ძაღლის ჯიშები

აკიტა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    წვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

აკიტა

დიდებული გარეგნობით გამორჩეული აკიტა ერთგულებისა და თანამეგობრობის სიმბოლოა. შთამბეჭდავი აღნაგობა და ღირსეული ქცევა მას ჩინებულ მცველად აქცევს. ფიზიკური ატრიბუტების მიღმა, აკიტა გასაოცარი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და დამოუკიდებელი ბუნებითაც არის ცნობილი.

კომპანიონი ადამიანებისადმი გამოვლენილი ლოიალურობის მიუხედავად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები თავდაჯერებულობასაც ხშირად ამჟღავნებენ. თუმცა, განსაკუთრებით ცხადი ის კონტრასტია, რომელსაც აკიტა საყვარელი ადამიანებისა და უცხოების მიმართ ავლენს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მშვიდი ბუნება
  • ლოიალურობა და ერთგულება
  • გამბედაობა
  • სიფხიზლე
  • დამოუკიდებლობა
  • ინტელექტის მაღალი დონე
  • თავდაჯერებულობა
  • დომინანტური ბუნება
  • სიჯიუტე
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი აკიტა სიმაღლეში 61-66, მამრი აკიტა კი 66-71 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი აკიტას სიგრძე 93-110 სანტიმეტრს შეადგენს.

    წონა

    აკიტას წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი აკიტა 45.4 კილოგრამიდან 59 კილოგრამამდე იწონის. მდედრი აკიტას შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 31.8-45.4 კილოგრამის ფარგლებში მერყეობს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    აკიტას სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 66-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    აკიტასთვის დამახასიათებელი ორმაგი ბეწვის საფარის გარეთა ნაწილი უხეში და სწორი, შიდა ნაწილი კი რბილი და მკვრივია. ბეწვის ეს ორმაგი ფენა ხელს უწყობს იზოლაციას და აკიტას სხვადასხვა ამინდის პირობებისგან დაცვას უზრუნველყოფს. აკიტას ბეწვი წელიწადში ორჯერ, როგორც წესი, გაზაფხულზე და შემოდგომაზე სცვივა. ამ პერიოდში, ბეწვის ცვენასთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, სასურველია აკიტა რეგულარულად დავარცხნოთ.

  • ჯიშის ხასიათი

    ერთგულებით, გამბედაობითა და ღირსეული ქცევით ცნობილი აკიტა თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ბუნებით გამოირჩევა. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ყველაზე ბედნიერად მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც კომპანიონ ადამიანებთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობა ეძლევათ.

    ერთგულების გარდა, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები გონიერებითა და გამჭრიახობითაც არიან ცნობილი. აკიტა დამოუკიდებელი მოაზროვნეა და შესაძლოა ამის გამო სიჯიუტეც არაერთხელ გამოავლინოს. მისი ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან დაწყებულ, თანმიმდევრულ და მტკიცე მომზადებას მოითხოვს. თუმცა, სათანადო სოციალიზაციისა და წვრთნის შემთხვევაში, აკიტა კეთილგანწყობილ და მორჩილ კომპანიონად ყალიბდება.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია სამედიცინო ტერმინია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    შებერილობა

    შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარ პრობლემად აღიქმება, თუმცა, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. პრობლემის პრევენციისთვის, გონივრული იქნება ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციოთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი ან ჭარბი ნერწყვდენაა. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ვეტერინარს.

    შებერილობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია თქვენი ერთგული კომპანიონის ყოველდღიური რაციონი მინიმუმ 2-3 კვებაზე გაანაწილოთ. გირჩევთ, აგრეთვე, ყურადღება მიაქციოთ, რომ ჭამის შემდეგ თქვენმა მეგობარმა დიდი რაოდენობით წყალი არ მიიღოს. შებერილობის თავიდან ასაცილებლად, კომპეტენტური მშობლები ხშირად უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს ანიჭებენ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ.

    ენტროპიონი

    ენტროპიონი მდგომარეობაა, როცა ქუთუთო შიგნითაა ჩაბრუნებული, რის გამოც წამწამები თვალის ზედაპირს ედება. თუ ქუთუთოს კიდე შიგნით ჩაბრუნდა, წამწამები თვალის კაკლის ზედაპირს მიედება, რამაც შესაძლოა წყლულის წარმოქმნა გამოიწვიოს.

