ძაღლის ჯიშები

იორკშირ ტერიერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

იორკშირ ტერიერი

ელეგანტური გარეგნობის, აბრეშუმისებრი ბეწვისა და თამამი პიროვნების უნიკალური კომბინაცია იორკშირ ტერიერს კომპანიონი ცხოველების სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახეობად აქცევს. ცნობილი ფიზიკური ატრიბუტების გარდა, იორკშირ ტერიერი თამამი და თავდაჯერებული პიროვნებითაც გამოირჩევა. მცირე ზომის მიუხედავად, იორკს ხშირად აღწერენ, როგორც უშიშარსა და თავგადასავლების მოყვარულს. ოჯახის წევრებისადმი გამოვლენილი ლოიალურობა მას ყველასთვის საყვარელ ერთგულ კომპანიონად აქცევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • კომპაქტური ზომა
  • ენერგიულობა
  • თავდაჯერებულობა და გამბედაობა
  • მოსიყვარულე ბუნება
  • სიფხიზლე
  • ბეწვის ცვენისადმი დაბალი მიდრეკილება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    იორკშირ ტერიერის ჯიშის მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლები სიმაღლეში 27-33 სანტიმეტრს აღწევენ. სიგრძეს რაც შეეხება, ეს მაჩვენებელი 30-დან 39-მდე სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    იორკშირ ტერიერის წონაზე გავლენას მისი გენეტიკა, საკვები რაციონი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ახდენს. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მდედრი იორკშირ ტერიერის წონა 2.8 კგ-დან 4.3 კგ-მდე, ხოლო მამრი იორკის წონა 3.1 კგ-დან 4.6 კგ-მდე მერყეობს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    იორკშირ ტერიერის სიცოცხლის ხანგრძლივობის ქვედა ზღვარი 11-ს, ზედა ზღვარი კი 15 წელს აღწევს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 60-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ცხოვრების ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ტრესისგან თავისუფალ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    იორკშირ ტერიერი აბრეშუმისებრი, თხელი და სწორი ბეწვით ამაყობს. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი,  ადამიანის თმის ფაქტურის მსგავსი ბეწვი, კომპანიონი ცხოველების ტრადიციული ბეწვის საფარისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. იორკის ბეწვის რეგულარული მოვლა მდიდრული ქურთუკის შესანარჩუნებლად და ჩახლართვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.

  • ჯიშის ხასიათი

    იორკშირ ტერიერი პატარა, მაგრამ გამორჩეული პიროვნებით ცნობილი უნიკალური მინიატურული ჯიშია. მცირე ზომის მიუხედავად, იორკები თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ბუნებით ხასიათდებიან და ამით ტერიერის ჯიშთან ისტორიულ კავშირსაც შესანიშნავად წარმოაჩენენ.  გამბედაობითა და თავდაჯერებული ქცევით ცნობილი იორკები სხვა უფრო დიდი ზომის ძაღლების მიმართაც ხშირად ავლენენ უშიშარ დამოკიდებულებას.

    თამამი პიროვნებისა და მოსიყვარულე ქცევის ერთობლიობა იორკს ლაღ და მოსიყვარულე თანამგზავრად აქცევს ყველასთვის, ვისაც სურს გულის კარი ოჯახის ახალ წევრს გაუღოს. ოჯახის წევრების სითბოთი და ყურადღებით განებივრებული იორკები ექსპრესიული კომუნიკაციით არიან ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება არ იყვნენ ისეთივე ვოკალური, როგორც ზოგიერთი სხვა პატარა ჯიში, მათ ემოციების გადმოცემის მრავალფეროვანი გზები აქვთ.

    სოციალური ბუნების გამო იორკშირ ტერიერები ადამიანთა გარემოცვაში თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ. მათი მოსიყვარულე ბუნება ხშირად ფიზიკური სიახლოვის, ენთუზიაზმით სავსე შეგებების და ოჯახის წევრებთან ერთად აქტივობებში ჩართვის სურვილში გამოიხატება. ფიზიკური შეხება იორკების მიერ სიყვარულის გამოხატვის კიდევ ერთი ფორმაა.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება.

    მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.

    ტრაქეის კოლაფსი

    მცირე ზომისა და ტრაქეის დელიკატური სტრუქტურის გამო, იორკშირ ტერიერიები შესაძლოა ტრაქეის კოლაფსისადმი იყვნენ მიდრეკილი. ტრაქეის კოლაფსი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ტრაქეის რგოლების შევიწროებას იწვევს. დაავადებას თან ისეთი სიმპტომები ახლავს, როგორიც ფიზიკური დატვირთვით ან ემოციური აღგზნებით გამოწვეული ქრონიკული ხველება, ქოშინი და ჟანგბადის უკმარისობაა. დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები შესაძლოა ქიმიური ნაერთების შესუნთქვამ, მჭიდრო საყელომ ან კისრის არეში მიღებულმა ტრამვამ გამოიწვია.

    ვეტერინართან მჭიდრო თანამშრომლობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის უზრუნველყოფა და მშვიდი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება ტრაქეის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად გონივრული გზაა.

    თვალის პრობლემები

    მემკვიდრეობითი კატარაქტა, ბადურის დისპლაზია და პროგრესირებადი ატროფია თვალთან დაკავშირებული ის პრობლემებია, რომელთაც იორკებისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტის შექმნა შეუძლია. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი მზის პირდაპირ სხივებსა და ქარიან ამინდს მოარიდოთ.

    A, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვები თქვენი კომპანიონი ცხოველების თვალის ჯანმრთელობას სათანადოდ უზრუნველყოფს. როგორც კომპეტენტურ მშობელს გახსოვდეთ, რომ თვალის დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    შაქრიანი დიაბეტი

    შაქრიანი დიაბეტი   სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებით გამოწვეული ქრონიკული დაავადებაა. შაქრიანი დიაბეტის დროს პანკრეასი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს ინსულინს. ამან შესაძლოა თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა და მხედველობის სისტემების დაზიანება გამოიწვიოს.

    შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები მომატებულ წყურვილთან ერთად წონის უეცარ კლებასა და მადის ცვლილებშიც გამოიხატება. პროცესის სამართავად შესაძლოა ინსულინოთერაპია გახდეს საჭირო. თუმცა, რთული ნახშირწყლებითა და კვების კონტროლირებადი განრიგით დაბალანსებული დიეტა თქვენს კომპანიონ ცხოველს სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში დაეხმარება.

    უროლითიაზი

    უროლითიაზი კომპანიონ ცხოველებში გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა, რომლის ძირითადი მიზეზი მეტაბოლური პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილებაა. უროლითიაზის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა მზის სხივების ნაკლებობა, დეჰიდრატაცია და უმოქმედო ცხოვრების წესიც გახდეს.

    ნუ დააყოვნებთ ვეტერინართან ვიზიტს თუ  შენიშნავთ, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი მოშარდვისას დისკომფორტს განიცდის, კიდურები შეშუპებული აქვს და მისი სხეულის ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ოჯახის მნიშვნელოვან წევრზე კომპეტენტური ზრუნვა კომპანიონი ცხოველის ყოლის თანმდევი პასუხისმგებლობაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება თქვენი ოთხფეხა მეგობრის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს მიაქციოთ და ამის შესაბამისად მიიღოთ მის კვებასთან დაკავშირებული გონივრული გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, სასურველია უპირატესობა მიანიჭოთ ძაღლის საკვებს, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების კარგად დაბალანსებულ კომბინაციას შეიცავს.

    იორკშირ ტერიერებს სხვა კომპანიონ ცხოველებთან შედარებით უფრო მაღალი მეტაბოლიზმი აქვთ, ამიტომ მათი კვების მოთხოვნილებები შესაბამისი პორციებით უნდა დაკმაყოფილდეს. მცირე ზომისა და შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილების გამო, იორკშირ ტერიერები მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად უნდა გამოკვებოთ მათთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის საკვებით. ეს შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებასა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. სათანადო ჰიდრატაციისა და თირკმელების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად აგრეთვე მნიშვნელოვანია თქვენს პატარა კომპანიონ ცხოველს მუდმივად ჰქონდეს წვდომა სუფთა წყალთან.

    ადამიანის ზოგიერთი საკვები ტოქსიკურია ძაღლებისთვის. მაგალითად, შოკოლადს, კოფეინს, ყურძენს, ქიშმიშს, ხახვს, ნიორს და ისეთ ხელოვნურ დამატკბობლებს, როგორიც ქსილიტოლია თქვენი კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

    მიუხედავად იმისა, რომ კომპანიონი ცხოველების ნუტრიციოლოგიური საჭიროებები ასაკის, აქტივობის დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად განსხვავდება, გთავაზობთ რამდენიმე ძირითად ვიტამინს, რომელიც იორკების ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მაგალითად, ვიტამინი A თვალის ჯანმრთელობას, იმუნურ ფუნქციას და კანის სიჯანსაღეს უწყობს ხელს. ვიტამინი E კი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანისა და ბეწვის საფარის ჯანმრთელობას უწყობს ხელს. B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს რაც შეეხება,  მათი მიღება ჯანსაღი მეტაბოლიზმისა და ძლიერი იმუნური სისტემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    კომპეტენტური ზრუნვის წინაპირობაა გახსოვდეთ, რომ ვიტამინების გადაჭარბებული დოზით მიღებამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობაზე. ამის თავიდან ასაცილებლად, ნუტრიციოლოგი თქვენი ძაღლის ჯანმრთელობის ინდივიდუალური მოთხოვნების საფუძველზე მოგაწვდით პერსონალიზებულ რეკომენდაციებს.

    ნუტრიციოლოგთან რეგულარული ვიზიტები თქვენი იორკშირ ტერიერის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და დიეტური პრობლემების მოსაგვარებლად გადამწყვეტია. ნუტრიციოლოგი თქვენი ძაღლის სპეციფიკურ საჭიროებებზე და ცხოვრების წესზე დაყრდნობით მოგაწვდიან პერსონალურ რჩევებს.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    იორკშირ ტერიერის ისტორია სათავეს მე-19 საუკუნის ინგლისში, იორკშირის ტექსტილის მწარმოებელ რეგიონში იღებს. სელექციონერები მიიჩნევენ, რომ ჯიშის განვითარება რამდენიმე ტერიერის ტიპის შეწყვილების შედეგია.

    მე-19 საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციის დროს შოტლანდიელი მუშები იორკშირში, ტექსტილის ქარხნებში დასაქმების შესაძლებლობის საძიებლად გადავიდნენ და თან პატარა ტერიერის ტიპის ძაღლები წაიყვანეს. დროთა განმავლობაში, ეს ძაღლები ადგილობრივ ტერიერებთან შეაწყვილეს და შედეგადაც “ტოი ტერიერის” სახელით ცნობილი ახალი ჯიში წარმოიშვა.

    მცირე ზომის, მოხერხებულობისა და სისწრაფის გამო იორკის თავდაპირველი მიზანი ტექსტილის ქარხნებში ვირთხების დაჭერა იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, იორკშირ ტერიერის მომხიბვლელმა და მოსიყვარულე ბუნებამ ისინი ვიქტორიანული ელიტის ყურადღების ცენტრში მოაქცია და სახეობა მუშათა კლასის წარმომადგენელთა კომპანიონი ცხოველიდან ელიტალური ოჯახების მნიშვნელოვან წევრად იქცა.

    ჯიშისთვის დამახასიათებელი გრძელი, აბრეშუმისებრი ქურთუკი, ენერგიული პიროვნება და მცირე ზომა იორკშირ ტერიერს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ და მოთხოვნად კომპანიონ ცხოველად აქცევს.