კატის ჯიშები

სპარსული კატა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარები

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

სპარსული კატა

სამეფო გარეგნობითა და ნაზი ქცევით ცნობილი სპარსული კატები კომპანიონი ცხოველების მოყვარულთა გულებს აბრეშუმისებრი ტექსტურის მქონე დახვეწილი ბეწვითა და არისტოკრატიული მანერებით იპყრობენ. სპარსული კატის განსაკუთრებული მიმზიდველობა მის გასაოცარ ფიზიკურ მახასიათებლებში, მშვიდ ტემპერამენტსა და იმ უნიკალურ კავშირში ვლინდება, რომელსაც ეს დიდებული არსებები  თავიანთ კომპანიონ ადამიანებთან აყალიბებენ. ეს მახასიათებლები სპარსულ კატებს ძვირფას და გამორჩეულ შინაურ ცხოველებად აქცევს. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მშვიდი ცხოვრების წესი 
  • მოსიყვარულე ბუნება
  • ვოკალურობისადმი მიდრეკილება 
  • აქტივობის დაბალი დონე
  • რეგულარული მოვლის საჭიროება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    სპარსული კატის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 37-44 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული სპარსული კატა 3.2 კილოგრამიდან 5.4 კილოგრამამდე იწონის. სპარსული კატის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    სპარსული კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 18 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    სპარსულ კატებს გრძელი და სქელი ბეწვი აქვთ. ბეწვი მკვრივია და კუდის ჩათვლით მთელ სხეულს ფარავს. სპარსული კატის ბეწვის საფარი შეხებისას რბილია და აბრეშუმისებრი ტექსტურა აქვს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები თავს ფერების ფართო პალიტრით (თეთრი, შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ატმისფერი) იწონებენ. გრძელი ბეწვის გამო სპარსული კატები რეგულარულ და საფუძვლიან მოვლას საჭიროებენ. ბეწვის სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად მათი ყოველდღიურად დავარცხნაა რეკომენდირებული

  • ჯიშის ხასიათი

    სპარსული კატა მშვიდი და თავშეკავებული ქცევით არის ცნობილი. ჯიშისთვის დამახასიათებელი სამეფო ელეგანტურობა მისი განვითარების ყველა ეტაპზე ცხადად შეიმჩნევა.  სპარსული კატები ხშირად ეძებენ მყუდრო ადგილს დასასვენებლად და ამით ჰარმონიული განტვირთვის წუთებს ჩუქნიან საკუთარ თავს. მშვიდი ტემპერამენტი მათ დახურულ სივრცეში ცხოვრებისთვის იდეალურ კანდიდატებად აქცევს. 

    ზოგიერთი უფრო აქტიური და თავგადასავლების მოყვარული კატისგან განსხვავებით, სპარსული კატები მშვიდი და პროგნოზირებადი ცხოვრების წესს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა, ამის მიუხედავად, მოწყენით გამოწვეულ დეპრესიას არასდროს უჩივიან. ამის გამო, ისინი სწორედ იმ ოჯახებისთვის არიან შესაფერისები, რომლებიც ცხოვრების სწრაფ ტემპსა და ხმაურს, სიმშვიდესა და ჰარმონიას ამჯობინებენ. 

    ოჯახურ გარემოში, სპარსული კატები, ჩვეულებისამებრ, კარგად ეწყობიან ბავშვებს და სხვა შინაურ ცხოველებთანაც მშვიდად თანაცხოვრობენ. ამის მიზეზი მათთვის დამახასიათებელი ტოლერანტული და მომთმენი ხასიათია.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    სასუნთქი გზების ობსტრუქცია

    თავის ქალის ბრაქიცეფალიური (ბრტყელი) სტრუქტურა, კომპანიონი ცხოველების ამ სახეობას სუნთქვის გაძნელების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის. ვინაიდან, ჯანმრთელობის ეს პრობლემა ცხელ ან ნოტიო პირობებში უფრო მეტად მძაფრდება, გირჩევთ სათანადო ყურადღება მიაქციოთ გარემო პირობებს და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი უჰაერობასა და მაღალ ტემპერატურას მოარიდოთ. 

