სასუნთქი გზების ობსტრუქცია
თავის ქალის ბრაქიცეფალიური (ბრტყელი) სტრუქტურა, კომპანიონი ცხოველების ამ სახეობას სუნთქვის გაძნელების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის. ვინაიდან, ჯანმრთელობის ეს პრობლემა ცხელ ან ნოტიო პირობებში უფრო მეტად მძაფრდება, გირჩევთ სათანადო ყურადღება მიაქციოთ გარემო პირობებს და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი უჰაერობასა და მაღალ ტემპერატურას მოარიდოთ.
კანის ინფექციები
სპარსული კატისთვის დამახასიათებელი კანის ინფექციების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ალერგიული ფონია. შესაძლოა თქვენი ოთხფეხა მეგობარი საკვების ან გარემო ალერგენების (მტვერი და ობი) მიმართ იყოს მგრძნობიარე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ალერგიით გამოწვეულ სიმპტომებს იოლად შეამჩნევთ. სიმპტომები კანის ქავილთან ერთად ბეწვის გადაჭარბებულ ცვენაშიც გამოიხატება.
კანის დაავადებებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასაცილებლად, სპეციალურად კატებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. აგრეთვე, სასურველია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ ხორბალს, სიმინდს და სოიას. სხვა სპეციფიკური ალერგენების გამოსავლენად აუცილებლად ესტუმრეთ ნუტრიციოლოგს.
შესაძლოა დაავადების გამომწვევი მიზეზი კომპანიონი ცხოველის კანზე მცხოვრები პარაზიტებიც იყვნენ, ამიტომ, რწყილების, ტკიპების და სხვა მავნებლების თავიდან ასაცილებლად ვეტერინარის მიერ რეკომენდებული ჰიგიენური პროდუქტები გამოიყენეთ.
პოლიკისტოზი
პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სითხით სავსე ცისტების ფორმირებას და თირკმელების ფუნქციის მოშლას იწვევს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის პოლიკისტოზის გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება და გამრავლების პროცესისთვის მათი შეუსაბამოდ გამოცხადებაა საჭირო.
თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა სპეციალიზებული დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა რეკომენდირებული. სისხლის ანალიზები, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.
ბადურის ატროფია
ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.
ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს პატარა მეგობარს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს.
ბარძაყის დისპლაზია
ბარძაყის დისპლაზიის დროს ბარძაყის სახსარი არასწორად ვითარდება, რაც მოძრაობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა, ჩვეულებისამებრ, გენეტიკურია, ჭარბმა წონამ, შესაძლოა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესოს.
პრევენციული ღონისძიებები ძვლის ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით მდიდარ კვებას, კონტროლირებად პორციებს, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, რეგულარულ ვარჯიშსა და ზედმეტი აქტივობებისგან თავის შეკავებას გულისხმობს. A, C და E ვიტამინები ხელს შეუშლიან ანთებით პროცესს და თქვენი კომპანიონი ცხოველის სახსრებსაც სათანადოდ დაიცავენ.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელიც პარკუჭების კედლების გასქელებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მოშლას იწვევს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულ კომპანიონ ცხოველებს გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი და არითმია აღენიშნებათ.
გულის ეს თანდაყოლილი დაავადება შესაძლოა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოვლინდეს. დაავადების ეფექტურად მართვას ვეტერინართან აქტიური კომუნიკაციის, სათანადო ვარჯიშისა და ჭარბწონიანობის თავიდან აცილებით შეძლებთ.
ალფა-მანოსიდოზი
ალფა-მანოსიდოზი იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. დაავადება იმ ფერმენტის დეფიციტით არის გამოწვეული, რომელიც უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. ალფა-მანოსიდოზი სპარსულ კატებში ისეთ ნევროლოგიურ სიმპტომებს იწვევს, როგორიც ტრემორი და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებაა.
გენეტიკური ტესტირება, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება, ნევროლოგიურ სიმპტომებზე ყურადღების გამახვილება და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა.