ბარძაყის დისპლაზია
ბარძაყის დისპლაზია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ჩვეულებისამებრ, ამ მდგომარეობას მენჯ-ბარძაყის სახსრის განუვითარებლობა იწვევს.
მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიონი ცხოველის წონა ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოთ. უზრუნველყავით დაბალანსებული დიეტა და ეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ფიზიკური დატვირთა. Შეარჩიეთ კომპეტენტური ვეტერინარი, რომელიც რეგულარულად ჩაატარებს ბარძაყის სკრინინგს და სათანადოდ წარმართავს მკურნალობის პროცესს.
გულის დაავადებები
გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად რეგულარულ ვარჯიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებასაც – ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები გულის დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებს.
გულის ჯანმრთელობის სრულყოფილი მონიტორინგისთვის რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები დაგეგმეთ და ასაკის მატებასთან ერთად ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
მემკვიდრეობითი მიოპათია
მიოპათია კუნთოვანი ქსოვილების არასწორად ფუნქციონირების შედეგად ვითარდება და კომპანიონი ცხოველების კუნთების სისუსტეს იწვევს. გამომწვევი მიზეზების შესაბამისად, პრობლემის მიზნობრივი მკურნალობა შესაძლოა მედიკამენტოზურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, მასაჟს ან ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდეს.
პრობლემის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ შეარჩიოთ სელექციონერი, რომელიც კომპანიონ ცხოველებს შეწყვილებამდე ამოწმებს გენეტიკურ დაავადებებზე. მაღალი ხარისხის ძაღლის საკვები, რომელიც ადეკვატური რაოდენობით შეიცავს პროტეინს, კუნთების სწორად განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შებერილობა
შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარი პრობლემაა, თუმცა, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. ამ პრობლემის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციოთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი ან ჭარბი ნერწყვდენაა. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, სასურველია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ვეტერინარს.
შებერილობის თავიდან ასაცილებლად, თქვენი ერთგული კომპანიონის ყოველდღიური რაციონი მინიმუმ ორ კვებაზე გაანაწილეთ და უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს მიანიჭეთ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ.
ბადურის ატროფია
ბადურის ატროფიის სახელით ცნობილი დეგენერაციული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ამიტომ, ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს პატარა მეგობარს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს. გახსოვდეთ, ლაბრადუდლის ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ვიტამინებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.
მემკვიდრეობითი კატარაქტა
კატარაქტა კომპანიონი ცხოველის მხედველობის თანდათანობით გაუარესებას იწვევს. ამ დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა, მონაცრისფრო ან რძისფერ შეფერილობას იძენს. თანდაყოლილ კატარაქტას, როგორც წესი, დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება ან სამშობიარო ტრავმა იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ თანდაყოლილი დაავადებების მართვა ხშირად ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის თვალის ჯანმრთელობას.
როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა.
თვალის სიმშრალე
თვალის სიმშრალის დროს ცრემლსადენი ჯირკვალი საკმარისი ოდენობით ცრემლს ვერ წარმოქმნის. თვალის სიმშრალე დისკომფორტს, ანთებასა და რქოვანას დაზიანებას იწვევს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ვეტერინარები ხშირად ხელოვნური ცრემლის გამოყენებას გვირჩევენ. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ცრემლის დრენაჟის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.