშსა და დისკომფორტს იწვევს. 

გაითვალისწინეთ, მიზანშეწონილი იქნება თუ მოთმინებას გამოიჩენთ და აგრესიის გამოვლინების პროცესში კატის დამშვიდებას არ ეცდებით. დამშვიდების მცდელობა შესაძლოა კატამ აგრესიის განმამტკიცებელ ფაქტორად აღიქვას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, უკან არ დაიხიოთ და შიში არ გამოავლინოთ.  ამან შესაძლოა მეტი თავდაჯერება შემატოს თქვენს კომპანიონ ცხოველს და მისი აგრესიული ქცევა უფრო მეტად გააძლიეროს. 

2. მოფერებით გამოწვეული აგრესია

ზოგიერთმა კატამ შესაძლოა მოულოდნელად, მოფერებისას გამოიჩინოს აგრესია. აგრესიის ამგვარი გამოვლინება შეგვიძლია კატის დომინანტური მიდრეკილებით ავხსნათ. მათ  უბრალოდ სურთ აკონტროლონ როდის დასრულება თქვენი მათთან ინტერაქცია. ამ ტიპის აგრესია შესაძლოა ისეთმა რუტინულმა ჰიგიენურმა პროცედურებმაც გამოიწვიოს, როგორიც, მაგალითად, ფრჩხილების მოჭრაა. 

მოფერებით გამოწვეული აგრესიის გამოვლენამდე კატის გუგები ფართოვდება და მისი კუდი ბეწვის საფართან ერთად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოდის. ამ დროს სასურველია თავი აარიდოთ მოულოდნელ ფიზიკურ კონტაქტს და კატას ნება მისცეთ თავად გადაწყვიტოს როდის მოვა თქვენთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კატებზე ზედამხედველობა, რომლებიც ამ ტიპის აგრესიას მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ავლენენ. საუკეთესო შემთხვევაში, გირჩევთ პატარა ბავშვებსა და კატებს შორის ფიზიკური კონტაქტი მინიმუმამდე შეამციროთ, იმ შემთხვევაში, თუ კატას აგრესიის გამოვლინების ხანგრძლივი ისტორია აქვს.

3. ირიბი აგრესია

როდესაც კატები ემოციების მოზღვავებას გრძნობენ, მაგრამ მათზე ზემოქმედება არ შეუძლიათ, შესაძლოა აგრესია ადამიანებზე გადაიტანონ. ირიბი აგრესიის გავრცელებული მაპროვოცირებელი ფაქტორი ხმამაღალ ხმებს, ფანჯრიდან სხვა კატების დანახვას ან სახლში კიდევ ერთი კომპანიონი ცხოველის მოყვანას მოიცავს. ამ ტიპის აგრესიის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მაპროვოცირებელი გარემოებების თავიდან აცილებაა. 

4. ტკივილით გამოწვეული აგრესია

ტკივილით გამოწვეული, ადამიანების ან სხვა შინაური ცხოველების მიმართ გამოვლენილი აგრესია შეხების, მოძრაობის ან ისეთი აქტივობის თავიდან აცილებას ემსახურება, რომელმაც შესაძლოა ტკივილი გააუარესოს. მაგალითად, ოსტეოართრიტის მქონე კატებისთვის სახსრებზე  შეხება შესაძლოა მტკივნეული აღმოჩნდეს და საპასუხო რეაქციის სახით აგრესია გამოიწვიოს. იშვიათად, მაგრამ ზოგიერთმა კატამ შესაძლოა აგრესიული მოქმედება სხეულის ოდესღაც მტკივნეული ნაწილების შეხორცების შემდეგაც გააგრძელოს, რათა ადრე განცდილი ტკივილი აიცილოს თავიდან. 

ტკივილით გამოწვეული აგრესიის მართვას  კატის სხეულის მტკივნეულ ადგილებზე შეხებისგან თავის შეკავებით და ვეტერინართან ერთად ტკივილის კონტროლისთვის ეფექტური თერაპიული გეგმის შემუშავების გზით შეძლებთ. 

5. ტერიტორიული აგრესია

კატები ტერიტორიების დამკვიდრებისა და დაცვისკენ არიან მიდრეკილნი. ამის გამო მათ შეიძლება იმ ახლად შემოყვანილი კატების, სხვა ცხოველების ან ადამიანების მიმართ გამოავლინონ აგრესია, რომლებიც მათ პერსონალურ სივრცეს ხელყოფენ. ტერიტორიულ აგრესიას ხშირად სოციალური დომინირების სურვილთან აიგივებენ. 

