მიუხედავად იმისა, რომ კატები დამოუკიდებელი არსებები არიან, მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სათანადო ფიზიკურ აქტივობაზე, დაბალანსებულ კვებასა და თანმიმდევრულ სამედიცინო დახმარებაზეა დამოკიდებული. თქვენი ვეტერინარი ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ამ სამივე კომპონენტის დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ.
ვეტერინართან ვიზიტის ნაკლებად სტრესულ გამოცდილებად ქცევა სულაც არ არის რთული ამოცანა. ამისთვის ცოტაოდენი წინდახედულობა და საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების მხედველობაში მიღება დაგეხმარებათ.
როგორ მოვამზადოთ კატა ვეტერინართან ვიზიტისთვის?
მოულოდნელი შეხებით გამოწვეული სტრესის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა სახლში იმიტირებული გამოკვლევის დაგეგმვაა. თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შესამზადებლად, რამდენჯერმე მსუბუქად შეეხეთ მის კუდს, ყურებს, თათებსა და პირს. ამის შემდეგ კი სათანადოდ გაუმასპინძლდით საყვარელი საკვებით. ამ მიდგომით შეხებასთან დაკავშირებულ პოზიტიურ გამოცდილებას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებთ.
ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო გამოცდილება თქვენს პატარა მეგობარს აგრძნობინებს, რომ მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე შეხება სულაც არ ასოცირდება დისკომფორტთან. თუ თქვენი კატა დროთა განმავლობაში შეეჩვევა ამ პროცესს, რუტინული ფიზიკური გამოკვლევა მისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს.
კიდევ ერთი აქტივობა, რომელმაც შესაძლოა თქვენი კატა ვეტერინართან ვიზიტისთვის შეამზადოს, მისი ფილტვების სათამაშო სტეტოსკოპით მოსმენაა. ეს გამოცდილება თქვენს პატარა მეგობარს სამედიცინო ხელსაწყოსთან შეჩვევაში დაეხმარება და ვეტერინარის მიერ ფილტვების მოსმენის პროცესს სრულიად ჩვეულებრივ ქმედებად აქცევს.
რჩევები სტრესული გამოცდილების თავიდან ასაცილებლად
1. სწორად შეარჩიეთ სამგზავრო კონტეინერი
ვეტერინართან სტუმრობა შესაძლოა სტრესული გამოცდილება აღმოჩნდეს კატებისთვის. ამ სტრესულ გამოცდილებას ხშირად მგზავრობასთან დაკავშირებული დისკომფორტიც ახლავს თან. ორმაგი სტრესის თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ სამგზავრო კონტეინერის ზომა თქვენი კატის ფიზიკური მონაცემების შესაბამისადაა შერჩეული. სამგზავრო კონტეინერი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ კატამ მასში შემობრუნება შეძლოს. თუ გადასაყვანი კონტეინერის ონლაინ შეძენას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ მას ვეტერინართან ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ. ასეთ შემთხვევაში, თქვენს კატას მასთან შესაჩვევად საკმარისი დრო ექნება.
საუკეთესო შემთხვევაში, სასურველია შეარჩიოთ კონტეინერი, რომელსაც ზედა ან წინა ნაწილი ეხსნება. კატის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, ეს ვეტერინატს შესაძლებლობას მისცემს, რომ კომპანიონი ცხოველისთვის საჭირო პროცედურა უშუალოდ მის პირად სივრცეში განახორციელოს. ასეთ შემთხვევაში კატა უსაფრთხოების განცდას შეინარჩუნებს და უფრო მშვიდად იგრძნობს თავს.
2. თქვენი კომპანიონი ცხოველი სამგზავრო ყუთს შეაჩვიეთ
თუ თქვენი კომპანიონი ცხოველი სამგზავრო კონტეინერით გადაყვანას მიჩვეული არ არის, შესაძლოა ეს გამოცდილება მისთვის სტრესული აღმოჩნდეს. თუმცა, სათანადო წესების გათვალისწინების შემთხვევაში შეძლებთ, რომ მანქანით მგზავრობა დადებით გამოცდილებად აქციოთ როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის.
