დეპრესია ადამიანებში მუდმივი სევდის განცდასთან ასოცირდება და ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვაში გამოიხატება. დეპრესიისთვის დამახასიათებელ კლინიკური სიმპტომები ძაღლებში სხვაგვარად ვლინდება. ძაღლებს არ შეუძლიათ თავიანთი შეგრძნებების შესახებ გვიამბონ. თუმცა, საბედნიეროდ, ადამიანებს შეგვიძლია მაქსიმალური სიზუსტით ამოვიცნოთ დეპრესიისთვის დამახასიათებელი ის ფიზიკური ნიშნები, რომელთაც ავადობის პერიოდში ავლენენ ჩვენი ერთგული კომპანიონები.
რა იწვევს დეპრესიას ძაღლებში?
2019 წელს შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ ადამიანებში და მათ შინაურ ცხოველებში სტრესის გრძელვადიანი ჰორმონების კონცენტრაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ ძაღლებს თავიანთი მფლობელების იდენტური სტრესის დონე აქვთ. ამ აღმოჩენამ ცხადი გახადა, რომ ჩვენი განწყობა არსებით გავლენას ახდენს ძაღლებზე. მეტიც, მათ ჩვენი ხასიათის, საუბრისა და სხეულის ენის ემოციური ანალიზის საფუძველზე შეუძლიათ გამოარკვიონ როდის ვართ ბედნიერი ან მოწყენილი.
ყურადღება მიაქციეთ თქვენი ძაღლის სიმპტომებს და თუ მათ შორის ღებინებას, დიარეას, მძიმე ლეთარგიას, აგრესიულ ქმედებებს ან გამონაყარს შენიშნავთ დაუყოვნებლივ წაიყვანეთ თქვენი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში.
დეპრესია კომპანიონი ცხოველის ყოველდღიურ რუტინასთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა, სტატიის ამ ნაწილში ყველაზე გავრცელებულ 3 მიზეზს წარმოგიდგენთ.
1. ძვირფასი ადამიანის გარდაცვალება
მხოლოდ ადამიანები არ განიცდიან ოჯახის წევრის ან კომპანიონი ცხოველის დაკარგვას. ძაღლის მაღალი ემოციური ინტელექტი მძაფრი შეგრძნებების მაღალ ხარისხს განაპირობებს და მათ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს განაცდევინებს. მწუხარების პროცესის შესამსუბუქებლად მნიშვნელოვანია ძაღლებს სათანადო ყურადღება და დრო დავუთმოთ.
2. საცხოვრებელი გარემოს ცვლილება
თქვენი კომპანიონი ცხოველის ქცევა შესაძლოა საცხოვრებელი გარემოს ცვლილებასთან ერთად შეიცვალოს და ახალ სახლთან შეჩვევამდე გაგრძელდეს. თუმცა, გარკვეული დროისა და თქვენ მიერ გამოჩენილი სათანადო ყურადღების წყალობით, თქვენი პატარა მეგობარი მალე შეეჩვევა ახალ გარემოს და დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისგანაც გათავისუფლდება.
3. დროის უმეტესი ნაწილის დახურულ სივრცეში გატარება
ადამიანების მსგავსად ძაღლებიც სოციალური არსებები არიან, ამიტომ მათთვის მრავალი საათის მარტო გატარება ემოციურად ძალიან რთულია. ბუნებისგან, მზისგან და მეგობრებისგან მოშორებით, დროის უმეტესი ნაწილის სახლში გატარებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ძაღლების ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
თუმცა, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ თავისუფლების შეგრძნებასთან ერთად, თქვენი შინაური ცხოველი ენერგიას დროის მოკლე მონაკვეთში აღიდგენს და ცხოვრების ხალისსაც სწრაფად დაიბრუნებს.
დეპრესიის ნიშნები ძაღლებში
გამომწვევი მიზეზების შესაბამისად, დეპრესია შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. მაგალითად, კომპანიონი ცხოველი, რომელიც თანამგზავრის დაკარგვის გამოა დეპრესიაში, იმ შინაური ცხოველისგან განსხვავებულად იქცევა, რომელიც საცხოვრებელი გარემოს შეცვლას განიცდის.
2016 წელს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ ძაღლებში გამოვლენილი დეპრესიის ნიშნები შეისწავლა:
- მადის დაქვეითება
- მომატებული ძილიანობა
- ლეთარგია
- მფლობელებისადმი მიჯაჭვულობა
- ტერიტორიული ქცევა
- პირადი საზღვრების დაწესება
- ვოკალიზაციის ცვლილება
- აგრესიული ქცევა ადამიანებისა და სხვა ცხოველების მიმართ
- დესტრუქციული ქცევა
ძაღლისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღება და მის ქცევით ცვლილებებზე დაკვირვება დაგეხმარებათ დაადგინოთ არის თუ არა დეპრესია იმ კლინიკური სიმპტომების გამომწვევი მიზეზი, რომელსაც თქვენი საყვარელი ცხოველი ავლენს.
