მინიატურული ძაღლის ჯიშები: უნიკალური პერსონალობა & წარმოშობის ისტორია

ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან. მეგობრობის ეს ხანგრძლივი ისტორია ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვარწმუნებს რომ ძაღლების მიერ ჩვენდამი გამოვლენილი სიყვარული წრფელი და უანგაროა.

ბუნებრივი მოცემულობაა, რომ დროთა განმავლობაში ლეკვები ძაღლებად ყალიბდებიან, თუმცა, არსებობს ძაღლის ისეთი ჯიშებიც, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც ინარჩუნებენ პატარა ზომას. ისინი შესანიშნავი კომპანიონები და ოჯახის განუყოფელი ნაწილი არიან. მაგრამ, მათთვის დამახასიათებელმა პატარა ზომამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ – ეს პატარა კომპანიონი ცხოველები განმაცვიფრებელი პიროვნულობით და შთამბეჭდავი თვისებებით ხასიათდებიან. 

მაშ ასე, ერთად აღმოვაჩინოთ ყველაზე შთამბეჭდავი მინიატურული ძაღლის ჯიშები და გამოვარკვიოთ, რა ხდის თითოეულ მათგანს უნიკალურს!

მინიატურული ძაღლის ჯიშები – ერთი ნახვით სიყვარული!

1. პომერანული შპიცი

ცნობისმოყვარე, ენერგიული და მოსიყვარულე ბუნებით გამორჩეული პომერანული შპიცი ციმციმა თვალებითა და ლამაზი, ფუმფულა ბეწვის ქურთუკით ხასიათდება. მინიატურული ზომის მიუხედავად, პომერანული შპიცი განსაკუთრებული გამბედაობით გამოირჩევა. ის ისეთი გულადია, რომ მასზე გაცილებით დიდი ზომის ძაღლებთანაც კი არ ერიდება ხმამაღალ ყეფას.

პომერანული შპიცები სწრაფად ითვისებენ და მარტივად ახერხებენ ხმოვან ინსტრუქციებზე რეაგირებას. ცნობისმოყვარე და კეთილშობილი ბუნება მათ ბავშვებისა და სხვა შინაური ცხოველების შესანიშნავ კომპანიონებად  აქცევს. 

ყოველდღიური ვარჯიშისა და დიდი რაოდენობით ყურადღების სანაცვლოდ პომერანული შპიცები უდიდეს სიყვარულს სთავაზობენ ადამიანებს. ამგვარი პიროვნული მახასიათებლების გამო, პომერანელები საუკეთესო თერაპიული ძაღლები არიან.

2. მალტეზე

მალტეზე ევროპული წარმოშობის სამეფო სახეობაა, რომელმაც შეძლო და მთელ მსოფლიოს შეაყვარა თავი. თუმცა, ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ სახეობისთვის დამახასიათებელი თეთრი, აბრეშუმისებრი ბეწვი და განსაკუთრებული ვიზუალი გულგრილს არავის ტოვებს.

მალტეზე ნაზი, გონიერი, მხიარული, და ლოალური კომპანიონია, რომელიც პატრონისადმი სიყვარულსა და ერთგულებას თანაცხოვრების ყოველ ნაბიჯზე ავლენს. ფუმფულა ბეწვის საფარის მიუხედავად, მალტეზე ჰიპოალერგიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბეწვის ცვენის ინტენსივობა მინიმალურია. დაგვეთანხმებით, ეს განსაკუთრებული უპირატესობაა მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს. 

3. ბიშონ ფრიზე

ბიშონ ფრიზე კიდევ ერთი მინიატურული ზომის ძაღლია, რომელსაც თეთრი ხავერდოვანი ბეწვი, გრძელი კუდი, ატმისფერი ყურები და მუქი თვალები გამოარჩევს. შთამბეჭდავ ვიზუალურ მახასიათებლებთან ერთად, ბიშონ ფრიზე ჭკვიანი და მხიარული ძაღლია, რომელიც პირველი შეხვედრისთანავე უყვარდება ხალხს.

თუ ბიშონ ფრიზეს ყოლას გადაწყვეტთ, მისი ბეწვის საფარის რეგულარული მოვლისთვის უნდა იყოთ მზად. ამ სახეობისთვის დამახასიათებელი დელიკატური საჭმლის მომნელებელი სისტემის გამო მათთვის გარკვეული საკვების მიწოდებისგან თავის შეკავებაც მოგიწევთ. თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთი უნიკალური კომპანიონი ცხოველის ყოლით გამოწვეული ბედნიერება ყოველგვარ სირთულეს უმნიშვნელო გამოწვევად აქცევს.

4. პეკინესი

პეკინესს საიმპერატორო წარმოშობა აქვს – მისი შექმნა ჩინეთის იმპერატრიცას უკავშირდება. ამ ჯიშის სახელიც სწორედ ქალაქი პეკინის დასახელებიდან მომდინარეობს. შესაძლოა ეს უჩვეულოდ ჟღერდეს, თუმცა, ჩინური ლეგენდის თანახმად, პეკინესი ლომისა და მაიმუნის შთამომავალია. 

