კატის ჯიშები

ბენგალი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ბენგალი

ბენგალის კატა გასაოცარი გარეგნობითა და მიმზიდველი პიროვნებით არის ცნობილი. გლუვი, მოკლე ბეწვისა და ცოცხალი ფერების კომბინაცია მას არნახულ მიმზიდველობას მატებს. ჯიშისთვის დამახასიათებელი ეგზოტიკური გარეგნობა პირველივე შეხედვისთანავე აღძრავს ლეოპარდის ასოციაციას. ბენგალის კატები მაღალი ინტელექტითა და ცნობისმოყვარე პიროვნებითაც გამოირჩევიან. ველური ესთეტიკის, მეგობრული ხასიათისა და მოსიყვარულე პიროვნების ეს უნიკალური კომბინაცია მათ შესანიშნავ კომპანიონ ცხოველებად აქცევს მათთვის, ვინც აქტიურ, ენერგიულ და მხიარულ თანამგზავრს ეძებს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • ენერგიის მაღალი დონე
  • მხიარულება
  • მოსიყვარულე ბუნება 
  • გონიერება
  • ცნობისმოყვარეობა
  • სხვა შინაური ცხოველებისადმი კეთილგანწყობა
  • ტერიტორიული ქცევა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ბენგალის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 36-46 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ბენგალი 3.6 კილოგრამიდან 7.7 კილოგრამამდე იწონის. ბენგალის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბენგალის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 16 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ბეწვი ბენგალური კატის ეგზოტიკური გარეგნობის მთავარი ღირსებაა. კანის ეს გასაოცარი და მდიდრული საფარი ჯიშის მიმზიდველ და ვიზუალურად განსაცვიფრებელ რეპუტაციას კიდევ უფრო მეტი სიცხადით წარმოაჩენს. ბენგალის მოკლე და გლუვი ბეწვი შეხებისას რბილია. ქურთუკი კონტრასტული ფერებითაა გაფორმებული და ლეოპარდის ბეწვს მოგაგონებთ. კომპანიონი ცხოველების ამ სახეობას ყველაზე ხშირად ნარინჯისფერ, ყავისფერ, მარმარილოსფერ და ვერცხლისფერ ფერებში შეხვდებით. ბენგალის ბეწვი მოკლე სიგრძის გამო მინიმალურ მოვლას საჭიროებს.

  • ჯიშის ხასიათი

    ბენგალის კატები ველური ბუნების მიმზიდველობას თბილ და მიმზიდველ პიროვნებასთან აერთიანებენ. მხიარული ქცევა, გონიერება და გასაოცარი გარეგნობა მათ პოპულარულ კომპანიონ ცხოველებად აქცევს მათთვის, ვინც ინტერაქტიულ და ვიზუალურად განსაცვიფრებელ კატას ეძებს. 

    ეს გონიერი და ენერგიული კომპანიონი ცხოველები მხიარული ბუნებით და ინტერაქტიული აქტივობების სიყვარულითაც გამოირჩევიან. ბენგალები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და მრავალფეროვანი თამაშებით გონებრივ სტიმულირებაც ხშირად საჭიროებენ. 

    ეგზოტიკური გარეგნობის მიუხედავად, ბენგალის კატები კარგად ადაპტირდებიან მრავალფეროვან საცხოვრებელ გარემოსთან და მათი ეფექტურად გაწვრთნაც შესაძლებელია. სხვა კატებისგან განსხვავებით ბენგალებს წყალთან სიახლოვე ხიბლავთ, ამიტომ ნუ გაიკვირვებთ თუ თქვენი პატარა თანამგზავრი შხაპის მიღების დროსაც გაგიწევთ კომპანიონობას და პერსონალურ თასში არსებულ წყალსაც არაერთხელ გაეთამაშება. 

    ათლეტური აღნაგობისა და მოქნილი სხეულის გამო, ბენგალები არც ცოცვასა და ხტომაზე ამბობენ უარს. ეს აქტივობები მათ გარემოს შესწავლაში და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში ეხმარება.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელსაც პარკუჭების კედლების გასქელება ახასიათებს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულ კომპანიონ ცხოველებს გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი და არითმია აღენიშნებათ. დაავადების სამკურნალოდ ხშირად გულის შეკუმშვის ძალის შესამცირებელ მედიკამენტებს იყენებენ. თანდაყოლილი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მსგავსად, დაავადების მოგვიანებით გამოვლენილი შემთხვევების უმეტესი ნაწილიც გენეტიკური დეფექტით არის გამოწვეული. 

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შესაძლოა ახალშობილობის ან ზრდასრულობის პერიოდში გამოვლინდეს. დაავადების ეფექტურად მართვას ვეტერინართან აქტიური კომუნიკაციის, სათანადო ვარჯიშისა და ჭარბწონიანობის თავიდან აცილებით შეძლებთ.

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია 

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.

    ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს პატარა მეგობარს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს. 

    ინფექციური პერიტონიტი 

    ინფექციური პერიტონიტი ვირუსული დაავადებაა, რომელიც კატის კორონავირუსის გარკვეული შტამებით არის გამოწვეული. აღნიშნული დაავადება განსაკუთრებულ გავლენას კომპანიონი ცხოველის იმუნურ სისტემაზე ახდენს. 

    სუფთა საცხოვრებელმა გარემომ, სტრესის მინიმიზაციამ და ერთ სივრცეში მრავალი კატის თანაცხოვრების თავიდან აცილებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ინფექციური პერიტონიტის რისკი. ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა კატების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც ეფექტური აღმოჩნდეს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ვაქცინის ეფექტურობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებულია.

    ბრტყელი გულმკერდის სინდრომი

    ბრტყელი გულმკერდის სინდრომი გულმკერდის არასწორად განვითარებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც ფილტვებისა და გულის სათანადო ფუნქციონირებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ბრტყელი გულმკერდის სინდრომის თავიდან ასაცილებლად ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში კომპანიონი ცხოველის სათანადო კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჭარბი კვების თავიდან აცილება და კნუტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ზომაა. 

    თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს ბრტყელი გულმკერდის სინდრომი აქვს, გახსოვდეთ, რომ თქვენი, როგორც კომპეტენტური მშობლის როლი მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მჭიდროდ ითანამშრომლეთ ვეტერინართან და სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ ეწვიეთ კლინიკას. 

    ბარძაყის დისპლაზია

    ბენგალის კატების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა შესაძლოა ბარძაყის დისპლაზია იყოს. ეს გახლავთ გენეტიკური დაავადება, როდესაც ბარძაყის სახსარი სათანადოდ არ ჯდება ბუდეში. დაავადების ეფექტურად მართვაში და ბარძაყის დისპლაზიით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში წონის მონიტორინგი, დაბალანსებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ.

    ანემია

    ანემიას სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა იწვევს. ვინაიდან, სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებენ, მათი ნაკლებობა ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობასთან ასოცირდება, რაც დაღლილობასა და სისუსტეს იწვევს. ანემიის რამდენიმე ტიპი არსებობს. მაგალითად, რკინადეფიციტური ანემია ორგანიზმში რკინის ნაკლებობით არის გამოწვეული და ორგანოების სწორ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. მეგალობლასტური ანემიას რაც შეეხება ის B9 და B12 ვიტამინების ნაკლებობით არის გამოწვეული.  

    როგორც კომპტენტურ მშობელს გახსოვდეთ, რომ საკვები ნივთიერებებით მდიდარი რაციონი  და რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები თქვენი კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პასუხიმგებლიანი ზრუნვის პრაქტიკა ანემიის განვითარებასთან ერთად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც აგაცილებთ თავიდან. 

    პერიფერიული ნეიროპათია

    პერიფერიულ ნეიროპათიას პერიფერიული ნერვების დაზიანება იწვევს. ამ პროცესს ხშირად სისუსტე, მგრძნობელობის დაქვეითება, მოძრაობის გაძნელება და ტკივილი ახლავთ თან. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება ნევროლოგიური პრობლემების დროულად აღმოჩენაში და დაავადების ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ.

    პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა გენეტიკურმა მიდრეკილებამ, ტრავმულმა დაზიანებამ, ინფექციამ, ტოქსინების ზემოქმედებამ ან მეტაბოლიზმის პრობლემებმა გამოიწვიოს. პერიფერიული ნეიროპათიის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი დიაბეტია. ვინაიდან, კომპანიონ ცხოველებში დიაბეტის განვითარებას ჭარბჭონიანობა უწყობს ხელს, გირჩევთ სათანადო ყურადღება მიაქციოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის წონას და ის ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოთ. უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა კიდევ ერთი პრევენციული ზომაა, რომელიც სტრესის შემცირებაში და პერიფერიული ნეიროპათიის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ენერგეტიკული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და კუნთოვანი მასის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ბენგალის კატებს მაღალი ხარისხის დაბალანსებული საკვები შესთავაზოთ. უპირატესობა მიანიჭეთ კომერციულ საკვებს, რომელიც ცხოველური წარმოშობის ცილებს შეიცავს. 

    საკვების სიყვარულის გამო შესაძლოა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი სიმსუქნისკენ იყოს მიდრეკილი. ამის თავიდან ასაცილებლად და თქვენი ოთხფეხა მეგობრის ასაკის, წონისა და აქტივობის დონის შესაბამისად პორციების ზომის დასადგენად სასურველია გამოცდილ ნუტრიციოლოგს მიმართოთ. საათობრივად დადგენილი კვების რუტინა თქვენი კომპანიონი ცხოველის კვებითი ჩვევების დარეგულირებასა და ჭარბი კალორიების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. 

    ჩვეულებისამებრ, კატის კომერციული საკვები დაბალანსებული ოდენობით შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო სასარგებლო ნივთიერებებს, თუმცა, ინდივიდუალურ შემთხვევებში, შესაძლოა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის საკვები დანამატებისა და ვიტამინების მიწოდებაც გახდეს საჭირო. მაგალითად, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები კანისა და ბეწვის ჯანმრთელობას უწყობენ ხელს, ამინომჟავა ტაურინი კი გულისა და თვალის ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი. მაღალი ხარისხის კატის საკვები ტაურინის გარკვეულ ოდენობას შეიცავს, მაგრამ თუ მის დამატებას რაციონში ცალკეული კომპონენტის სახით განიხილავთ, საჭიროებისა და დოზის დასადგენად აუცილებლად მიმართეთ ნუტრიციოლოგს. 

    პრობიოტიკები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კიდევ ერთი ელემენტია, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას და ნაწლავისთვის სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს, პრობიოტიკების მიწოდებამდე აუცილებლად დაგეგმეთ ნუტრიციოლოგთან ვიზიტი და გადაწყვეტილება სწორედ სათანადო კონსულტაციის საფუძველზე მიიღეთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ბენგალურ კატას წარმოშობის საინტერესო ისტორია აქვს. 1960-იან წლებში კალიფორნიაში მცხოვრებმა ჯინ მილმა, ლეოპარდის მსგავსი გარეგნობის მქონე შინაური კატის შექმნა გადაწყვიტა. მიზნის მისაღწევად, მან აზიური ლეოპარდის კატა ისეთ მოკლებეწვიან ჯიშებთან შეაწყვილა, როგორიც აბისინური, ბირმული და ეგვიპტური მაუა. ჯინ მილსმა შედეგად მიიღო მომხიბვლელი სახეობა, რომელიც მნახველს პირველივე შეხვედრისთანავე მოაგონებდა ლეოპარდს. ბენგალური კატის სახელიც სწორედ მისი ველური წინაპრის, აზიური ლეოპარდის კატის ლათინური სახელწოდებიდან მომდინარეობს.

    თავდაპირველად, ჯიშს სკეპტიციზმით შეხვდნენ, თუმცა მისმა მიმზიდველობამ მალე მოწინააღმდეგეთა გულებიც დაიპყრო და სელექციონერებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს ბენგალური კატების შემდგომი თაობების საგულდაგულოდ გამოყვანა. მათი მიზანი გასაოცარი გარეგნობის შენარჩუნება და ადამიანებთან თანაცხოვრებისთვის საჭირო ნაზი და კომუნიკაბელური ტემპერამენტის განმტკიცება იყო.