    კანის ინფექციები

    სპარსული კატისთვის დამახასიათებელი კანის ინფექციების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ალერგიული ფონია. შესაძლოა თქვენი ოთხფეხა მეგობარი საკვების ან გარემო ალერგენების  (მტვერი და ობი) მიმართ იყოს მგრძნობიარე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ალერგიით გამოწვეულ სიმპტომებს იოლად შეამჩნევთ. სიმპტომები კანის ქავილთან ერთად ბეწვის გადაჭარბებულ ცვენაშიც გამოიხატება. 

    კანის დაავადებებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასაცილებლად, სპეციალურად კატებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. აგრეთვე, სასურველია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ ხორბალს, სიმინდს და სოიას. სხვა სპეციფიკური ალერგენების გამოსავლენად აუცილებლად ესტუმრეთ ნუტრიციოლოგს. 

    შესაძლოა დაავადების გამომწვევი მიზეზი კომპანიონი ცხოველის კანზე მცხოვრები პარაზიტებიც იყვნენ, ამიტომ, რწყილების, ტკიპების და სხვა მავნებლების თავიდან ასაცილებლად ვეტერინარის მიერ რეკომენდებული ჰიგიენური პროდუქტები გამოიყენეთ.

    პოლიკისტოზი 

    პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სითხით სავსე ცისტების ფორმირებას და თირკმელების ფუნქციის მოშლას იწვევს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის პოლიკისტოზის გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება და გამრავლების პროცესისთვის მათი შეუსაბამოდ გამოცხადებაა საჭირო.

    თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა სპეციალიზებული დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა რეკომენდირებული. სისხლის ანალიზები, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.

    ბადურის ატროფია 

    ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.

    ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს პატარა მეგობარს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს. 

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზიის დროს ბარძაყის სახსარი არასწორად ვითარდება, რაც მოძრაობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა, ჩვეულებისამებრ, გენეტიკურია, ჭარბმა წონამ, შესაძლოა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესოს. 

    პრევენციული ღონისძიებები ძვლის ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით მდიდარ კვებას, კონტროლირებად პორციებს, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, რეგულარულ ვარჯიშსა და ზედმეტი აქტივობებისგან თავის შეკავებას გულისხმობს. A, C და E ვიტამინები ხელს შეუშლიან ანთებით პროცესს და თქვენი კომპანიონი ცხოველის სახსრებსაც სათანადოდ დაიცავენ.

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია 

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელიც პარკუჭების კედლების გასქელებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მოშლას იწვევს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულ კომპანიონ ცხოველებს გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი და არითმია აღენიშნებათ. 

    გულის ეს თანდაყოლილი დაავადება შესაძლოა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოვლინდეს. დაავადების ეფექტურად მართვას ვეტერინართან აქტიური კომუნიკაციის, სათანადო ვარჯიშისა და ჭარბწონიანობის თავიდან აცილებით შეძლებთ.

    ალფა-მანოსიდოზი

    ალფა-მანოსიდოზი იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. დაავადება იმ ფერმენტის დეფიციტით არის გამოწვეული, რომელიც უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. ალფა-მანოსიდოზი სპარსულ კატებში ისეთ ნევროლოგიურ სიმპტომებს იწვევს, როგორიც ტრემორი და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებაა. 

    გენეტიკური ტესტირება, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება, ნევროლოგიურ სიმპტომებზე ყურადღების გამახვილება და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    სპარსული კატების აღნაგობა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებისადმი, მათ შორის სტომატოლოგიური პრობლემებისა და სიმსუქნისკენ მიდრეკილებას იწვევს, ამიტომ, მაღალი ხარისხის დაბალანსებული საკვები მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. სპარსული კატის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნება ჯიშის ნუტრიციოლოგიური მოთხოვნილებების რაციონალურ გააზრებას საჭიროებს.

    კომპეტენტური მშობლების უპირველესი საზრუნავი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრებისთვის ისეთი საკვების შერჩევაა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი კატებისთვის და კანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ცხიმოვან მჟავებთან ერთად, იმუნური სისტემის მხარდასაჭერად განკუთვნილ ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს. 

    მოერიდეთ თქვენი სპარსული კატისთვის ადამიანის საკვების შეთავაზებას, ამან შესაძლოა კვებითი დისბალანსი გამოიწვიოს. განსაკუთრებით აირიდეთ თავიდან ისეთი ტოქსიკური პროდუქტები, როგორიც შოკოლადი, ხახვი, ნიორი, ყურძენი და კოფეინია. აგრეთვე, ფრთხილად იყავით კერძების რაოდენობასთან, რადგან საკვების გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა წონის მატებას შეუწყოს ხელი. კვების თანმიმდევრული გრაფიკის დაცვა და პორციების კონტროლი ჭარბი წონის მატების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო პრევენციული ღონისძიებაა. 

    საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კატებს ყველაზე მეტად რძე და თევზი უყვართ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ეს მსჯელობა ნამდვილად მართებულია, რადგან კარგად მოხარშული და ფხაგამოცლილი თევზის ხორცი კომპანიონი ცხოველების ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. სამწუხაროდ, რძეზე იგივეს თქმა არ შეგვიძლია –  კატების უმრავლესობას ლაქტოზის აუტანლობა აქვს და რძის მიღებამ შესაძლოა დიარეა და ღებინება გამოიწვიოს. 

    სტომატოლოგიური პრობლემებისადმი მიდრეკილების გამო, სასურველია თქვენი ოთხფეხა მეგობრების რაციონში მშრალი საკვებიც შეიტანოთ. ამგვარი საკვების მიღება კბილებზე ნადების დაგროვებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ სახის ბრაქიცეფალიური სტრუქტურის გამო, სპარსულ კატებს შესაძლოა ბრტყელი ჭურჭლიდან საკვების ამოკრეფა გაუჭირდეთ. ბრტყელსახიანი ჯიშებისთვის განკუთვნილი, სპეციალური თასის გამოყენება ჭამის პროცესს მეტად კომფორტულსა და მოსახერხებელს გახდის. 

    ხანგრძლივი ცხოვრებისთვის კატებს გარკვეული რაოდენობის ვიტამინები, მინერალები, ცხიმოვანი მჟავები და ამინომჟავები ესაჭიროებათ. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს. ეს განსაკუთრებით ვიტამინებსა და მინერალებს ეხება. 

    საკვები დანამატების გამოყენება, როგორც წესი, არ არის საჭირო, თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი დაბალანსებული რაციონით იკვებება. თუმცა, თუ რაციონის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება გსურთ, აუცილებლად ესტუმრეთ ნუტრიციოლოგს და მისი რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვიტეთ რამდენად მიზანშეწონილია თქვენი კომპანიონი ცხოველებისთვის საკვები დანამატების მიწოდება.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    თანამედროვე ირანში წარმოშობილი ამ უნიკალური ჯიშის ისტორია 1600-იანი წლებიდან იწყება და სპარსულ კატას მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს კატის სახეობად აქცევს. გამორჩეული სილამაზისა და პიროვნული თვისებების გამო სპარსულ კატას სპარსეთში დიდ პატივს სცემდნენ. 

    ისტორიული ჩანაწერების თანახმად, ეს კომპანიონი ცხოველები არისტოკრატებისა და თავადაზნაურების საყვარელი თანამგზავრები იყვნენ და საზოგადოებაში პრესტიჟისა და სტატუსის სიმბოლოდ აღიქმებოდნენ. ელეგანტური გარეგნობით გამორჩეული სპარსული კატები მხატვრობასა და ლიტერატურაშიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ, რაც კიდევ უფრო ამყარებდა მათი, როგორც სანატრელი კომპანიონი ცხოველის რეპუტაციას.

    გადმოცემის თანახმად, სპარსული კატები ევროპაში მესოპოტამიიდან დაბრუნებულმა რომაელმა ჯარისკაცებმა შეიყვანეს. თუმცა, საზოგადოების ნაწილი ამ კომპანიონი ცხოველების გავრცელებას ვაჭრებს უკავშირებს. სპარსულმა კატებმა პოპულარობა მე-17 საუკუნეში მოიპოვეს და მალევე გახდნენ ევროპული სამეფო ოჯახის საპატიო წევრები. 

    ვიქტორიანულ ეპოქაში, ინგლისში, სპარსული კატებისადმი ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ამ სახეობით თავად დედოფალი ვიქტორია დაინტერესდა და ამ ფაქტმა ჯიშის აღიარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 

    მე-19 საუკუნის ბოლოს სპარსულმა კატამ გზა შეერთებული შტატებისკენაც გაიკვალა და სწრაფად დაიპყრო ამერიკაში მცხოვრები, კატების მოყვარულთა გულები. ჯიშის პოპულარობის ზრდა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და დღეს სპარსული კატები მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად კატებს შორის საპატიო ადგილს სიამაყით იკავებენ.