როგორც სამეფო წარმომავლობას ეკადრება, ძაღლის ეს ჯიში განსაკუთრებული დამოუკიდებლობით ხასიათდება. თუმცა, პოზიტიური განმტკიცებისა და სათანადო წვრთნის შემთხვევაში მათ დამჯერ კომპანიონებად ჩამოყალიბებას იოლად შეძლებთ. სხვა პიროვნულ თვისებებს რაც შეეხება, პეკინესები მეტად მხიარული, მოსიყვარულე და ერთგული კომპანიონი ცხოველები არიან.

5. ფაგი

ფაგი პატარა, კვადრატული ფორმის ძაღლია. სასაცილოდ ჟღერს, არა? ეს მის მხიარულ ტემპერამენტთან შედარებით არაფერია! შეუძლებელია მათმა ბრტყელმა სახემ, მომღიმარმა მზერამ და სიცელქემ პირველივე შეხვედრისთანავე არ მოგხიბლოთ. შესაძლოა, სწორედ ამ უნიკალური მახასიათებლების გამო ითვლებოდა ფაგი აზიაში იმპერატორების საყვარელ ძაღლად.

რამდენადაც მხიარულია ფაგი, იმდენად მგრძნობიარეა ის თავისი პატრონის ტონის მიმართ. ამიტომ ეცადეთ მასთან ინტერაქციის დროს ემოცია აკონტროლოთ და მის მიმართ განსაკუთრებულ სითბოსთან ერთად ყურადღებაც ხშირად გამოიჩინოთ. დაგვიჯერეთ, ასეთ შემთხვევაში ფაგი თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა და თქვენს ყოველდღიურობას უთვალავი ბედნიერი წუთით აავსებს!

6. იორკშირ ტერიერი

იორკშირ ტერიერი პოპულარული მინიატურული ძაღლია, რომელიც, ჩვეულებრივ, 3,2 კგ-ზე მეტს არასოდეს იწონის. მათ გრძელი, აბრეშუმისებრი ბეწვი, პატარა თავი, შავი საშუალო ზომის თვალები და V ფორმის ყურები აქვთ.

იორკშირის ტერიერის ტემპერამენტი განვითარების ადრეულ ეტაპზე ინვესტირებულ წვრთნასა და სოციალიზაციაზეა დამოკიდებული. კარგად გაწვრთნილი იორკშირის ტერიერები თავდაჯერებულ და გაბედულ კომპანიონ ცხოველებად ყალიბდებიან. ძაღლის ეს სახეობა სიცივისა და სიცხის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ეზოში ცხოვრებისთვის არ არიან შესაფერისი.

7. ჯუჯა პუდელი

ჯუჯა პუდელის წარმოშობის ადგილი საფრანგეთია. ეს სახეობა მაღალი ინტელექტით, ელეგანტურობითა და ათლეტურობით გამოირჩევა. მრავალფეროვან ფერებში გადაწყვეტილი მათი ხვეული ბეწვი შესაძლოა თეთრი, შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი და მოწითალო ფერისაც კი იყოს. შთამბეჭდავია, არა? 

ინტელექტის მაღალი დონის გამო, ჯუჯა პუდელები განსაკუთრებული წარმატებით ასპარეზობენ შეჯიბრებებში. ალბათ, უფრო მეტად გაგაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ ჯუჯა პუდელი ცნობილი ფრანგი მონარქების საყვარელი ძაღლი იყო. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ მეფე ლუი XVI და დედოფალი მარი ანტუანეტა ამ სახეობის ძაღლებს განსაკუთრებული მოკრძალებითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ. 

ჯუჯა პუდელებს იშვიათად სცვივათ ბეწვი. ეს მათ იდეალურ შინაურ ცხოველებად აქცევს მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს. ჯუჯა პუდელი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც სპეციალური მომზადების გარეშე შეუძლია მრავალფეროვანი მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულება.

რა განაპირობებს მინიატურული ძაღლების უნიკალურობას? 

ძაღლების დნმ-ში არსებული “მოქნილი გენი” მუტაციისა და ადაპტაციის საშუალებას იძლევა. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ძაღლის ამდენი, ერთმანეთისგან განსხვავებული, უნიკალური ჯიში არსებობს სამყაროში.

უნიკალურობის თვალსაზრისით, მინიატურული ძაღლის ჯიშებს ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ – ეს ის კომფორტია, რომელსაც ეს უნიკალური ცხოველები მათ გარშემო მყოფ ადამიანებს უქმნიან. პატარა ძაღლების მოვლა და ტრანსპორტირება, ჩვეულებისამებრ, გაცილებით მარტივია, რაც მათ იმ ადამიანებისთვის შესაფერის კომპანიონებად აქცევს, რომლებიც პატარა ბინებში ცხოვრობენ ან ხშირად უწევთ მოგზაურობა. 

პატარა ძაღლების ჯიშების პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი მათი მიმზიდველი გარეგნობაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მინიატურულ ძაღლებს სხვა სახეობებთან შედარებით უფრო გრძელი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ. პატარა ძაღლების მრავალი ჯიში 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცოცხლობს. შთამბეჭდავია, არა? დარწმუნებული ვართ, ამ ფაქტმა განსაკუთრებით გაგახარათ – ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მათ მრავალი წლის განმავლობაში შეეძლებათ თქვენს გვერდით ბედნიერად ცხოვრება!