    ენტროპიონი ადამიანების მსგავსად ცხოველებშიც თვალში რაღაცის ჩავარდნის შეგრძნებას, ცრემლდენასა და სიწითლეს იწვევს. გაღიზიანების დასაცხრობად ვეტერინარები ხშირად ხელოვნურ ცრემლსა და დამატენიანებელ მალამოებს იყენებენ.

    კანის სიმშრალე

    კანის სიმშრალე კანის გავრცელებული პრობლემაა, რომელიც კომპანიონ ცხოველებში ხშირად იჩენს თავს. მშრალი კანი მომეტებული მგრძნობელობითა და მკვეთრად გამოხატული ქავილით ხასიათდება. კანის სიმშრალის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა არასაკმარისი ოდენობით წყლის მიღება და ვიტამინების ნაკლებობა გახდეს.  თუმცა, გამომწვევ მიზეზებს შორის აგრეთვე საყურადღებოა  კანის არასწორი მოვლა და ისეთი არასასურველი კლიმატური პირობები, როგორიც მშრალი ჰავა, მზე, ქარი, ყინვა და ჰაერის ტენიანობაა.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    აკიტას ნუტრიციოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაბალანსებული კვებაა საჭირო. ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები ჩვენს კომპანიონ ცხოველს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

    აკიტას საჭმლის მომნელებელი სისტემის დაცვას იმ საკვების თავიდან არიდებით შეძლებთ, რომელთა კომპანიონი ცხოველებისთვის შეთავაზებაც არ არის რეკომენდირებული. ამ საკვები პროდუქტების ჩამონათვალში ბეკონი, შოკოლადი, ავოკადო, ყურძენი, ქიშმიში, სოკო და უმი კარტოფილი შედის.

    თუმცა, ეს სია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომელთა მიღება კომპანიონი ცხოველებისთვის არ არის მიზანშეწონილი. სწორედ ამიტომ, კვებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სასურველია კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ.

    ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრების კეთილდღეობას მათი იმუნური სისტემა განაპირობებს. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, სასურველია დაბალანსებულ საკვებთან ერთად C ვიტამინის მიწოდებითაც შევუწყოთ ხელი ჩვენი ერთგული მეგობრების ჯანმრთელობას.

    ჩვენს ოთხფეხა მეგობარზე კომპეტენტურად ზრუნვისთვის, სასურველია გაითვალისწინოთ ისიც, რომ შებერილობისადმი მიდრეკილების გამო, აკიტას რაციონი გონივრულად უნდა იყოს შერჩეული. სწორედ ამიტომ, კომპანიონი ცხოველის კვებასთან დაკავშირებული პერსონალური რჩევების მისაღებად და დაბალანსებული საკვები რაციონის შესადგენად, გირჩევთ, კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    აკიტას ჯიში საუკუნეების წინ დაწყებული მდიდარი ისტორიით ამაყობს. იაპონიაში მდებარე აკიტას პრეფექტურიდან წარმოშობილი ეს დიდებული  კომპანიონი ცხოველები მატაგებმა მსხვილ ნადირზე (ირემი, ღორი, დათვი) სანადიროდ გამოიყვანეს. შერჩევითი გამრავლების ეს პროცესი განსაკუთრებული ნადირობის უნარით, გამძლეობითა და სიმამაცით დაჯილდოვებული ჯიშის შექმნას ისახავდა მიზნად.

    წარმოშობის ადგილის გამო, მე-17 საუკუნეში ჯიში “მატაგი აკიტების” სახელით მოიხენიებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ მალე აკიტამ იაპონელი თავადაზნაურობის ყურადღება მიიპყრო და მთელი იაპონიის მასშტაბით იქცა პრესტიჟისა და უსაფრთხოების სიმბოლოდ.

    მეორე მსოფლიო ომის დროს, საკვების სიმცირემ და გერმანულ ნაგაზთან შეწყვილებამ აკიტას ჯიშს საფრთხე შეუქმნა. თუმცა, ომისშემდგომმა მცდელობებმა სახეობისთვის დამახასიათებელი გამორჩეული მახასიათებლები ზედმიწევნით შეინარჩუნა. აკიტას კულტურული მნიშვნელობა იაპონიის მიერ, 1931 წელს მისი “ბუნების ძეგლად” დასახელებამ განამტკიცა.