კნუტის აყვანა ემოციებით აღსავსე, საინტერესო გამოცდილებაა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზრდასრული კატის შემთხვევაში, ოჯახის ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებული ეს შეგრძნებები უფრო მეტად მძაფრი და გააზრებულია. კნუტებისგან განსხვავებით, მოზრდილ კატებს ჩამოყალიბებული პიროვნება აქვთ, რაც თქვენი ცხოვრების წესთან და პრეფერენციებთან მათი თავსებადობის შეფასებას საგრძნობლად გაგიადვილებთ.
ზრდასრული კატები მეტად მოწესრიგებულები არიან და დესტრუქციული ქცევისადმი მიდრეკილებითაც ნაკლებად ხასიათდებიან. ასაკთან დაკავშირებული ეს თავისებურება შესაძლებლობას მოგცემთ ვარჯიშისა და სოციალიზაციის ნაცვლად მათთან ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას დაუთმოთ დრო. თუმცა, ეს არაფერია ბედნიერი ცხოვრების იმ შანსთან შედარებით, რომელსაც კომპანიონ ცხოველს ზრდასრულ ასაკში აძლევთ და ამით სრულიად ცვლით მის მომავალს.
არ აქვს მნიშვნელობა კატასთან თანაცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, თუ პირველად აგყავთ კომპანიონი ცხოველი, ნებისმიერ შემთხვევაში, საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, სათანადოდ მომზადებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად საჭირო 7 აუცილებელი ნაბიჯი
1. ცხოვრების წესის შეფასება
ზრდასრული კატის აყვანამდე, ორიოდე წუთი დაუთმეთ თქვენი ცხოვრების წესისა და ცხოვრებისეული მდგომარეობის შეფასებას. გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიც თქვენი სამუშაო გრაფიკი, საცხოვრებელი ფართი და უკვე არსებული შინაური ცხოველებია.
ზრდასრული კატები ერთმანეთისგან აქტივობის დონითა და სოციალური პრეფერენციებით განსხვავდებიან. ამიტომ, შეარჩიეთ კატა, რომლის ხასიათი და საჭიროებები თქვენი ცხოვრების წესს საუკეთესოდ შეესაბამება.
2. კატისთვის კომფორტული გარემოს შექმნა
კომფორტული საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად, სასურველია კატის აყვანამდე შეიძინოთ ის აუცილებელი ნივთები, რომლებიც ოჯახის ახალ წევრს ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება.
მშვიდი ძილისთვის საჭირო, მყუდრო საწოლი, სამგზავრო ჩანთა, სათამაშოები, საჭმლის და წყლის ჯამები, პერსონალური ნივთების ის ჩამონათვალია, რომელთა ქონაც კომპანიონი ცხოველისთვის ძირითად საჭიროებას წარმოადგენს. ახალ სახლში ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჰარმონიული ინტეგრაციისთვის, დარწმუნდით, რომ გარემო უსაფრთხოა და კატებისთვის პოტენციურად საფრთხისშემცველი ნივთები იოლად ხელმისაწვდომ ადგილებში არ ინახება.
3. ნდობის ჩამოყალიბება
ზრდასრული კატის მახასიათებლებისა და საჭიროებების გააზრება კომპეტენტური ზრუნვის წინაპირობაა. კნუტებისგან განსხვავებით, ზრდასრულ კატებს ჩამოყალიბებული პიროვნება და ჩვევები აქვთ, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს იმის შეფასებას, შეესაბამება თუ არა მათი ტემპერამენტი თქვენი ცხოვრების წესს.
ზრდასრული კატის ქცევას და ადამიანებისადმი დამოკიდებულებას წარსული გამოცდილება აყალიბებს. შესაბისად, დრო და მოთმინება ახალი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია. ზრდასრულ კატასთან ნდობის გამყარებას შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდეს.
ამ პროცესში მთავარი მოთმინება და კომპანიონი ცხოველის პირადი საზღვრების პატივისცემაა. შეჩვევის პროცესში პოზიტიური განმტკიცების ტექნიკა გამოიყენეთ და დადებითი ასოციაციების შესაქმნელად ხშირად დააჯილდოვეთ ოთხფეხა მეგობარი. იქნება ეს თამაში, მოვლა თუ უბრალოდ დასვენება, ეცადეთ, დრო სწორედ იმ აქტივობებს დაუთმოთ, რომლებიც თქვენს კატას სიამოვნებს.
4. ოჯახში მცხოვრებ სხვა კომპანიონ ცხოველებთან ადაპტაცია
სხვა კომპანიონ ცხოველებთან შეჩვევა შესაძლოა კატისთვის სტრესული გამოცდილება აღმოჩნდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ნელ-ნელა გააცანით ოჯახის ახალი წევრი გარემოს და თავდაპირველად, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ოთახს შეაჩვიეთ. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ეცადეთ პირადად ადევნოთ თვალი კომპანიონ ცხოველებს შორის თანაცხოვრების პროცესს და აგრესიის ნებისმიერი ფორმის გამოვლენისთანავე დააშოროთ ისინი ერთმანეთს.
