დეპრესია კატებში: თანმდევი სიმპტომები და პრობლემასთან გამკავების გზები

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ კატები უემოციო არსებები არიან, რომლებიც პატრონისადმი განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას არასდროს ავლენენ. სინამდვილეში, კატები ემოციების ფართო სპექტრით ხასიათდებიან და შიშსა და სევდასთან ერთად კმაყოფილებისა და სიყვარულის განცდასაც მძაფრად გამოხატავენ. 

კატები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განიცდიდნენ დეპრესიას. გავრცელებულ მიზეზებს შორის ავადმყოფობა, მოწყენილობა, ოჯახის წევრის დაკარგვა და ფიზიკური დაზიანება ყველაზე ხშირად იკვეთება. აღნიშნული სიმპტომები ასაკის მატებასთან ერთად დეპრესიასაც ახასიათებს, ამიტომ, ასაკობრივი ფაქტორის გამორიცხვის შემთხვევაში, საკითხს უფრო მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ და პრობლემის გამომწვევ მიზეზებთან ერთად მისი მაპროვოცირებელი ფაქტორებიც უნდა გამოვავლინოთ. 

დეპრესიის ნიშნები კატებში

დახვეწილი სახის ნაკვთების, გამომეტყველებისა და სხეულის ენის გამო კატის ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა ხშირად საკმაოდ რთულია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ ძაღლებთან შედარებით დაბალი ემოციური ინტელექტი აქვთ. 

სტატიის ამ ნაწილში წარმოდგენილი, დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაგეხმარებათ მყისიერად ამოიცნოთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა და მას სათანადო ზომებით უპასუხოთ. 

ვოკალური ცვლილება 

თუ თქვენი კატა მისთვის დამახასიათებელი კნავილის ინტენსივობას ცვლის და ჩვეულებრივზე მეტად ან ნაკლებად იწყებს თქვენთან ბგერით კომუნიკაციას, ეს იმის მკაფიო მინიშნებაა, რომ თქვენს კატას რაღაცას აწუხებს. ჩვეულებისამებრ, ამ უსიამოვნო ხმას, დაბალი ტემბრი და სამგლოვიარო ჟღერადობა ახასიათებს, ამიტომ მათი ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. 

ვეტერინარები ხშირად აღნიშნავენ, რომ კნავილს კატები საკუთარი თავის დასამშვიდებლადაც იწყებენ. დეპრესიის დროს ვოკალური კატები სიჩუმეს ამჯობინებენ, თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც ჩუმი ბუნების კატებში დეპრესია ვოკალიზაციის მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება. 

ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება მიაქციოთ თქვენი კომპანიონი ცხოველის ხმოვან შეტყობინებებს – შესაძლოა ისინი თავად ცდილობენ გაგრძნობინონ რა ხდება მათ თავს. 

სხეულის ენა

კატის სხეულის ენამ შესაძლოა პირდაპირ მიგვანიშნოს მისი მწუხარების გამომწვევ ისეთ ფიზიკურ მიზეზებზე, რომლებიც შესაძლოა თვალის, ყურის ან კანის პრობლემებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, უკან გადაწეული ყურები, შეკეცილი კუდი, ყალყზე დამდგარი ბეწვის საფარი ჩუმი კომუნიკაციის ის ფორმებია, რომლებიც თქვენი კატის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე შეიძლება მიგითითებდეთ.

პიროვნული აშლილობა

დეპრესიის ფონზე შესაძლოა კატამ იმ საქმიანობების მიმართ დაკარგოს ინტერესი, რომლებიც ადრე ბედნიერებას ანიჭებდა. ამ დროს კატები საკუთარ თავში იკეტებიან და დამალვისადმი მიდრეკილებით ხასიათდებიან. ბუნებით მშვიდ კატებს ამ დროს პატრონისადმი განსაკუთრებული მიჯაჭვულობა შეიძლება განუვითარდეთ. თუმცა, აგრეთვე ხშირია უცნობების შიში და მათ მიმართ გამოვლენილი უკონტროლო აგრესიაც. 

მომატებული ძილიანობა

ცნობილი ფაქტია, რომ კატები დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებენ. თუმცა, მოწყენილი ან დეპრესიული კატები კიდევ უფრო მეტად არიან მიდრეკილი ძილიანობისკენ. თუ თქვენმა კატამ ძილისთვის საყვარელი ადგილი შეიცვალა, ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს მის ემოციურ დისბალანსზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალი ადგილი დამალული და თქვენგან მოშორებულია.

