როგორ ვასწავლოთ ლეკვს კარგი მანერები?

კარგი მანერები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ძაღლის ბუნებას და მას ერთგულ, კარგად აღზრდილ თანამგზავრად აქცევს. ლეკვისთვის კარგი მანერების სწავლება მოთმინებას, თანმიმდევრულობასა და საკითხისადმი პოზიტიურ მიდგომას საჭიროებს. თუმცა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც რელევანტური ქცევითი ღირებულებებით გამოძერწავს თქვენი პატარა კომპანიონის პიროვნებას და მას საზოგადოებასთან ჰარმონიულ ინტეგრაციაში უწყობს ხელს.  

ლეკვის სოციალიზაციის იდეით შთაგონებულ ამ სტატიაში სრულყოფილად შევისწავლით როგორ უნდა ჩამოუყალიბოთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს კარგი მანერები, რომ სამომავლოდ, ერთად გატარებული ყოველი წუთით შეძლოთ ტკბობა.

როგორ ვასწავლოთ ლეკვს კარგი მანერები?

განვითარების ადრეულ ეტაპზე, ჩვენი ერთგული მეგობრების ტვინს განსაკუთრებით დიდი ინფორმაციის ათვისება და დამუშავება შეუძლია, თუმცა, სამყაროს შეცნობა და იმის გააზრება თუ როგორ მოიქცნენ შთაბეჭდილებებით აღსავსე გარემოში ლეკვებისთვის მეტად რთული ამოცანაა.

საინტერესოა, რომ ლეკვები ასოციაციებით სწავლობენ. ისინი მოქმედებასა და რეაქციას შორის კანონზომიერებას სწრაფად აღიქვამენ და ქმედებებს იმგვარად გარდაქმნიან, რომ მაქსიმალური წახალისება მიიღონ, იქნება ეს სიტყვიერი შექება თუ მათთვის საყვარელი საკვების მიღება. შესაბამისად, თუ ლეკვი გაიაზრებს, რომ კარგად მოქცევა ჯილდოსთან ასოცირდება, ის უდავოდ შესანიშნავი პიროვნული თვისებების მქონე კომპანიონად გაიზრდება.

დასჯა არასდროს ყოფილა სწავლებისთვის მისაღები ფორმა, რადგან დადასტურებული ფაქტია, რომ წვრთნის პროცესში გამოჩენილმა აგრესიამ, შესაძლოა, თქვენი უარყოფით ემოციებთან ასოციაცია გამოიწვევს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მანერების სწავლება და ძაღლის მორჩილება ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცნებაა. როგორც პატარა ბავშვებს ვასწავლით კარგ ჩვევებსა და მანერებს, ამის მსგავსად უნდა ვასწავლოთ ლეკვებსაც რა არის კარგი და რა ცუდი.

მაგალითად, ლეკვმა უნდა იცოდეს, რომ კბენა თამაშის დროსაც მიუღებელია; რომ ლოდინის დროს მომთმენი უნდა იყოს და არ უნდა აედევნოს შემხვედრ კატასა თუ ველოსიპედს. როდესაც საქმე ლეკვისთვის წესების სწავლებას ეხება,  მოთმინება და თანმიმდევრულობა აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ყველა წევრმა დაიცვას წინასწარ განსაზღვრული წესები, რადგან თუ ოჯახის ერთი წევრი ლეკვს საწოლზე დაძინების უფლებას მისცემს, მეორე კი ამ ქმედებას აუკრძალვს, ლეკვი დაიბნევა. აგრეთვე, სასურველია ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ ის სიტყვები, რომელთაც სწავლების პროცესში თითოეული ბრძანებისთვის გამოიყენებთ.

მოთმინება და კონცენტრაცია

ლეკვისთვის მოთმინების სწავლება კონკრეტული ადგილის შერჩევით დაიწყეთ. საყვარელი სათამაშოს ან მისთვის განკუთვნილი სპეციალური საკვების გამოყენებით მიიყვანეთ ლეკვი შერჩეულ ადგილას და მითითება ისეთი სიტყვების მეშვეობით მიეცით, როგორიცაა „დარჩი“ ან „დაჯექი“. ეტაპობრივად გაზარდეთ ლოდინის ინტერვალი და ადგილზე დარჩენისთვის ლეკვი შექებით დააჯილდოვეთ. შიდა სივრცის შემდეგ, ეცადეთ იგივე შენობის გარეთაც გაიმეოროთ.

თუ გსურთ, რომ ლეკვმა მჯდომარე პოზიციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე, ცხვირთან ახლოს მიუტანეთ საკვები, რომელსაც ხელის მსუბუქი მოძრაობით გადაადგილებთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. ამ პროცესში შენიშნავთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ბუნებრივად აღმოჩნდება მჯდომარე პოზიციაში. ამ დროს აუცილებლად შეაქეთ და დააჯილდოვეთ ლეკვი.

სტრატეგია იცვლება იმ მაშინ, თუ მოისურვებთ, რომ მოლოდინის პროცესში ძაღლმა მჯდომარე მდგომარეობიდან მწოლიარე პოზიციაში გადაინაცვლოს. ასეთ დროს საკვების მოძრაობის მიმართულება უნდა შეიცვალოს და ის იქამდე უნდა ამოძრაოთ ზემოდან ქვემოთ, სანამ იატაკზე, ლეკვის თათებს შორის არ აღმოჩნდება. 

მნიშვნელოვანია, რომ  სწავლების პროცესი სტრესთან არ ასოცირდებოდეს, ამიტომ, ეცადეთ წვრთნა შეძლებისდაგვარად ხანმოკლე და პოზიტიური გამოცდილებით აღსავსე იყოს.

თავაზიანი მისალმება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თავაზიანი მისალმება სოციალიზაციის განუყოფელი ნაწილია. თქვენი ლეკვის მიერ ამ უნარის გამოსამუშავებლად, სტუმრებს სთხოვეთ მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე მიუახლოვდნენ მას. პარალელურად კი ლეკვს მითითება მიეცით, რომ მშვიდად მოიცადოს, სანამ სტუმრებთან მისვლის ნებას არ მისცემთ. 

მითითების შესრულების შემთვევაში ლეკვი დააჯილდოვეთ. დროთა განმავლობაში, თქვენი ლეკვი შეიმეცნებს, რომ სიმშვიდის შენარჩუნება პოზიტიურ უკუკავშირთან ერთად მისდამი განსაკუთრებულ კეთილგანწყობასაც იწვევს.

კბენისგან თავის შეკავება

ლეკვისთვის იმის სწავლება, რომ კბენა თამაშის პროცესშიც მიუღებელია, თანმიმდევრულ და მოთმინებით აღსავსე მიდგომას მოითხოვს. თუ თქვენი ლეკვი გკბენთ და მის ამ ქმედებას სისტემური ხასიათი აქვს, იმედგაცრუებისა და აღელვების ნაცვლად, მშვიდად გადაიტანეთ მისი ყურადღება ისეთ აქტივობაზე, როგორიც, მაგალითად, საინტერესო სათამაშოს მისთვის შეთავაზებაა. 

როდესაც ლეკვი მშვიდ და კონტროლირებად ქმედებას ავლენს, სასურველია, მისი ქცევა შექებისა და მისდამი სიყვარულის გამოხატვით დააფასოთ.

უმიზნო ყეფის პრევენცია

ლეკვის უმიზნო ყეფის პრევენცია სტრატეგიულ მიდგომას საჭიროებს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს ყეფის გამომწვევი მიზეზი, რაც შესაძლოა მოწყენილობასა და შფოთთან ერთად, ტერიტორიულ ქცევასა და ყურადღების ნაკლებობასაც უკავშირდებოდეს. როდესაც თქვენი ლეკვი უმიზნოდ დაიწყებს ყეფას, მოერიდეთ მის გაკიცხვას და სანაცვლოდ ეცადეთ მისი სიმშვიდის მომენტები დააჯილდოვოთ სათანადოდ.