სტატუსის მოპოვების სურვილით გამოწვეული აგრესიის გადასაჭრელად საუკეთესო გზა დამნაშავე კატის სრული იგნორია. დაიმახსოვრეთ, არასოდეს ჩადგეთ ორ აგრესიულ კატას შორის. შესაძლოა ამ დროს მნიშვნელოვნად დაშავდეთ.

კონფლიქტში ჩართული კატების დასამშვიდებლად, გირჩევთ კატები ერთი და იმავე ოთახის მოპირდაპირე პოლუსებზე მოათავსოთ, თუმცა ინტერაქციის შესაძლებლობა არ მისცეთ. მათთვის განკუთვნილი სივრცის მოსანიშნად ისეთი ბარიერების გამოყენება შეგიძლიათ, როგორიც ბავშვის კარიბჭე, მუყაოს, ხისგან ან პლასტმასისგან დამზადებული პანელებია. მას შემდეგ რაც კატები ერთმანეთს შეეგუებიან, ეტაპობრივად შეამცირეთ მანძილი და ერთად ყოფნის უფლება მიეცით. დიდი ალბათობით, აგრესია მათ შორის აღარ გამოვლინდება. 

6. ჰორმონალური სიმწიფით გამოწვეული აგრესია

სოციალური სიმწიფის პერიოდში, ორიდან ოთხ წლამდე, მამრმა და უფრო იშვიათად მდედრმა კატებმა შესაძლოა სხვა მამრი კატების მიმართ გამოხატონ აგრესია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო პირველი ნაბიჯი პროცესში ჩართული ყველა კატის სტერილიზაციაა, რადგან ამ ტიპის აგრესიის ფორმირებაში ჰორმონები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. მაგრამ, თუ სტერილიზაცია ვითარებას არ გააუმჯობესებს, გირჩევთ კატები ერთმანეთისგან  გააცალკეოთ. 

7. დედობრივი აგრესია

კატებმა, რომლებმაც ახლახან იმშობიარეს და ძუძუთი კვებავენ კნუტებს, შესაძლოა აგრესია იმ პირების მიმართ გამოიჩინონ, რომლებიც მათთან მიახლოვებას ცდილობენ. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია წყნარი, დაბალი სტრესის მქონე გარემო უზრუნველყოთ, მინიმუმამდე შეამციროთ ვიზიტორების რაოდენობა და კნუტებთან კონტაქტს მოერიდოთ. დედა კატის აგრესია მაშინ მინელდება, როდესაც კნუტები დამოუკიდებლობას ისწავლიან.

როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც კატა თქვენს მიმართ ავლენს აგრესიას? 

თუ კატამ დაგკაწრათ და დაზიანებები სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ეს სერიოზულ პრობლემად აღიქმევა. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ კატა სხვა ადამიანებისა და ცხოველებისგან მოშორებით, უსაფრთხო ადგილას იმყოფება. თუ გსურთ თქვენი კომპანიონი ცხოველის მდგომარეობა არ დაამძიმოთ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კატას აგრესიაზე აგრესიით არ უპასუხოთ.  

მნიშვნელოვანია გაიაზროთ რამ გამოიწვია კატის აგრესიული ქცევა და ამის შესაბამისად ეცადოთ, რომ მომავალში მსგავს მაპროვოცირებელ ქმედებას აღარ ჰქონდეს ადგილი თქვენი მხრიდან. 

აგრესიის გამოვლენის მომენტში კატასთან მიახლოვებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ მასთან თვალით კონტაქტის დამყარებას და ყურადღება სხვა საქმეზე გადაიტანეთ. გირჩევთ, აგრესიული ეპიზოდის გამოვლენისას კატას არ გადაეღობოთ. შესაძლოა თქვენი ეს ქმედება კატამ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვად აღიქვას და მეტად აგრესიული გახდეს. 

თუ ეს კატის მიერ აგრესიის გამოვლენის პირველი შემთხვევა არ არის, აუცილებლად დაუკავშირდით ვეტერინარს და შეძლებისდაგვარად დეტალურად აუხსენით რა მოხდა და როგორ პროგრესირდა თქვენი კომპანიონი ცხოველის აგრესიული ქცევა.