მადის ცვლილება

მადის უეცარი ცვლილება კატებში ხშირად ფიზიკურ ან ემოციურ დისკომფორტთან ასოცირდება. ადამიანების მსგავსად, სევდა კატებშიც მნიშვნელოვნად აქვეითებს მადას და საყვარელი კერძებისადმი ინტერესის დაკარგვაში ვლინდება. ამ დროს კატებმა შესაძლოა უარი თქვან იმ საკვებზეც კი, რომელიც ადრე ყველაზე მეტად სიამოვნებდათ. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, გირჩევთ კატისთვის უმაღლესი ხარისხის დაბალნსებული საკვები შეიძინოთ. რუტინულ დიეტაში შეტანილმა ამ ცვლილებამ შესაძლოა კატას მადის დაბრუნებასთან ერთად ხასიათიც გამოუკეთოს. 

ჰიგიენის უგულებელყოფა

დეპრესიის პროგრესირების პარალელურად შესაძლოა კატამ შეუსაბამო ადგილებში დაიწყოს შარდვა და საკუთარი ფერომონული სურნელის სახლში გავრცელებით შეიქმნას კომფორტული გარემო. სპეციალური ყუთის გარეთ შარდვას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა სტრესი, დეპრესია და სევდა ამ მიზეზებს შორის ყველაზე მეტადაა გამოკვეთილი. 

ჩვენთვის ცნობილია კატების პირადი ჰიგიენისადმი დამოკიდებულება, თუმცა, დეპრესიისას კატების ინტერესი თავის მოვლისადმი იმდენად მცირდება, რომ შესაძლოა თქვენთვის შემაწუხებელიც კი გახდეს. კატები, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ ან დეპრესიაში არიან, ხშირად წყვეტენ საკუთარი თავის მოვლას და ბეწვის საფარს მოუწესრიგებელს ტოვებენ.

ამ დროს, არსებითი მნიშვნელობა თქვენს თანადგომას ენიჭება. მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავების პარალელურად, სათანადო ყურადღება მიაქციეთ თქვენი კომპანიონი ცხოველის ჰიგიენას და მას სისუფთავის შესარჩუნებაში დაეხმარეთ. 

შინაგანი აგრესია და დესტრუქციული ქცევა

სევდიანი კატები, ჩვეულებისამებრ, უფრო რეაქტიულები არიან და დაგროვილი ემოციებისგან გათავისუფლებას აგრესიული ქმედებებით ცდილობენ. თუ თქვენი კატა მოწყენილია, შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტი ინტენსივობით დაიწყოს ავეჯის კაწვრა ან საგნების მსხვრევა. ამგვარი ქცევა ტერიტორიულობასთან ასოცირდება და სტრესის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. 

თუ შეამჩნევთ, რომ კატას ქცევითი ცვლილებები უყალიბდება, შფოთვა იპყრობს და უკონტროლოდ იწყებს აგრესიის გამოვლენას, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. ის პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრაში დაგეხმარებათ და თქვენი კომპანიონი ცხოველის შფოთვას სათანადო მკურნალობის კურსს დაუპირისპირებს. 

მიზეზები, თუ რატომ ვითარდება დეპრესია კატებში

კატებში დეპრესიის განვითარებას რამდენიმე წინაპირობა აქვს. პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მნიშვნელოვნად შეამცირებს მისი გამწვავების რისკს და სამომავლო გართულებებსაც აგაცილებთ თავიდან. 

დაავადება

ქრონიკული დაავადებები და ფიზიკური ტკივილი დეპრესიის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თუ განწყობის ცვლილებასთან ერთად გულისრევას, მადის დაქვეითებას, და გადაადგილებასთან დაკავშირებულ დისკომფორტსაც ამჩნევთ, დიდი ალბათობით, დეპრესიის გამომწვევი მიზეზი სწორედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაში უნდა ვეძიოთ. 

ღვიძლის გაცხიმოვნება, დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ზედა სასუნთქი გზებისა და სტომატოლოგიური დაავადებები სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, ხშირად გვევლინება დეპრესიის გამომწვევ მიზეზად. ამ შემთხვევაში, ვეტერინართან ვიზიტს და მკურნალობის კურსის დროულად დაწყებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. 

ტრავმა

ფიზიკურმა დაზიანებებმა შესაძლოა კატას მოძრაობა და გადაადგილებასთან დაკავშირებული უნარები შეუზღუდოს. ტრავმას ხშირად თან ახლავს ტკივილიც. ეს კი მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს და თქვენი პატარა მეგობრის ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურად აისახება. 

სწორედ ამიტომ, სასურველია, ტრავმის ან სამედიცინო პროცედურის შემდეგ, ტკივილის შემსუბუქების მიზნით თქვენი ვეტერინარის რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვათ. თუ ამჩნევთ, რომ კატას ტკივილისთვის დამახასიათებელი შეგრძნებები აქვს, მაგრამ არ იცით რატომ, აუცილებლად ჩანიშნეთ შეხვედრა ვეტერინართან და შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაგმეთ შემდგომი ნაბიჯები. 