პრობლემის აღმოსაფხვრელად შეადგინეთ თანმიმდევრული რუტინა, რომელიც კვებასა და სეირნობასთან ერთად ლეკვის გონებრივ და ფიზიკურ აქტივობებსაც მოიცავს. თანმიმდევრული ვარჯიშითა და მოთმინებით დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებთ შექმნათ უფრო მშვიდი საცხოვრებელი გარემო, როგორც თქვენი ოჯახისთვის, აგრეთვე, თქვენი ერთგული თანამგზავრისთვის.

კარგი მანერების როლი ძაღლის სოციალიზაციის პროცესში

ძაღლები ბუნებით სოციალური არსებები არიან, შესაბამისად, კარგი მანერების მათთვის სწავლება უბრალო მორჩილებას სცილდება და საერთო კეთილდღეობასთან ერთად, მათი უსაფრთხოებისა და ბედნიერების ხარისხსაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კარგი მანერების როლი ლეკვის სოციალიზაციის პროცესში რამდენიმე ღირებულ ასპექტს მოიცავს.

1. ქცევითი პრობლემების პრევენცია

კარგი მანერების განვითარების ადრეულ ეტაპზე შესწავლა მომავალში ლეკვის ქცევითი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ადამიანების მსგავსად ძაღლებიც განიცდიან სტრესს, თუმცა ემოციებისა და იმპულსების კონტროლთან დაკავშირებული ცოდნა ლეკვებს შესაძლებლობას აძლევს პროაქტიულად გაუმკლავდნენ ნეგატიურ ემოციებს.   

სასურველია, გაითვალისწინოთ, რომ ამ პროცესში, თქვენი, როგორც ლეკვზე პასუხისმგებელი პირის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც ძაღლებს ესმით, რას მოელიან მათგან, ისინი ნაკლებად გრძნობენ დაბნეულობას.

2. უსაფრთხოება

ლეკვები ბუნებით ცნობისმოყვარე და ენერგიით აღსავსე არსებები არიან. თუმცა, როდესაც ძაღლი გაწვრთნილია, მისი მართვა საფრთხისშემცველ სიტუაციებში უფრო ადვილი ხდება. მაგალითად, თუ ძაღლი გზას უახლოვდება, „დარჩენის“ ბრძანება მას პოტენციური საფრთხისგან აუცილებლად იხსნის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კარგი მანერების ლეკვისთვის სწავლება ნდობის ძლიერ კავშირს აყალიბებს და ადამიანსა და მის ერთგულ კომპანიონს შორის კომუნიკაციას მეტად ჰარმონიულს ხდის.

3. საზოგადოებრივი ინტერაქცია

კარგი მანერების მქონე ლეკვებს საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის პარკებში, კაფეებსა და მაღაზიებში, მეტი კეთილგანწყობით მიესალმებიან. გარემოსთან პოზიტიური ურთიერთქმედება ჩვენი ოთხფეხა მეგობრების საზოგადოებრივ იმიჯს მნიშვნელოვნად ამაღლებს. ვინაიდან, კარგი მანერების მქონე ძაღლების მართვა იოლია, ადამიანებისადმი პოზიტიურად განწყობილი ლეკვები მრავალფეროვან ოჯახურ აქტივობებშიც განსაკუთრებული სიხშირით ერთვებიან.

Როგორც ხედავთ, ჯანსაღი საზოგადოებრივი ინტერაქციისთვის საჭირო მანერების მქონე ლეკვები მეტად მრავალფეროვანი და სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობენ, რაც მნიშვნელოვნად აისახება მათი ადამიანების ბედნიერების ხარისხზეც.