ძაღლის ჯიშები

ტაქსა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ტაქსა

ტაქსას გრძელი სხეული, მოკლე ფეხები და მრავლისმეტყველი სახე უამრავ ადამიანს ხიბლავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საყვარელი გარეგნობის გარდა, ტაქსები წარმოუდგენლად ერთგული და მოსიყვარულე კომპანიონი ცხოველები არიან. სხვადასხვა საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირება და მეგობრული ბუნება ტაქსას შესანიშნავ კომპანიონად აქცევს როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ოჯახებისთვის.

ისინი ძლიერ კავშირს ქმნიან ოჯახის წევრებთან და მცირე ზომის მიუხედავად, დამცავ ბუნებასაც ხშირად ავლენენ. ჯიშისთვის დამახასიათებელი სიჯიუტე დიდი გამოწვევაა, თუმცა სათანადო წვრთნის შემთხვევაში, ტაქსები მორჩილებითაც გამოირჩევიან.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • აქტიური ვოკალიზაცია
  • სიმამაცე და მტკიცე ნებისყოფა
  • ცნობისმოყვარეობა
  • სილაღე
  • დამოუკიდებლობა
  • სიჯიუტე
  • სიფხიზლე
  • შეუპოვრობა
  • მოსიყვარულე ბუნება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი და მამრი ტაქსა სიმაღლეში 20-23 სანტიმეტრს აღწევენ. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 55-64 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ტაქსას წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ორივე სქესის წარმომადგენელი ზრდასრული ტაქსა 7.3 კილოგრამიდან 14.5 კილოგრამამდე იწონის.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ტაქსას სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 69-78 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ჩვეულებისამებრ, ტაქსა მოკლე, გლუვი ბეწვის საფარით ხასიათდება. თუმცა, არც თუ ისე იშვიათად შეხვდებით გრძელბეწვიან ტაქსას, რომელსაც რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ამშვენებს. ჯიშის გრძელბეწვიანი წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მოკლებეწვიანი ტაქსა მინიმალურ მოვლას საჭიროებს.

  • ჯიშის ხასიათი

    გამორჩეული პიროვნების მქონე ეს პატარა ძაღლები მამაცი, ცნობისმოყვარე და დამოუკიდებელი ბუნებით არიან ცნობილი. მცირე ზომის მიუხედავად, ტაქსები შეუპოვრობასთან ერთად სიჯიუტესაც ხშირად ამჟღავნებენ, რაც გარკვეულწილად მათი, როგორც მონადირე ძაღლების გენეტიკური მემკვიდრეობის დამსახურებაა. მეტისი ძაღლებისგან განსხვავებით, სწორედ ამ გენეტიკური წინასწარგანწყობის გამოა შესაძლებელი ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების პიროვნების ჯერ კიდევ ლეკვობის ასაკში ამოცნობა.

    ტაქსები მხოლოდ ოჯახის წევრებთან მიმართებით არ ავლენენ ერთგულებასა და სიყვარულს. მეგობრული და კომუნიკაბელური ხასიათის გამო, ისინი უცხო ადამიანებთან ხალისიან ინტერაქციაზეც არ ამბობენ უარს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ინტერვერტებერალური თიაქარი

    ინტერვერტებერალური თიაქარი ანთებითი დაავადებაა, რომელიც მალთაშუა დისკის დეფორმაციას, ბოჭკოვანი რგოლის გახეთქვას და ბირთვის ხერხემლის სხეულის გარეთ გამოსვლას იწვევს. მკურნალობა მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი შემთხვევების სამკურნალოდ ვეტერინარები ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მძიმე შემთხვევების სამართავად  კი ოპერაციას მიმართავენ.

    კიდურების დეფორმაცია

    კიდურების დეფორმაცია ძვლების არასწორი ზრდის გამო ვითარდება. ამ პროცესს მხოლოდ კიდურების ფორმის ხილული ცვლილება კი არა ტკივილისა და კოჭლობის გამოწვევაც შეუძლია. ვეტერინართან კონსულტაციის საფუძველზე, დეფორმირებული ძვლისთვის თავდაპირველი მდგომარეობის დასაბრუნებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭიროს.

    პრობლემის თავიდან ასაცილებლად, თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის წონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

    გულის სარქვლოვანი დაავადება

    გულის სარქვლოვანი დაავადება გულის აპარატის ფუნქციის ცვლილებით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი აგრეთვე შეძენილი.

    განასხვავებენ გულის სარქვლოვანი დაავადების ისეთ ტიპებს, როგორიცაა სარქვლის შევიწროვება (მდგომარეობა, როცა გულის სარქველი სრულად ვერ იღება და სისხლს ვიწრო ხვრელში უწევს გავლა და ამის გამო გულს უფრო დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა) და სარქვლის უკმარისობა (მდგომარეობა, როდესაც სარქვლის კარედები სრულად ვერ ხურავენ გულის ღრუთა შორის არსებულ ხვრელს და შედეგად სისხლის უკუდენა იწყება).

    კუშინგის სინდრომი

    კუშინგის სინდრომი ჰორმონალური დარღვევაა, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიზოლის ჭარბი გამოყოფა იწვევს. კუშინგის სინდრომს ჰიპერკორტიციზმის სახელითაც ხშირად მოიხსენიებენ. დაავადების თავიდან ასაცილებლად წონის კონტროლს და დაბალანსებულ დიეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

    კუშინგის სინდრომის მკურნალობა დაავადების გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული და მედიკამენტების მიღებასთან ერთად შესაძლოა ქირურგიულ ჩარევასაც საჭიროებდეს.

    თვალის სიმშრალე

    თვალის სიმშრალე გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ცრემლსადენი ჯირკვალი საკმარისი ოდენობით ცრემლს ვერ წარმოქმნის. თვალის სიმშრალე დისკომფორტს, ანთებასა და რქოვანას დაზიანებას იწვევს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ვეტერინარები ხშირად ხელოვნური ცრემლის გამოყენებას გვირჩევენ. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ცრემლის დრენაჟის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ტაქსას ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ მაღალი ხარისხის ძაღლის საკვები, რომელიც სპეციალურად მცირე ჯიშებისთვის და მათი ცხოვრების კონკრეტული ეტაპისთვის (ლეკვი, ზრდასრული, უფროსი) არის შექმნილი. უპირატესობა მიანიჭეთ საკვებს, რომელიც ძირითადი ინგრედიენტის სახით შეიცავს ხორცს. მოერიდეთ საკვებს, რომელიც ჭარბი რაოდენობით შეიცავს ხელოვნურ დანამატებს და მარცვლეულს.

    მიჰყევით საკვების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ მითითებებს და პორციები მხოლოდ ნუტრიციოლოგის რჩევის საფუძველზე, თქვენი კომპანიონი ცხოველის აქტივობის დონის, ასაკისა და ინდივიდუალური მეტაბოლიზმის მიხედვით შეცვალეთ. მოერიდეთ ზედმეტ კვებას და თავი შეიკავეთ ოთხფეხა მეგობრისთვის საკვების ნარჩენების გაზიარებისგან. გახსოვდეთ, ერთი შეხედვით ამ უწყინარმა ჩვევამ შესაძლოა ტაქსას საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს.

    პორციების კონტროლის გარდა, სასურველია კომპანიონი ცხოველის კვების სიხშირესაც განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ზრდის პროცესისა და ენერგიის დონის მხარდასაჭერად, შესაძლოა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს დღეში სამჯერ ან ოთხჯერ გამოკვება დასჭირდეს. საკვების მცირე ულუფებით მიწოდება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებსა და სისხლში შაქრის შემცველობის ვარდნის საფრთხეს აგაცილებთ თავიდან.

    მცირე ჯიშებისთვის განკუთვნილ კომერციულ საკვებთან ერთად შეგიძლიათ თქვენს ტაქსას ხილისა (ვაშლი, ბანანი, მოცვი) და ბოსტნეულის (სტაფილო, გოგრა, ბროკოლი) პატარა ნაჭრებითაც გაუმასპინძლდეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ კომპანიონი ცხოველის კვებასთან დაკავშირებული პერსონალური რეკომენდაციების მისაღებად საუკეთესო გზა ნუტრიციოლოგთან კონსულტაციაა.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ჩვენთვის ცნობილი თანამედროვე ტაქსა მრავალსაუკუნოვანი ფრთხილად მოშენების შედეგია. მისი ისტორია მე-15 საუკუნის გერმანიაში სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ჯიში ნადირობის მიზნით გამოიყვანეს. თავად სიტყვა “ტაქსაც” გერმანული წარმოშობისაა და მაჩვზე მონადირე ძაღლს აღნიშნავს.

    ეფექტური ნადირობისთვის ჯიშის მახასიათებლების დახვეწას მრავალი წელი დასჭირდა. თუმცა, მცდელობა დაფასდა და დროთა განმავლობაში ტაქსა არა მხოლოდ გამოცდილი მონადირე, არამედ მოსიყვარულე ბუნების მქონე კომპანიონი ცხოველი გახდა.

    წაგრძელებული სხეული და ძლიერი ფეხები მას მოხერხებულად მანევრირების შესაძლებლობას აძლევდა. გამორჩეული ფიზიკური მახასიათებლები კი მსხვერპლთან წვდომას ვიწრო ადგილებშიც შესაძლებელს ხდიდა.

    მე-19 საუკუნის ბოლოს ჯიშის პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ გერმანიის მიღმა, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მალე ტაქსა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ოჯახის მნიშვნელოვან წევრად იქცა.