ბარძაყის დისპლაზია
ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.
კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჯანსაღი წონის შენარჩუნება სახსრებზე დატვირთვის შემცირებაში დაგეხმარებათ. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა კი მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
ყურის ინფექციები
მოზრდილი ზომის ყურების მქონე ჯიშები (გერმანული ნაგაზი, პუდელი და ბიგლი) ყურის ინფექციებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით ხასიათდებიან. ყურის ინფექციების თავიდან ასარიდებლად, სპეციალურად ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ.
ყურის ინფექციას მრავალი სახის სოკო და ბაქტერია იწვევს. თუმცა, შესაძლოა ამის მიზეზი უცხო სხეული, პოლიპი ან სიმსივნეც კი იყოს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა პრობლემას ვერ გადაჭრის. საჭიროა თქვენი ამერიკული კოკერ სპანიელის ყურები ვეტერინარმა საფუძვლიანად გამოიკვლიოს.
გლაუკომა
გლაუკომა თვალშიგა წნევის ზრდას და მხედველობის ნერვის დაზიანებას იწვევს. გლაუკომის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე კომპანიონი ცხოველების მხედველობა უმნიშვნელოდ უარესდება, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა საქმე განუკურნებელ სიბრმავემდე მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პრევენცია რთულია, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარმართვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.
ანტიოქსიდანტებით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, A, C და E ვიტამინებით მდიდარი რაციონი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში საგრძნობლად დაეხმარება.
მემკვიდრეობითი კატარაქტა
კატარაქტა კომპანიონი ცხოველის მხედველობის თანდათანობით გაუარესებას იწვევს. ამ დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა, მონაცრისფრო ან რძისფერ შეფერილობას იძენს.
თანდაყოლილ კატარაქტას, როგორც წესი, დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება ან სამშობიარო ტრავმა იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ თანდაყოლილი დაავადებების მართვა ხშირად ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის თვალის ჯანმრთელობას.
როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა.
ბადურის პროგრესირებადი ატროფია
ბადურის პროგრესირებადი ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.
ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს მომავალ კომპანიონს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს.