ძაღლის ჯიშები

მალტიპუ

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

მალტიპუ

მალტიპუს ჯიშის წარმომადგენლები მალტეზეს მოსიყვარულე ბუნებას, ხშირად პუდელის გონიერებასთან და ჰიპოალერგიულ ბეწვთან აერთიანებენ. მცირე ზომა და ადაპტირებადი ტემპერამენტი ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს იდეალურს ხდის როგორც ბინაში, აგრეთვე, დიდ სახლში ცხოვრებისთვის. 

ეს ძაღლები მხიარული და ენერგიული ტემპერამენტით არიან ცნობილი, რაც მათ შესანიშნავ კომპანიონებად აქცევს აქტიური ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებისა და იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები იზრდებიან. გონიერებისა და წვრთნის სიმარტივის გამო მალტიპუები იმ ადამიანებისთვისაც შესაფერისი თანამგზავრები არიან, ვისაც ძაღლის ყოლის გამოცდილება ჯერ არ ჰქონია. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • აქტიური ვოკალიზაცია
  • მოსიყვარულე ბუნება
  • გონიერება
  • მხიარულება 
  • სოციალური ხასიათი 
  • ადაპტირებადი ტემპერამენტი
  • სიფხიზლე 
  • სინაზე 
  • ენერგიულობა 
  • ცნობისმოყვარეობა 
  • ერთგულება 
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მალტიპუს სიმაღლე 24-დან 36 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების სიგრძე 20-35 სანტიმეტრს არ აღემატება.

    წონა

    მალტიპუს წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ისინი, ჩვეულებისამებრ, 3.1 კილოგრამიდან 5.8 კილოგრამამდე იწონიან. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    მალტიპუს სიცოცხლის ხანგრძლივობა 13-დან 16 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 68-80 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    მალტიპუს ბეწვი შესაძლოა რბილი და აბრეშუმისებრი ან სქელი და ტალღოვანი იყოს. ეს ყოველივე იმაზეა დამოკიდებული თუ მშობლის რომელმა გენმა იმძლავრა ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის გამოყვანის პროცესში. მალტიპუს ბეწვი ცვენისადმი მიდრეკილებით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი მოვლა მაინც ყოველ მეორე დღესაა რეკომენდირებული. 

    მალტიპუს ხშირად თეთრ, კრემისფერ და ყავისფერ ფერებში შეხვდებით. ჰიპოალერგიული თვისებების გამო, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ალერგიის მქონე ადამიანებისთვის შესანიშნავი არჩევანია.

  • ჯიშის ხასიათი

    მალტიპუ მხიარული, ენერგიული და სოციალური ბუნებით არიან ცნობილი. კომუნიკაბელური პიროვნება მას ოჯახური ცხოვრებისთვის შესაფერის კომპანიონად აქცევს. თუმცა, გახსოვდეთ, პატარა ზომისა და დელიკატური სხეულის გამო, მალტიპუს ჯიშის წარმომადგენლები მხოლოდ იმ ოჯახებს შეეფერებიან, სადაც შედარებით მოზრდილი, გონიერი ბავშვები იზრდებიან.

    მცირე ზომის მიუხედავად, მალტიპუს აქტიური ტემპერამენტი აქვს და რეგულარულ ვარჯიშთან ერთად გონებრივ სტიმულაციასაც საჭიროებს. საბედნიეროდ, მალტიპუ საკმაოდ გონიერია და მისი გაწვრთნა პრობლემას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ თუ უპირატესობას წვრთნის პოზიტიურ მეთოდებს ანიჭებთ. 

    უცხო ადამიანებსა და სხვა კომპანიონ ცხოველებთან სათანადო კომუნიკაციის მიზნით, მალტიპუს წვრთნასთან ერთად ადრეული სოციალიზაციაც ესაჭიროება. ადრეული სოციალიზაცია ზედმეტ მიჯაჭვულობასა და ტერიტორიულ ქცევასაც აგაცილებთ თავიდან.

    ზრდასრულ მალტიპუს დღეში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ესაჭიროება ვარჯიში. იქნება ეს სეირნობა თუ შიდა სივრცეში დაგეგმილი თამაში, მალტიპუსთვის რეკომენდირებული ენერგიული აქტივობები დიდ ადგილს არ საჭიროებენ. სწორედ ამიტომ არის მალტიპუ ბინაში მცხოვრები ადამიანებისთვის შესაფერისი არჩევანი. თუმცა, გახსოვდეთ, მალტიპუს დიდხანს მარტო დატოვება რეკომენდირებული არ არის. საუკეთესო შემთხვევაში, მას გვერდით ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს სახლში გაატარებს ან ოთხფეხა მეგობარს ყველგან წაიყვანს, სადაც წავა.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    სტომატოლოგიური პრობლემები

    სტომატოლოგიური პრობლემებისადმი მიდრეკილებამ შესაძლოა ღრძილების დაავადება და კბილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს. პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, ვეტერინარის მიერ კბილების პროფესიული წმენდა და ძაღლებისთვის განკუთვნილი საშუალებებით პირის ღრუს ყოველდღიურად მოვლა, სტომატოლოგიური პრობლემების პრევენციისთვის საუკეთესო გზაა.

