ძაღლის ჯიშები

ირლანდიური სეტერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ირლანდიური სეტერი

ირლანდიურ სეტერს შესანიშნავი ყნოსვა და თანდაყოლილი მონადირული ინსტინქტები გამოარჩევს. ამ ჯიშის წარმომადგენლები ირ­ლან­დი­ის ჭა­ო­ბი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, გარეულ ფრინველებზე ნადირობის მიზნით გა­მო­იყ­ვა­ნეს, ამიტომ სხვა სე­ტე­რებ­თან შე­და­რე­ბით ისინი განსაკუთრებით მსუ­ბუ­ქები და სწრა­ფები არიან.

სხვა სპორ­ტული ძაღლების მსგავსად, ირ­ლან­დი­ურ სე­ტე­რებ­საც უდი­დე­სი ენერ­გია აქვთ და სწორედ ეს მაღალი ენერგეტიკული დონე აქცევს მათ აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის შესაფერის კომპანიონად. იქნება ეს ქალაქგარეთ ლაშქრობა თუ ეზოში თამაში, ირლანდიური სეტერი განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაგიწევთ კომპანიონობას.

მაღალი ინტელექტი ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების წვრთნის პროცესს შედარებით მარტივს ხდის, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად, თანმიმდევრულობასა და მოთმინებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • დამოუკიდებელობა
  • ენერგიულობა
  • სიფხიზლე
  • ინტერაქტიული თამაშებისადმი ინტერესი
  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • გონიერება
  • ერთგულება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი ირლანდიური სეტერი სიმაღლეში 56-61, Მამრი ირლანდიური სეტერი კი 58-66 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ირლანდიური სეტერის სიგრძე 76-89 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ირლანდიური სეტერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ირლანდიური სეტერი 30.5, მდედრი ირლანდიური სეტერი კი 26 კილოგრამს იწონის.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ირლანდიური სეტერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 77-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ირლანდიურ სეტერს სწორი ან ოდნავ ტალღოვანი, საშუალო სიგრძის აბრეშუმისებრი ბეწვი ამშვენებს. მათი ბეწვის შეფერილობა, ჩვეულებისამებრ, წაბლისფერია, თუმცა ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში, მკერდზე, ყელზე და თათებზე არსებულ მცირე ზომის თეთრ ლაქებსაც შენიშნავთ. ბეწვის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ირლანდიური სეტერის ყოველდღიური დავარცხნაა რეკომენდირებული.

  • ჯიშის ხასიათი

    სათანადოდ სოციალიზებული და კარგად გაწვრთნილი ირლანდიური სეტერი მოსიყვარულე და ერთგული კომპანიონია. მას ხშირად აღწერენ, როგორც ადამიანებისადმი კეთილგანწყობილ ჯიშს.

    ყველა ირლანდიურ სეტერს აქვს ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცევის პოტენციალი. თუმცა, უსაზღვრო ენერგიის გამო, ეს კომპანიონი ცხოველები ძირითადად ისეთი ოჯახებისთვის არიან შესაფერისი, სადაც აქტიურად ვარჯიშისა და მხიარულად თამაშის შესაძლებლობა ექნებათ.

    ჯიშისთვის დამახასიათებელი კომუნიკაბელური ბუნება, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს მხოლოდ ადამიანებთან კი არა, სხვა შინაურ ცხოველებთან ჰარმონიულად თანაცხოვრების შესაძლებლობასაც აძლევს.

    მიიჩნევა, რომ ირლანდიურ სეტერებს ბავშვებთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ. თუმცა, უსიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, თქვენი ოთხფეხა მეგობარი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მარტო არასდროს დატოვოთ. ბავშვსა და ძაღლს შორის არსებული  ინტერაქცია, საუკეთესო შემთხვევაში, ყოველთვის უფროსის მიერ უნდა კონტროლდებოდეს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.

    ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს მომავალ კომპანიონს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს.

    ატოპიური დერმატიტი

    ატოპიური დერმატიტი კომპანიონ ცხოველებში გავრცელებული კანის დაავადებაა. ეს გახლავთ ალერგენების მიმართ ზედმეტად აქტიური იმუნური პასუხის გამო განვითარებული ანთებითი პროცესი. ატოპიური დერმატიტი კანის ანთებას, შეწითლებასა და ქავილს იწვევს. ატოპიური დერმატიტის სიმპტომები ხშირად ჰგავს კანის სხვა დაავადებებით გამოწვეულ სიმპტომებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დიაგნოზი ვეტერინარმა დასვას.

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია სამედიცინო ტერმინია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    შებერილობა

    შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარ პრობლემად აღიქმება, თუმცა, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. პრობლემის პრევენციისთვის, გონივრული იქნება ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციოთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი ან ჭარბი ნერწყვდენაა. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ვეტერინარს.

    შებერილობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია თქვენი ერთგული კომპანიონის ყოველდღიური რაციონი მინიმუმ 2-3 კვებაზე გაანაწილოთ. გირჩევთ, აგრეთვე, ყურადღება მიაქციოთ, რომ ჭამის შემდეგ თქვენმა მეგობარმა დიდი რაოდენობით წყალი არ მიიღოს. შებერილობის თავიდან ასაცილებლად, კომპეტენტური მშობლები ხშირად უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს ანიჭებენ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ.

    ოსტეოსარკომა

    ოსტეოსარკომა ძვლის კიბოს აგრესიული ფორმაა. ამ დაავადების მაიდენტიფიცირებელი პირველი ნიშანი კოჭლობაა, ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელობან წევრს ყოველგარი წინაპირობის გარეშე, უეცრად დაეწყო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ ვერაგი დაავადების გამოსარიცხად დაუყოვნებლივ მიმართ ვეტერინარს.

    ოსტეოსარკომას, როგორც წესი, კიდურის ამპუტაციით და ქიმიოთერაპიით მკურნალობენ. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენი ძვირფასი მეგობრები იოლად ეგუებიან სამ ფეხზე ცხოვრებას და ადამიანების მსგავსად არ განიცდიან ქიმიოთერაპიის ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორიც გულისრევა და თმის ცვენაა.

    ეპილეფსია

    ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევას და გულყრას იწვევს. ეპილეფსიური ეპიზოდები ძირითადად რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება.

    ეპილეფსიის პრევენციული ღონისძიებები თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნებას და სტრესის მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ვეტერინარის დროული ყურადღება და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დაწყება ამ დაავადების მართვის საუკეთესო  გზაა.

    ენტროპიონი

    ენტროპიონი მდგომარეობაა, როცა ქუთუთო შიგნითაა ჩაბრუნებული, რის გამოც წამწამები თვალის ზედაპირს ედება. თუ ქუთუთოს კიდე შიგნით ჩაბრუნდა, წამწამები თვალის კაკლის ზედაპირს მიედება, რამაც შესაძლოა წყლულის წარმოქმნა გამოიწვიოს.

    ენტროპიონი ადამიანების მსგავსად ცხოველებშიც თვალში რაღაცის ჩავარდნის შეგრძნებას, ცრემლდენასა და სიწითლეს იწვევს. გაღიზიანების დასაცხრობად ვეტერინარები ხშირად ხელოვნურ ცრემლსა და დამატენიანებელ მალამოებს იყენებენ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    სასურველია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრზე კომპეტენტური ზრუნვა მაღალი ხარისხის ძაღლის საკვების შერჩევით დაიწყოთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ უპირატესობა მხოლოდ იმ საკვებს მიანიჭოთ, რომელიც ძირითადი ინგრედიენტის სახით ხორცს შეიცავს და ხელოვნური დანამატებისგან თავისუფალია.

    ირლანდიური სეტერის კვებისას ეცადეთ ცხიმის მაღალი კონცენტრაციის მქონე პროდუქტები ამოიღოთ რაციონიდან და ისინი ისეთი ჯანსაღი ალტერნატივებით ჩაანაცვლოთ, როგორიც ომეგა 3 და ომეგა 6-ია. მათი დახმარებით მხოლოდ კომპანიონი ცხოველის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას კი არა, მისი კანისა და ქურთუკის სიჯანსაღესაც უზრუნველყოფთ.

    მარცვლეულსა და ბოსტნეულში შემავალი ნახშირწყლები თქვენი ოთხფეხა მეგობრის ენერგიის დონის შენარჩუნებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას იქონიებს.

    სახსრების დაავადების თავიდან ასაცილებლად ირლანდიური სეტერის განვითარების ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, აგრეთვე, კალციუმისა და ფოსფორის შემცველ საკვებს. კომპანიონი ცხოველის რაციონში ამ მინერალების არსებობა ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია.

    გახსოვდეთ, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინები თქვენი კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, მათი მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით, მხოლოდ ნუტრიციოლოგის რჩევის საფუძველზეა რეკომენდირებული.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ირლანდიური სეტერის ისტორია ირლანდიის კულტურულ მემკვიდრეობასთან არის მჭიდრო კავშირში. ჯიშის წარმოშობა მე-18 საუკუნით თარიღდება და მიიჩნევა, რომ ის ინგლისური სპანიელისა და პოინტერის ჯიშების შეწყვილების შედეგად წარმოიშვა. ირლანდიური სეტერი, თავდაპირველად, “წითელი სეტერის” სახელით იყო ცნობილი.

    სელექციონერების, გრაფი ენისკილენისა და მეუფე ნობ ჰიუსტონის ძალისხმევით ჯიშის განვითარებამ მე-19 საუკუნეში მიაღწია დასკვნით ფაზას. ამ ადამიანებმა შეძლეს და შერჩევითი მოშენების ხანგრძლივი პროცესის შედეგად, შექმნეს სეტერი, რომელიც განსაკუთრებული სისწრაფით, ინტელექტითა და ერთგულებით არის ცნობილი.