თქვენი კატისთვის სამგზავრო კონტეინერში შესვლის სწავლებას შესაძლოა რამდენიმე საათი ან კვირა დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ საკმარისი დრო გქონდეთ, სასურველია სამგზავრო კონტეინერი ვეტერინართან ვიზიტამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე შეიძინოთ.
დაგეგმილ ვეტერინარულ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მოათავსეთ სამგზავრო კონტეინერი იმ ოთახში, სადაც თქვენი კატა დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კატას კონკრეტული პრეფერენციები არ აქვს, მაშინ კონტეინერი სახლის შედარებით თბილ და წყნარ ადგილას მოათავსეთ. შეგიძლიათ სამგზავრო კონტეინერი უფრო მიმზიდველი მასში მყუდრო საბნისა და საყვარელი სათამაშოების მოთავსებით გახადოთ. ძვირფასს საგნებთან ასოციაცია კონტეინერს მეტად ნაცნობსა და სასიამოვნოს გახდის კატისთვის.
ამგვარი მიდგომით თქვენს კომპანიონ ცხოველს წაახალისებთ, რომ დამოუკიდებლად შევიდეს კონტეინერში და იქ არსებული ვითარება საკუთარი ტემპით გამოიკვლიოს. თუ კონტეინერში ნებისმიერ შესვლას სათანადოდ დააჯილდოვებთ, ამით დადებითი ასოციაციების ჩამოყალიბებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობთ ხელს.
სამგზავრო კონტეინერის გარეშე კატის შორ მანძილზე გადაადგილება სახიფათოა როგორც მძღოლისთვის, აგრეთვე თავად კატისთვის. იდეალურ შემთხვევაში, კონტეინერი უსაფრთხოების ღვედით უნდა იყოს მყარად დამაგრებული. ჩვეულებისამებრ, როდესაც კატა შეშინებულია, ის სიბნელეში დამალვას და ამ გზით სამყაროს წინაშე დაუცველობის შეგრძნების გაქარწყლებას ცდილობს. სწორედ ამიტომ სასურველია, მგზავრობის დროს კონტეინერს საბანი ან პირსახოცი გადააფაროთ.
3. კატა ვეტერინართან მხოლოდ პროცედურისთვის საჭირო დროის განმავლობაში დააყოვნეთ
თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი პირველად სტუმრობს ვეტერინარს, სასურველია ეს ვიზიტი შეძლებისდაგვარად ხანმოკლე იყოს. ეს თქვენს შინაურ ცხოველს შესაძლებლობას მისცემს ზედმეტი სტრესის განცდის გარეშე შეეჩვიოს მისთვის უცნობ გარემოს.
გახსენით სამგზავრო კონტეინერის კარი და კატას დრო მიეცით თავად გადაწყვიტოს როდის დატოვებს კომფორტის ზონას. იძულება მხოლოდ გაზრდის მის შფოთვას და არსებულ ვითარებას უფრო მეტად გააუარესებს. ამის ნაცვლად, პოზიტიური ქცევის წასახალისებლად შეეცადეთ მას საკვები და მოფერება შესთავაზოთ.
იმ შემთხვევაში თუ კატა უარს იტყვის პერსონალური სივრცის დატოვებაზე, ვეტერინარი კატისთვის საჭირო პროცედურას უშუალოდ კონტეინერში განახორციელებს. ასეთ შემთხვევაში კატა უსაფრთხოების განცდას შეინარჩუნებს და უფრო მშვიდად იგრძნობს თავს.
