ყურის ინფექცია
ინფექციების განვითარების რისკის შესამცირებლად ყურის რეგულარულ წმენდას და მისი სისუფთავის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოიყენეთ ვეტერინარის მიერ რეკომენდირებული ყურის საწმენდი ხსნარი და ბამბით ნაზად გაუსუფთავეთ ყურები თქვენს კომპანიონ ცხოველს.
ამ პროცესში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ეცადეთ ყურის არხი არ დააზიანოთ. ვინაიდან, ტენიანობა ბაქტერიების გამრავლებისთვის შესაფერის გარემოს ქმნის, ჰიგიენური პროცედურის დასრულებისთანავე დარწმუნდით, რომ თქვენი კომპანიონი ცხოველის ყურები მშრალია.
გლაუკომა
გლაუკომა თვალშიგა წნევის ზრდას და მხედველობის ნერვის დაზიანებას იწვევს. გლაუკომის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე კომპანიონი ცხოველების მხედველობა უმნიშვნელოდ უარესდება, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა საქმე განუკურნებელ სიბრმავემდე მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პრევენცია რთულია, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარმართვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.
ანტიოქსიდანტებით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, A, C და E ვიტამინებით მდიდარი რაციონი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში საგრძნობლად დაეხმარება.
ბადურის პროგრესირებადი ატროფია
ბადურის პროგრესირებადი ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.
ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს მომავალ კომპანიონს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს.
ატოპიური დერმატიტი
ატოპიური დერმატიტი კომპანიონ ცხოველებში გავრცელებული კანის დაავადებაა. ეს გახლავთ ალერგენების მიმართ ზედმეტად აქტიური იმუნური პასუხის გამო განვითარებული ანთებითი პროცესი. ატოპიური დერმატიტი კანის ანთებას, შეწითლებასა და ქავილს იწვევს.
ატოპიური დერმატიტის სიმპტომები ხშირად ჰგავს კანის სხვა დაავადებებით გამოწვეულ სიმპტომებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დიაგნოზი ვეტერინარმა დასვას.
ბადურის დისტროფია
დისტროფია ბადურის მოშლას და მხედველობის დაქვეითებას იწვევს. დაავადების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მემკვიდრეობითი ფაქტორი, ასაკის მატება ან დიაბეტი იყოს. დაავადების დიაგნოსტიკისთვის ვეტერინართან კონსულტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში საშიშროების თავიდან აცილებას ეფექტურად შეძლებთ.
ნეფროპათია
ნეფროპათიით დაავადებული ძაღლები თირკმლის ანომალიური სტრუქტურით იბადებიან. ნეფროპათია პროგრესირებადი დაავადებაა და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა თირკმელების ფუნქციის შეწყვეტაც კი გამოიწვიოს.
ნეფროპათიის კლინიკური ნიშნები უკონტროლო წყურვილს, მომეტებულ შარდვას, მადის კარგვასა და ღებინებას იწვევს. შარდში ცილის მუდმივი მაღალი დონე შესაძლოა ნეფროპათიაზე მიუთითებდეს. სწორედ ამიტომ, ვეტერინართან ვიზიტი და შარდის ანალიზის აღება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საუკეთესო გზაა.