ძაღლის ჯიშები

ბიშონ ფრიზე

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ბიშონ ფრიზე

თუ პატარა ზომის, მოსიყვარულე და მხიარულ კომპანიონს ეძებთ, ფუმფულა და ხალისიანი ფიშონ ფრიზე საუკეთესო არჩევანია თქვენთვის. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი პატარა მომხიბვლელ სათამაშოს მოგაგონებთ. თუმცა, ბიშონ ფრიზეს იმაზე ბევრად მეტი ღირსება აქვს, ვიდრე მხოლოდ შთამბეჭდავი გარეგნობაა. მხიარული დამოკიდებულებითა და ცნობისმოყვარე ქცევით, ეს კომპანიონი ცხოველები არასოდეს იღლებიან ყურადღების ცენტრში ყოფნით.

მეგობრული ბუნება და სხვა შინაურ ცხოველებთან ჰარმონიული თანაცხოვრების უნარი, ბიშონ ფრიზეს შესანიშნავ კომპანიონად აქცევს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი მსუბუქი ალერგიის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებული ჯიშებიდან ერთ-ერთია.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მეგობრული და მოსიყვარულე ბუნება
  • მხიარული ტემპერამენტი
  • სიფხიზლე და ცნობისმოყვარეობა
  • ენერგიულობა
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • თავდაჯერებულობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ბიშონ ფრიზეს სიმაღლე 24-29 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 46-56 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ბიშონ ფრიზე 5.4 კილოგრამიდან 8.2 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბიშონ ფრიზეს სიცოცხლის ხანგრძლივობა 14-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ბიშონ ფრიზეს ბეწვი ჰიპოალერგიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლების მიმართ ალერგიულ ადამიანებში ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ბიშონ ფრიზეს მოვლის პროცესი გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის ბეწვზე რეგულარულად უნდა იზრუნოთ და საუკეთესო შემთხვევაში,   ყოველდღე უნდა დავარცხნოთ. სასურველია პროფესიონალ გრიუმერს ყოველ ხუთ-ექვს კვირაში ერთხელ მიმართოთ.

  • ჯიშის ხასიათი

    ბიშონ ფრიზეს ჯიშის წარმომადგენლები მხიარული და მოსიყვარულე განწყობით არიან განთქმულნი. მათი მომხიბვლელი და მხიარული ქცევა ირგვლივ არსებულ ატმოსფეროს განსაკუთრებული ხალისით ავსებს. მეგობრული ბუნებით ცნობილი ბიშონები, როგორც წესი, ყველა ასაკის ადამიანთან, მათ შორის, ბავშვებთან და ხანდაზმულებთანაც პოულობენ საერთოს.

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები აქტიური ძაღლები არიან, თუმცა,  პატარა ზომის გამო დიდ ადგილს არ საჭიროებენ. სწორედ ამიტომ, ისინი თანაბრად არიან შესაფერისი როგორც ბინაში, აგრეთვე, კერძო სახლში ცხოვრებისთვის.

    მცირე ზომის მიუხედავად, ბიშონებს გასაოცარი ენერგია აქვთ და ისეთ აქტივობებში უყვართ ჩართვა, როგორიც კომპანიონ ადამიანებთან ერთად თამაში და ხანმოკლე გასეირნებაა. გონიერება და ჯილდოს მიღების სურვილი ბიშონ ფრიზეს წვრთნას შედარებით მარტივ ხდის, თუმცა თანმიმდევრულობა და პოზიტიური განმტკიცება ამ პროცესში გასათვალისწინებელი ორი მნიშვნელოვანი ასპექტია.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება.

    მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.

    ალერგია

    ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრებს გარკვეული საკვები პროდუქტების ან გარემო ფაქტორების მიმართ ალერგიული ფონი უვითარდებათ. ალერგიით გამოწვეული სიმპტომები ხშირად კანის პრობლემებში გამოიხატება. საბედნიეროდ, სიმპტომები თავდაპირველად მსუბუქი ფორმით ვლინდება. ამიტომ, გირჩევთ, ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს კომპანიონ ცხოველს და ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოთ ვეტერინარს. ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ვეტერინარები, ჩვეულებისამებრ, კანის დიაგნოსტიკას ან სისხლის ანალიზს მიმართავენ.

    კატარაქტა

    კატარაქტა თვალის დაავადებაა, რომელიც კომპანიონი ცხოველის თვალის ლინზის დაბინდვას იწვევს. ამ დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა,  მონაცრისფრო ან რძისფერ შეფერილობას იძენს, რაც მხედველობის მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევს.

    თანდაყოლილ კატარაქტას, როგორც წესი, დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება ან სამშობიარო ტრავმა იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თანდაყოლილი დაავადებების კონტროლი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, C და E ვიტამინებით მდიდარმა რაციონმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის თვალის ჯანმრთელობას.

    როგორც კომპეტენტურ მშობელს გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა.

    შარდის ბუშტის კენჭები

    კომპანიონი ცხოველის შარდის ბუშტში წარმოქმნილი კენჭები მინერალების მყარი მასებია. ხშირ შემთხვევაში, კენჭები სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც შარდის ბუშტი სათანადოდ არ იცლება. ამ დროს, ბუშტში დარჩენილ შარდში არსებული მინერალები წარმოქმნიან კრისტალებს, რომლებიც შემდეგ კენჭებად გარდაიქმნებიან. კენჭის მიერ შარდის ბუშტის კედლის გაღიზიანებამ ან შარდის დინების ხელშეშლამ შესაძლოა მუცლის ტკივილი და მტკივნეული შარდვა გამოიწვიოს.

    შარდის ბუშტის კენჭების მკურნალობა ქირურგიული მეთოდით ხორციელდება, თუმცა თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით ამ დაავადების მკურნალობა გაცილებით უმტკივნეულო და  ეფექტურია.

    შაქრიანი დიაბეტი

    შაქრიანი დიაბეტი   სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებით გამოწვეული ქრონიკული დაავადებაა. შაქრიანი დიაბეტის დროს პანკრეასი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს ინსულინს. ამან შესაძლოა თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა და მხედველობის პრობლემები გამოიწვიოს.

    შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები მომატებულ წყურვილთან ერთად წონის უეცარ კლებასა და მადის ცვლილებშიც გამოიხატება. კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურად შესანარჩუნებლად ვეტერინარის დახმარება დაგჭირდებათ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    აქტიური ცხოვრების წესის ხელშესაწყობად, ბიშონ ფრიზეს საკვები რაციონი უპირველეს ყოვლისა, მაღალი ხარისხის ცილას უნდა შეიცავდეს. ცილასთან ერთად, ცხიმიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობისთვის. ორაგული, სელის თესლი და კანოლას ზეთი არამხოლოდ ბიშონ ფრიზეს კანის ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს, არამედ, მისი ბეწვის მბზინვარებასაც გააუმჯობესებს.

    თქვენი მოუსვენარი კომპანიონი ცხოველის ენერგიის წყარო ბოსტნეულისგან, ყავისფერი ბრინჯისგან, და შვრიისგან მიღებული ბოჭკოებით მდიდარი ნახშირწყლებია. მათი მიღება საჭმლის მონელებასთან ერთად სისხლში შაქრის დონის რეგულირებასაც შეუწყობს ხელს.

    ბიშონ ფრიზესთვის საუკეთესო საკვების შერჩევისას, ყურადღებით გაეცანით ინგრედიენტების ჩამონათვალს და ისეთ პროდუქტებს მოერიდეთ, რომლებიც ხელოვნურ დანამატებს ან ჯანმრთელობისთვის მავნე შემავსებლებს შეიცავენ. ამ საკითხთან დაკავშირებული კომპეტენტური ინფორმაციის მიღებას ნუტრიციოლოგისგან შეძლებთ.

    ბიშონ ფრიზეს მცირე ზომისა და წონის ადვილად მატებისადმი მიდრეკილების გამო, კვების მითითებები თქვენი ძაღლის ასაკის, წონისა და აქტივობის დონის მიხედვით დაიცავით და რეგულარულად აკონტროლეთ მისი სხეულის მდგომარეობა, რათა საჭიროებისამებრ შეცვალოთ რაციონი.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ბიშონ ფრიზეს ჯიში ხმელთაშუა ზღვის რეგიონში წარმოიშვა. მისი ზუსტი წარმომავლობა გარკვეულწილად ბუნდოვანია, თუმცა მიიჩნევა, რომ ბიშონ ფრიზეს წინაპრები, მეზღვაურებისა და ვაჭრებისთვის საყვარელი, ხმელთაშუაზღვისპირეთის მინიატურული ძაღლები იყვნენ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ბიშონ ფრიზე, ხვეულბეწვიანი წყლის სპანიელისგან, ბარბეტისგან წარმოიშვა.

    ჯიში განსაკუთრებით პოპულარული ევროპელი თავადაზნაურობის წრეში, რენესანსის ეპოქაში გახდა. საფრანგეთში მას “ბიშონ ტენერიფეს” სახელით მოიხსენიებდნენ და მხიარული ქცევის, მოსიყვარულე ბუნებისა და საფირმო ფუმფულა თეთრი ქურთუკის გამო აფასებდნენ. მე-16 საუკუნის ნახატებზე, ბიშონ ფრიზეს სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახვა მათ სტატუსზე კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბიშონ ფრიზეს საკუთარ ნახატებში გოიაც ხშირად ასახავდა.

    მეფე ჰენრი III-ს იმდენად უყვარდა ბიშონები, რომ სადაც არ უნდა წასულიყო სპეციალური კალათით ატარებდა მათ თან. ბიშონ ფრიზეს მიმართ ინტერესი ნაპოლეონ III-ის მმართველობის დროსაც ძლიერი იყო.

    პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ფრანგმა სელექციონერებმა ჯიშის შენარჩუნებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყეს. ჯიშის ოფიციალური სტანდარტი საფრანგეთის Société Centrale Canine-ის მიერ 1933 წლის 5 მარტს იქნა მიღებული. იმავე წელს, ბიჩონ ფრიზე საერთაშორისო კინოლოგიურმა კლუბმაც აღიარა.