4. თან იქონიეთ კატის საყვარელი ნივთები
კატების უმრავლესობას საყვარელი საბანი, ბალიში ან სათამაშო აქვს. თუ ეს ზოგადი მოცემულობა თქვენი ოკახის მნიშვნელოვან წევრზეც ვრცელდება, სასურველია ვეტერინართან ვიზიტის დროს თქვენი პატარა მეგობრის მინიმუმ ერთი საყვარელი ნივთი იქონიოთ თან. ნაცნობ სურნელთან ასოციაცირებით, ეს ნივთები თქვენს კომპანიონ ცხოველს დაეხმარება მხოლოდ სახლზე და კომფორტზე იფიქროს.
თუ თქვენი შინაური ცხოველი ნაცნობი სახეების გარემოცვაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, შეგიძლიათ ვეტერინარს მეგობრების ან ოჯახის წევრების თანხლებით ეწვიოთ.
თუ შეხვედრამდე მოსაცდელ ოთახში ლოდინი მოგიწევთ, შეეცადეთ თქვენი კომპანიონი ცხოველის სიმშვიდე ტკბილად საუბრით შეინარჩუნოთ და ხმამაღალ ხმებთან ერთად უეცარ მოძრაობებსაც მოერიდოთ. მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, შეგიძლიათ თქვენი ძვირფასი მეგობარი მისთვის საყვარელ საბანში გაახვიოთ. საბნის სითბო და მასთან დაკავშირებული სასიამოვნო შეგრძნებები კატას პოზიტიურად განაწყობს.
5. პოზიტიური ქცევა ჯილდოთი განამტკიცეთ
თუ თქვენი კომპანიონი ცხოველი განსაკუთრებით ღელავს და მისი ემოციები უკონტროლო ხდება, საკონსულტაციო ოთახში ყოფნისას, შესაძლოა მან მეამბოხე ბუნება გამოავლინის და მასთან შეხების ნებისმიერ მცდელობას აგრესიით უპასუხოს. ასეთ შემთხვევაშიც კი, ვეტერინარი მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცილებაზე დაყრდნობით შეეცდება უშუალოდ თქვენი კომპანიონი ცხოველის ფსიქოტიპზე მორგებული მიდგომა გამოიყენოს და კომპეტენტურად მართოს მისი ემოციური მდგომარეობა.
თუ თქვენი პატარა მეგობარი პროცესის მსვლელობისას თანდათან დამშვიდდება, აუცილებლად განამტკიცეთ მისი პოზიტიური ქცევა და ის სათანადოდ დააჯილდოვეთ. ეს კატას ვეტერინართან დაკავშირებული დადებითი ასოციაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
დასკვნა
ვეტერინართან წარმატებული ვიზიტის უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა სიმშვიდის შენარჩუნებაა. სათანადო რეკომენდაციების გათვალისწინებითა და ვეტერინარის თანადგომით შეძლებთ, რომ ვეტერინარულ კლინიკაში ვიზიტი პოზიტიურ გამოცდილებად აქციოთ. დაიმახსოვრეთ, ვეტერინარის პრიორიტეტი თქვენი კომპანიონი ცხოველის კეთილდღეობაა, შესაბამისად, ის ყოველთვის მზად იქნება კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და თქვენი სიმშვიდე.
შეხვედრის დაჯავშნის შემდეგ, იფიქრეთ კომპანიონი ცხოველის მოვლასთან დაკავშირებული რომელი კონკრეტული საკითხების განხილვა გსურთ თქვენს ვეტერინართან. თუ თქვენი კატა თავს ცუდად გრძნობს, მის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა სიმპტომი ჩაინიშნეთ და თან იქონიეთ კლინიკაში ვიზიტისას. საკითხისადმი ამგვარი პროაქტიული მიდგომა თქვენს ვეტერინარს პრობლემის ძირეულ დიაგნოსტიკაში დაეხმარება.
თუ კონკრეტულ ვეტერინარულ კლინიკას პირველად სტუმრობთ, შესაძლოა თქვენი პატარა მეგობრის სამედიცინო ჩანაწერები და იმ წამლების დასახელებაც დაგჭირდეთ, რომელსაც თქვენი კომპანიონი ცხოველი ამჟამად იღებს.