ძაღლის ჯიშები

ბასენჯი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ბასენჯი

ბასენჯი პატარა ჯიშის ძაღლია ცენტრალური აფრიკიდან. სპორტული აღნაგობის მქონე ამ კომპანიონ ცხოველებს ვოკალური სიმების განსაკუთრებული ფორმის გამო, მეტსახელად “უყეფარ ძაღლს” უწოდებენ. კატის მსგავსი ჩვევებითა და ყეფის მკაფიო უუნარობით, ბასენჯი იმ ადამიანებისთვის არის შესაფერისი, რომელთაც მინიმალური მოვლის საჭიროების მქონე, მშვიდი კომპანიონი სურთ გვერდით. ბასენჯის დამოუკიდებელი ბუნება ოჯახისადმი ძლიერი ერთგულებით არის დაბალანსებული, რაც მათ მოსიყვარულე, მაგრამ თავდაჯერებულ თანამგზავრებად აქცევს.

ბასენჯის ჯიშის წარმომადგენლები ენერგიულები, ცნობისმოყვარეები და ძალიან აქტიურები არიან. მოწყენილობით გამოწვეული დესტრუქციული ქცევის თავიდან ასაცილებლად, მათ რეგულარული ვარჯიში ესაჭიროებათ. არასოდეს დატოვოთ ბასენჯი ღია სივრცეში უმეთვალყურეოდ. მისი ნადირობის ინსტინქტი ძალიან ძლიერია და შესაძლოა დევნის დროს გაქცევის სურვილს ვერ გაუძლოს. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმშვიდე
  • დამოუკიდებლობა 
  • გონიერება 
  • ცნობისმოყვარეობა 
  • სიფხიზლე
  • ენერგიულობა 
  • სისუფთავე 
  • ძაღლებისთვის დამახასიათებელი სუნის ნაკლებობა
  • პატარა ცხოველების დევნის ძლიერი ინსტინქტი
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი ბასენჯი სიმაღლეში 40 სანტიმეტრს აღწევს. მამრი ბასენჯის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო დიდია და 43 სანტიმეტრს უტოლდება. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ბასენჯის სიგრძე 58-64 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ბასენჯის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ბასენჯი 11 კილოგრამს იწონის. მდედრი ბასენჯის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 9.5 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბასენჯის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 16 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 69-87 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ბასენჯის მოკლე, გლუვი ბეწვი ამშვენებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის ქურთუკზე ზრუნვა, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ რამდენიმე კვირაში ერთხელ, რბილი ჯაგრისით დავარცხნას საჭიროებს. ბასენჯის ჯიშის წარმომადგენლებს არ აქვთ ძაღლებისთვის დამახასიათებელი სუნი და, როგორც წესი, არც ხშირად დაბანას საჭიროებენ, თუ რაიმე განსაკუთრებულ აურზაურში არ მოხვდნენ. 

  • ჯიშის ხასიათი

    ბასენჯი ინტელექტის, დამოუკიდებლობისა და ერთგულების უნიკალური კომბინაციით არის ცნობილი. ამ ათლეტური კომპანიონი ცხოველის პიროვნებას აქტიური ცხოვრების წესი და გონიერება განსაზღვრავს. ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრს კატისებრი ხასიათი აქვს და დამოუკიდებლობასთან ერთად ძლიერი ნებისყოფითაც გამოირჩევა. 

    ბასენჯის ჯიშის წარმომადგენლები უსაზღვროდ ცნობისმოყვარეები არიან და მუდამ დიდი ინტერესით იკვლევენ გარშემომყოფებს. ისინი საოცრად სუფთა კომპანიონი ცხოველები არიან და კატების მსგავსად ზედმიწევნით ისუფთავებენ საკუთარ ბეწვს. 

    ამ კომპანიონ ცხოველებს არ მოსწონთ მარტო დარჩენა და ამ ფაქტს ხშირად დესტრუქციული ქცევით აპროტესტებენ. სათანადო სოციალიზაციის შემთხვევაში, ბასენჯი თავშეკავებულ და მოსიყვარულე კომპანიონად ყალიბდება. თუმცა, სპეციფიკური პიროვნული მახასიათებლების გამო, ის ყველაზე ნაკლებად ისეთ ოჯახებს შეეფერება, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ან სხვა პატარა ზომის კომპანიონი ცხოველები იზრდებიან. 