დაუცველობის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად, კატას თანაბრად ესაჭიროება დამალვისა და ძიების შესაძლებლობა. ამიტომ, მიეცით მას შესაძლებლობა საკუთარი ტემპით, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, როდის და რა დოზით მოისურვებს სახლში მცხოვრებ სხვა კომპანიონ ცხოველთან ინტერაქციას.
5. ვეტერინარულ კლინიკაში ვიზიტი
ვეტერინარულ კლინიკაში ვიზიტი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემების მოგვარებაში და კატის საჭიროებებზე მორგებული, პრევენციული მოვლის გეგმის ჩამოყალიბებაში გვეხმარება.
იმუნიზაცია ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენს ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვის უმთავრესი კომპონენტია. ვეტერინარის მიერ დაგეგმილი ყოველწლიური აცრით ოჯახის მნიშვნელოვან წევრს ისეთი საშიში დაავადებისგან დაიცავთ, როგორიც ჰერპესის ვირუსი და ლეიკემიაა.
6. კვების თანმიმდევრული გრაფიკის დადგენა
კვების თანმიმდევრული გრაფიკი საგრძნობლად გააუმჯობესებს ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესს. კატას უსაფრთხოების განცდა გაუმძაფრდება და მისი შფოთვაც სულ უფრო მეტად განელდება. საუკეთესო შემთხვევაში, გირჩევთ უზრუნველყოთ დაბალანსებული დიეტა, რომელიც მაღალი ხარისხის კატის საკვებს მოიცავს და თქვენი ოთხფეხა მეგობრის ასაკს, წონასა და აქტივობის დონეს შეესაბამება. კატის კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მისაღებად კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიარეთ.
7. ფიზიკური აქტივობების დაგეგმვა
თამაში კატებისა და მათი კომპანიონი ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და საყვარელი საქმიანობაა. სწორედ ამიტომ, გულდასმით უნდა მოვაწესრიგოთ სათამაშო სივრცე და ბასრი კუთხეების მქონე ობიექტებთან ერთად მცირე ზომის ნივთებისგანაც უნდა გავათავისუფლოთ არეალი.
სპეციალურად ზრდასრული კატებისთვის შექმნილი საკაწრი დაფები ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ენერგიის გამოთავისუფლებაში და სტრესის შემცირებაში დაეხმარება. სხვადასხვა ფორმისა და ზომის კატის ხეები კი მოწყენილობას ააცილებს თავიდან. კატებს უყვართ საკვების საპოვნელად ნადირობის თანდაყოლილი ინსტინქტების გამოყენება. ამიტომ, მათი გამხიარულების კიდევ ერთი გზა თავსატეხი ლაბირინთების სახელდახელოდ მოწყობაა.
ამ რჩევების გათვალისწინებით, ზრდასრული კატის აყვანას საუკეთესო შეგრძნებებითა და ძვირფასი მომენტებით აღსავსე გამოცდილებად აქცევთ.
ზრდასრული კატის აყვანის უპირატესობები
კნუტებთან შედარებით, მოზრდილი და ხანდაზმული კატების მიტოვების რიცხობრივი მაჩვენებელი გაცილებით მეტია. შესაბამისად, ზრდასრული კატის აყვანით თქვენ, პირველ რიგში, დაუცველი შინაური ცხოველის გადარჩენის შესახებ იღებთ გადაწყვეტილებას, რაც, დაგვეთანხმებით, ნამდვილად ღირსეული საქციელია.
ზრდასრულ კატებს ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ და კნუტებთან შედარებით იშვიათად ავადდებიან. იმუნიტეტის მსგავსად, მათი საჭმლის მომნელებელი სისტემაც გაცილებით ძლიერია, რაც, თავის მხრივ, ვეტერინარულ კლინიკაში გატარებულ ნაკლებ დროს ნიშნავს.
სახლში ცხოვრების გამოცდილება ხშირად საშინაო ცხოვრებისთვის საჭირო უნარების ქონასთან ასოცირდება. კნუტებს არ აქვთ საღი აზრი, მაგრამ ზრდასრულმა კატებმა შესანიშნავად იციან რა არის მათთვის უსაფრთხო და რა არა. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავისთვის უნებლიე ზიანის მიყენების რისკი მათი მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა.
ადამიანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ზრდასრული კატის აყვანა კომპანიონ ცხოველთან თანაცხოვრების ნაკლებ დროს ნიშნავს. თუმცა, სიამოვნებით გავაქარწყლებთ ამ მოსაზრებას და გეტყვით, რომ კატები საკმაოდ დიდხანს, საშუალოდ, 13-17 წლის განმავლობაში ცხოვრობენ. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?