ძაღლის ჯიშები

ლაბრადორ რეტრივერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ლაბრადორ რეტრივერი

მეგობრული ხასიათი და კომუნიკაბელური ბუნება ლაბრადორებს ოჯახებისთვის შესაფერის კომპანიონებად და ბავშვების სანდო მეგობრებად აქცევს. ლაბრადორების კეთილგანწყობა სხვა შინაურ ცხოველებთან და უცხო ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობაზეც ვრცელდება. გარდა ამისა, ლაბრადორის ჯიშის წარმომადგენლები უსაზღვრო ენერგიითა და გარე აქტივობებისადმი სიყვარულით არიან ცნობილი, რაც მათ თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვის იდეალურ თანამგზავრებად აქცევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მეგობრული ტემპერამენტი
  • გონიერება
  • ენერგიულობა და აქტიურობა
  • ბავშვებისადმი კეთილგანწყობა
  • მკვეთრად გამოხატული სოციალურობა
  • დამცველობითი ინსტინქტი
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ზომის თვალსაზრისით, მდედრი და მამრი ლაბრადორ რეტრივერის ფიზიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. მდედრი ლაბრადორ რეტრივერი სიმაღლეში 55-60, მამრი ლაბრადორ რეტრივერი კი 57-62 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მახასიათებელს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ლაბრადორ რეტრივერის სიგრძე  91-107 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ლაბრადორ რეტრივერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ლაბრადორ რეტრივერი 29-36 კილოგრამამდე იწონის. მდედრი ლაბრადორ რეტრივერის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 25-29 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ლაბრადორ რეტრივერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 66-88 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ლაბრადორ რეტრივერებს ბეწვის ორმაგი საფარი ამშვენებს. სახეობისთვის დამახასიათებელი სწორი, მოკლე და მკვრივი ბეწვი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ნებისმიერი ამინდის პირობებში შესანიშნავად იცავს. სიგრძის მიუხედავად, ლაბრადორის ბეწვი რეგულარულ მოვლას საჭიროებს. რუტინული დავარცხნა ბეწვს ჯანსაღ იერს ანიჭებს და მისი ცვენის ინტენსივობასაც მნიშვნელოვნად ამცირებს.

  • ჯიშის ხასიათი

    ალბათ უკვე გსმენიათ, რომ ლაბრადორები ოჯახის მნიშვნელოვანი წევრების სტატუსით სარგებლობენ. მათი მოსიყვარულე ბუნება ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება, თუმცა, ლაბრადორები განსაკუთრებულ სინაზეს ბავშვებთან ურთიერთობის დროს იჩენენ. ეს ფაქტი მათი, როგორც ოჯახის სანდო წევრების რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

    რთულია უყურადღებოდ დავტოვოთ ლაბრადორ რეტრივერის ინტელექტუალური შესაძლებლობები. სწრაფი დასწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი ამ სახეობას მრავალფეროვანი როლების საუკეთესოდ მორგების შესაძლებლობას აძლევს.

    ლაბრადორები აგრეთვე განთქმულნი არიან თავიანთი კომუნიკაბელური ბუნებით. ისინი არა მხოლოდ ოჯახის წევრებისადმი ავლენენ მეგობრულ დამოკიდებულებას, არამედ სხვა შინაურ ცხოველებთან ინტერაქციაზეც არ ამბობენ უარს და უხცო ადამიანებსაც სიამოვნებით გაეთამაშებიან ხოლმე.

    ლაბრადორ რეტრივერები მათთვის დამახასიათებელი ენერგიის მაღალი დონითაც გამოირჩევიან. ცურვა, სირბილი და სეირნობა აქტივობების ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა სიყვარული ლაბრადორებს ოჯახის ყველაზე აქტიურ წევრებად აქცევს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია. ჩვეულებისამებრ, ამ მდგომარეობას მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მისი ცალკეული ელემენტების განუვითარებლობა იწვევს.

    ბარძაყის დისპლაზიის თავიდან ასაცილებლად და სახსრების დატვირთვის შესამცირებლად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიონი ცხოველის წონა ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოთ. უზრუნველყავით დაბალანსებული დიეტა და ეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ფიზიკური დატვირთა. Შეარჩიეთ კომპეტენტური ვეტერინარი, რომელიც დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად რეგულარულად განახორციელებს ბარძაყის სკრინინგს და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადოდ წარმართავს მკურნალობის პროცესს.

    გულის დაავადებები

    სხვა დიდი ჯიშების მსგავსად, შესაძლოა ლაბრადორ რეტრივერიც ხასიათდებოდეს გულის დაავადებებისადმი მიდრეკილებით. გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად რეგულარულ ვარჯიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სასურველია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ კვებასაც. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი დიეტა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს გულის დაავადებების წარმოშობასთან დაკავშირებული რისკის შემცირებაში დაეხმარება.

    გულის ჯანმრთელობის სრულყოფილი მონიტორინგისთვის რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები დაგეგმეთ და ასაკის მატებასთან ერთად ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

    მემკვიდრეობითი მიოპათია

    მიოპათია კუნთის დაავადებაა, რომელიც კუნთოვანი ქსოვილების არასწორად ფუნქციონირების შედეგად ვითარდება. მიოპათია კომპანიონი ცხოველების კუნთების სისუსტეს იწვევს. იმის გამო, რომ მიოპათიის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, ამ პრობლემის მიზნობრივი მკურნალობა შესაძლოა მედიკამენტოზურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, მასაჟს ან ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდეს.

    ოჯახის ახალი წევრის შეძენამდე მისი გენეტიკური ისტორიის შესწავლა კომპეტენტური მშობლების დამახასიათებელი თვისებაა. Სწორედ ამიტომ, გირჩევთ შეარჩიოთ სელექციონერი, რომელიც კომპანიონ ცხოველებს შეწყვილებამდე ამოწმებს გენეტიკურ დარღვევებზე.