    ცხადია, ადრეული სოციალიზაცია და წვრთნა ყველა ჯიშისთვის არის რეკომენდირებული. თუმცა, უხვი ენერგიის, მაღალი ინტელექტისა და სიცელქისადმი მიდრეკილების გამო, ეს ყოველივე ბასენჯისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. პოზიტიური მიდგომით წარმართულ და ჯილდოზე ორიენტირებულ გარემოში ბასენჯი განსაკუთრებით იოლად ითვისებს, თუმცა, სწრაფადვე კარგავს პროცესისადმი ინტერესს. სწორედ ამიტომ, სასურველია, წვრთნის ყოველი ახალი ეპიზოდი მხოლოდ 5-10 წუთის განმავლობაში გაგრძელდეს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ჰიპოთირეოზი

    ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაა. ჰიპოთირეოზის მქონე კომპანიონ ცხოველებში ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო  რაოდენობის თირეოიდულ ჰორმონებს ვერ გამოიმუშავებს. თირეოიდული ჰორმონების შემცირებული რაოდენობა კი ორგანიზმის ფუნქციონირებას აფერხებს და შედეგად ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიც კანის სიმშრალე, დაღლობა და უენერგიობაა. 

    ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის იოდით მდიდარი, დაბალანსებული დიეტაა საჭირო. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტირება ამ მდგომარეობის დროულ იდენტიფიცირებასა და მართვაში დაგეხმარებათ.

    ნაწლავის ანთებითი დაავადება

    ნაწლავის ანთებითი დაავადება საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენი გარსის ანთებას იწვევს და მწვავე ფაღარათთან ერთად, ტკივილით, სისუსტითა და წონაში კლებით ხასიათდება. ნაწლავის ანთებითმა დაავადებამ შესაძლოა დაუძლურება და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს. ნაწლავის ანთებითი დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. სიმპტომები კი ანთების სიმწვავეზეა დამოკიდებული.

    ნაწლავის ანთებითი დაავადება სერიოზული მდგომარეობაა, რომელმაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ, მნიშვნელოვანია სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ ვეტერინარს.

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია სამედიცინო ტერმინია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. 

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    ფანკონის სინდრომი

    ფანკონის სინდრომი გლუკოზის, ბიკარბონატის, ფოსფატების, კალიუმის, ნატრიუმისა და ზოგიერთი ამინომჟავის ჭარბად გამოდევნას იწვევს ორგანიზმიდან. სიმპტომები შესაძლოა გახშირებულ შარდვას, წონის კლებას, სისუსტეს და დეჰიდრატაციას მოიცავდეს. თირკმელების ფუნქციის მხარდასაჭერად, ამ პროცესში, დიეტური ცვლილებები და მედიკამენტური მკურნალობაა საჭირო.

    დაავადების პროვოცირებას მეტალებით ან სხვა ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა, D ვიტამინის ნაკლებობა და ამილოიდოზი იწვევს. თუმცა, შესაძლოა კომპანიონმა ცხოველმა ფანკონის სინდრომი მემკვიდრეობითაც მიიღოს. ფანკონის სინდრომი არ იკურნება, მაგრამ ვეტერინართან თანამშრომლობით და სათანადო მკურნალობით მისი კონტროლი შესაძლებელია. 

    ანემია

    რკინადეფიციტური ანემია რკინის ნაკლებობით არის გამოწვეული და ორგანოების სწორ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. მეგალობლასტურ ანემიას რაც შეეხება, ის B9 და B12 ვიტამინების არასაკმარისი ოდენობით მიღების შედეგად ვითარდება.

    როგორც კომპტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ საკვები ნივთიერებებით მდიდარი რაციონი  და რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები ჩვენი კომპანიონი ცხოველების ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პასუხისმგებლიანი ზრუნვის პრაქტიკა ანემიის განვითარებასთან ერთად, თქვენს კომპანიონ ცხოველს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც ააცილებს თავიდან.  

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    კომპანიონი ცხოველების ინდივიდუალური ნუტრიციოლოგიური საჭიროებები მათი ასაკის, ზომის, აქტივობის დონისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიგი ფაქტორების მიხედვით განისაზღვრება. სწორედ ამიტომ, ოპტიმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, ბასენჯი დაბალანსებულად უნდა გამოვკვებოთ. 

