სმენასთან დაკავშირებული პრობლემები
გენეტიკის გამო, შესაძლოა ბულტერიერი სმენასთან დაკავშირებული პრობლემით დაიბადოს. თეთრ ბეწვზე პასუხისმგებელი გენი ხშირად სიყრუის გენთან არის დაკავშირებული და სწორედ ამის გამოა, რომ სმენის თანდაყოლილი პრობლემები ყველაზე ხშირად თეთრი ფერის ბეწვის მქონე ბულ ტერიერებში ვლინდება.
სმენის პრობლემის მქონე ბულ ტერიერებს განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროებათ. მდგომარეობის მართვას და სიყრუით გამოწვეული სხვა პრობლემების პრევენციას ვეტერინარულ კლინიკაში გეგმიური ვიზიტებით შეძლებთ.
აკროდერმატიტი
აკროდერმატიტი თეთრი ინგლისური ბულტერიერისთვის დამახასიათებელი კანის დაავადებაა. აკროდერმატიტი მემკვიდრეობით გადაეცემა კომპანიონ ცხოველს და იმუნური სისტემის დასუსტებასთან ერთად, კანის დაზიანებას, ზრდის შეფერხებას და ჯანმრთელობის სხვა სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
პასუხისმგებლიანი სელექციის პრაქტიკა და გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველების გამრავლების პროცესისთვის შეუსაბამოდ მიჩნევა დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.
მშრალი თვალის სინდრომი
თვალის სიმშრალე წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს. ცრემლის წარმოქმნის სირთულე თვალის გაღიზიანებას და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. თვალის პრობლემების მაპროვოცირებელ გარემოებად ხშირად კლიმატი გვევლინება. მაგალითად, თუ ზაფხულის გატარებას თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად, ზღვისპირა ქალაქში დააპირებთ, სასურველია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და თქვენი კომპანიონი ცხოველი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ სიცხეს.
ბულტერიერის თვალები მტვრის მიმართაც მგრძნობიარეა. ამიტომ, გირჩევთ, თქვენ კომპანიონ ცხოველთან ერთად ქარიან ამინდში სეირნობაზეც უარი თქვათ.
განსაკუთრებული სიფრთხილე თვალის დაავადებისთვის დამახასიათებელი ისეთი ადრეული სიმპტომების მიმართ გამოიჩინეთ, როგორიც სიწითლე და ცრემლდენაა. სასურველია ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე ესტუმროთ ვეტერინარს. როგორც კომპეტენტურმა მშობელმა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ისიც, რომ თვალებზე ყოველდღიურ ზრუნვას და სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებებით მათ რეგულარულ წმენდას დაავადებების პრევენციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
პოლიკისტოზი
პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სითხით სავსე ცისტების ფორმირებას და თირკმელების ფუნქციის დაკარგვას იწვევს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის პოლიკისტოზის გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება და გამრავლების პროცესისთვის მათი შეუსაბამოდ გამოცხადებაა საჭირო.
თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა სპეციალიზებული დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა რეკომენდირებული. სისხლის ანალიზები, ხშირი ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.