ძაღლის ჯიშები

კანე კორსო

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

კანე კორსო

კანე კორსო, დიდებული იტალიური ჯიშია, რომელიც ძლიერი კუნთოვანი აღნაგობითა და შთამბეჭდავი პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა. კანე კორსოს ჯიშის განმსაზღვრელი მთავარი თვისებები ურყევი ლოიალობა და ერთგულებაა. ოჯახის წევრებისადმი გამოვლენილი დამცველობითი ინსტინქტი, გაწონასწორებული ბუნება და გამჭრიახი გონება კანე კორსოს ყველასთვის სასურველ კომპანიონ ცხოველად აქცევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • კუნთოვანი აღნაგობა
  • ძლიერი დამცველობითი ინსტინქტი
  • ინტელექტუალური შესაძლებლობები
  • გაწონასწორებული ბუნება
  • სიმამაცე და თავდაჯერებულობა
  • ოჯახისადმი ერთგულება
  • სისწრაფე და ათლეტურობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ზომის თვალსაზრისით, მდედრი და მამრი კანე კორსოები ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან. მაგალითად, თუ მდედრი კანე კორსო 59-66 სანტიმეტრამდე იზრდება, მამრი კანე კორსოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 63-70 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი კანე კორსოების სიგრძე, როგორც წესი, 105-140 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კანე კორსოს წონას მისი გენეტიკა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და საკვები რაციონი განაპირობებს. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი კანე კორსო 44-50 კილოგრამამდე იწონის. მდედრი კანე კორსოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 38-45 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    კანე კორსოს სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-დან 12 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 61-77 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    კანე კორსოს მოკლე და მკვრივი ბეწვის საფარი აქვს. ბეწვი ერთგვაროვანია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს, რაც ჯიშისთვის დამახასიათებელ ათლეტურ აღნაგობას კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს. მიუხედავად იმისა, რომ კანე კორსოს ბეწვი შედარებით ნაკლები ინტენსივობით საჭიროებს მოვლას, ბეწვის საფარის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ცვენის შესამცირებლად მისი რეგულარული მოვლაა რეკომენდებული.

  • ჯიშის ხასიათი

    კანე კორსოს ჯიში ძალის, ერთგულებისა და ინტელექტის დაბალანსებული კომბინაციაა და სწორედ ეს აქცევს მას უნიკალური თვისებების მქონე გამორჩეულ სახეობად. კანე კორსო ყოველ ნაბიჯზე ავლენს თავდაჯერებულობას და გამბედაობას, თვისებებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს მისი, როგორც ისტორიული ძაღლის როლს.

    ერთგულება და ოჯახის წევრებისადმი გამოვლენილი დამცველობითი ინსტიქტი სახეობისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. შთამბეჭდავ აღნაგობასთან ერთად, ამგვარი ლოიალურობა კანე კორსოს შესანიშნავ მცველ კომპანიონად აქცევს.

    საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი მოსაზრების მიუხედავად, სათანადო სოციალიზაციის შემთხვევაში, კანე კორსოები უცხო ადამიანებისადმი აგრესიას არ ავლენენ. ადრეული ასაკიდან დაწყებული წვრთნა და სათანადო ქცევის პოზიტიური გამტკიცება ამ ჯიშის გაწონასწორებული ტემპერამენტის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია დიდი ჯიშებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელსაც სახსრის დეფორმაცია იწვევს. ბარძაყის დისპლაზია, თავის მხრივ, ართრიტში და მოძრაობის პრობლემებში ვლინდება, რაც დაგვეთანხმებით კომპანიონი ცხოველებისთვის განსაკუთრებულ დისკომფორტთან ასოცირდება. რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი წონის შენარჩუნება და სათანადო კვებითი ხელშეწყობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბარძაყის დისპლაზიის რისკს. კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა და მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის სკრინინგი პრობლემის ადრეული გამოვლენისა და მისი სათანადო მკურნალობის კიდევ ერთი გონივრული გზაა.

    იდიოპათიური ეპილეფსია

    იდიოპათიური ეპილეფსია ნევროლოგიური პრობლემაა, რომელსაც მოულოდნელი კრუნჩხვები ახასიათებს. ამ სამედიცინო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილებაა, რაც მისი პრევენციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ართულებს. რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები და მედიკამენტური მკურნალობა მდგომარეობის სამართავად საუკეთესო გამოსავალია.

    ქუთუთოების ანომალია

    აღნიშნული ანომალიისადმი მიდრეკილებამ და ქუთუთოს ამობრუნებამ ან ჩაბრუნამ შესაძლოა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს მხედველობასთან დაკავშირებული დისკომფორტი შეუქმნას. ამ პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და ეფექტურ მკურნალობაში ვეტერინარის მიერ განხორციელებული რეგულარული თვალის შემოწმება დაგეხმარებათ.

    შებერილობა

    შებერილობა კომპანიონი ცხოველების სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც კუჭი სწრაფად ივსება გაზებით და ზოგად მოუსვენრობასთან ერთად მოძრაობის თანმხლებ დისკომფორტსაც იწვევს. შებერილობის პრევენციის მიზნით, კომპანიონი ცხოველის მცირე ულუფებით გაკვებას და ჭამის შემდეგ ენერგიული ვარჯიშისგან თავის შეკავებას გირჩევთ.

    ყურის ინფექცია

    ინფექციების განვითარების რისკის შესამცირებლად ყურის რეგულარულ წმენდას და  მისი სისუფთავის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამოიყენეთ ვეტერინარის მიერ რეკომენდირებული ყურის საწმენდი ხსნარი და ბამბით ნაზად გაუსუფთავეთ ყურები თქვენს კომპანიონ ცხოველს. ამ პროცესში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ეცადეთ ყურის არხი არ დააზიანოთ. ვინაიდან, ტენიანობა ბაქტერიების გამრავლებისთვის შესაფერის გარემოს ქმნის, ჰიგიენური პროცედურის დასრულებისთანავე დარწმუნდით, რომ თქვენი კომპანიონი ცხოველის ყურები მშრალია.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ჯანმრთელობის პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად, კანე კორსოს კვება განსაკუთრებულ სიფრთხილს საჭიროებს. ამის გათვალისწინებით, გირჩევთ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრზე კომპეტენტური ზრუნვა მაღალი ხარისხის ძაღლის საკვების შერჩევით დაიწყოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ თავიდან აიცილოთ ხელოვნური დანამატები და დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული საკვების ძირითადი ინგრედიენტი ხორცია.

    ცხიმის მაღალი კონცენტრაციის მქონე პროდუქტების რაციონიდან ამოღება და მათი ისეთი ჯანსაღი ცხიმებით ჩანაცვლება, როგორიც ომეგა 3 და ომეგა 6-ია, ჯანსაღი წონის შენარჩუნებასთან ერთად თქვენი კომპანიონი ცხოველის კანისა და ქურთუკის სიჯანსაღესაც უზრუნველყოფს.

    მარცვლეულსა და ბოსტნეულში შემავალი დაბალანსებული ნახშირწყლები თქვენი ოთხფეხა მეგობრის ენერგიის დონის შენარჩუნებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს. სახსრების დაავადების თავიდან ასაცილებლად კანე კორსოს ზრდის ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, აგრეთვე, კალციუმისა და ფოსფორის შემცველი საკვების მიღებას. ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინები თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობის გარანტია, თუმცა, როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ საკვები დამატებისა და ვიტამინების მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით, მხოლოდ ნუტრიციოლოგის რჩევის საფუძველზეა მიზანშეწონილი.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ისტორიული მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტ ღირსებას მატებს კანე კორსოს მიმზიდველობას. კანე კორსო უძველესი იტალიური ჯიშია, რომელიც, ისტორიული ცნობების თანახმად, ჯერ კიდევ რომის იმპერიაში სარგებლობდა გამოცდილი მებროლი და მონადირე ძაღლის სტატუსით.

    კანე კორსოს თავდაპირველი სახელწოდება, “Canis Pugnax” იტალიურად “მებრძოლ ძაღლს” ნიშნავს. რომის იმპერიის დაცემისა და მებრძოლი ძაღლების ფუნქციის დაკარგვის შემდეგ, სიძლიერით, სისწრაფითა და ერთგულებით გამორჩეული კანე კორსო გადამწყვეტ როლს ასრულებდა იტალიელი ფერმერებისა და მიწათმფლობელების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი ძირითადი მოვალეობები კერძო საკუთრების დაცვა და მსხვილფეხა პირუტყვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

    სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და სოციალური ცვლილებების გამო, კანე კორსოსადმი ინტერესი მე-20 საუკუნის შუა წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, 1970-იან წლებში, ენთუზიასტების ჯგუფმა, დოქტორ პაოლო ბრებერის ხელმძღვანელობით, კანე კორსოს ორიგინალური მახასიათებლების შესანარჩუნებით და მისი თანამედროვე როლებთან ადაპტაციით, ჯიშის ხელახალი პოპულარიზაცია დაიწყო.