ახალდაბადებული კნუტების კვება

კნუტების ნუტრიციული მოთხოვნილება ზრდასრული კატების კვების თავისებურებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სწორედ ამიტომ, საჭიროა კნუტებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საკვები მივაწოდოთ.

იდეალურ შემთხვევაში, ახალდაბადებულ კნუტებს დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში (4-6 კვირა) დედა კვებავს. დროის ამ მონაკვეთში მიღებული დედის რძე და მასში არსებული ნუტრიენტები კნუტის ნუტრიციოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მისი ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად სავსებით საკმარისია.

ვინაიდან, სასურველია კნუტმა განვითარების ადრეულ ეტაპზე დედის რძისგან მიიღოს ზრდისთვის საჭირო ყველა ნივთიერება, უმჯობესია სწორედ კნუტის დედა გადავიყვანოთ გაძლიერებულ კვებაზე და მას მაღალი ხარისხის კნუტის საკვებით გავუმასპინძლდეთ. 

კნუტების ნუტრიციული საჭიროება

სწორი კვება კნუტების განვითარების ადრეულ ეტაპზე ჯანსაღი ძვლებისა და კუნთების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ძლიერ იმუნურ სისტემასთან ერთად ჩვენი პატარა მეგობრის საერთო კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს. 

ვინაიდან, ცილა ქსოვილების საშენი მასალაა, განვითარების ადრეულ ეტაპზე კნუტებს ცილის მაღალი შემცველობის მქონე დიეტა ესაჭიროებათ. ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ცილებთან ერთად კნუტებს მეტი კალორიაც ესაჭიროებათ, ამიტომ მათი დიეტის ცხიმებით გამდიდრება კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტორია. 

ძლიერი ძვლებისა და კბილების განვითარებისთვის კალციუმი და ფოსფორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტებია. თუმცა, ძვლოვანი სისტემის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ამ ელემენტების მიღებისას სწორი ბალანსის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიტამინებისა და მინერალების, მათ შორის D ვიტამინის, ტაურინისა და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების სათანადო მიღება, კატის ჯანსაღი გულის, თვალებისა და მბზინავი ბეწვის საფარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია დაგეხმარებათ თქვენი კნუტის ასაკის, წონისა და ფიზიკური აქტივობის შესაბამისად შეარჩიოთ მისთვის ოპტიმალური დიეტა, რომელიც კნუტის ყველა ნუტრიციოლოგიურ საჭიროებას დააკმაყოფილებს.

როგორ მოვიქცეთ თუ კნუტს დედა არ ჰყავს? 

იმ შემთხვევაში, თუ ახალდაბადებულ კნუტს დედა არ ჰყავს, ან დედას რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია მისი რძით გამოკვება, შეგვიძლია დედის რძის შემცვლელი კნუტს საწოვარით მივაწოდოთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დედის რძის ნაცვლად კნუტისთვის სხვა სახეობის რძის (მაგ., ძროხა, ადამიანი, თხა) მიწოდება არ არის რეკომენდირებული. 

საწოვარისა და რძის შემცვლელის შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოომაღაზიაში შეძლებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია საწოვარის ზომა კნუტის ზომის შესაბამისად, სწორად შეარჩიოთ.

კნუტის კვების ინტენსივობა: პორციების ზომა & სიხშირე 

თუ ახალდაბადებულ კნუტს დედა არ ჰყავს და მისი ხელით გამოკვება ხდება საჭირო, სასურველია, ის 2 კვირამდე ყოველ 2 საათში ერთხელ გამოკვებოთ საწოვარით. კნუტი ჭამას თავად შეწყვეტს როდესაც დანაყრდება. 2-დან 4 კვირამდე კვების ინტენსივობა იცვლება. შესაბამისად, გირჩევთ ამ პერიოდში კნუტს ყოველ 3-4 საათში ერთხელ მიაწოდოთ საკვები. მე-4 კვირიდან კნუტი ნელნელა შეაჩვიეთ მშრალ საკვებს (ქიბლებს). კნუტისთვის განკუთვნილი მშრალი ქიბლები შეგიძლიათ დედის რძეს ან რძის შემცვლელს შეურიოთ, კარგად დაალბოთ და სადილის კოვზით მიაწოდოთ კნუტს. 

თავდაპირველად, შესაძლოა კნუტმა მშრალი საკვები იუაროს, თუმცა იოლად ნუ დანებდებით და კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეთ თქვენი მცდელობა. ნუ დააჩქარებთ პროცესს, კნუტს სიახლესთან შესაჩვევად იმდენი დრო მიეცით, რამდენიც დასჭირდება. ორგანიზმის ყველა საჭირო მინერალით გასამდიდრებლად, მშრალ საკვებთან ერთად, კნუტს 6 კვირამდე საწოვარით კვლავ მიაწოდეთ რძის შემცვლელი (7-8 საათში ერთხელ). პროცესის სწორად წარმართვის პარალელურად კი ყოველდღიურად შეამოწმეთ კნუტის წონა და დარწმუნდით რომ ის სტაბილურად იმატებს წონაში.

როდესაც კნუტი ზრდის მე-4 კვირას მიაღწევს, მნიშვნელოვანია საკვებთან ერთად მას სუფთა წყალიც მიაწოდოთ. სასურველია, წყლის თასი კნუტის საწოლისგან მოშორებით, იოლად ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსოთ. კნუტს წყალი დღეში რამდენჯერმე გამოუცვალეთ და ეცადეთ მისი ტემპერატურა ყოველ ჯერზე ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ მეტი იყოს. კნუტისთვის ცივი წყლის მიღება რეკომენდირებული არ არის. 

6-8 კვირის პერიოდში კნუტი მზად არის სპეციალურად კნუტისთვის შექმნილ საკვებზე გადავიდეს. ამ პერიოდში კნუტს უნდა შევთავაზოთ როგორც მშრალი, აგრეთვე სველი საკვები და მას შესაძლებლობა უნდა მივცეთ არჩევანი თავად გააკეთოს. 

მე-8 კვირიდან 6 თვის ჩათვლით კნუტი დღეში 3-4-ჯერ სპეციალურად მისთვის განკუთვნილი საკვებით უნდა გამოვკვებოთ. 6 თვიდან 1 წლამდე შეგვიძლია ულუფების რაოდენობა დღეში ორამდე შევამციროთ. 1 წლიდან კნუტი ზრდასრულობის ასაკს აღწევს, შესაბამისად, განვითარების ამ ეტაპიდან იცვლება როგორც საკვების ფორმულა, ასევე ულუფების ზომა. 
ზრდასრულმა კატებმა, ჩვეულებრივ, დღეში 2-4-ჯერ უნდა მიირთვან სპეციალურად  კატებისთვის შექმნილი, სრულყოფილი და დაბალანსებული საკვები. თუმცა საკვების პორციის ზომა, ყოველ ინდივიდუალ შემთხვევაში ასაკის, ზომის და აქტივობის დონის შესაბამისად, ნუტრიციოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე უნდა განისაზღვროს.