საყვარელი ადამიანის დაკარგვა

ოჯახის წევრის დაკარგვა რთულ ემოციურ მდგომარეობასთან ასოცირდება. ადამიანების მსგავსად, ამ სამწუხარო მოვლენას კატებიც განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამენ, ამიტომ დარდი დროთა განმავლობაში შეიძლება დეპრესიაში გადაიზარდოს. როგორც წესი, საყვარელი ადამიანით გამოწვეული დეპრესია გარკვეული დროის შემდეგ მსუბუქდება და კატა ჩვეულ ტემპერამენტს უბრუნდება. 

თუ საქმე მეგობარი შინაური ცხოველის დაკარგვით გამოწვეულ დეპრესიას ეხება, სასურველია, ახალი კომპანიონი ცხოველის სახლში მოტვანისგან დროებით თავი შეიკავოთ. ამან შესაძლია თქვენი კატის გაღიზიანება და მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება გამოიწვიოს. 

საყოფაცხოვრებო დინამიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად, დრო, როგორც წესი, საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, თუ პრობლემის მყისიერად აღმოფხვრა გსურთ, ამისთვის ისეთი ბუნებრივი საშუალებების გამოყენება შეგიძლიათ, როგორიც ფერომონის სპრეი ან საკვები დანამატებია. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად, გირჩევთ ვეტერინარს გაესაუბროთ. 

მოწყენილობა

ადამიანების მსგავსად, კატებზეც ნეგატიურად მოქმედებს გონებრივი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა. უმოქმედობა შესაძლოა, თავდაპირველად მოწყენილობაში, შემდეგ კი დეპრესიაში გადაიზარდოს. 

დეპრესიის მაპროვოცირებელი ამ პრობლემის გადასაჭრელად, გირჩევთ ყურადღებით დაგეგმოთ თქვენი კატის ყოველდღიური რუტინა და ფიზიკურ აქტივობებთან ერთად გონებრივი სტიმულაციისთვის საჭირო სავარჯიშოებიც შეიმუშაოთ. 

როგორ ვაგრძნობინოთ კატას თავი ბედნიერად? 

თუ გსურთ დეპრესიის ჟამს თქვენმა კატამ თავი ბედნიერად იგრძნოს, მნიშვნელოვანია მასთან ყოველდღიურად გაატაროთ დრო. ნება მიეცით მას თქვენს კალთაში ჩაიძინოს, ესაუბროთ და დადებითი განწყობა გამოხატეთ მის მიმართ. ამგვარი დამოკიდებულებით თქვენს პატარა მეგობარს მკაფიოდ აგრძნობინებთ რომ გიყვართ და მისი თქვენს გვერდით ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

განწყობის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სასურველია კატას მრავალფეროვანი სათამაშოები შესთავაზოთ. კატების უმრავლესობას განსაკუთრებით ინტერაქციულ სათამაშოებთან კომუნიკაცია სიამოვნებს. ამ დროს ჩვენი კომპანიონი ცხოველების ტვინი სხეულის ბედნიერების ჰორმონით ავსებას იწყებს, რადგან კატები არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც კონცენტრირებული არიან სათამაშოზე. 

კატები მეტ-ნაკლებად ეგოცენტრულები არიან. ზოგიერთი მათგანი უფრო ბედნიერია მაშინ, როგორც ოჯახში ერთადერთი შინაური ცხოველია, თუმცა, ზოგიერთ კატას სხვა კომპანიონ ცხოველებთან ერთად ცხოვრება და თამაში ურჩევნია. სწორედ ამიტომ, სანამ სახლში სხვა შინაური ცხოველის მიყვანას გადაწყვეტთ, სასურველია თქვენი კატის ტემპერამენტი, ასაკი, ჯანმრთელობა და აქტივობის დონე გაითვალისწინოთ. 

დასკვნა

ცნობილი ფაქტია, რომ კატებს ოსტატურად შეუძლიათ ავადმყოფობის დამალვა. თუმცა, მათი ფიზიკური სიმპტომები ხშირად ძალიან ბევრს ამბობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საფუძვლიანი ვეტერინარული გამოკვლევა და სათანადო კონსულტაცია კატებში გამოვლენილი დეპრესიის მკურნალობის ფუნდამენტური ასპექტებია.

ქცევითი დეპრესიის დიაგნოზირების შემთხვევაში, შესაძლოა ვეტერინარმა ანტიდეპრესანტებით მკურნალობა შემოგთავაზოთ. თუმცა, საუკეთესო შედეგის მოკლე დროში მისაღწევად მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ვეტერინარები ხშირად ქცევის მოდიფიკაციის ტექნიკასაც იყენებენ.