    ბასენჯის ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენელი ჭარბი წონის მატებისკენ არის მიდრეკილი, ამიტომ მათ მიერ მიღებული კალორიების ოდენობაზე დაკვირვება და პორციების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი ბასენჯისთვის რეკომენდირებული  საკვების შესაბამისი ოდენობის დასადგენად სასურველია კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ.

    ჩვეულებისამებრ, პატარა ძაღლებს სწრაფი მეტაბოლიზმი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ენერგიას მაღალი სიჩქარით წვავენ. მათი პატარა მუცელი კიდევ ერთი საინტერესო ინდიკატორია, რომელიც ხშირად, თუმცა, მცირე ულუფებით კვების საჭიროებაზე მიუთითებს. სპეციალურად პატარა ჯიშებისთვის შექმნილი საკვები ორგანიზმისთვის საჭირო, ძირითადი ნივთიერებების სათანადო ბალანსს და ალერგენებისგან თავისუფალ ფორმულას გვთავაზობს, რაც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ეფექტურად იცავს კომპანიონი ცხოველის მგრძნობიარე კუჭს. 

    ბასენჯი აქტიური ცხოვრების წესით არის ცნობილი, ამიტომ ენერგიისთვის მას ცხიმებით მდიდარი დიეტა ესაჭიროება. ენერგიის დონისა და კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებასთან ერთად, ჯანსაღი ცხიმები ბასენჯის კანისა და ბეწვის ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფენ. ცილა ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების რაციონის კიდევ ერთი აუცილებელი კომპონენტია. უპირატესობა მაღალი ხარისხის ცხოველური წარმოშობის ცილებს (ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი ან თევზი) მიანიჭეთ. 

    გახსოვდეთ, დაბალანსებული საკვებით კვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სუფთა წყლის სათანადო რაოდენობით მიღებაა. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს ყოველთვის აქვს წვდომა სუფთა წყალზე, განსაკუთრებით ენერგიული ვარჯიშის შემდეგ ან ცხელ ამინდში.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ბასენჯი აფრიკის კონტინენტზე წარმოიშვა. არსებობს მოსაზრება, რომ კომპანიონი ცხოველების ეს სახეობა ისეთივე ძველია, როგორც პირამიდები და მართლაც, პალეონტოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ადამიანის მიერ პირველად მოშინაურებული ძაღლი ძალიან ჰგავს ბასენჯის. 

    ბასენჯის მსგავსი კომპანიონი ცხოველების გამოსახულებები უხვად გვხვდება ძველ ეგვიპტურ სამარხებსა და არტეფაქტებზე, რაც ჯიშის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე მეტყველებს. ჯიშის კვალი ჩანს ძველ ბაბილონურ და მესოპოტამიურ ხელოვნებაშიც. 

    გასაოცარი სისწრაფე, მკვეთრი შეგრძნებები, მაღალი ინტელექტი და ათლეტიზმი ბასენჯის შესანიშნავ მონადირედ აქცევდა. ამ კომპანიონ ცხოველებს მცირე ზომის ნადირის დაჭერისა და დიდი ცხოველებისთვის თვალყურის დევნების უნარის გამო აფრიკული ტომები განსაკუთრებით აფასებდნენ. 

    ჯიშის გამორჩეული მახასიათებლებით მოხიბლულმა ევროპელებმა ბასენჯი პირველად 1895 წელს აღწერეს კონგოში. “კონგოს ძაღლების” სახელით ცნობილ  ამ კომპანიონ ცხოველებს ბასენჯიც სწორედ ევროპელებმა უწოდეს. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ კონგოს რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცხოვრები ადამიანები ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს “mbwá na basɛ́nzi” ფრაზით მოიხსენიებდნენ, რაც ადგილობრივ ენაზე “ველურთა ძაღლს” ან “სოფლის მაცხოვრებელთა ძაღლს” ნიშნავდა. 

    ბასენჯი პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოიყვანეს ევროპაში, თუმცა, საზოგადოების ყურადღება მან მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა ხანებში მიიპყრო. ამერიკის Kennel Club-მა ბასენჯის ჯიში ოფიციალურად 1937 წელს აღიარა. დღეს, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს უნიკალური პიროვნების, კომპაქტური ზომისა და ელეგანტური გარეგნობის გამო აფასებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.