    მაღალი ხარისხის ძაღლის საკვები, რომელიც ადეკვატური რაოდენობით შეიცავს პროტეინს, კუნთების განვითარებას და მათ სიძლიერეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. Საკვებ რაციონში ისეთი ვიტამინების დამატება, როგორიცაა ვიტამინი E, ვიტამინი D და B აგრეთვე დადებითად აისახება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის კუნთების ჯანმრთელობაზე. თუმცა, თქვენი კომპანიონი ცხოველის დიეტაში რაიმე სახის ვიტამინის დამატებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან.

    თვალის პრობლემები

    თვალის პრობლემებისადმი მიდრეკილების გამო, ვეტერინარის მიერ ლაბრადორის თვალების რეგულარულ შემოწმებას პრობლემის ადრეული გამოვლენისა და მართვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თვალის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი A, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვებით გამოკვებეთ.

    აგრეთვე, მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიონი ლაბრადორი ისეთი გარემო ფაქტორების ზემოქმედებას მოარიდოთ, როგორიც მზის მკვეთრი სინათლე და ძლიერი ქარია. თვალის დისკომფორტთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. რეგულარული ვეტერინარული კონსულტაციები და დაბალანსებული დიეტა თქვენი ძვირფასი თანამგზავრის ჯანმრთელობის გარანტია.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    წონის მატებისადმი მიდრეკილების გამო დაბალანსებულ და ულუფებით კონტროლირებად დიეტას ლაბრადორების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. Სწორედ ამიტომ, აირჩიეთ მაღალი ხარისხის დაბალანსებული საკვები და მისი მიღება დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფაზე გაანაწილეთ. დარწმუნდით, რომ თქვენს ლაბრადორს ყოველთვის აქვს წვდომა სუფთა წყალზე. სათანადო ჰიდრატაცია ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად ფუნქციონირებას და საერთო ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება.

    ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, კვების რეჟიმი ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით შეადგინეთ, როგორიც ასაკი, აქტივობის დონე და მეტაბოლიზმის ტემპია. მაგალითად, ლეკვებს, ზრდასრულ კომპანიონ ცხოველებსა და ხანდაზმულ ძაღლებს განსხვავებული ნუტრიციოლოგიური საჭიროებები აქვთ. აგრეთვე, რაც უფრო აქტიურია ძაღლი, მით უფრო მეტი კალორია ესაჭიროება მას. ვეტერინართან კონსულტაცია და რეგულარული სამედიცინო შემოწმება თქვენი ლაბრადორის წონის, საერთო ჯანმრთელობისა და კვებითი საჭიროებების მონიტორინგისთვის აუცილებელია.

    დიდი ზომის ძაღლებს, მათ შორის გოლდენ რეტრივერებს, როტვეილერებსა და ლაბრადორებს, საკვებ ნივთიერებებთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნები აქვთ. მაგალითად, კალციუმი და ფოსფორი მათი ძვლების სწორი განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ამ მინერალების კონტროლირებადი დოზით მიღება ორთოპედიულ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან. ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებული საკვებიც განსაკუთრებით  შეუწყობს ხელს

    თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი შესაძლოა კვებითი ალერგიით გამოწვეულ დისკომფორტს განიცდიდეს. ამ პრობლემის პრევენციისთვის თვალყური ადევნეთ ადრეული სიმპტომების ისეთ ჩამონათვალს, როგორიც კანის ქავილი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებია. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიონ ცხოველს საკვები პროდუქტებით პროვოცირებული ალერგია აწუხებთ, დიეტის დასაკორექტირებლად აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან.

    როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ ისიც, რომ გარკვეული საკვები, მაგალითად, შოკოლადი, კოფეინი, ალკოჰოლი, ხახვი და ყურძენი, შესაძლოა თქვენი ერთგული მეგობრისთვის ტოქსიკური აღმოჩნდეს, ამიტომ დარწმუნდით, რომ ეს საკვები პროდუქტები მათთვის მიუწვდომელ ადგილას ინახება.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ლაბრადორ რეტრივერის ჯიშის ისტორიით დაინტერესებულმა პირებმა წარსულში მოგზაურობა მე-16 საუკუნის კუნძული ნიუფაუნდლენდიდან (ამჟამინდელი კანადის პროვინციიდან) უნდა დაიწყონ. სწორედ გაერთიანებული სამეფოს ამ კუნძულზე დაიწყო ლაბრადორების, როგორც მეთევზე ძაღლების ისტორია. ამ პერიოდისთვის ლაბრადორებს შესანიშნავად შეეძლოთ ცურვა და წყალთან დაკავშირებულ ამოცანებსაც მაქსიმალური სიზუსტით ასრულებდნენ.

    მე-19 საუკუნეში ნიუფაუნდლენდის მეთევზე ძაღლებმა ინგლისისკენ აიღეს გეზი და ბრიტანელი სპორტსმენების გულები დროის მოკლე პერიოდში დაიპყრეს. ლაბრადორის ზღვასთან ასოციაციის გამო, ნიუფაუნდლენდის მეთევზე ძაღლების სახელი ბრიტანეთში ლაბრადორ რეტრივერით შეიცვალა.

    ჯიშისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი თვისებებისა და ინტელექტის წყალობით, 1917 წელს ლაბრადორ რეტრივერის პოპულარობა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს გაიზარდა. ამ პერიოდიდან ლაბრადორები მხოლოდ ნადირობის დროს თანმხლებ კომპანიონ ცხოველებად კი არა, ოჯახის მნიშვნელოვან წევრებად და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ერთგულ თანამგზავრებად მიიჩნევიან.