ბარძაყის დისპლაზია
ბარძაყის დისპლაზია სამედიცინო ტერმინია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.
კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
შებერილობა
შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარ პრობლემად აღიქმება, თუმცა, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. პრობლემის პრევენციისთვის, გონივრული იქნება ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციოთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი ან ჭარბი ნერწყვდენაა. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ვეტერინარს.
შებერილობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია თქვენი ერთგული კომპანიონის ყოველდღიური რაციონი მინიმუმ 2-3 კვებაზე გაანაწილოთ. გირჩევთ, აგრეთვე, ყურადღება მიაქციოთ, რომ ჭამის შემდეგ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა დიდი რაოდენობით წყალი არ მიიღოს. შებერილობის თავიდან ასაცილებლად, კომპეტენტური მშობლები ხშირად უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს ანიჭებენ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ.
ყურის ინფექცია
ინფექციების განვითარების რისკის შესამცირებლად ყურის რეგულარულ წმენდას და მისი სისუფთავის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოიყენეთ ვეტერინარის მიერ რეკომენდირებული ყურის საწმენდი ხსნარი და ბამბით ნაზად გაუსუფთავეთ ყურები თქვენს კომპანიონ ცხოველს. ამ პროცესში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ეცადეთ ყურის არხი არ დააზიანოთ. ვინაიდან, ტენიანობა ბაქტერიების გამრავლებისთვის შესაფერის გარემოს ქმნის, ჰიგიენური პროცედურის დასრულებისთანავე დარწმუნდით, რომ თქვენი კომპანიონი ცხოველის ყურები მშრალია.