ძაღლის ჯიშები

ბორდერ კოლი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ბორდერ კოლი

თუ ცხოვრების აქტიური წესი გაქვთ და გვერდით დამოუკიდებელი ბუნების მქონე კომპანიონი ცხოველი გსურთ, ბორდერ კოლი თქვენთვის იდეალური არჩევანია. განსაკუთრებული ინტელექტით, ურყევი ერთგულებითა და უსაზღვრო ენერგიით ცნობილი ეს კომპანიონი ცხოველი ძლიერი სამუშაო ეთიკით იქცევს ძაღლების მოყვარულთა ყურადღებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ბორდერ კოლის ბუნებრივი ინსტინქტების ეფექტურად მართვაში სოციალიზაცია და სათანადო წვრთნა დაგეხმარებათ, რაც ჯიშისთვის დამახასიათებელი მაღალი ინტელექტის გამო სულაც არ წარმოადგენს პრობლემას. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მოსიყვარულე ბუნება
  • მაღალი ინტელექტი 
  • გამძლეობა
  • სისწრაფე
  • ენერგიულობა 
  • მწყემსვის ინსტინქტი
  • სანიმუშო სამუშაო ეთიკა
  • სიფხიზლე
  • ტრენინგუნარიანობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი ბორდერ კოლი სიმაღლეში 46-53, მამრი ბორდერ კოლი კი 48-56 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, თუ მდედრი ბორდერ კოლის სიგრძე 71-81 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს, მამრი ბორდერ კოლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 74-86 სანტიმეტრს აღწევს.

    წონა

    ბორდერ კოლის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ბორდერ კოლი 14-20 კილოგრამამდე იწონის. მდედრი ბორდერ კოლის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 12-19 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბორდერ კოლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 69-83 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ბორდერ კოლის ორფენიანი ბეწვის საფარი მოკლე, მკვრივი ქვედა ფენისგან და შედარებით გრძელი გარე ფენისგან შედგება. ამ ტიპის ბეწვი ბორდერ კოლის გარემო პირობების მავნე ზემოქმედებისგან ეფექტურად იცავს . 

  • ჯიშის ხასიათი

    ინტელექტის, ათლეტიზმისა და ლოიალობის უნიკალური კომბინაცია ბორდერ კოლის ნებისმიერი ოჯახისთვის ფასდაუდებელ დანამატად აქცევს. შთამბეჭდავი ფიზიკური შესაძლებლობების მიღმა, ბორდერ კოლის სწავლისა და პრობლემების გადაჭრის შეუდარებელი უნარი გააჩნია. სანიმუშო ეთიკამ და გამძლეობამ ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ და ეფექტურ სამუშაო ჯიშად აქცია. 

    დაუღალავი ენერგიით, გამძლეობითა და შრომისმოყვარეობით ცნობილი ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომპანიონი ცხოველია. მკვეთრად გამოხატული ინსტინქტებისა და მოჭარბებული ენერგიის გამო, ბორდერ კოლის ჯიშის წარმომადგენლებს ქალაქის პირობებში ცხოვრება ისევე ურთულდებათ, როგორც მეტისის ტიპის ძაღლებს

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    პერიფერიული ნეიროპათია

    პერიფერიულ ნეიროპათიას პერიფერიული ნერვების დაზიანება იწვევს. ამ პროცესს ხშირად სისუსტე, მგრძნობელობის დაქვეითება, მოძრაობის გაძნელება და ტკივილი ახლავთ თან. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება ნევროლოგიური პრობლემების დროულად აღმოჩენაში და დაავადების ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ.

    პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა გენეტიკურმა მიდრეკილებამ, ტრავმულმა დაზიანებამ, ინფექციამ, ტოქსინების ზემოქმედებამ ან მეტაბოლიზმის პრობლემებმა გამოიწვიოს. პერიფერიული ნეიროპათიის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი დიაბეტია. 

    ვინაიდან, კომპანიონ ცხოველებში დიაბეტის განვითარებას ჭარბჭონიანობა უწყობს ხელს, გირჩევთ სათანადო ყურადღება მიაქციოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის წონას და ის ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოთ. უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა კიდევ ერთი პრევენციული ზომაა, რომელიც სტრესის შემცირებაში და პერიფერიული ნეიროპათიის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

    ეპილეფსია

    ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევას და გულყრას იწვევს. ეპილეფსიური ეპიზოდები ძირითადად რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება. 

    ეპილეფსიის პრევენციული ღონისძიებები თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნებას და სტრესის მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ვეტერინარის დროული ყურადღება და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დაწყება ამ დაავადების მართვის საუკეთესო  გზაა.

    გლაუკომა

    გლაუკომა თვალშიგა წნევის ზრდას და მხედველობის ნერვის დაზიანებას იწვევს. გლაუკომის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე კომპანიონი ცხოველების მხედველობა უმნიშვნელოდ უარესდება, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა საქმე განუკურნებელ სიბრმავემდე მივიდეს.

    მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პრევენცია რთულია, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარმართვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. 

    ანტიოქსიდანტებით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, A, C და E ვიტამინებით მდიდარი რაციონი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში საგრძნობლად დაეხმარება. 

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას, მათ შორის ბორდერ კოლის, კანე კორსოსა და ირლანდიურ სეტერს ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. 

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ბორდერ კოლის ჯიშის წარმომადგენლებს ცილებითა და ცხიმებით მდიდარი საკვები ესაჭიროებათ, თუმცა, ჩვენთვის ძვირფასი კომპანიონი ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად არანაკლებ მნიშვნელოვანია ნახშირწყლებიც. 

    მაღალი ნუტრიციოლოგიური ღირებულების მქონე, დაბალანსებული საკვების მიწოდებასთან ერთად, კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მისი ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებაა საჭირო. ომეგა 3-ის მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კოგნიტური ჯანმრთელობისა და მხედველობის გაუმჯობესებასთან ერთად, სახსრებთან დაკავშირებული დისკომფორტის შემსუბუქებაშიც დაეხმარება. 

    ძვლების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილების გამო, სასურველია, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მშრალ საკვებს მოვარიდოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის შეთავაზებული საკვების რაოდენობა მისი წონის, ენერგიის დონის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად უნდა განსაზღვროს ნუტრიციოლოგმა. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    1700-იან წლებში, შოტლანდიისა და ინგლისის საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მწყემსები განსაკუთრებული ინტელექტითა და ინსტინქტებით დაჯილდოვებულ კომპანიონ ცხოველებს ამრავლებდნენ. სწორედ ამ პროცესს უკავშირდება ბორდერ კოლის ჯიშის წარმოშობა. ინგლისურ ენაში დამკვიდრებული სიტყვა “ბორდერ” საზღვარს ნიშნავს. სიტყვა “კოლი” კი შოტლანდიური ენიდან მომდინარეობს და სასარგებლოს აღნიშნავს. 

    ბორდერ კოლი ასობით წლის განმავლობაში მუშაობდა შოტლანდიელი და ინგლისელი მწყემსების გვერდით. მთელი ამ დროის განმავლობაში, ადგილობრივი სელექციონერების გარკვეული ნაწილი შიშობდა, რომ ბორდერ კოლის გარეგნობაზე კონცენტრირებით შესაძლოა ჯიშის უნიკალური თვისებები დავიწყებას მისცემოდა, ამიტომ, სელექციის პროცესში ისინი მთავარ აქცენტს სწორედ ჯიშის პიროვნული თვისებების დახვეწაზე აკეთებდნენ.