ძაღლის კოგნიტური დისფუნქციის სინდრომი შესაძლოა დეპრესიის მსგავსი სიმპტომებით გამოვლინდეს. თუმცა, დეპრესიისგან განსხვავებით, კოგნიტური დისფუნქციის სინდრომი ძაღლის ტვინის დაბერებასთან არის დაკავშირებული და ცნობიერებასთან ერთად, მეხსიერებაზეც ახდენს გავლენას.
როგორ დავეხმაროთ დეპრესიულ ძაღლს?
ადამიანების მსგავსად, დეპრესია და მასთან დაკავშირებული შედეგები შესაძლოა ყოველი ძაღლისთვის განსხვავებული იყოს. საბედნიეროდ, ძაღლები ემოციურად მდგრადი არსებები არიან და დეპრესიის გამომწვევი მოვლენის შემდეგ, მცირე პოზიტიურმა ცვლილებებმაც კი შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მათი ემოციური მდგომარეობა.
შთაგონებისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას, რომელიც შესაძლოა თქვენთვის და თქვენი კომპანიონი ცხოველისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
1. გაზარდეთ ძაღლის გონებრივი და ფიზიკური აქტივობის სიხშირე
თუ თქვენი კომპანიონი ცხოველი სხვა ძაღლებთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდის, გონებრივი და ფიზიკური აქტივობების დაგეგმვით შეძლებთ, რომ ეს სიცარიელე შეუვსოთ. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ეფექტი სხვა ძაღლის შვილად აყვანას ექნებოდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მხოლოდ თქვენი ძაღლის გასახალისებლად მიღება არაგონივრული იქნება. ახალი შინაური ცხოველის სახლში მოყვანა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც დაფიქრებით უნდა გადადგათ.
2. დარწმუნდით, რომ ძაღლი დაბალანსებულ საკვებს მიირთმევს
დეპრესიის დროს ძაღლებში წონის უეცარი კლება შეინიშნება. ამ გვერდითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად, სასურველია ძაღლს მაღალი ხარისხის დაბალანსებული საკვები შესთავაზოთ. კვებასთან დაკავშირებული ეს პოზიტიური ცვლილება თქვენს შინაურ ცხოველს წაახალისებს და მისი ბედნიერების ინდექსსაც მნიშვნელოვნად გაზრდის. თუმცა, დიეტის უეცარ ცვლილებასთან დაკავშირებული საჭმლის მონელების პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სასურველია საკვები რაციონი ეტაპობრივად შეცვალოთ.
3. უპასუხეთ სათანადოდ
დეპრესიასთან დაკავშირებული სიმპტომების მართვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. გახსოვდეთ, არასასურველი ქცევის დასჯა პრობლემას კიდევ უფრო მეტად გაართულებს. განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე დეპრესიით ან შფოთვით დაავადებულ შინაურ ცხოველს ეხება.
სწორი კომუნიკაცია და კომპანიონი ცხოველის მდგომარეობის სათანადოდ გააზრება დეპრესიის განკურნების პროცესს უდაოდ დააჩქარებს.
დეპრესიის მკურნალობა
თუ დეპრესია თქვენი ძაღლის ქცევით პრობლემებს იწვევს, რეაბილიტაციის პროცესის წარმართვას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. სასურველია პროცესი გამოცდილმა ვეტერინარმა წარმართოს.
ძაღლის მდგომარეობასთან დაკავშირებული სპეციფიკური ნიუანსების გათვალისწინებით, ვეტერინარი რეკომენდებული მკურნალობის კურსს დაუნიშნავს თქვენს კომპანიონ ცხოველს. აღნიშნულმა კურსმა შესაძლოა შემდეგი კომპონენტები გააერთიანოს:
- რეცეპტით გაცემული მედიკამენტები
- ქცევის მოდიფიკაცია
- გარემოს ცვლილება
- საკვები დანამატები
- სამედიცინო თერაპია
დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები, ჩვეულებისამებრ, საკვებ დანამატებთან და ფერომონურ პროდუქტებთან ერთად ინიშნება. მედიკამენტური მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტური იმ კომპანიონი ცხოველებისთვის არის, რომელთაც შიშის ან შფოთვის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.