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება. 

    მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.

    ეპილეფსია

    ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევას და გულყრას იწვევს. ეპილეფსიური ეპიზოდები ძირითადად რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება. 

    ეპილეფსიის პრევენციული ღონისძიებები თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნებას და სტრესის მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ვეტერინარის დროული ყურადღება და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დაწყება ამ დაავადების მართვის საუკეთესო  გზაა.

    ტრაქეის კოლაფსი

    მცირე ზომისა და ტრაქეის დელიკატური სტრუქტურის გამო, მალტიპუს ჯიშის წარმომადგენლები შესაძლოა ტრაქეის კოლაფსისადმი იყვნენ მიდრეკილი. ტრაქეის კოლაფსი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ტრაქეის რგოლების შევიწროებას იწვევს. დაავადებას თან ისეთი სიმპტომები ახლავს, როგორიც ფიზიკური დატვირთვით ან ემოციური აღგზნებით გამოწვეული ქრონიკული ხველება, ქოშინი და ჟანგბადის უკმარისობაა. დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები შესაძლოა ქიმიური ნაერთების შესუნთქვამ, მჭიდრო საყელომ ან კისრის არეში მიღებულმა ტრამვამ გამოიწვია.

    ვეტერინართან თანამშრომლობა, კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ჯანსაღი წესის უზრუნველყოფა და მშვიდი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება დაავადების თავიდან ასაცილებლად გონივრული გზაა.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    სწორი ზრდა-განვითარებისთვის, მალტიპუს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, მაღალი ხარისხის ძაღლის საკვები ესაჭიროება.

    ნუტრიციოლოგთან კონსულტაციამდე, საკვების შეფუთვაზე წარმოდგენილი სახელმძღვანელო მითითებების დაცვას გირჩევთ. დასაწყისისთვის, სასურველია, საკვები ორ ან სამ ულუფად დაყოთ. კვებისადმი ამგვარი მიდგომა კომპანიონი ცხოველის ზედმეტი კვების თავიდან აცილებაში და ენერგიის სტაბილური დონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 

    თუ არ ხართ დარწმუნებული, დღის განმავლობაში რამდენი კალორია უნდა მიიღოს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანმა წევრმა, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს. ნუტრიციოლოგი პერსონალური კვების გეგმას თქვენი ძაღლის ასაკის, აქტივობის დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს. 

    ჭარბი წონის მატებისადმი მცირე ჯიშები განსაკუთრებით არიან მიდრეკილი. სწორედ ამიტომ, რეგულარული ვარჯიშის გარდა კვების წინასწარ გაწერილი გრაფიკის დაცვა ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

    ადამიანებისთვის განკუთვნილი გარკვეული საკვები, მათ შორის, შოკოლადი, ყურძენი, ქიშმიში, ხახვი და ნიორი ძაღლებისთვის ტოქსიკურია. თუმცა, ამ პროდუქტების ჩამონათვალი აქ არ სრულდება. ამიტომ, კომპანიონი ცხოველისთვის საზიანო საკვები პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად სასურველია ნუტრიციოლოგს გაესაუბროთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    სხვა მინიატურული ზომის, დეკორატიული ჯიშების მსგავსად, მალტიპუს სამშობლოც შეერთებული შტატებია. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების გარეგნობისა და ხასიათის ფორმირებაში მალტეზე და პუდელი მონაწილეობდნენ. მალტიპუს შექმნა სწორედ ამ ორი ჯიშის საუკეთესო თვისებების გაერთიანებას ისახავდა მიზნად.

    მალტიპუს ლეკვები მე-20 საუკუნის ბოლოს სპეციალურად იმისთვის გამოიყვანეს, რომ მოსიყვარულე კომპანიონი ცხოველები ყოფილიყვნენ. სელექციონერების მიზანი იყო შეექმნათ პატარა ზომის ლოიალური თანამგზავრი, რომელიც ალერგიული ადამიანებისთვისაც შესაფერისი იქნებოდა. 

    მომხიბვლელი გარეგნობის, პატარა ზომისა და მოსიყვარულე პიროვნების გამო, მალტიპუმ სწრაფად მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა. იოლად ადაპტირების შესაძლებლობამ და კომუნიკაბელურმა ბუნებამ ისინი შესანიშნავ კომპანიონ ცხოველებად აქცია მცირე საცხოვრებელი ფართებისა და ურბანული გარემოსთვის.