კატის ჯიშები

სფინქსი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარები

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

სფინქსი

ბეწვის საფარის არარსებობის გამო სფინქსის სხეულის ტემპერატურა  სხვა კატებთან შედარებით გაცილებით მაღალია. ამის გამო, ამ კომპანიონ ცხოველებთან შეხებას სითბოს და სიმყუდროვის სასიამოვნო შეგრძნება ახლავს თან. ერთი შეხედვით მკაცრი იერის მქონე სფინქსები ექსტროვერტები არიან და ყურადღების ცენტრში ყოფნა განსაკუთრებით მოსწონთ. გონიერი და ცნობისმოყვარე პიროვნების გამო სფინქსები კომპანიონი ადამიანების სასიამოვნოდ გაოცებას არასდროს წყვეტენ.

ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ცხოვრების მთავარ ბედნიერებად კომპანიონ ადამიანებთან ყოველდღიურ ინტერაქციას მიიჩნევენ. ამის გათვალისწინებით, თუ მეგობრული პიროვნების მქონე ინტერაქტიულ და მოსიყვარულე კომპანიონს ეძებთ, სფინქსი შესანიშნავი არჩევანია თქვენთვის. ბეწვის არარსებობის გამო სფინქსი ალერგიული ადამიანებისთვისაც საუკეთესო კომპანიონი ცხოველია. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მოსიყვარულე ბუნება
  • მაღალი ენერგეტიკული დონე 
  • სოციალური ხასიათი
  • ცნობისმოყვარე
  • ერთგულება
  • გონიერება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    სფინქსის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 33-38 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული სფინქსი 4.5 კილოგრამიდან 5.4 კილოგრამამდე იწონის. თუმცა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, სფინქსის წონა გენეტიკურ მემკვიდრეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კვების რაციონზეა დამოკიდებული. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    სფინქსის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    სფინქსის სხეულს ღია ფერის ხავერდოვანი ბუსუსები ფარავს. ამის გამო, სფინქსის კანი ერთი შეხედვით ატმის ზედაპირს მოგაგონებთ. ტრადიციული ბეწვის საფარის არარსებობის გამო, კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სფინქსის კატებს განსაკუთრებული ყურადღება და რეგულარული ბანაობა ესაჭიროებათ. სასურველია, ეს პროცედურა ყოველკვირეულად ან ორ კვირაში ერთხელ გაიმეოროთ. კანის გაღიზიანებისა და ზედმეტი სიმშრალის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ნაზი შამპუნი, რომელიც სპეციალურად კატებისთვის არის შექმნილი.

  • ჯიშის ხასიათი

    სფინქსს ისეთივე უნიკალური პიროვნებული მახასიათებლები აქვს, როგორც მისი გარეგნობაა. ბეწვის არ ქონით გამოწვეული მკაცრი იერის მიუხედავად, სფინქსის კატები თბილი და მოსიყვარულე ბუნებით არიან ცნობილი. სოციალური თვისებების გამო ამ სახეობას ხშირად აღწერენ როგორც „ადამიანებზე ორიენტირებულს“. სიახლოვისა და ფიზიკური კონტაქტისადმი მიდრეკილება მათ შესანიშნავ კომპანიონ ცხოველებად აქცევს მათთვის, ვინც კომპანიონი ცხოველის ლოიალობას აფასებს.

    სფინქსები სოციალური არსებები არიან და სხვა შინაურ ცხოველებსაც კარგად ეწყობიან. ცნობისმოყვარე სფინქსის კატებს გარემოს შესწავლა და ინტერაქტიულ თამაშებში ჩართვა განსაკუთრებით ხიბლავთ. ოჯახის წევრების ყურადღების მისაქცევად სფინქსები არც ონავრობას ერიდებიან. ენერგიული და მხიარული ბუნება მათ პიროვნებას მეტ ხიბლს მატებს. 

    ბეწვის არქონის გამო, სფინქსი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ბეწვზე ალერგია აქვს. თუმცა, გახსოვდეთ, სფინქსის კანის მიერ წარმოქმნილმა ბუნებრივმა ზეთებმა და ცილებმა შესაძლოა მაინც გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ზოგიერთ ადამიანში.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის კუნთების შესქელებას და გულის უკმარისობას იწვევს. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და გულის პერიოდული სკრინინგი დაავადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში დაგეხმარებათ. ჯანსაღი დიეტის დაცვა, რეგულარული ვარჯიში და სტრესის თავიდან აცილება ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის პროფილაქტიკისთვის აუცილებელი წინაპირობებია. 

    გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე კატებზე ზრუნვა დადგენილი მედიკამენტების დროულ მიღებას, წონის მონიტორინგსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას საჭიროებს. 

    თანდაყოლილი მიოპათია

    თანდაყოლილი მიოპათია კუნთოვანი ქსოვილების არასწორად ფუნქციონირების შედეგად ვითარდება და კომპანიონი ცხოველების კუნთების სისუსტეს იწვევს. ამ პრობლემის მკურნალობა შესაძლოა მედიკამენტოზურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, მასაჟს ან ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდეს. 

    თქვენი კომპანიონი ცხოველის კუნთების სათანადოდ ჩამოყალიბებას პროტეინის ადეკვატური რაოდენობის შემცველი, მაღალი ხარისხის საკვები შეუწყობს ხელს. რაციონში E, D და B ვიტამინების დამატება კი დადებითად აისახება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის კუნთების ჯანმრთელობაზე. თუმცა, თქვენი კომპანიონი ცხოველის დიეტაში ნებისმიერი ვიტამინის დამატებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან. 

    ოჯახის ახალი წევრის შეძენამდე მისი გენეტიკური ისტორიის შესწავლა კომპეტენტური ზრუნვის წინაპირობაა. თუ სფინქსის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, სასურველია შეარჩიოთ სელექციონერი, რომელიც კომპანიონ ცხოველებს შეწყვილებამდე ამოწმებს გენეტიკურ დარღვევებზე. 

    პაროდონტის დაავადებები

    პაროდონტი იმ ქსოვილთა ერთობლიობაა, რომელიც კბილს კბილბუდეში აფიქსირებს. პაროდონტიტი ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე ვითარდება, თუმცა, პაროდონტის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და ნერვული სისტემის დაავადებებიც ახდენს. 

    თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს სტომატოლოგიური დაავადებების თავიდან აცილებაში სათანადო ჰიგიენური პროცედურების დაცვასთან ერთად სპეციალური სათამაშოები და რუტინული სტომატოლოგიური შემოწმება დაეხმარება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს თუ უეცარ თანკბილვას, ღრძილების შესიებას ან სისხლდენას შენიშნავთ. 

    კანის დაავადებები

    ბეწვის ნაკლებობის გამო, სფინქსი კანის ინფექციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ინფექცია შესაძლოა კანის საფარველის დაბინძურებამ, კანის ზედა შრის გამოშრობამ და იმუნიტეტის დაქვეთებამ გამოიწვიოს. კანის ინფექციების თავიდან აცილებაში ჰიგიენის დაცვა, სუფთა საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა, სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი რაციონი და ცხოვრების ჯანსაღი წესი დაგეხმარებათ.  

    კანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ოთხფეხა მეგობრები მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ. მათი ნაზი კანი მზის მავნე გამოსხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. დამწვრობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები მზიან ამინდში სეირნობისგან თავის შეკავებას და კომპანიონი ცხოველებისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას გულისხმობს. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    სფინქსის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და მისი ნუტრიციოლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კარგად დაბალანსებულ კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საუკეთესო შემთხვევაში, რაციონი ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ ფორმულას უნდა მოიცავდეს. ცილა განსაკუთრებით სფინქსის კუნთოვანი მასისა და ენერგიის დონის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი. მაღალი ხარისხის კომერციული კატის საკვები ამის მიღწევაში იოლად დაგეხმარებათ. 

    სფინქსის კატებს მაღალი მეტაბოლიზმი და მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ. სწორედ ამიტომ, გირჩევთ რეგულარული ინტერვალით უზრუნველყოთ მათთვის საკვების მიწოდება. კვებასთან დაკავშირებული სწორი მითითებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სფინქსის სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამიტომ, პორციების ზომის ასაკის, წონის, აქტივობის დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესარჩევად  გირჩევთ კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ. კვების რეგულარული გრაფიკისა და პორციების გონივრული ზომის დადგენა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებაში დაეხმარება. 

    სფინქსის კატების დეჰიდრატაციისადმი მიდრეკილების გამო, ეცადეთ სათანადო ყურადღება მიაქციოთ თუ რა რაოდენობის წყალს იღებს დღის განმავლობაში თქვენი კომპანიონი ცხოველი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად დაბალანსებული დიეტა სფინქსს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის, შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში მისთვის დამატებითი ვიტამინების მიწოდებაც გახდეს საჭირო. ასეთ დროს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიონი ცხოველისთვის ნებისმიერი დანამატის მიწოდება მხოლოდ ნუტრიციოლოგის ზედამხედველობით უნდა განხორციელდეს.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    პირველი ცნობილი უბეწვო კატა, სახელად პრუნი, კანადაში, 1966 წელს დაიბადა. პრუნის უნიკალურმა გარეგნობამ საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა და სელექციონერებს უბეწვო კატების მოშენებისკენ უბიძგა. გამრავლების ადრეულ ეტაპზე სფინქსის განვითარებაში დევონ რექსი და შინაური მოკლებეწვიანი კატები მონაწილეობდნენ. სელექციონერების მიზანს უნიკალური ვიზუალის დახვეწასთან ერთად ჯიშის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაც წარმოადგენდა. 

    კომპანიონი ცხოველების ამ ჯიშს სახელი 1960-იან წლებში დაარქვეს. სახელწოდება სფინქსი საყოველთაოდ ცნობილი ძველი ეგვიპტური ქანდაკების გარეგნობით იყო შთაგონებული. 

    1980-იან წლებში, საერთაშორისო გამოფენებზე გამოჩენამ ჯიშის გლობალური აღიარების პროცესი კიდევ უფრო მეტად დააჩქარა. სფინქსის უნიკალურმა გარეგნობამ, მოსიყვარულე ბუნებამ და კომუნიკაბელურმა ხასიათმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის საყოველთაო მიმზიდველობას.

    როდესაც სფინქსის კატებზე მოთხოვნა გაიზარდა, რეპუტაციის მქონე სელექციონერებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს პასუხისმგებლიანი შეწყვილების პრაქტიკის უზრუნველყოფაში. ეს სელექციონერები არა მხოლოდ ჯიშის ვიზუალზე, არამედ მის ჯანმრთელობასა და პიროვნულ თვისებებზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. დღეს სფინქსის ნახვა და მისი საუცხოო გარეგნობით ტკბობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლიათ.